ავტორი:

"ახლა ვაცნობიერებ, რომ მარტო დავრჩი... ერთადერთი "ქართუ" იყო, ვისაც გავბედე და მივწერე" - დოიჯაშვილის მეუღლე მძიმე 267 დღესა და "ზურას გარეშე ცხოვრებაზე"

"ახლა ვაცნობიერებ, რომ მარტო დავრჩი... ერთადერთი "ქართუ" იყო, ვისაც გავბედე და მივწერე" - დოიჯაშვილის მეუღლე მძიმე 267 დღესა და "ზურას გარეშე ცხოვრებაზე"

რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ 14 თებერვალს ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მომღერალი ოჯახთან ერთად საქართველოდან ორი წლის წინ წავიდა. სახლის დაკარგვის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ ოჯახის ყველა წევრს ემუშავა და სამ-ოთხ წელიწადში საქართველოში დაბრუნებულიყვნენ - ამბობს მომღერლის მეუღლე ქეთი ვადაჭკორია...

ჩასვლიდან რამდენიმე თვეში ზურა დოიჯაშვილმა თავი ცუდად იგრძნო და მალე საბედისწერო დიაგნოზი, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუსვეს. 267 დღე ებრძოდა კლინიკაში სიკვდილს...

ქეთი ვადაჭკორია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საქართველოშია, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და პრობლემა წლების შემდეგაც მოუგვარებელია. ისრაელში უკან დაბრუნებას არ აპირებს, რადგან მიაჩნია სადაც ზურაა, იქ უნდა დარჩეს...

- ქეთი, რატომ ვერ მოახერხეთ სიცოცხლის ბოლო დღეებში ზურას ჩამოყვანა, სპეციალური მარათონიც ჩატარდა, სადაც შეგროვდა თანხა რეანომობილისთვის...

- ზურა ბოლო დროს ძალიან დამძიმდა და ექიმებმა უფლება არ მოგვცეს, რომ საქართველოში გადმოგვეყვანა. რეანომობილი ძალიან დიდი თანხა ღირდა, თუმცა დათო ოქიტაშვილის წყალობით მარათონი შედგა და ეს თანხა შეგროვდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ორჯერ უფრო მეტი თანხა იყო საჭირო, რადგან პანდემიის გამო ფასი გაიზარდა, თუმცა ეს მაინც მეორეხარისხოვანი იყო, რადგან მარათონიდან ორ-სამ დღეში იმდენად ცუდად გახდა ზურა, რომ ექიმებმა გვითხრეს, ხელს არ მოგიწერთ გადაფრენაზე, რადგან ფაქტობრივად სიკვდილზე მიგყავთო. აფრენა და დაფრენა ამ მდგომარეობაში შეუძლებელიაო.

- ინტერვიუებში მისი მეგობრები დამნაშავედ გრძნობენ თავს, თითქოს სათანადო ყურადღება ვერ გამოიჩინეს...

- მე არავის ვადანაშაულებ ზურასთან დამოკიდებულებაში, არ ვიცი, მათი გულის ძახილი რა არის, მაგრამ მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის მისი მეგობრებისთვის. არ მივიჩნევ, რომ რომელიმე მეგობარი ან ახლობელი ზურას წინაშე დამნაშავეა. დღე არ გავიდოდა, ზურა რომ არ მოეკითხათ.

- როგორ ფიქრობთ, რომ არა პანდემია, რა იქნებოდა...

- ალბათ პირველი ორი-სამი თვე სანამ ზურა ძალიან დამძიმდებოდა, უფრო ადვილი იქნებოდა მისი გადმოყვანა. პანდემიამდე რეანომობილის თანხა სხვა იყო და შემდეგ გაიზარდა. დათო ოქიტაშვილმა ჩემი თხოვნის გარეშე შეუძლებელი შეძლო... როგორი მადლიერი ვარ მისი არ იცით. უბრალოდ მარათონით შემოვიდა ის თანხა რაც ვიცოდით, რომ რეანომობილს სჭირდებოდა, თანხის თავიდან შეგროვება რომ დაგვეწყო, აზრი არ ჰქონდა, ორ კვირაში გარდაიცვალა ზურა...

- ისრაელში ყოფნისას, როდესაც ზურა საავადმყოფოში იწვა, თქვენ სად ცხოვრობდით?

