ავტორი:

"გახარია წავიდა სწორ დროს, დაიტესტა მისი გადადგომა, დაიტესტა ისიც, თუ რა რაოდენობის მომხრეები ჰყავს..." - რა პოლიტიკურ ნაბიჯებს შეიძლება ველოდოთ ექსპრემიერისგან?

"გახარია წავიდა სწორ დროს, დაიტესტა მისი გადადგომა, დაიტესტა ისიც, თუ რა რაოდენობის მომხრეები ჰყავს..." - რა პოლიტიკურ ნაბიჯებს შეიძლება ველოდოთ ექსპრემიერისგან?

მას შემდეგ, რაც წავიდა და გაიხურა კარები, არ ცხრება საზოგადოების ინტერესი გიორგი გახარიას პოლიტიკური თუ აპოლიტიკური მომავლის მიმართ. როგორც ცნობილია, მან არა მხოლოდ პრემიერობაზე თქვა უარი, არამედ "ქართულ ოცნებაში" დარჩენაზეც. “ოცნებაში” არავინ იცის, რას აპირებს ექსპრემიერი, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ გუნდის წევრების “მეორედ მოსვლის” ჩვეულებას, არცაა გამორიცხული, გარკვეული დროის შემდეგ, ყოფილი პრემიერი თავისი პოლიტიკური კაპიტალითა და ახალი იმიჯით, სხვანაირად, მაგრამ მეორედ გამოგვეცხადოს, მაგალითად, როგორც მესამე პოლიტიკური ცენტრის ლიდერი. მავანი იმასაც არ გამორიცხავს, რომ გახარიას თანამდებობიდან წასვლა და მომავალში მობრუნება სულაც ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტი იყოს. ამ ეჭვის გაჩენისთვის ის ფაქტიც საკმარისია, გახარია-ივანიშვილის უერთგულესი კადრი, ვიცე-პრემიერი ქალბატონი რომ “დაუბრუნდა ოჯახს”. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, გახარიას პოლიტიკური, თუ აპოლიტიკური მომავლის შტრიხები მალე გამოიკვეთება, ამ ეტაპზე კი მხოლოდ ვერსიებზე თუ ვისაუბრებთ.

  • "ივანიშვილმა გახარიას წინააღმდეგობა არ გაუწია და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია"

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ambebi.ge-სთან ამბობს, რომ გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერობის დიდი საშუალებები და პერსპექტივა აქვს, თუმცა მისი პოზიციონირების გამო, ექსპრემიერს მესამე ძალად მაინც ვერ მოიაზრებს.

“სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა გეგმები აქვს გახარიას და ის ვისი პროექტია, ამის თაობაზე არ მაქვს ინფორმაცია. მაგრამ თუ ის თავზე აიღებს პოლიტიკურ საქმიანობას და ახალი ძალის ლიდერობას, მას ძალიან დიდი საშუალებები და პერსპექტივა ექნება. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როცა სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა პატარა თანხებითაც მოახერხეს თავისი ძალის ჩვენება. შეიძლება მათი რესურსი იყო შეზღუდული და შესაბამისად, შეზღუდულ წარმატებასაც მიაღწიეს, მაგრამ გახარიას შემთხვევაში ეს ასე არ იქნება. დარწმუნებული ვარ, მას არა მარტო ადამიანურ რესურსზე მიუწვდება ხელი, არამედ ბიზნესმენებთანაც შეუძლია ენის გამონახვა. სულაც გადასარევი რომ იყოს მთავრობა, ისინი, ვინც რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგია, მაინც განახლებას ინდომებენ. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება უნაკლო, მათ შორის - “ქართული ოცნებაც” არ არის ასეთი, ადამიანებს მეტის იმედი აქვთ ხოლმე და ეს გასაგებიცაა. იმ ადამიანებს, ვისაც “ქართული ოცნებისგან” იმედი გაუცრუვდათ და ვისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია რადიკალური ოპოზიცია, ეს ფიგურაა ყველაზე მისაღები. მას მთლად მესამე ძალად ვერ განვიხილავდი, იმიტომ, რომ ცალსახად ჩანს, გახარია პოზიციონირებს, როგორც რადიკალური ოპოზიციის მოწინააღმდეგე. აქედან გამომდინარე, მესამე ძალა საზოგადოებას წარმოუდგენია პოლიტიკური ძალა, რომელიც აბალანსებს ვითარებას და ორივე მსხვილი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგია".

