ავტორი:

"მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო... არ ვფიქრობ, რომ ვინმე საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებას აპირებს" -  კურტ ვოლკერი

"მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო... არ ვფიქრობ, რომ ვინმე საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებას აპირებს" -  კურტ ვოლკერი

ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო - ის, რომ ვიღაცის დაპატიმრება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე, - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა და ნატო-ში ყოფილმა წარმომადგენლმა კურტ ვოლკერმა "ინტერპესნიუსს“ განუცხადა.

მან ისაუბრა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ პოლარიზაცია კიდევ უფრო გაამწვავა.

"ვფიქრობ, რომ რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, ისაა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები კარგად ვერ მუშაობს - ოპოზიცია პარლამენტში არაა, მთავრობამ ოპოზიციის ლიდერი დააკავა. ვფიქრობ, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს საზღვარგარეთ. ამიტომ, ჩემი აზრით, ორივე მხარემ უნდა ითანამშრომლოს, რომ წინსვლა შესაძლებელი გახდეს - ეს საქართველოში კრიტიკული პერიოდია და ორივე მხარემ უნდა იფიქროს მთლიანად ქვეყნის ინტერესებზე, უფრო მეტადაც, ვიდრე საკუთარზე.

ჩემი აზრით, შეცდომა იყო ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება, რადგან ამან კიდევ უფრო გაამწვავა პოლარიზაცია. მხოლოდ იმის გამო, რომ შეგიძლია, ვინმე დააპატიმრო, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე. ვფიქრობ, რომ უკვე პოლარიზებული გარემო ამან კიდევ უფრო გააღრმავა. წინსვლის გზაა, თუ მხარეები თავად მოილაპარაკებენ პაკეტზე, გამოსავალზე, სადაც ყველას ცოტ-ცოტა მოუწევს კომპრომისზე წასვლა“, - აღნიშნა ვოლკერმა.

მისი თქმით, შესაძლოა, მსგავსი პაკეტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავდეს.

"წარმომიდგენია, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს მელიას შეწყალებას, შეთანხმებას არჩევნების ახალ თარიღზე გარკვეულ მომენტში, (არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ვადამდელი არჩევნების ჩატარება); შეიძლება, მოიცავდეს ოპოზიციის პარლამენტში შესვლას - ეს თავად პარტიებმა უნდა მოიფიქრონ, როგორი პაკეტი იქნება სამართლიანი. გარდა ამისა, ჩემი აზრით, არჩევნებში მომხდარი დარღვევების გამოძიება მნიშვნელოვანია და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპოზიცია და მთავრობა ამის შესასწავლად ერთად იმუშავებს ერთობლივ კომისიაში და განსაზღვრავს, რამდენად ჰქონდა ამას მნიშვნელოვანი გავლენა არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა ვოლკერმა.

"ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რას ფიქრობს შესაძლო სანქციების, თუნდაც ე.წ. ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე, კურტ ვოლკერმა უპასუხა, რომ არ ჰგონია, საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებების განხორციელება სურდეს ვინმეს.

"არ ვფიქრობ, რომ ვინმე საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებას აპირებს, ეს გასაკვირი იქნებოდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის, ხალხს ჰქონდეს რწმენა, რომ საქართველო წარმატებულია, როგორც დემოკრატია. შესაბამისად, როდესაც საქართველოს მისწრაფებებზე ფიქრობთ, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ნატო-ში გაწევრიანებისკენ, იმისკენ, რომ მას ძლიერი, სტაბილური საზოგადოება ჰყავდეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ქვეყანა სუსტდება. ვფიქრობ, ეს არის ის ზიანი, რაც მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას მოაქვს, რაც ქვეყანას და მის შესაძლებლობებსა და გარე ურთიერთობებს ასუსტებს.

ასე რომ, არა მგონია, ვინმეს სურდეს, საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების მიიღოს. ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ საქართველო თავის დემოკრატიას უბრუნდება და წარმატებული იქნება. ეს თავად მხარეებზეა დამოკიდებული და არა მგონია, ამას სანქციების დაწესებამ მიაღწიოს - ამის მიღწევა მხოლოდ საქართველოს ხალხს შეუძლია“, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

"...ეს სავსებით მისაღები იქნება, ჯერ კიდევ გუშინ ოპონენტთა სისხლზე დაგეშილი ბიძინისტები თუ წავლენ ამაზე" - რაში ხედავს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს დავით დარჩიაშვილი

რა კომენტარებს აკეთებენ ოპოზიციის ლიდერები შარლ მიშელის ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ და როგორია მათი სამოქმედო გეგმა

"იმედია, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას" - პრემიერის კომენტარი შარლ მიშელის ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