- მართალია, ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს და ისრაელის მოქალაქეებიც ვართ, მაგრამ ქირით ვცხოვრობდით. დღისით მთელი დღე ზურასთან ვიყავი და ღამე ფიზიკურად ვმუშაობდი. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენი წასვლის ერთადერთი მიზეზი ბინის დაკარგვაა. ნულიდან ვიწყებდით ყველაფერს, რომ საქართველოში ჭერი გვქონოდა.

- თუმცა ისრაელში ჩასვლიდან ძალიან მალე ზურა ცუდად გახდა...

- დიახ, ნოემბერში ჩავედით და ერთ წელიწადში ზურას გარკვეული ავადობები დაეწყო, მაგრამ ასეთ სერიოზულ დიაგნოზს არავინ ელოდა. ახლა ნაქირავებში ვცხოვრობ თბილისში, ორმოცამდე აქ ვიქნები და შემდეგ ისრაელში გავფრინდები, საბუთები მაქვს მოსაგვარებელი ზურასთან დაკავშირებით და შემდეგ საქართველოში დავბრუნდები, სამუდამოდ.

- ისრაელისა და საქართველოს მთავრობა როგორ დაგეხმარათ?

- 267 დღე ზურა ისრაელში რეანიმაციაში იწვა, აბსოლუტურად უფასო იყო მისთვის ყველაფერი. როგორც მოქალაქეს, დაზღვევა ანაზღაურებდა. ასევე რამდენიმეჯერ კერძო ექიმის მიყვანა დამჭირდა, რაც ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და ძალიან დამეხმარა კახი კალაძე. სარეზერვო ფონდიდან გამოყო ერთჯერადად თანხა, რითაც შესაძლებლობა მომეცა კერძო ექიმები მიმეყვანა ზურასთან. სულ მქონდა შეგრძნება, რომ რამეს ვაკლებდი. ასევე ძალიან მეხმარებოდნენ ზურას ებრაელი მეგობრები და დათო ლოლიაშვილი, სისხლის ბანკის დირექტორი საქართველოში, რომელიც მთელი ამ თვეების განმავლობაში გვერდში მედგა. დათო ოქიტაშვილმა რაც გააკეთა ბოლოს ზურასთვის, არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის.

- ბინა ისევ არ გაქვთ დღეს...

- არა, ვერ მოვასწარით შეძენა... ზურას სიცოცხლეში დაახლოებით ხუთი თვის წინ "ქართუ ბანკს" გავუგზავნე წერილი. მაშინ ვფიქრობდით, რომ ზურას გადმოყვანას რეანომობილით შევძლებდით და არ ვიცოდი მე სად დავბინავებულიყავი. ეს წერილი "ქართუ ბანკში" ახლაც დევს. ზურას ვარსკვლავის გახსნის წინა დღეს დამიკავშირდნენ "ქართუდან" და მითხრეს რომ ჩემი წერილი განხილვაში იყო და აუცილებლად დამიკავშირდებოდნენ. რა ვიცი, ახლა ზურა აღარ არის და დანარჩენს ვერ გეტყვით...

- და არ ბრუნდებით ისრაელში მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე ხართ...

- არა, ზურა აქ არის... იქ მხოლოდ მაშინ ვიცხოვრებდი, თუ ზურაც იქნებოდა...

- შვილები რა მდგომარეობაში არიან...

- მე სხვა განცდები და სენტიმენტები მაქვს, ბევრი რამ ტრიალებს ჩემს თავში, მაგრამ შვილები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. რთულია დაკარგო ასეთი მამა, უსმინო იმას რასაც ადამიანები ზურას შესახებ ყვებიან. ამდენი სითბო, სიყვარული, მოფერება ზურას მიმართ, ამ გრძნობას რაც მის მიმართ გვქონდა, გვიასმაგებს...

- ისრაელში ცხოვრებისას ხშირად საუბრობდა საქართველოზე?

- დიახ, რადგან ძალიან უჭირდა საქართველოსა და თბილისის გარეშე. ეს ხომ ჩვენი იძულებითი წასვლა იყო. ბინის პრობლემა რომ არ გვქონოდა, ზურა ხომ არ დატოვებდა საქართველოს. ვფიქრობდით, რომ სამი-ოთხი წელი ისრაელში ფიზიკურად გვემუშავა, იმისთვის, რომ საქართველოში ჭერი შეგვეძინა და დავბრუნებულიყავით. ზურას სიკვდილის შემდეგ ხომ საერთოდ... ერთადერთი "ქართუ" ფონდი იყო, ვისაც გავბედე და მივწერე ჩვენი ამბავი...

- რატომ დაკარგეთ ბინა?

- ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი... ბინის დაკარგვა იყო მე და ზურას სიკეთე, უახლოეს ადამიანს დავეხმარეთ... გავაკეთეთ სიკეთე და დავრჩით ბინის გარეშე.

- როგორ იცხოვრებთ ახლა აქ, საქართველოში ზურას გარეშე?

- არ ვიცი, ვერც აღვიქვამ რომ ზურა აღარ არის. რაც დრო გადის, მით უფრო მძიმეა ჩემთვის ეს ყველაფერი. ავად რომ იყო, სუნთქავდა მაინც, შემდეგ დაიღუპა, გადმოვასვენეთ, დაკრძალვა და ახლა ვაცნობიერებ, რომ მარტო დავრჩი. თან გადმოგვყვა ლაშა ჟვანია და ისრაელში საქართველოს კონსული. ყველა რეისი გაუქმდა ისრაელიდან და ერთი რეისი დატოვეს, რომ ზურა გადმოგვესვენებინა. ძალიან მადლიერი ვარ მათი, ამ დღეებში თუ რამით შეეძლოთ დახმარება, გვერდში მედგნენ...

- როგორი მამა იყო ზურა?

- არაჩვეულებრივი მამა და მეუღლე იყო, ზურასგან წყენა არ მახსოვს. იუმორით სავსე ადამიანი იყო. ძალიან უყვარდა სტუმრები, მეგობრები, სახლის კარს გასაღებით არასოდეს ვკეტავდით. სიცოცხლე უყვარდა, სტუმრები, ქეიფი, დროსტარება... შეწუხებულები ვიყავით, მისი ყოველთვის კარგ ხასიათზე ყოფნით. რაც არ უნდა პრობლემა ყოფილიყო მეუბნებოდა, ნუ გეშინია ქეთუშ, ნუ გეშინია „ჩვენ გამოვძვრებით“... მისი საყვარელი სიტყვები იყო ნიკო გომელაურის ლექსიდან...

- ოჯახი არ დატოვა და მარტო არ წავიდა ისრაელში...

- მაშინ ათი და თხუთმეტი წლით უნდა წასულიყო, ამიტომ წავედით მთელი ოჯახი. დროის ფაქტორი იყო მისთვის მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ჩქარა ჩამოვსულიყავით უკან. არ შეეძლო მეგობრებისა და ძმაკაცების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეგობარი ჰყავს იქაც. 1996 წლიდან ისრაელში ატარებდა კონცერტებს. ბავშვების მეგობრებიც კი იქ ჰყავს, მაგრამ თბილისი განსაკუთრებულად უყვარდა და ბორჯომი. ბავშვობა ბორჯომში ჰქონდა გატარებული, მამა წარმოშობით იქიდან ჰყავდა. ჩვენც ბორჯომში გავიცანით ერთმანეთი. ზურა ბორჯომის საპატიო მოქალაქეა. თბილისი ზურასთვის საფიცარი იყო და ბორჯომი უყვარდა სიგიჟემდე.

- ბოლო წლებს რომ გადაავლოთ თვალი, არის რამე რასაც ნანობთ, რომ ვერ უთხარით?

- არა, მე ზურას ბევრჯერ მოვუხადე ბოდიში, თუმცა ის არასოდეს ყოფილა ჩემზე ნაწყენი. ბოდიში მოვუხადე, იმისთვის რომ თბილისში ცოცხალი ვერ ჩამოვიყვანე.

- მეგობრებიც მაგას ნანობენ ალბათ...

- არავინ ელოდა ამ ამბავს, დიაგნოზი უკვე განაჩენი იყო. შემდეგ ვამბობდი, რა მოხდებოდა რომ სიმსივნე ჰქონოდა... სიცოცხლეს მაინც გავუხანგრძლივებდით, მის საყვარელ გიტარაზე დაკვრას მაინც შეძლებდა. იმისთვის ვიბრძოდი, რომ ეტლში მაინც მჯდარიყო, ოღონდ ცოცხალი ყოფილიყო....

მეუფე სტეფანეს განმარტებით,  სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები,  თითქოს აივნიდან მრევლის გადაყრა მისი ბრძანება იყო

ვინ მოიგო მომენტალურ ლატარია ,,ფარაონში'' 50 000 ლარი?

პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა