ავტორი:

ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი პოლიტიკოსების ცნობილი და უცნობი დედები

ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი პოლიტიკოსების ცნობილი და უცნობი დედები

პოლიტიკოსების პირადი ცხოვრება და ოჯახის წევრები, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ზოგი ქართველი პოლიტიკოსის მშობლები თავიანთ შვილებს პოპულარობით არ ჩამოუვარდებიან, თუმცა საჯაროდ გამოჩენას ხშირად თავს არიდებენ. მიუხედავად ამისა, თავიანთი საქმიანობის გამო, ისინი უყურადღებოდ არავის რჩება. პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის მშობლებს ხალხი ნაკლებად იცნობს.

AMBEBI.GE დედის დღესთან დაკავშირებით, ქართველი პოლიტიკოსების ცნობილ და უცნობ დედებს წარმოგიდგენთ.

  • გიორგი გახარიას დედა - მზია ლეჟავა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 1975 წელს ზაურ გახარიასა და მზია ლეჟავას ოჯახში დაიბადა. პრემიერის მამა წარმოშობით სენაკელია, დედა კი - თბილისელი. როგორც ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციებიდან ირკვევა, მამა პროფესორი და სახალხო მოძრაობა "სამეგრელოს" კოორდინატორია. დედა კი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის მშობლები ეროვნული მოძრაობის დროს ზვიად გამსახურდიას განსაკუთრებული მხარდამჭერები იყვნენ და მიტინგებზეც ხშირად დადიოდნენ. გახარიას ოჯახს "ზვიადისტებადაც" კი მოიხსენიებდნენ.

  • ნიკა მელიას დედა - ნანა ცანავა

"ნაციონალური მოძრაობს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში თანადგომა დედამაც გამოუცხადა. მელიას დედის, ნანა ცანავას შესახებ საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ყველა კარგად იცნობს მის მამას - ცნობილ კარდიოლოგს, ანზორ მელიას.

"მშობლები შოკირებულები ვიყავით, როცა ნიკა პოლიტიკაში წავიდა. სამი თვე არ ველაპარაკებოდით. თქვენ იცით 2012 წელს, მე ხმა მივეცი "ქართულ ოცნებას“, მაგრამ მერე ნიკამ დამსვა, მესაუბრა და ყველაფერი ისე ასრულდა, როგორც ნიკამ მითხრა. ჩემი მეუღლე რაჭველია და სამწუხაროდ გვიან მოვიდა აზრზზე. მას ნიკა პოლიტიკისთვის არასდროს არ ემეტებოდა... ჩემი მეუღლეც ექიმია. ჩვენ სოლოლაკში ვცხოვრობთ, ჭკვიანი ექიმი იყო, ავადმყოფებს უყვარდათ, მაგრამ 90-იანები რთული პერიოდი გახლდათ და როცა ბავშვებს გარდატეხის ასაკი დაუდგათ, უარი თქვა სამსახურზე და სახლში დაჯდა. ნანაც კარდიოლოგია, მამამისი ცნობილი პროფესორი, რეანიმაციის სკოლის დამფუძნებელი გახლდათ საქართველოში", - ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში ანზორ მელია.

  • ელენე ხოშტარიას დედა - ირინა გუნცაძე

ხელოვნებათმცოდნე მშობლების გოგი ხოშტარიასა და ირინა გუნცაძის ოჯახში გაზრდილმა ელენე ხოშტარიამ პროფესიული არჩევანი თავიდანვე პოლიტიკას დაუკავშირა და, როგორც ქალბატონი ირინა გუნცაძე ამბობს, შვილის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია. "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ირინა გუნცაძე საკუთარი შვილისა და ოჯახის შესახებ საუბრობს:

"მე პატივს ვცემ მის არჩევანს. ვიცი, რომ ეს მისი პრინციპული არჩევანია და პოლიტიკოსობა რომ გადაწყვიტა, ჩემთვის ეს სრულიად კანონზომიერი იყო. ჩვენი ოჯახი, ჩემი მეუღლის მხრიდან, რეპრესირებულების ოჯახი გახლდათ. გოგის ბაბუის ძმა იყო აკაკი ხოშტარია. მოგეხსენებათ, იგი იყო მილიონერი კაპიტალისტი, მეცენატი, რომელმაც სამი გემი უყიდა პირველ ეროვნულ მთავრობას...

გოგის მამა 28 წლის ასაკში დახვრიტეს, ბიძა კი - 29 წლის ასაკში, რადგან აკაკი ხოშტარიას ძმისშვილები იყვნენ. ამიტომ ეს ოჯახი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო. ელენეს ეს ისტორიები ბავშვობიდან ესმოდა და მუდმივად ჰქონდა უსამართლობის გრძნობა. ჩემს მეუღლეს, გარდა ხელოვნებათმცოდნეობისა, ისტორიის ფაკულტეტიც ჰქონდა დამთავრებული და დისიდენტიც იყო. კავშირები ჰქონდა კავალიოვთან და სხვებთან. 9 აპრილის მოვლენების დროს ელენე 9 წლის იყო და ყველაფერმა მის თვალწინ გაიარა... მინდა ვთქვა, რომ თვითონ იყო სხვანაირი ბავშვი, ჩემი ვაჟიც, რომელიც ელენეზე 2 წლით უფროსია, ხომ, ამ სიტუაციაში გაიზარდა, მაგრამ ელენეს ჰქონდა სხვაგვარი დამოკიდებულება, განსხვავებული, უშიშარი, დამოუკიდებელი იყო, სულ გვეგონა, რომ არაფრის ეშინოდა...

იცით, რომ გოგი ჰელსინკის ჯგუფში ზვიად გამსახურდიასთან ერთად იყო. ზვიადთან მეგობრობდა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც ეკავა. მაშინ 12 წლის ელენე აპროტესტებდა, რომ მამამისს მანქანა ჰყავდა გამოყოფილი. ერთხელ მეზობელი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხომ არ გიჭირთო? თურმე, დილაადრიან დგებოდა და სადარბაზოებს ალაგებდა... ჩვენ ძიძად რუსი ქალი გვყავდა, რომელმაც გაზარდა ელენე და წლების მერე, ლოგინად ჩავარდა, მარტოხელა ქალი იყო და რითაც შეგვეძლო, ვეხმარეოდით. მერე, მეზობლებმა გვითხრეს, რომ, თურმე 14 წლის ელენე უვლიდა და უცვლიდა...

ჩემს შვილს სულ უნდოდა წასვლა ინგლისში ან საფრანგეთში. ინგლისური კარგად იცოდა და შეეძლო, საფრანგეთშიც ესწავლა, ინგლისურენოვან სასწავლებელში. ფრანგული მაშინ არ იცოდა, მერე შეისწავლა. იმ პერიოდში, "ესენგე"- ში ვიყავით და სხვა არჩევანი არ გვქონდა, რუსეთში სასწავლებლად უნდა გაგვეშვა, თან იქ კარგი განათლების მიღება შესაძლებელი იყო. რადგანაც პოლიტიკა აინტერესებდა, "გიმო"-ში მოხვდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ფინანსები არ გვქონდა, სხვა ქვეყანაში გაგვეშვა სასწავლებლად და რადგან ჩემი მეუღლე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ეკუთვნოდა ლიმიტი და ელენეს შეეძლო უფასოდ ესწავლა, ეს შესაძლელობა გამოვიყენეთ. ელენე ძალიან კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა. წარმატებით დაიცვა სადიპლომო თემა, რომელიც ამერიკის პოლიტიკას ეხებოდა... სხვათა შორის, ივანიშვილს ძალიან უნდოდა თავისკენ წაეყვანა, მაგრამ ელენე კატეგორიულ უარზე იყო..."

  • ირაკლი კობახიძის დედა - თამარ ზაალიშვილი

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ორივე მშობელს საზოგადოება კარგად იცნობს.

ირაკლი კობახიძის მამა გიორგი კობახიძე საქართველოში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. 1990-1992 წლებში იგი იყო ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმის წევრი და აღმასრულებელი მდივანი. 1992-1999 წლებში იყო საქართველოს მე-3 და მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი. ბოლო პერიოდში იყო "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი. 2015 წლის იანვარში გიორგი კობახიძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა, რის მიზეზადაც შვილის - ირაკლი კობახიძის "ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად დანიშვნა და, ამის გამო, შესაძლო პოლიტიკური უხერხულობების თავიდან აცილება დაასახელა.

დედა - თამარ ზაალიშვილი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკოსი, ეკონომისტი და იურისტია. თამარ ზაალიშვილი ოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის, ეკონომიკისა და სამართლის სფეროებში. ის ასევე არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი, განათლებისა და რეგიონული განვითარების მკვლევარი, მრავალი კონფერენციის მონაწილე და ანალიტიკური პუბლიკაციისა და ექსპერტული შეფასების ავტორი.

წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობეზე მუშაობდა ჯერ ფინანსთა, ხოლო შემდეგ განათლების სამინისტროებში.

1998 წელს ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში თამარ ზაალიშვილი საკუთარი ოჯახის შესახებ ამბობდა:

"მე მეცნიერთა ოჯახიდან ვარ. მამა აკადემიკოსია - მალხაზ ზაალიშვილი, გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. დღესაც აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა. დედა უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი იყო დიდი ხნის განმავლობაში. ჩემი მშობლების დამახასიათებელი თვისებები ალბათ ის არის, რომ, ოჯახის გარდა, უპირველესი ინტერესი და ცხოვრების წესი სამეცნიერო საქმიანობა გახლდათ. ასეთ ატმოსფეროში აღვიზარდე, ფაქტობრივად, ჩვენს ოჯახში იყო განათლებისა და მეცნიერების კულტი. მყავს ძმა - თენგიზი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი, ბიოქიმიკოსი. მე ორჯერ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯერ ფიზიკის ფაკულტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით, ხოლო შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსისტის სპეციალობით...

...ნამდვილად არსებობს ერთი ნახვით შეყვარება. პირველი ნახვისას საოცრად მომხიბლა გიორგის არაჩვეულებრივმა ღიმილმა. იმ დროს არამარტო ასაკით ვიყავი ბავშვი, 18 წლის გახლდით, არამედ ბავშვი ჩემი ცნობიერებითაც. ჩვენი თაობა სხვანაირი იყო, ახლა სხვანაირი თაობაა. მე განსხვავებული ვიყავი, ბიჭებს საერთოდ არ ვუყურებდი. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, ვეუფლებოდი ფორტეპიანოს, ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ნაზი ვჩანდი. გიორგი და მე ერთ კორპუსში ვსწავლობდით, იგი ორი კურსით წინ იყო. მეორე კორპუსიდან პირველ კორპუსში გადმოვდიოდი, ერთ მომენტში მომხიბლა მართლაც შესანიშნავი გარეგნობისა და ღიმილის მქონე ახალგაზრდამ - აქედან დაიწყო ჩვენი სიყვარული... სახელმწიფოებრივი და ოჯახური საქმიანობა აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული. საერთოდ, პოლიტიკაში არსებობს ცოლის ინსტიტუტი. ცოლებს ეძლევათ საშუალება, გარკვეულწილად გავლენა მოახდინონ მეუღლის გადაწყვეტილებებზე. მიმაჩნია, რომ ქალმა ნაკლებად უნდა ისარგებლოს ამ უფლებით. თუმცა მე, როგორც თანამდებობის პირს, შემიძლია მქონდეს პრეტენზია ამაზე".

  • მიხეილ სააკაშვილის დედა - გიული ალასანია

გიული ალასანია პროფესიით ისტორიკოსია - თურქეთის ისტორიის სპეციალობით. აქვს ორი ჯილდო 1980 წელს მიიღო კომკავშირის ჯილდო, ხოლო 2010 წელს ჯავახიშვილის ჯილდო. 2009 წელს ალასანია არჩეულ იქნა ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (აშშ) ნამდვილ წევრად. 2012 არჩეულ იქნა გენეალოგიის, ჰერალდიკისა და დოკუმენტურ მეცნიერებათა ამერიკული სკოლის საპატიო წევრად. 1998-2014 წლებში მუშაობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 2002-2014 წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი.

2004 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ამავე უნივერსიტეტში იკავებს პროფესორის აკადემიურ თანამდებობას.

გიული ალასანიას სახელს ხშირად უკავშირებენ სხვადასხვა გახმაურებულ საქმეს. მისი სახელი უკავშირდება "ცენტრ პოინტის" "ომეგას", "იბერიის" და სხვა ბიზნესებს. ამბობენ, რომ კომპანიების გაკოტრების საქმეში ექს-პრეზიდენტის დედა თავად იყო ჩართული, თუმცა ის არცერთ საქმეზე ოფიციალურ ორგანოებს მოწმის სახითაც კი არ დაუბარებიათ.

გიული ალასანია მარტოხელა დედა იყო, რომელმაც მომავალი პრეზიდენტი მარტო გაზარდა. შვილის აღზრდაში ბებია ეხმარებოდა. მას შემდეგ რაც პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენა, გიული ალასანიას ქონება დააყადაღეს. შარშან გიული ალასანიას სახელი მედიაში უკრაინელი ჟურნალისტის წყალობით მოხვდა, რომელმაც ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ექსპრეზიდენტისა და მისი ოჯახის ფინანსებთან დაკავშირებით ისაუბრა. მაშინ ალასანიამ ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც საკუთარი ხელფასიც დაასახელა.

  • გიგა ბოკერიას დედა - ნანა ალექსანდრია

ცნობილი მოჭადრაკე, ნანა ალექსანდრია, რომელმაც საქართველოს არაერთხელ გაუთქვა სახელი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დედაა. ბოკერია ნანა ალექსანდრიას ერთადერთი ვაჟია. ნანა ალექსანდრია არაერთი ტიტულის მფლობელია, 1986 წელს აირჩიეს ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარედ. ალექსანდრია იყო საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები გუნდის კაპიტანი, რომელიც ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებზე მანილაში და მოსკოვში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

სხვა პოლიტიკოსების დედებისგან განსხვავებით, ნანა ალექსანდრიას სახელი სკანდალურ საქმეებს არ უკავშირდება. გიგა ბოკერიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დედამისი თითქმის ყველგან გამოჩენაზე უარს ამბობს. ცნობილია, რომ ნანა ალექსანდრიას არ ელაპარაკება ნონა გაფრინდაშვილი. ის აცხადებს, რომ 26 მაისს მომხდარ დაპირისპირებას არავის, მათ შორის არც ნანა ალექსანდრიას აპატიებს, რადგან მომხდარის იდეოლოგიაში გიგა ბოკერიას ადანაშაულებს. როგორც ჩანს ხალხის დამოკიდებულება მისი შვილის მიმართ ალექსანდრიას არ ადარდებს, პირიქით, გუნდს, რომლის ლიდერიც გიგა ბოკერიაა, მხარს უჭერს.

  • ვანო მერაბიშვილის დედა - ჟენია მერაბიშვილი

ჟენია მერაბიშვილი "ვარდების რევოლუციის" ყველაზე სკანდალური მინისტრისა და ექსპრემიერის, ვანო მერაბიშვილის დედაა. მის შესახებ უამრავი ჭორ-მართალი დადიოდა. ჟენია მერაბიშვილი სკანდალში არაერთხელ გაეხვია, ერთხელ არჩევნების პერიოდში, მეორედ კი 2013 წელს, როცა ის სკოლის დამლაგებლებისა და მოსწავლეების ცემაში დაადანაშაულეს. გიორგი მარგველაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე ყოფნისას ჟენია მერაბიშვილი ახალციხის მეხუთე სკოლის დირექტორობიდან მოხსნა. ვანო მერაბიშვილის დედა საზოგადოებაში ბოლოს 2 გვამის ვიდეოს გავრცელების დროს გამოჩნდა და განაცხადა, რომ მისი შვილი ორი რუსის გვამს ითხოვდა.

"ვაჟის ტრაგედიამ ახალგაზრდა გურამი შინაგანად გადატეხა, წავიდა თავის ულამაზეს ირაკლისთან" - რას იხსებებს მაია ორჯონიკიძე დოჩანაშვილზე?

"ბატონო ზურაბ! ვინ მოგახსენათ, რომ ჩვენ მიწაში დაგვმარხეს, თქვენმა ერთი მუჭა "ჰეითერებისგან" შემდგარმა საძმომ?" - ცერცვაძე გურულს

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გყავდეს მეგობრად ვერძი