ავტორი:

შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში - რაზე საუბრობენ დიპლომატები და ოპოზიციის ლიდერები

შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში - რაზე საუბრობენ დიპლომატები და ოპოზიციის ლიდერები

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ელჩებთან შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ჩაინიშნა.

შეხვედრაზე იმყოფებიან „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები - სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

კარლ ჰარცელის რეზიდენციაში, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც მივიდა:

"ძალიან შეშფოთებულები ვართ. ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან. ახლა ვიცით, რომ ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი" - განაცხადა დეგნანმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრის წინ.

"დღეს ყველაზე საკვანძო სიტყვები არის დეესკალაცია და მოლაპარაკებებისკენ დაბრუნება, რათა არსებული დაძაბულობა განიმუხტოს"- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ განაცხადა.

"ჩვენი ბევრი ხმა გავიგეთ ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისგან ბოლო 24 საათის განმავლობაში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ვმასპინძლობ აქ სტუმრებს. ჩვენ ვისაუბრებთ სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის მე - შუამავლის როლში და მოუთმენლად ველი ამ საუბრის გაგრძელებას" - აღნიშნა ელჩმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, დიპლომატიურ კორპუსთან ოპოზიციის წარმომადგენლები კომპლექსურად, ბევრი საკითხის განხილვას აპირებენ.

"ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ კომპლექსურად ბევრ საკითხზე, რაც შეეხება დასავლეთის მიერ უახლოეს დღეებში და უახლოეს კვირებში განხორციელებულ პოლიტიკას იმისთვის, რომ ადეკვატური იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომ გავიდა ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რაც არსებობს საერთაშორისო სამართლის თუ ჩვენი კონსტიტუციის გათვალისწინებით დემოკრატიული არჩეული ხელისუფლების საქციელისგან, რასაც უნდა ველოდებოდეთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეხვედრაზე შესვლამდე “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ელჩების განცხადებებში არსებითი ცვლილებაა, რაც განვითარებული მოვლენების ფონზე ბუნებრივია.

„ოპოზიციურ პარტიებს მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სტრატეგიული პარტნიორების დიპლომატებთან და ბუნებრივია ამ სამარცხვინო, რეპრესიული ნაბიჯის შემდეგ, კომუნიკაცია ამ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით მანამდე ელექტრონულად შედგა და ახლა პირადად შეხვედრის შესაძლებლობა იქნება.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ჩვენ ბრიუსელიდან პირველად მოვისმინეთ განცხადებები ამ თემებზე, რომ მხოლოდ ესაა განმუხტვის გზა პოლიტიკური რეპრესიების შეჩერებასა და პოლიტიკური პარტიების გამოშვებასთან ერთად. ამ კატასტროფულ ვითარებაში გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი არჩევნები, მელიას, რურუას გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა. საქართველოს ყველა მეგობარი, ბოლოს მივა ამ დასკვნამდე" - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევაა" - ექსპერტი

რა წერილი გამოუგზავნა ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს?