ავტორი:

რა კომენტარებს აკეთებენ ოპოზიციის ლიდერები შარლ მიშელის ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ და როგორია მათი სამოქმედო გეგმა

რა კომენტარებს აკეთებენ ოპოზიციის ლიდერები შარლ მიშელის ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ და როგორია მათი სამოქმედო გეგმა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ მოლაპარაკებების 6 საკითხზე, რომელთა შორისაც პატიმრების, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.

მისივე თქმით, საკითხების ჩამონათვალშია საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმა.

„შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით, შესულია ისეთი საკითხები, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგი ყოვლისმომცველია და ყველა ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემისთვის და მათ შორის ოპოზიციისთვის. მაგრამ მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე, ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო. სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს. გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებები პრინციპულად ახალ საფეხურზე გადავიდა.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, შეხვედრაზე „საუბარი შეეხო ყველა იმ საკითხს, რაც აწუხებს საზოგადოებას“.

„შეხვედრა იყო პოზიტიური. ეს საუბარი და მოლაპარაკება გადავიდა პრინციპულად ახალ საფეხურზე, მედიაციის კატეგორიაში. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მიშელი პირადადაა ჩართული ამ მოლაპარაკებაში. ის შეგვპირდა, რომ უახლოეს ხანში ის ჩართავს ამ მოლაპარაკებაში საკმაოდ მძიმე წონიან პოლიტიკოსებს ევროკავშირიდან. ამავე დროს, შეჯერდა ყველა პუნქტი, რომელიც აწუხებდა ჩვენს საზოგადოებას, ოპოზიციას, ხელისუფლებას. ეს არის პოლიტიზირებული სასამართლო სისტემა, ახალი არჩევნები, საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავება, ეს არის რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვა, ეს არის პოლიტიკური პატიმრების საკითხი. ბუნებრივია, დღეს ყველა ამ საკითხზე ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხდებოდა. მთავარია, რომ პროცესი დაიძრა და ამ პროცესს ახლავს კონკრეტული ვადები. ვადა დაინიშნა დაახლოებით ორი კვირა, 16 მარტს არის შეხვედრა ბრიუსელში და იმ მომენტისთვის ჩვენ, ხელისუფლებამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უნდა მოვახერხოთ, რომ ეს საკითხები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გადავწყვიტოთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წარსულზე აღარ ისაუბრებენ.

„ყველა საკითხზე იყო საუბარი, აზრები იქნა გაცვლილი. შევთანხმდით, რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი. იქ იყო რამდენიმე მცდელობა, რომ ისევ წარსულზე გვესაუბრა. შევთანხმდით, რომ მთელი აქცენტი მოლაპარაკების უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე, გამოსავლის ძიებაზე. ჩვენ გვჭირდება გამოსავალი და გამოსავალი არის მხოლოდ მომავალში. ვფიქრობ, რომ პროცესი სხვა კატეგორიაში გადავიდა და იმედი მაქვს, თუ ხელისუფლება იქნება გონივრული და მოქნილი ამ საკითხების გადაწყვეტაში, გამოსავალს ვნახავთ. კიდევ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ არ უნდა იყოს კუნთების თამაში, ვის უფრო ძლიერი პოზიცია აქვს, ვინ უფრო ძლიერია ქუჩაში, ვის უკავია ხელისუფლება. კუნთების თამაშმა შეიძლება ეს ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანოს. პოლიტპატიმრების ნაწილსაც შევეხეთ, კატეგორიულად იყო დასმული საკითხი, რომ, სანამ მელია არის ამ მდგომარეობაში, ძნელია საუბრის გაგრძელება, მაგრამ იმედი მაქვს ამ გამოსავალსაც ორივე მხარე ერთად ნახავს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის პროტესტი და დაანონსებული პიკეტირება გაგრძელდება. როგორც მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პროცესი შედეგის მისაღწევად ერთ-ერთი გზაა.

„პიკეტირებას და პროტესტს ვაგრძელებთ იმიტომ, რომ ეს არის ცალსახა განუყრელი ნაწილი იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეთ. ამ პროცესს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავაჩერებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ დაადასტურა, რომ მზად არის, ევროკავშირის უშუალო მოდერაციით მოლაპარაკებების პროცესი განახლდეს.

„თუ ბრიუსელში იქნება ჩასვლა საჭირო, მზად ვართ, იქაც მივიღოთ მონაწილეობა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. იმედი მაქვს, რომ კონკრეტული შედეგით დასრულდება. ეს შეხვედრა იმისთვის არ იყო, რომ დეტალურად განგვეხილა თითოეული პოზიცია, ეს შეხვედრა პირდაპირ ემსახურებოდა იმას, მზად არიან თუ არა მხარეები ევროკავშირის უშუალო მოდერაციით და ფასილიტაციით, გავაგრძელოთ ეს საუბარი. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ. ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის ეს ორი საკითხია მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ მათ სათქმელი ექნებათ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებითაც, რადგან ეს საკითხი საუბრის პროცესში განიხილება. წითელი ხაზები, რომ რაღაცას არ ვიხილავ, ასე არ არის. ყველაფერს განვიხილავთ და ყველა საკითხზე ვსაუბრობთ.

