ავტორი:

თვითნასწავლი ხელოვანი, რომელიც თიხით, თექითა და ტიხრული მინანქრით საოცარ ნამუშევრებს ქმნის

თვითნასწავლი ხელოვანი, რომელიც თიხით, თექითა და ტიხრული მინანქრით საოცარ ნამუშევრებს ქმნის

ნელიკო ბაჩიაშვილი თელავის რაიონის სოფელ რუისპირიდანაა. თვითნასწავლი ხელოვანია, მუშაობს თიხაზე, ტიხრულ მინანქარსა და თექაზე... თითოეულ მასალაზე მუშაობას მისთვის სხვადასხვანაირი ემოცია მოაქვს, თუმცა ერთია, რომ ამ ყველაფრით უდიდეს სიამოვნებას იღებს.

„საშუალო განათლება მაქვს, მერე პროფესიული კოლეჯი დავამთავრე სასტუმროების მენეჯმენტის განხრით. ბავშვობაში ვძერწავდი, მომწონდა ფიგურების შექმნა. ყოველი ახალი ნამუშევრით, დეტალით თანდათან ახალ ეტაპზე გადავედი. ვცდილობდი, ნაძერწი სულ უფრო დამეხვეწა... მოკლედ, პლასტელინით მშვენივრად ვერთობოდი ისე, რომ ჩემს თოჯინებს არც კი ვეკარებოდი. ახლაც ხელუხლებლადაა შენახული ისინი. შემდეგ ჩემთვის მთავარი სათამაშოდან უკვე თიხაზე გადავერთე“ - გვეუბნება თვითნასწავლი ხელოვანი.

- თქვენი თიხის ნამუშევრები პრიალებს. ლაკით ამუშავებთ?

- დიახ, იმისთვის რომ შეიკრას, შეინახოს, არ დაზიანდეს, ლაკს და წებოს ვუსვამ... ვხატავ კიდეც, მაგრამ ეს მიმართულება ჩემში დიდად არ განმივითარებია, რადგანაც, ჩემთვის ძერწვა იყო ყველაფერი. მხოლოდ პატარ-პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი.

- ტიხრული მინანქრით როდის დაინტერედით?

- ტიხრული მინანქრის ძალიან მაგარ სახელოსნოში კარგმა ადამიანმა, რუსუდან ძამუკაშვილმა მიმიყვანა, რომელიც თელავის მერიაში მუშაობს. ყველამ, როგორც შეძლო, ხელი ისე შემიწყო. მერე გალერეაში „სხივი“ კარგ პედაგოგთან, თეა ზუკაკიშვილთან მივედი. ეს გალერეა სამი წელია, ფუნქციონირებს და სულ უფრო ფართოვდება, იღებს მოსწავლეებს. იქ ხატვის ნიჭის მქონე ადამიანს შეუძლია მივიდეს და პროფესიონალ მემინანქრედ იქცეს. მეც ასე ავითვისე მინანქარი. გავიხსენე ხატვის უნარები, რაც მქონდა. ასე გადავედი მინანქრის ნაკეთობებზე. თავიდან გამიჭირდა, რთულია, სხვა სპეციფიკა აქვს, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი ავითვისე...

- მინანქრით პორტრეტები გაქვთ შექმნილი...

- დიახ, მინანქარში პორტრეტების კეთებაზე გადავედი. შემდეგ იყო შეკვეთები, რომელსაც გალერეა იღებდა და ვასრულებდით. ერთხელ ასეთი რამ შეგვიკვეთეს - იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პორტრეტი უნდა შესრულებულიყო. შეკვეთის სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ეს ყველაფერი ღვინის ბოთლზე ეტიკეტად უნდა დაგვესვა.

წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა, საკმაოდ რთული სამუშაო იყო... პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ ეს ნამუშევარი შემდეგ საკმაოდ კარგად შევასრულე და გამოვიდა. ახლა მინდა, ასეთი ნამუშევრის შექმნაზე მეტი შემოთავაზება მივიღო. მადლობა გალერეას, რომ ამის შანსი მომცა.

- თექაზე მუშაობას რა უძღოდა წინ და საბოლოოდ, რას უწოდებთ თქვენს თავს?

- ამ მიმართულებით ჩემი ოჯახი საქმიანობს - ქსოვენ და მშვენიერ ნამუშევრებს ქმნიან. მეც მოვსინჯე ძალები და მოვახერხე, შემექმნა თექის სათამაშოები - ბაჭიები, დათუნიები, მელიები.

თიხა, ტიხრული მინანქარი, თექა - რა ვუწოდო ჩემს თავს, არც ვიცი, - თვითნასწავლი ხელოვანი ვარ, ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და უფრო მინიატურული ქანდაკებების მიმართულებით მივდივარ.

- თქვენი ნამუშევრებით რას ამბობთ?

- თითოეული სხვადასხვა რაღაცას ამბობს. მაგალითად, თექის სათამაშოებით ჩანს, ცხოველები ძალიან მიყვარს. როცა რაღაც ძალიან გიყვარს, გინდა, ეს თუნდაც თექითაც გამოხატო. ამ მასალით იმას ვამბობ, რომ ცხოველები უსაყვარლესები არიან.

რაც შეეხება ტიხრულ მინანქარს, ეს უძველესი საქმეა და ნებისმიერი ნამუშევარი თავის თავზე თვითონ ყვება.

რაც შეეხება ქანდაკებებს, მაგ საქმეში სხვადასხვანაირ გრძნობას ვდებ... 2008 წლის ომის თემაზე შევქმენი "მათ მოკლეს მშვიდობა". რამდენჯერმე კინოგმირები შევქმენი - ფილმებიდან "ქვევრი", თან კახელი ვარ, ქვევრის, ღვინის კულტურა და ტრადიცია ახლოსაა ჩემთან, ალბათ უფრო ამიტომ... "ჯარისკაცის მამაც" გავაკეთე. ეს ნამუშევარი მიყვარს. მასში ბევრი თემა იყო - ომი, კახელი გლეხი და მისი ვენახისადმი სიყვარული, რაც ფილმის მთავარი როლის შემსრულებლის, სერგო ზაქარიაძის სახით გამოვხატე.

ამ კუთხით მინდა, წავიდე და კინოფილმებიდან ბევრი ნამუშევარი შევქმნა. ეს იქნება მიმართულება, რომელიც მეტად დაამახსოვრდება როგორც ჩემს თაობას, ასევე ძველ თაობასაც, თან, რაღაცნაირად ქართულ ფილმებს ასე დავუკავშირდები.

- გარდა ამისა, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ძალიან მინდა, რომ ტიხრული მინანქარი - ეს სფერო უახლოეს მომავალში მეტად განვითარდეს, დააფასონ, მეტი მნახველი ჰყავდეს და დაინტერესდნენ. კიდევ, გულით მინდა, მოვაწყო ჩემი გამოფენა, მთავარია, ამისთვის დაფინანსება მოვიპოვო, რომ ეს შევძლო... მოკლედ, სფეროები, რომელშიც ვსაქმიანობ, ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს.

პატარა ლაზარეს, რომელსაც ძვლის სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

„ამ დაავადების მქონე პაციენტების რიცხვი საქართველოში მცირეა, პრეპარატი -ძვირადღირებული“ - ბიჭი, რომელიც ბავშვობაში სამყაროს ფანჯრიდან უყურებდა

"პოლიტიკა ყველაზე "პერსპექტიული" რამაა ხალხის სიყვარულის დასაკარგად" - ვიქტორ სანიკიძის გზა კალათბურთიდან ქართულ "დრიმ თიმში"