ავტორი:

რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება თავდებს

რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება თავდებს

თავდებობა ბევრი მოქალაქისთვის საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, საქმე ის არის, რომ როდესაც მომხმარებლები ვინმეს თავდებობას აპირებენ, ისე იღებენ გადაწყვეტილებას, ისე აწერენ ხელს ხელშეკრულებას, რომ არ ეცნობიან მის პირობებს და ვერ აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას, მათ შორის იმ გარემოებას, რომ პრობლემური სესხის შემთხვევაში, ის ისეთივე პასუხისმგებელი იქნება თავისი უძრავი და მოძრავი ქონებით, როგორც ძირითადი მსესხებელი.

იურდიული კომპანია OK&CG-ის სასამართლოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი/ადვოკატი ანა გორდეზიანი განმარტავს რა არის თავდებობა, რა ვალდებულებას აკისრების თავდებობის ხელშეკრულება თავდებ პირს და რა ძირითად პრობლემებს აწყდებიან მოქალაქეები:

რა არის თავდებობა?

თავდებობის საფუძველზე, თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად, ამდენად კრედიტორი უფლებამოსილია მოთხოვნა დაიკმაყოფილოს არა მხოლოდ ძირითადი მოვალისგან, არამედ მესამე პირის თავდებისგანაც.

თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება, რომლის ფარგლებშიც თავდები პასუხს აგებს ძირითადი მოვალის ვალდებულებისათვის.

რა სახის პასუხისმგებლობას კისრულობს თავდები?

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იცნობს სოლიდარული თავდებობის და თავდებობის ისეთ სახეს, რომლის დროსაც ნაკისრი ვალდებულება შეიძლება ითქვას სუბსიდიური ხასიათისაა.

1. ზოგადი წესის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობა იცნობს თავდებობის ისეთ სახეს, როდესაც კრედიტორს, მხოლოდ მას შემდგომ შეუძლია მოსთხოვოს თავდებს ნაკისრი ვალდებულების შესრულება, როდესაც სრულად ამოწურავს შესაძლებლობას ძირითადი მოვალისაგან იძულების წესით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.

ასეთ შემთხვევაში თავდები კრედიტორის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე კისრულობს ვალდებულებას, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ კრედიტორს არ აქვს უფლება თავდებისგან მოითხოვოს ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულება, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. თავის მხრივ, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.

2. აღნიშნულის მიუხედავად, თუ თავდებობის ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან, რომ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

ასეთ შემთხვევაში კრედიტორს შესაძლებლობა აქვს, ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გატარების გარეშე თავდებს მოსთხოვოს ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულება და ამ გზით მოახდინოს მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ამდენად, მნიშვნელოვანია თავდებობის ხელშეკრულების დადებამდე წინასწარ გაეცნოთ რა სახის პასუხისმგებლობას კისრულობთ მოვალის სასარგებლოდ.

რა ფარგლებში აგებს პასუხს თავდები?

როგორც ზემოთ აღინიშნა, თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა მასში მიეთითოს იმ ზღვრული თანხის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც აგებს თავდები პასუხს ძირითადი მოვალის ვალდებულებისათვის.

შესაბამისად, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება სწორედ თავდებობის დოკუმენტში (ე.ი თავდებობის ხელშეკრულებაში) მითითებული ზღვრული თანხის ოდენობით.

შესაძლებელია თუ არა შემცირდეს თავდების პასუხისმგებლობა?

მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება თავდებობის გარდა შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს გირავნობით, იპოთეკით ან სხვა ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებით, შესაბამისად თუ კი კრედიტორი უარს იტყვის რომელიმე ზემოთ მითითებულ უზრუნველყოფის საშუალებაზე, მაშინ თავდების პასუხისმგებლობაც შემცირდება იმ მოცულობით რა მოცულობითაც იყო უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება უზრუნველყოფის საშუალებით.

რა შემთხვევაში კარგავს კრედიტორი მოთხოვნას თავდების მიმართ?

იმ შემთხვევაში თუ ძირითადი მოვალე გადააცილებს გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა აცნობოს მას ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

აქვს თუ არა თავდებს უფლება დაიბრუნოს მის მიერ ძირითადი მოვალის ნაცვლად გადახდილი თანხა?

თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ.

იმ შემთხვევაში თუ თავდებობიდან გამომდინარე თავდები სრულად უზრუნველყოფს ძირითადი მოვალის ვალდებულების დაფარვას, კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ გადახდილი თანხის ნაწილში მასზე გადადის. შესაბამისად, თავდებს უფლება აქვს სასამართლო წესით მოითხოვოს მის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნება მოვალის მიმართ თანხის დაკისრების გზით.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ სასამართლო პროცესის განმავლობაში ძირითად მოვალეს არ სურს კრედიტორთან შედავება?

თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები, ამასთან თავდები არ კარგავს შესაგებლის (შედავების) უფლებას იმის გამო, რომ ძირითადმა მოვალემ უარი თქვა მასზე.

თუ სუნთქვის შეკავება 30 წმ მაინც შეგიძლიათ, დიდია იმის ალბათობა, რომ ფილტვები დაზიანებული არაა – ყარამან ფაღავა კოვიდ19-ზე ბავშვებში და მის შესაძლო გართულებებზე

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

მათთვის, ვისაც რეიტინგულ უნივერსიტეტში ჩაბარება სურს