რაც შეეხება პლებისციტს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ შეხვედრაზე არ გვისაუბრია. ზოგადად, ოპოზიციის მხრიდან უკვე იყო წარდგენილი ეს საკითხი. სამწუხაროდ, ამაზეც უარი მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან. დღეს არის სხვა გარემოება, სხვა დონის ჩართულობა ამ პროცესში და ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხვალ დაგეგმილი პიკეტირება მაინც გაიმართება.

როგორც ბოკერიამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით განუცხადა, არაფერი შეცვლილა.

„მშვიდობიანი აქციები ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე დემოკრატიული საზოგადოების ნაწილია. ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა. ამიტომ არაფერი შეცვლილა. მშვიდობიან პიკეტირება იქნება“, - განაცხადა ბოკერიამ.

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა ხელისუფლების გადაწყვეტილებით და კარგია, რომ მიხვდნენ და ახლა აპირებენ, რომ ამ ჩიხიდან დაიწყონ გამოსვლა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღის შედეგი არის ის რომ მოლაპარაკებები სხვა დონეზე განახლდა. ხოლო რა შეეხება აქციებს, როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, საჯარო პროტესტი არაფერ შუაში იმ შესაძლო შედეგებთან, რაც შეიძლება მოლაპარაკებებმა მოიტანოს.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გასაგებია, რომ თუ ჩვენ გვსურს მივაღწიოთ შედეგს ორივე მხარემ უნდა დააფიქსიროს პოლიტიკური ნება იმისთვის რომ ეს შეთანხმება იქნას მიღწეული. ოპოზიციამ ეს პოლიტიკური ნება ამ შეხვედრით ფაქტიურად დაადასტურა. ამავე დროს რა თქმა უნდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენთვის არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მიღწევა რაიმე სახის სამოქმედო გეგმის, თუ როგორ მიდის ქვეყანა წინ რაც შეეხება დემოკრატიული პროცესის აღდგენას ქვეყანაში. დღეს მთავრი შედეგი არის, რომ განვაახლეთ უკვე სხვა დონეზე და პოლიტიკური ჩართულობით დიალოგის პროცესი. რა შედეგს მოიტანს ეს დიალოგი, აჩვენებს დრო.

საჯარო პროტესტი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ბევრ საკითხს უკავშირდება: პოლიტიკურ,სოციალურ, ეკონომიკურ პროცესებს და ბევრ სხვა პრობლემას. ამიტომ არაფერ შუაში არ არის ეს საჯარო პროტესტი იმ შესაძლო შედეგებთან რა შეიძლება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გამართულმა დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა მოიტანოს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, პროტესტი იქნება არ იქნება-მივიღებთ მონაწილეობას პიკეტში თუ არ მივიღებთ ყოველთვის ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ ჩვენ ამავე დროს არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა ხელისუფლების გადაწყვეტილებით და კარგია, რომ მიხვდნენ და ახლა აპირებენ, რომ ამ ჩიხიდან დაიწყონ გამოსვლა,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგია, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მეტი კონსტრუქციულობა, მეტი მზაობა სერიოზული დიალოგისთვის, - ამის შესახებ “მეტი თავისუფლება - გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აქციებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ სავარაუდოდ, გაგრძელდება.

“ბატონმა პრეზიდენტმა ჩვენთან და “ქართულ ოცნებასთან” საუბრის შემდეგ პუნქტები დადო, რომლის გარშემო ის თვლის, რომ მნიშვნელოვანია მომავალში მოლაპარაკებების გაგრძელება. ეს პუნქტები იგივეა, რაც ისედაც იდო მოლაპარაკების მაგიდაზე და პლიუს დამატებულია ორი პუნქტი. ერთი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, მეორე კი ძალაუფლების დანაწილებას ეხება. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგია, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მეტი კონსტრუქციულობა, მეტი მზაობა სერიოზული დიალოგისთვის.

აქციებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ სავარაუდოდ, გაგრძელდება. თუ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

“გეთანხმებით, რომ დასაჭერია... დაკავებას ვეცადეთ,  აბა, წადი და მშვიდობაში მოიხმარე - ასე ხომ არ გავუშვებდით?!" - რა უპასუხა გომელაურმა ბადრი ესებუაზე დასმულ კითხვას

შარლ მიშელის მხარდაჭერა საქართველოს - საოკუპაციო ხაზთან გადაღებულ რა ფოტოს აქვეყნებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი "ფეისბუქზე"

"ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას... როგორაა ის კაცი, სადაა?!" - ალეკო ელისაშვილის კითხვები ვახტანგ გომელაურს