კითხვაზე, სოლიდური პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების შემთხვევაში ითანამშრომლებს თუ არა გახარია ”ქართულ ოცნებასთან” და - პირიქით? - ექსპერტის აზრით:

"არ არის გამორიცხული, ითანამშრომლოს გარკვეულ საკითხებში, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც მის სატელიტებთან რომ არ ითანამშრომლებს, ეს ფაქტია. გახარიას ახასიათებდა მანევრირების უნარი და მას შეეძლო ოქროს შუალედის მოძებნა, თუმცა რადიკალური ოპოზიცია ჩვენთან ისეთი ფორმისაა, მასთან ოქროს შუალედის პოვნა რთულია და წარმოუდგენელიც. რადიკალური ოპოზიციის მიზანია ნებისმიერი ხერხით ხელისუფლებაში მოსვლა და იქ ოქროს შუალედის დაცვა შეუძლებელია, მათ პოლიტიკური ინტელიგენტობა არ ახასიათებთ. “ოცნების” გახარიასთან თანამშრომლობას რაც ეხება, გახარიას გაერთიანება თუ სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდა, მაშინ “ოცნება” მასთან ითანამშრომლებს, ხოლო პატარა რესურსების პოლიტიკური ორგანიზაცია თუ იქნება, მაშინ შეიძლება არ ითანამშრომლოს. ზუსტად ვიცი, რომ გახარია ივანიშვილთან შეუთანხმებლად წავიდა. როგორც ყველა პოლიტიკურ ძალაში, აქაც არის გარკვეული ჯგუფები, რომელთაც გარკვეული ინტერესები აქვთ და გახარიამ აირჩია სიტუაციიდან ასეთი ფორმით გამოსვლა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ შესაძლოა ეს ბიძინას ახალი პროექტი ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, ასე ყოფილიყო. მოდით ასე ვთქვათ, რომ ივანიშვილმა გახარიას წინააღმდეგობა არ გაუწია და ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანი გზავნილია”.

  • “ახლა მართლა მარტო სახლში დარჩნენ და ალბათ ცეცხლს გააჩენენ

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრის, პოლიტიკოს ანი მიროტაძის აზრით, თუ უახლოეს მომავალში პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა, რომელშიც გახარიას კადრები შევლენ და ამას ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი 1-2 პირიც თუ დაემატა, ამ შემთხვევაში თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს მართლაც ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტია.

"გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი ვერ იქნება, თუ მას პოლიტიკაში დარჩენის სურვილი საერთოდ არ აქვს. გახარია თუ ფიქრობს, რომ მან დააგროვა საკმარისი კაპიტალი, მათ შორის - პოლიტიკური და ფინანსური, ის შეძლებს პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას. ისიც გამოიკვეთა, რომ მას გარკვეული რეიტინგი აქვს “ქართული ოცნების” ელექტორატში, რაც ისედაც ცნობილი იყო. გახარია თუ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ დარჩეს პოლიტიკაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ახლოს რეალობასთან, რომ რატომაც არა, ბიძინა ივანიშვილმა ის განიხილოს როგორც პროექტი, რომელიც დიდი ალბათობით ჩაანაცვლებს “ქართულ ოცნებას”. ამ ქვეყანაში ყველამ იცის და გუნდშიც იციან, რომ “ოცნებას” დიდი დღე აღარ უწერია მიუხედავად იმისა, რომ გაყალბების ხარჯზე დღეს ისევ მესამე ვადით არიან ხელისუფლებაში. მათთვის რთული და უმძიმესი პერიოდია იმ მხრივ, რომ ასე თუ გააგრძელებენ, უბრალოდ, ვერ შეძლებენ ხელისუფლების შენარჩუნებას, რამდენი ღარიბაშვილიც არ უნდა დააბრუნონ. ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ჩემი მოსაზრება მაქვს - ამ ცხელი პოლიტიკური პოლარიზაციის ეტაპზე, არ იყო სწორი კიდევ ერთი აგრესიით გამორჩეული ადამიანის ჩართვა პროცესებში. ვფიქრობ, მისგან სიურპრიზები წინ გველოდება. ბიძინა ივანიშვილი თუ აცნობიერებს (და მგონია, რომ აცნობიერებს), რომ პროცესი აქეთ მიდის, არ გამოვრიცხავ, რომ გახარიას გასვლა და მისი “ქართული ოცნებიდან” ჩამოშორება დაგეგმილი იყო”.

რითი ხსნის ვიცე-პრემიერის გადადგომას და ეს ფაქტი ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მისსავე გუნდს რაღაც სიურპრიზს უმზადებს, მიროტაძე არ გამორიცხავს, რომ ეს ფაქტი სამომავლოდ ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბების ეჭვს მართლაც ამძაფრებდეს...

"სხვათა შორის, ძალიან მაფიქრებს მისი ყველაზე ერთგული ადამიანის გასვლა მინისტრთა კაბინეტიდან - მაია ცქიტიშვილის, რომელიც ივანიშვილს წლებია, მოჰყვება, ჯერ კიდევ “ქართუდან” და ის ითვლებოდა, მასთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად. ამიტომ კიდევ დაველოდებოდი რამდენიმე დღეს, ამას დიდი დრო არ დასჭირდება, გარკვეული ინფორმაციები გამოჟონავს და ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა იმის თქმა, რა ხდება გახარიასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ ალტერნატიული ძალა შეიქმნას და ეს დაიტესტა - გახარია წავიდა სწორ დროს, დაიტესტა მისი გადადგომა, დაიტესტა ისიც, რომ მას გარკვეული რაოდენობის მომხრეები ჰყავს...

ბუნებრივია, ამის განსაზღვრა ფოტოების “ლაიქებით” არ შეიძლება, ეს სისულელეა, მაგრამ არსებობს გარკვეული ტექნოლოგიები, რომლის მიხედვითაც მისი რეიტინგის გამოთვლა შესაძლებელია. როდესაც ადამიანი ძალაუფლებაშია, ხშირად ეს “ლაიქები” ძალაუფლებას ახლავს ხოლმე თან. მერე, როდესაც ემოცია გაცივდება, დარწმუნებული ვარ, ამ “ლაიქერების” რაოდენობა ნახევარიც არ იქნება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გახარია საინტერესო ფიგურა არ არის. მიმაჩნია, რომ ის თანაგუნდელებს შორის ყველაზე ჭკვიანი და ადეკვატური ადამიანია. ახლა ისინი მართლა მარტო სახლში დარჩნენ და ალბათ გააჩენენ ცეცხლს. ერთ რამესაც დავაკვირდეთ: უახლოეს მომავალში თუ პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა, რომელშიც გახარიას კადრები შევლენ და ამას თუ ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი 1-2 პირიც დაემატა, მაშინ თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რომ ეს მართლაც ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტია", - აცხადებს მიროტაძე.

ხვალ აქცია ნამახვანჰესის ტერიტორიაზე გაიმართება, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდება ხელმოწერებიც - ქუთაიში აქცია დასრულდა

"შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია დანიელსონმა" - როგორ აფასებენ შეხვედრას ოპოზიციის ლიდერები და რას გეგმავენ ისინი

"შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული" - რა განცხადებები გააკეთეს ოპოზიციის ლიდერებმა დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე და შემდეგ