ავტორი:

"შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია დანიელსონმა" - როგორ აფასებენ შეხვედრას ოპოზიციის ლიდერები და რას გეგმავენ ისინი

"შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია დანიელსონმა" - როგორ აფასებენ შეხვედრას ოპოზიციის ლიდერები და რას გეგმავენ ისინი

პროგრესი ნამდვილად გვაქვს განხილვებში, მაგრამ ეს ჯერ არ არის ის ნიშნული, რაზეც შეთანხმება შეიძლება შედგეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს 6 - პუნქტიანი დოკუმენტის ყველა პუნქტი, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების თარიღისა და წინაპირობის სამი ვარიაცია დაასახელეს, თუმცა, ამ საკითხებზე პასუხს ელოდებიან.

ვაშაძე იმედოვნებს, რომ დღის ბოლომდე "ქართული ოცნებიდან" ახალ პოზიციებს მოისმენენ.

"შინაარსობრივ დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ გარკვეული პროგრესი გვაქვს, რაც მე პოზიტიურად განმაწყობს, რომ დღეს დღის ბოლომდე, სადამდეც კიდევ ერთი ან ორი შეხვედრა გვექნება, გარკვეული საკითხები კიდევ დაზუსტდება და კიდევ შეიძლება დაახლოვდეს მხარეების პოზიცია. იმედი მაქვს, რომ დღის ბოლომდე, რაც დარჩა იმ საკითხებზე, ჩვენ ვიხილავთ რაღაც ახალ პოზიციებს ქართული ოცნების მხრიდან.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ დოკუმენტზე, რომელზეც ვმუშაობდით, ეს არის არა მხარეების დოკუმენტი, არამედ ევროკავშირის და აშშ- ის მიერ დადებული საბაზისო დოკუმენტი, რის გარშემოც მიდის მუშაობა. განიხილება 6- ვე პუნქტი, როგორც პატიმრების და პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო რეფორმის ფუნდამენტური საკითხი და განიხილება რიგგარეშე არჩევნების თემატიკაც, როგორ შეიძლება მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე. ჩვენ სამი ალტერნატივაც კი ვთქვით, სხვადასხვა ვარიაციები თარიღების და წინაპირობების რიგგარეშე არჩევნების, მაგრამ ველოდებით ამ საკითხებზე პასუხს," - აცხადებს ვაშაძე.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების თარიღს, ვაშაძის თქმით, განიხლება 2022 წელი.

"თუ ვსაუბრობთ პლებისციტზე, ოქტომბერში რომ პლებისციტი იქნება, რიგგარეშე თქვენი აზრით , როდის შეიძლება ჩაინიშნოს? მომავალ წელს, რომელიც არის 2022 წელი", - განაცხადა ვაშაძემ.

მსვლელობა შეთანხმების მიღწევისკენ გრძელდება, იმედი მაქვს მოვახერხებთ, რომ შეთანხმება შედგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. გამომდინარე დროში შეზღუდვებიდან ჩვენი ამოცანაა დღეს, დღის ბოლომდე მოხდეს საბოლოო შეთანხმება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ მოლაპარაკებებში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, თუმცა შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის.

"დღეს მოლაპარაკებებში გვქონდა პოზიტიური დინამიკა, მაგრამ შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის. საერთო დოკუმენტი, ევქსპუნქტიანი ჩარჩო-დოკუმენტი შეთანხმებული არ არის. დინამიკა შენარჩუნებული იყო, შეხვედრები დღეს გაგრძელდება, დანიელსონის წასვლამდე კიდევ გვექნება შეხვედრა ამ ოფისში და იმედი მაქვს, ყველა ერთად მოვახერხებთ ბოლომდე მივიყვანოთ პროცესი და გამოსავალი მოვძებნოთ. პროგრესი იყო, დღევანდელი შეხვედრა იყო პოზიტიური შეხვედრა, მსვლელობა შეთანხმების მიღწევისკენ გრძელდება და იმედი მაქვს მოვახერხებთ შეთანხმება შედგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. გამომდინარე დროში შეზღუდვებიდან ჩვენი ამოცანაა დღეს, დღის ბოლომდე მოხდეს საბოლოო შეთანხმება. შემიძლია მხოლოდ ლოგიკურად ვივარაუდო, რომ ხელისუფლებასთან ერთადაც გაიმართება შეხვედრა, თუმცა ამას წყვეტს ბატონი დანიელსონი. ჯერჯერობით მას ძალიან პროფესიონალურად და სწორად მიყავს მოლაპარაკებების პროცესი, როგორც ის გადაწყვეტს ჩვენ მივყვებით მის დადგენილ პროცედურას. ლოგიკურად ვვარაუდობ, რომ ალბათ ხელისუფლებასთანაც იქნება მოლაპარაკებები“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ძალიან პოზიტიური, კონსტრუქციული შეხვედრა იყო - ბატონი შარლ მიშელის 6 - პუნქტიანი დოკუმენტი, ბატონმა დანიელსონმა უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია, - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმულაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

„მე მინდა გითხრათ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ კრიზისის დაძლევისკენ მივდივართ. ძალიან პოზიტიური, კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ დანიელსონს მადლობა გადავუხადო. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი საათები უფრო ნაყოფიერი იქნება. მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმულაზე საუბარი, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არ იქნება ჩემი მხრიდან შიდა საუბრის გამოტანა, მაგრამ სერიოზულ დოკუმენტად გადაიქცა, ეს 6 - პუნქტიანი ბატონი შარლ მიშელის დოკუმენტი უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია ბატონმა დანიელსონმა, რაც ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბევრად უფრო ინფორმატიული ვიდრე აქამდე ყოფილა, ბევრად უფრო წავედით დეტალებში საკითხების განხილვის დროს და გვესმის, რომ დრო ძალიან ცოტაა. ორივე მხრიდან მნიშვნელოვანია იყოს კომპრომისები, მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფრის გათვალისწინებით შესაძლოა საბოლოო ჯამში მივიდეთ შეთანხმებამდე, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განიხილავენ წინადადებებს, რომლებიც ეფუძნება ყველას პოზიციას და მედიატორებისგან მომდინარეობს.

"გვაქვს გათვითცნობიერებული, რომ კომპრომისები არის მნიშვნელოვანი ორივე მხარის მხრიდან და გვაქვს ძალიან ცოტა დრო, ვიდრე ეს ადამიანები არიან ჩამოსულები მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც განმუხტავს ამ ძალიან მძიმე კრიზისს ქვეყანაში. ეს არ იყო ბოლო შეხვედრა, შეხვედრები დღეს კიდევ გაგრძელდება და იმედს ვიტოვებთ, რომ შევძლებთ შეთანხმებით დავასრულოთ ეს ყველაფერი. ამ წუთებში ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ რაზეა თანახმა „ქართული ოცნება“. ჩვენ განვიხილავთ წინადადებებს, რომელიც ეფუძნება ყველას პოზიციებს, თუმცა ეს წინადადებები მოდის თვითონ მედიატორისგან. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბევრად უფრო ინფორმატიული, ვიდრე აქამდე ყოფილა, ბევრად უფრო წავედით დეტალებში საკითხების განხილვის დროს და გვესმის, რომ დრო ძალიან ცოტაა. ორივე მხრიდან მნიშვნელოვანია იყოს კომპრომისები, მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფრის გათვალისწინებით შესაძლოა საბოლოო ჯამში მივიდეთ შეთანხმებამდე“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის - იმედი მაქვს და ჩემი ამოცანაა, ეს პროცესი ახლა, მალე დასრულდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე ისაუბრეს, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მიერ იყო მოხაზული.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის, მუშაობა გრძელდება, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მიერ იყო მოხაზული. ჩვენი ამოცანაა, რაც ყველამ იცის მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს. ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. იმედი მაქვს და ჩემი ამოცანაა ეს პროცესი დასრულდეს, ახლა, მალე, რომ ჩვენ შევძლოთ გითხრათ, ამ კრიზისიდან როგორ გამოვდივართ“, - განაცხადა ბოკერიამ.

გაჩნდა შანსი - თუ ჩვენ ყველანი გარკვეულ კომპრომისზე წავალთ, ანუ ამ მოლაპარაკებებით გამარჯვებას ვერავინ იზეიმებს, შეთანხმებას წარმატების შანსი აქვს, - ეს განცხადება “გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა.

მეგრელიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ დისკუსიისას მედიატორები საუბრობენ “არა როგორც უბრალოდ ამბის მიმტან-მომტანები, არამედ საკუთარ პოზიციასაც აფიქსირებენ, რაც მათ სტატუსზე კარგად მეტყველებს“.

“მინდა დაგარწმუნოთ, რომ პროცესი წინ მიდის. თითოეულ საკითხზე მიმდინარეობს დეტალურად შეთანხმება. დღევანდელმა შეხვედრამ იმედი მომიმატა. დღეს მთელი დღის განმავლობაში იქნება მოლაპარაკება და ხვალისათვის რაღაც შედეგი უნდა გვქონდეს. კომპრომისზე წასვლა მოგვიწევს ყველას, თუ გვინდა, რომ შეთანხება შედგეს. მნიშვნელოვანია მთლიანი შეთანხმება და არა რომელიღაცა საკითხები, რაც რომელიმე მხარისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. ​

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთად ქმნიან ლუკაშენკოს მმართველობის ქართულ ანალოგს - ვერც ერთი და ვერც მეორე მხარე ვეღარ მოიპოვებს მასობრივ მხარდაჭერას" - ზაზა ფირალიშვილი

"ხისტი და გაშიშვლებული ხელისუფლება" და "ჩამშლელი ოპოზიცია" - რა განაცხადეს მხარეებმა მოლაპარაკებების შემდეგ