ნებისმიერ მხარესთან კომუნიკაციისთვის მზად ვართ და ობიექტურ ინფორმაციას მივაწვდით ყველას, ვინც დაინტერესდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ იმ საერთაშორისო გამოხმაურების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ყველა კითხვაზე, რომელიც შეიძლება ამ პროცესთან მიმართებაში წარმოიქმნას, გაცემული იქნება, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პასუხები.
"რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას, დაუმორჩილებლობას და ძალადობის წახალისებას, თავის გამოცხადებას კანონგარეშედ, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რეაგირება ზუსტად ისეთი ექნება, როგორიც აქვს საქართველოში, ვინაიდან საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და თუ ვინმე კანონზე მაღლა აყენებს თავს და თვლის, რომ პარლამენტზე შეტევა ნორმალური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, ამაზე დასავლეთში იგივე პასუხის აქვს, რაც საქართველოში.
მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა გირაოს გადახდა, პირადად მეც მივმართე საჯაროდ, რომ ვითარების განმუხტვის ერთადერთი შესაძლებლობა იყო, რომ კანონს დაემორჩილოს და ოპოზიცია ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დასრულდეს, რომ დასავლური ღირებულება გახლავთ სწორედ კანონის უზენაესობის პრინციპი, ის რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა მიუღებელია და პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა შეუწყნარებელია“,- აღნიშნა მან.