ავტორი:

"საია-ში სტუდენტებს ვარჩევდით სტაჟირებაზე და თინიც ასე მოვიდა... მომეწონა, შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა" - კახა კოჟორიძე ოჯახზე, პოლიტიკასა და პროფესიაზე

"საია-ში სტუდენტებს ვარჩევდით სტაჟირებაზე და თინიც ასე მოვიდა... მომეწონა, შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა" - კახა კოჟორიძე ოჯახზე, პოლიტიკასა და პროფესიაზე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, კახა კოჟორიძე თანაგუნდელებთან ერთად პოზიციას არ იცვლის და დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს. საუბრისას არც იმას მალავს, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა ცუდია, მაგრამ მიაჩნია, რომ ცუდსა და უარესს შორის არჩევანის წინაშე დადგა მთელი ოპოზიციური სპექტრი და რადგან პარლამენტის ლეგიტიმაცია უარესი გზაა, ამიტომ ცუდის არჩევა მოუხდათ. პარლამენტში შესული ოპოზიციის რამდენიმე წევრსაც გადადგმულ ნაბიჯს უწუნებს.რატომ გადაწყვიტა წარმატებულმა იურისტმა პოლიტიკაში წასვლა და რას აპირებს პარლამენტის მანდატზე უარის თქმის შემდეგ? - ამ და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე კახა კოჟორიძე გვესაუბრა.

- პოლიტიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- წარმატებული პროფესიული საქმიანობა მქონდა, ადამიანის უფლებების თემაზე ვმუშაობდი. გარდა იმისა, რომ საია-ს თავმჯდომარე ვიყავი, ვმუშაობდი ასევე კოალიციაში, სადაც მთელი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ გაერთიანებული და ყველა ორგანიზაცია მაღალ დონეზე მუშაობდა სამართლებრივ საკითხებზე. გაერთიანებული ორგანიზაციის - "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" თავმჯდომარე გახლდით, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველიც ვიყავი, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, და ამ ყველაფერმა დამანახვა - იმისათვის, რომ ამ სფეროში სისტემური და ფუნდამენტური ცვლილებები მოხდეს, აუცილებელია პოლიტიკური ცვლილებები.

ის პრობლემა კი არ არის, რომ კანონმდებლობა არ გვივარგა ან არა გვაქვს იმის რესურსი, რომ კარგი მოსამართლეები გვყავდეს, ან ის, რომ რეფორმის ჩატარება არ შეგვიძლია, არამედ პრობლემა ის არის, რომ ნება არ არსებობს და ეს მოდის პოლიტიკიდან. პოლიტიკური ცვლილებების გარეშე არაფერი არ შეიცვლება. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი წვლილი შემეტანა ამ საქმეში. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც იყო, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებებს, სიღარიბის დაძლევას. ჩემთვის ბევრი საინტერესო საკითხია, მაგალითად: კლიმატის ცვლილება, ეკოლოგიური თემა და ა.შ. ამიტომ გადავწყვიტე, პოლიტიკისკენ გადამედგა ნაბიჯი. "ლელოს" გუნდის წევრი გავხდი. აქ არიან გულანთებული, პროფესიონალი ადამიანები. შეგიძლიათ შეადაროთ სხვა საპარლამენტო სიები და ის სია, რაც ჰქონდა "ლელოს". ნახავთ, რისთვის მიუღწევიათ და რა პროფესიული გზა გაუვლიათ სხვებს და რა გაუვლია "ლელოში" მყოფებს.

- თუმცა, თქვენ ვერ მოიპოვეთ მაჟორიტარის მანდატი...

- ხაშურისა და ქარელის ოლქში ვიყავი კანდიდატი და მივიღე 9 პროცენტი, რაც დასაწყისისთვის ცუდი არ არის. არაერთმა ძლიერმა პოლიტიკოსმა ვერ შეძლო 9 პროცენტის "დადება". არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ჩაატარა "რუსთავი 2"-მა კვლევა და 15 პროცენტი დამიწერეს. როგორც წესი, "რუსთავი 2" ყოველთვის წერს რეალურზე ნაკლებს, ყუთებში კი 9 პროცენტი ამოვიდა - ეს იყო გაყალბების შედეგი. გაყალბება არა მხოლოდ არჩევნების დღეს მოხდა - მთავარი გაყალბება წინაასარჩევნო პერიოდში ხდებოდა ხალხის მოსყიდვისა და დაშინების გზით. სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" სარგებლობს ადამიანების მდგომარეობით, მათი სიღარიბით, დაუცველობით, აშინებს და ყიდულობს ხმებს. ეს არის ტრაგედია, ხალხს თავისუფლებას ართმევენ. მძიმე სანახავია, როცა ადამიანს ერთადერთი საფიქრალი აქვს - რა აჭამოს შვილებს და ოჯახს, - ამ ადამიანთან მიდიხარ და სთავაზობ 100 ლარს. ის ფიქრობს, - რა მნიშვნელობა აქვს ჩემს ერთ ხმას, ის გადამწყვეტი ვერ იქნება, მოდი, შვილებს პურს ვაჭმევო...

კახა კოჟორიძე მეუღლესთან ერთად

ასეთი ტიპის არჩევანის წინაშე რომ აყენებ, ეს ძალიან ცუდი საქციელია მორალურად, სამართლებრივად კი დანაშაულია. მთავარი დამნაშავე არის ხელისუფლება, მაგრამ საზოგადოებაც დამნაშავეა - უნდა მოვახერხოთ, არ ავიღოთ ის ფული, რასაც გვთავაზობენ. არ უნდა შეგვეშინდეს არჩევანის გაკეთების. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ძლიერ სახელმწიფოს შეშინებული ადამიანები ვერ ააშენებენ. თუ მაინცდამაინც მძიმე მდგომარეობა აქვს ადამიანს და იღებს ამ თანხას, მივიდეს არჩევნებზე და შემოხაზოს მაინც ის, ვინც მას უნდა. მაგრამ აბსურდულ რაღაცებს ეუბნებოდნენ - თითქოს საარჩევნო კაბინაში კამერებია; უფრო დიდი სისულელეც მოვისმინე - პასტის წვერში არის ვიდეოკამერა ჩამონტაჟებული და დაინახავენ, ვინ შემოხაზეო!.. თუ თავისუფალი არჩევანი ვერ გავაკეთეთ, წინ ვერ წავალთ. ასევე, უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულებიც და საკუთარი შეცდომებიც დავინახოთ. ვფიქრობ, ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი კი არ არიან ძლიერი, ჩვენ - ადამიანები, საზოგადოება - არ ვართ საკმარისად ძლიერები, რომ მოვერიოთ საკუთარ თავს.

- თავის დროზე იურისტობა რატომ გადაწყვიტეთ?

- ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებითაც მინდოდა, განათლება მიმეღო, მაგრამ ალბათ მამის ფაქტორმა იმოქმედა: მამა ხაშურში 17 წელი მოსამართლე იყო, დღემდე საადვოკატო საქმიანობას აგრძელებს. 1999 წელს, როცა სკოლა დავამთავრე, ყველა უმაღლეს სასწავლებელში საშინელი კორუფცია იყო. მამამ რომ გაიკითხა, რამდენად მქონდა შანსი ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მოხვედრის, უთხრეს, ფასიანზე რომ მოხვდეს, 5.000 დოლარი უნდა გადაიხადოო. ამიტომ გადაწყდა, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება არ მეცადა და რომელიმე სხვა სასწავლებელში ჩამებარებინა. თავისუფლების მოედანზე იყო გახსნილი რაღაც და იქ ჩავაბარე, სახელიც კი არ მახსოვს უნივერსიტეტის, ავყევი რჩევას, მაგრამ ვთქვი, სწავლა თუ არ მომეწონება, არ ვისწავლი-მეთქი. 3 თვე დავდიოდი და თავი დავანებე. ამის შემდეგ მე და ჩემი მეგობარი თბილისში, ერთოთახიან ბინაში ჩავიკეტეთ, ისიც იურიდიულზე აბარებდა და ერთად ვმეცადინეობდით. წიგნები მართლა თავზე გვეყარა.

ისე კარგად ვიმეცადინეთ, აბსოლუტურად ჩემით ჩავაბარე მეორე წელს უფასოზე, უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ეს დიდი იშვიათობა იყო, მაგრამ იმ კორუფციული სისტემის მიუხედავად, თუ ძლიერი იყავი, შანსი იყო, უფასოზე ჩაგებარებინა. მიზანს მივაღწიე, თუმცა, რომ გითხრათ, ჯავახიშვილის იურიდიულის დონე მომწონდა და მაკმაყოფილებდა, ტყუილი იქნება, - სამწუხაროდ, ასე არ იყო. ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ლექტორები გვყავდა, მაგრამ უმეტესობა საბჭოთა პერიოდის ტყვეობაში გახლდათ ჩარჩენილი და იურიდიული ფილოსოფია, ღირებულებები, რაც ამ პროფესიას სხვებისგან გამოარჩევს, რაც ამ პროფესიის ხიბლია, რომ შეეყვარებინათ სტუდენტებისთვის, ეს ნაკლებად ჩანდა. ცოდნა უფრო პროფესიული და პრაქტიკული საქმიანობიდან შევიძინე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და ა.შ.

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.

- როდესაც საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი ვიყავი, მაშინ გავიცანი თინი. საია-ში 6 თვეში ერთხელ ვარჩევდით დაახლოებით 20 სტუდენტს, ისინი ჩვენთან სტაჟირებას გადიოდნენ. თინიც ასე მოხვდა ჩვენთან, მაშინ მაგისტრატურაში სწავლობდა. მომეწონა; მოწონება მალე სიყვარულში გადაიზარდა და შევქმენით ოჯახი. ძალიან მიყვარს პოეზია, ხანდახან ლექსებსაც ვწერ.

უფრო მეტი ლექსი შეყვარებულობის პერიოდში მაქვს მეუღლისთვის მიძღვნილი... გვყავს ორი შვილი: 8 წლის ალექსანდრე და 5 წლის დანიელი. შვილებთან თამაში და მათთან ყოფნა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. ბიჭებს მოსწონთ, როცა ზღაპრებს ვუყვები. ჩემი მოყოლილი ზღაპრები არის იმპროვიზაცია: თემას ირჩევენ, მეუბნებიან, ვთქვათ, დინოზავრებზე ან ბრძოლებზე მოგვიყევიო და ა.შ. მეც ვიწყებ ზღაპრის მოყოლას და არ ვიცი წინასწარ, ეს ზღაპარი როგორ დამთავრდება. ხან წიგნებს ვკითხულობთ ერთად, ხან ერთად დავდივართ სასეირნოდ...წაიკითხეთ სრულად

მეუფე სტეფანეს განმარტებით,  სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები,  თითქოს აივნიდან მრევლის გადაყრა მისი ბრძანება იყო

ვინ მოიგო მომენტალურ ლატარია ,,ფარაონში'' 50 000 ლარი?

პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა