ბოლო ხანს საქართველოს საავტომობილო გზებისა და, ზოგადად, სატრანსპორტო სისტემის მიმართ პრეტენზიები გახშირდა. ამაზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საჯაროდ გამოთქვამენ პროტესტს. ისინი, ძირითადად, ტრანსპორტის გაუმართაობასა და გზების სივიწროვეს უჩივიან. ერთ-ერთი მოუგვარებელი პრობლემაა მოუწესრიგებელი ავტოსადგურები.
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის თავმჯდომარე კახა ნიკურაძის განცხადებით, საქართველოს ავტოსადგურები გაუმართავია, განსაკუთრებით დიდუბის ავტოსადგური, მოუწესრიგებელია მიმდებარე ტერიტორია, ის არ აკმაყოფილებს ტექნიკურ სტანდარტებს, ტექნიკურად გაუმართავია მიკროავტობუსები, რომლებიც დიდუბის ავტოსადგურიდან მოძრაობენ. გვესაუბრება "დიდუბის" დირექტორი ნატო გელაშვილი:
- ჩვენ გვაქვს 1000 კვმ ტერიტორია, სადაც არის მგზავრთა მოსაცდელი ოთახი, არის დედათა და ბავშვთა ოთახი, მძღოლთა მოსასვენებელი ოთახი და ა.შ. გვაქვს ახალი გარემონტებული დარბაზი, ახალი გარემონტებული სალაროები...
გვაქვს რაღაც ხარვეზები, მაგრამ გავითვალისწინებთ, მალე სესხს ავიღებთ და ავტოსადგურიც გალამაზდება.
- ტექნიკურად გაუმართავ მიკროავტობუსებზე რას იტყვით?
- ტექნიკურად გაუმართავ ტრანსპორტზე გადამზიდავია პასუხისმგებელი. აქ ლაპარაკია ე.წ. "ხიშნიკებზე", მათ არა აქვთ საგზაო-სატრანსპორტო ბარათი და შესაბამისად არა აქვთ უფლება, მგზავრი გადაიყვანონ, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. რაც შეეხება ტრანსპორტს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ბაქანზე, მძღოლებს მივეცით შენიშვნა, რაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.
მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ჯიხურები, რომელიც ზედამხედველობის სამსახურმა აიღო. ჩვენ ვასუფთავებთ მიმდებარე ტერიტორიას, კედლების შეკვეთა მივეცით, გაკეთდება სტენდები, რომლებიც დღის სინათლეზე ავტომატურად გაითიშება, ღამე კი ჩაირთვება. ვაპირებთ 500 კვმ-ის მოასფალტებას, რა თქმა უნდა, ხარისხიანად. ჩვენ ძალიან ბევრ სამუშაოს ვატარებთ.
P.S. დიდუბის ავტოსადგურში მართლაც გახურებული მუშაობაა, თუმცა რამდენად დააკმაყოფილებს ის ტექნიკურ სტანდარტებს, მომავალი გვაჩვენებს.
ანა ჟვანია
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)