ავტორი:

"ჩემი უფრო ერიდებოდათ, საწყალი რეზო კი შეკლული ჰყავდათ" -  ნინიკოსა და კოკას სიყვარულის ისტორია წლების მერე, როცა ისევ "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"

"ჩემი უფრო ერიდებოდათ, საწყალი რეზო კი შეკლული ჰყავდათ" -  ნინიკოსა და კოკას სიყვარულის ისტორია წლების მერე, როცა ისევ "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"

მრავალი გაზაფხული და შემოდგომა მიილია მას შემდეგ, უამრავი რამ მოხდა, თაობები შეიცვალა, მაგრამ სპექტაკლი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა 1970-იან წლებში იხილა, კვლავ ახსოვთ და უყვართ, და არა მარტო მათ, იმ საუკუნეში დაბადებულებს, არამედ იგი კომპიუტერისა და სმარტფონ-აიფონ-ანდროიდების თაობისთვისაც კი ძვირფასი გახდა.

ის ჩემი უსაყვარლესი სპექტაკლიც იყო, იყო და არის კიდეც თავის გმირებიან-შემსრულებლებიანად. ახლა კიდევ ერთი გაზაფხული დადგა და, ვიდრე პანდემიის გამო ჩვენს თეატრებს თავისი "დარაბები“ ჯერ არ გაუხსნიათ, კიდევ ერთხელ მინდა, იმედისა და სიყვარულის დარაბები გავაღოთ და ტკბილი მოგონებებით გავიხსენოთ სწორედ ის სპექტაკლი - დრამატურგ ლაშა თაბუკაშვილის პიესაზე დადგმული "დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, რომელიც პიესიან-წარმოდგენიანად უსაზღვროდ შეიყვარა საზოგადოებამ. სპექტაკლი თითქმის ერთდროულად დაიდგა კინომსახიობთა თეატრისა და რუსთავის თეატრის სცენებზე, პრემიერა მცირე ხნით დაასწრო პირველმა მათგანმა. ორივეგან მთავარ პერსონაჟებს ახალგაზრდა და თანაც - ძალიან ნიჭიერი მსახიობები განასახიერებდნენ - ნინელი ჭანკვეტაძე-ზაზა მიქაშავიძისა და ეკა ქუთათელაძე-რეზო ჩხიკვიშვილის წყვილები. ამჯერად ჩემი ფავორიტი დადგმა - რუსთავის თეატრის "დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ მინდა გავიხსენოთ, სწორედ ის დადგმა, რომელმაც მართლაც უკვდავება მოიპოვა. ალბათ, ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის რეჟისორმა პაატა ფანცულაიამ რუსთავის დადგმის ტელევერსიაც გადაიღო... თუმცა, შესაძლოა, ისევ და ისევ იმიტომ, რომ, ჩემი არ იყოს, მისთვისაც ეს ვერსია აღმოჩნდა საუკეთესო.

ანზორ ქუთათელაძე ქალიშვილთან ერთად

მოგონებების გაცოცხლება მისი მთავარი პერსონაჟის - ნინიკოს როლის შემსრულებელს, მსახიობსა და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეტყველების პედაგოგს - ეკა ქუთათელაძეს ვთხოვე. იმხანად რუსთავის თეატრს ეკას მამა - რეჟისორი ანზორ ქუთათელაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მან მიიწვია, ფაქტობრივად, მსახიობების გარეშე დარჩენილ რუსთავის თეატრში ახალგაზრდა მსახიობები - რეჟისორ გიზო ჟორდანიას მთელი ჯგუფი, რომელსაც მომდევნო წელს ლილი იოსელიანის კურსგავლილი ახალგაზრდა მსახიობი - უსიმპათიურესი რეზო ჩხიკვიშვილიც შეუერთდა.

ეკა ქუთათელაძე:

- მამა ცდილობდა, ახალგაზრდებისთვის გზა გაეხსნა. სპექტაკლის რეჟისორი, მიშა ბუკიაც ახალგაზრდა იყო და - პიესის ავტორი ლაშა თაბუკაშვილიც, მოკლედ, ახალგაზრდული გუნდი შეიკრა და, ფაქტობრივად, ერთი თაობა ვიყავით.

მაოცებს და ვერ ამიხსნია, რატომ, მაგრამ სპექტაკლმა "დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ უდიდესი პოპულარობა და სიყვარული მართლაც დღემდე შეინარჩუნა. მთავარ გმირებს - კოკასა და ნინიკოს რეზო ჩხიკვიშვილი და მე ვასახიერებდით, კოკას ბებიის როლში კი ქალბატონი ია ხობუა იყო. სპექტაკლზე ცხრა თვის განმავლობაში ვმუშაობდით. სულ სხვადასხვა ვარიანტები ჩნდებოდა. იმპროვიზაციაშიც თავისუფლები ვიყავით და მიშაც პიესას ხან თავიდან იწყებდა, ხან ბოლოდან... მერე ბოლოზე შეჩერდა. მოქმედება იწყებოდა მონოლოგით და მერე შემოდიოდა ჩემი გმირი - ნინიკო, როგორც მოჩვენება. მხოლოდ ამის შემდეგ ვითარდებოდა ამბავი. სწორედ ეს ვერსია წარვუდგინეთ რეპეტიციაზე მოსულ დრამატურგს - ლაშა გადაირია, გაბრაზდა და გაგვექცა, - ეს ჩემი პიესა არ არისო. მალევე შემოვირიგეთ - გადავალაგეთ ეპიზოდები და ერთი კვირის შემდეგ მოსულმა ლაშამ მიიღო ის ვარიანტი, რაც შემდეგ განვითარდა, რაც მაყურებელმაც იხილა და ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია.

კიდევ რა მიკვირს, იცით? ამდენი წელი გავიდა და წესით, არავინ უნდა მცნობდეს, არადა, ახლაც მცნობენ ჩემი თაობის ხალხიც და ჩემზე უმცროსებიც. ვფიქრობ, ამ სპექტაკლით მათ ახსენდებათ თავისი განვლილი წლები, დამოკიდებულებები, ალბათ - სიყვარულიც და ის, თუ რა ბედნიერები იყვნენ მაშინ, როცა მოდიოდნენ ჩვენი სპექტაკლის სანახავად. გულწრფელად მიკვირს, როგორ მცნობენ... მეც ხომ შევიცვალე. შარშან, ვიდრე პანდემია დაიწყებოდა, გორში გასვლითი ლექციასავით გვქონდა - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ჩემი სტუდენტები მყავდა წაყვანილი, ბატონი სოსო ნემსაძის ჯგუფი იყო და გორის კომედიის ფესტივალზე მეტყველების მასტერკლასი ჩავატარეთ. გარეთ რომ გამოვედით, ერთმა ქალმა თავისი შვილი მოიყვანა, ჩემზე მიუთითა და უთხრა, - დედიკო, ეს არის ის გოგო, მთავარი როლის შემსრულებელი, მე რომ სპექტაკლი გაყურებინეო. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე და, სხვათა შორის, ჩემს სტუდენტებზეც, რომლებიც გარს შემოგვეხვივნენ. გული ისე ამიჩუყდა, ცრემლებიც კი წამომივიდა. იმ ქალმა მითხრა, ვიცოდი, ჩამოსულები რომ იყავით და მინდოდა ჩემს შვილს ცოცხლად ენახეთო. არადა, იმის გარდა კიდევ ბევრი როლი მაქვს ნათამაშები, მაგრამ ყველას მაინც ნინიკო ახსოვს.

- ალბათ, იმიტომ, რომ ის სპექტაკლი იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი პირველი თანამედროვე წარმოდგენა იყო, ახალგაზრდა ქართველი დრამატურგის მიერ იმ ეპოქის ქართველი ახალგაზრდების ცხოვრება-ურთიერთობები - სცენაზე გადმოტანილი. მანამდე, ხომ, ძირითადად, კლასიკოსები იდგმებოდა.

- მართალია, თუმცა ეს სპექტაკლი დღევანდელ ახალგაზრდებსაც მოსწონთ და უყურებენ, ასე გამოდის თუნდაც, ამ მაგალითიდან.

არცთუ დიდი ხნის წინ უჩვენეს ეს სპექტაკლი ტელევიზიით და სულ სხვა თვალით შევხედე. ადრე ჩვეულებრივ ვთამაშობდი და მაყურებლის ემოციას, აპლოდისმენტებსაც ჩვეულებრივ ვიღებდი, ახლა აშკარად სხვაგვარად დავინახე, არა იმ განცდით, რომ იქ მე ვასრულებდი კონკრეტულ როლს, არამედ - მაყურებლის თვალით და მომეწონა - თურმე, რა კარგი ყოფილა.

- დაუვიწყარი და გამორჩეულად საყვარელიც სწორედ თქვენი - რუსთავის თეატრის დადგმა აღმოჩნდა.

- რატომღაც ასე მოხდა. მახსოვს, სპექტაკლის პრემიერიდან წლების შემდეგ ერთ დღეს, უგუნებოდ მყოფი, სამარშრუტო ტაქსიში ავედი და რას ვხედავ! - მძღოლს ამ სპექტაკლიდან ჩემი ფოტო არ აქვს სალონში გაკრული? გვერდს კი სტალინის ფოტო მიმშვენებდა (იცინის). მთელი გზა თავჩაღუნული ვიჯექი, მძღოლი მხოლოდ ჩასვლისას დამაკვირდა და გაშეშდა. - ვაიმე, ეს თქვენ ხართო? - უცებ გამოფხიზლდა და აღელვებულმა მგზავრებთან წარმადგინა: ეს ჩემი სიყვარულიაო! უხერხულობისგან არ ვიცოდი, სად წავსულიყავი... ასეთი რამ ხშირად ხდებოდა ქუჩაში, ბაზარში და ნებისმიერი თავშეყრის ადგილას.

მეც და რეზოსაც ეს სპექტაკლი საუკეთესო მოგონებად დაგვრჩა. ქალბატონი ია ხობუა არაჩვეულებრივი მსახიობი და უსაყვარლესი ადამიანი იყო. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ერთად მთელი საქართველო მოვიარეთ...

მახსოვს, ერთხელ რუსთავის მამაკაცთა კოლონიაში, ძალიან პატარა ოთახში ვთამაშობდით, ორი ნაბიჯი გვაშორებდა მაყურებელთან. ოთახში ყველა ასაკის მაყურებელი იჯდა და გასუსული გვისმენდა. არ ვიცი, იმ წუთას ისინი რას ფიქრობდნენ - ჩვენთან ერთად განიცდიდნენ, თავიანთი ამბები ახსენდებოდათ თუ არა, მაგრამ მათი თვალები არ მავიწყდება - ღვარად მოსდიოდათ ცრემლი. სპექტაკლის ბოლოს ქანცგაწყვეტილები ვიყავით, ბოლომდე დავიხარჯეთ, პატიმრები კი ბადრაგს ეხვეწებოდნენ, სტუმრების წასვლამდე არ გაგვიყვანოთო. რა თქმა უნდა, მაინც წაიყვანეს, ჩვენ კი უდიდესი ემოციით წამოვედით საპყრობილიდან.

საქართველოს ყველა კუთხიდან გვწერდნენ წერილებს ქალები, ბავშვები, კაცები, გვიხსნიდნენ სიყვარულს, გვიზიარებდნენ შთაბეჭდილებებს. ტელევიზიის თეატრალურ რედაქციაში, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს აღარ არსებობს, წერილებით სავსე ტომრებიც კი ეწყოთ. მახსოვს კიდევ, ქართლის ერთ-ერთ სოფელში სპექტაკლის მიმდინარეობისას შუქი ჩაგვიქრა. იმხანად ასეთი რამ თითქმის არ ხდებოდა. მაყურებლით სავსე, ჩაბნელებულ დარბაზში ბუზის გაფრენას გაიგონებდით - ყველა მოთმინებით ელოდა შუქის მოსვლას. მე და ქალბატონი ია ხობუა სცენას შემოვრჩით - იმ ეპიზოდზე შევჩერდით, ნინიკო და კოკას ბებია ფინჯან ჩაის რომ მიირთმევენ და ნინიკოს განცდებზე საუბრობენ. გვეგონა, მაყურებელს ლოდინი მობეზრდებოდა, მაგრამ კარგა ხნის შემდეგ წავიდნენ, ლამპები მოიტანეს, სცენაზე დადგეს და ასე დავასრულეთ სპექტაკლი.

ერთ ზაფხულს ბათუმსა და ქობულეთში გვქონდა გასტროლი. ხელზე ძირმაგარა გამომივიდა და 40 გრადუსამდე ამიწია ტემპერატურამ. არადა, ბილეთები გაყიდული იყო, ქობულეთის დარბაზი - გადაჭედილი, ამიტომ ვერაფერს შევცვლიდით. სპექტაკლის წინ რეზო გავაფრთხილე, ხელზე არ შემეხო-მეთქი. იმ ეპიზოდში, როდესაც ნინიკო კოკას ფეხმძიმობის ამბავს უჟღავნებს, ჩანს, რეზო იმდენად შეიჭრა როლში, რომ ჩემი ძირმაგარა საერთოდ დაავიწყდა, ხელი დამავლო და... ტახტზე გულწასული მივესვენე. რეზოც მიხვდა, ცუდად იყო საქმე, ცდილობდა, გამოვეფხიზლებინე "ეკა-ნინოს“ ძახილით, ბოლოს წყალიც დამასხა, აზრზე მოვედი და, - გამოხვალ გარეთ და გიჩვენებ სეირს-მეთქი, დავემუქრე. ძლივს დავასრულე ის სპექტაკლი. რა თქმა უნდა, მაყურებელს არაფერი შეუმჩნევია.

- როგორი პარტნიორი იყო რეზო?

- მგონი, კარგი პარტნიორობა გავუწიეთ ერთმანეთს, თანაც ეს პირველი ერთობლივი ნამუშევარი არც იყო, მანამდე სპექტაკლ "თოლიაშიც“ ერთად ვიყავით. მაგრამ "დარაბები“ მაინც სხვა იყო. ხანდახან მას დღეში სამჯერაც ვთამაშობდით. რუსთავის თეატრში ერთხანს რემონტი იყო და მის უკან მდებარე კინოთეატრში ვატარებდით სპექტაკლებს, ასე რომ, წარმოდგენები კინოსეანსებივით ეწყობოდა. ბოლოს ერთმანეთს ლამის, ვეღარ ვიტანდით. ხანდახან სპექტაკლის შემდეგ შენობიდანაც კი გვაპარებდნენ ხოლმე, ქუჩაში კი მუდამ თაყვანისმცემლების ამალა დაგვყვებოდა. რადგან გათხოვილი ვიყავი, ჩემი უფრო ერიდებოდათ, საწყალი რეზო კი შეკლული ჰყავდათ - ხან სახანძროს უგზავნიდნენ შინ და ხან სასწრაფოს (იცინის).

- მგონი, თქვენ და რეზოს ჭორებიც გაგივრცელეს, ხომ?

- როგორ არა. ადრეც მაქვს მოყოლილი. იმ პერიოდში აღარ ვთამაშობდი, რადგან მეორე შვილზე - აჩიკოზე უკვე მეცხრე თვეში ვიყავი. იმხანად ჩემი მული მუსიკალურ ტექნიკუმში სწავლობდა. ერთ დღეს, შესვენების პერიოდში გოგონები ერთად მსხდარან. ამ დროს მისულა ვიღაც, ვინც არ იცოდა, იმ გოგონებიდან ერთი ჩემი მული რომ იყო და გამოუცხადებია, - ახალი ამბავი მაქვს, ჩემი თვალით ვნახე, გუშინ სოჭის მატარებლით ეკა და რეზო გაიპარნენო. ამტყდარა სიცილი და ჩემს მულს სიცილითვე დაუმშვიდებია, - კი, კი, ეკა შინ ზის და ცხრა თვის ორსულიაო...

სხვათა შორის, თეატრიდან რეზოს წასვლის შემდეგ კოკას როლს ასევე წარმატებით ასრულებდა მსახიობი ბადრი კაკაბაძე.

- ისე, ეკა, კოკასნაირი ბიჭი რეალურ ცხოვრებაში რომ შეგხვედროდათ და მსგავსი ამბავი გადაგხდენოდათ თავს...

- როგორ მოვიქცეოდი? არ ვიცი... ამაზე არ დავფიქრებულვარ. სხვათა შორის, წლების შემდეგ ძალიან გვინდოდა ამ სპექტაკლის გაგრძელება გაგვეკეთებინა, რამდენჯერმე ვცადეთ, გერმანიიდან რეზოს ყოველი ჩამოსვლისას სიუჟეტის სხვადასხვა ვერსიას განვიხილავდით, მაგრამ არ გამოგვივიდა - ლაშამაც უკან დაიხია და მე და რეზომაც ჩავიქნიეთ ხელი. მერე შემომთავაზეს, ბებია ითამაშეო, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან ყურში სულ ია ხობუას ხმა მესმოდა. იმდენად მიყვარდა და მიყვარს ია, იმდენად თბილი და არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო, ადამიანი ხომ - მთლად გადასარევი, მასთან ძალიან ვმეგობრობდი, თითქოს თანატოლები ვიყავით. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან და ამით მთელი ცხოვრება მადლიერი ვარ.

- თქვენ - ეკას ისე რომ მოგცეოდათ მამაკაცი, როგორც თქვენს გმირს მოექცა და წლების შემდეგ თქვენი გზები გადაკვეთილიყო, აპატიებდით იმ ადამიანს?

- ძალიან რთული კითხვაა... არ ვიცი, ვაპატიებდი თუ არა... თუმცა წლების შემდეგ ნინიკოს შეიძლება ეპატიებია კიდეც. ეკას? სიმართლე გითხრათ, ეკას ისეთი ბუნება აქვს, ყველას ყველაფერს პატიობს, ამიტომ... ალბათ, კოკასნაირ ბიჭსაც აპატიებდა.

- სხვათა შორის, ერთხელ ამ სპექტაკლზე ქალბატონ იასაც ველაპარაკე. მახსოვს, მიამბობდა, ძალიან მიყვარდა რუსთავის თეატრის ეს სპექტაკლი, სადაც კოკას ბებიას ვასახიერებდი. დიდი სჯა-ბაასი მოჰყვა ამ სპექტაკლს და უცნობი გოგონები შინ მაკითხავდნენ, გულს მიშლიდნენ და მეკითხებოდნენ: თქვენი ნამდვილი შვილიშვილი ასე რომ მოჰქცეოდა გოგონას, იმ გოგოს მიიღებდითო? - თუ მეყვარებოდა, რასაკვირველია, მივიღებდი, თუმცა ჩემი შვილიშვილი ეგეთი "პადლეცი“ არ გაიზრდებოდა-მეთქი, - ვპასუხობდიო. აშკარად გულწრფელი იყო ქალბატონი ია.რაც შეგეხებათ თქვენ, მართალია, თქვენს საყვარელ სპექტაკლში ბებიის როლზე უარი თქვით, მაგრამ ცხოვრებაში ნამდვილად წარმატებული ბებია ხართ - საკმაოდ მრავალშვილიშვილიანი. ბოლო მონაცემით, სულ რამდენი არიან?

- ჯერჯერობით თერთმეტია: ნატალის - 4, არჩილის და თეასი - 5, ალექსანდრესი - 2.

- ალბათ, გაიზრდებიან, ნახავენ და, ვინ იცის, შეიძლება მათაც შეიყვარონ თქვენი ნინიკო და ეს სპექტაკლიც...

- ეს მომავლის ამბავია, ხალხს კი მართლა მოსწონს და უყვარს ეს გმირი - ნინიკო, პატივს სცემენ. აქედან გამომდინარე, მეც მომცა ხალხის სიყვარული ნინიკომ და ამ სპექტაკლმა. მე მგონი, ჩემს ცხოვრებაში ის წლები ყველაზე ბედნიერი იყო და, მგონი, გრძელდება კიდეც. გამოყოლილია ეს სიყვარული, არ მთავრდება.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"ვინ არის დამნაშავე?" -  როგორ იღებდნენ გრანდიოზულ სცენებს, რომელსაც იმჟამინდელ საბჭოთა კინემატოგრაფში ანალოგი არ ჰქონდა?

"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე