ავტორი:

"ივანიშვილი და "ოცნება" ყველანიარად შეეცდებიან პლებისციტის თემა დაბლოკონ, თანაც ოპოზიციის ხელით" - სააკაშვილიც წინააღმდეგია, რას ფიქრობს დანარჩენი ოპოზიცია?

"ივანიშვილი და "ოცნება" ყველანიარად შეეცდებიან პლებისციტის თემა დაბლოკონ, თანაც ოპოზიციის ხელით" - სააკაშვილიც წინააღმდეგია, რას ფიქრობს დანარჩენი ოპოზიცია?

მოგეხსენებათ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმების ინიციატივით გამოვიდა. ჩამოიწერა 6 პუნქტი, რაზეც მხარეებმა უნდა იმსჯელონ და შეთანხმებას მიაღწიონ. როგორც მიშელმა განაცხადა, სხვადასხვა რთულ საკითხზე პროგრესის შესაფასებლად ორი კვირის შემდეგ საქართველოსთან ასოცირების საბჭო ბრიუსელში ჩატარდება.

ამ ვიზიტის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში ისევ გააქტიურდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხზე პლებისციტის ჩატარების თემა.

როგორც "ქართული ოცნების" კულუარებიდან ჟონავს ინფორმაცია, მმართველი პარტია ყველანაირად შეეცდება, რომ ვადამდელი არჩევნები დღის წერიგში საერთოდ არ დადგეს.

"ივანიშვილი და "ოცნება" ყველანაირად შეეცდებიან ეს თემა დაბლოკონ, თანაც ოპოზიციის ხელით. "ქართული ოცნება" პლებისციტს რეალურად განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ უკიდურესად დიდი იქნება დაწოლა დასავლეთიდან", - ამბობს ჩვენი წყარო.

ეს განწყობა "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა საჯარო გამოსვლებშიც აშკარაა.

"პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ - აგერ არის ადგილობრივი არჩევნები და გინდა პლებისციტი დაარქვან, გინდა არჩევნები და გინდა მეორედ მოსვლა", - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.

ოპოზიციაში პლებისციტზე აშკარაა, რომ ფიქრობენ, თუმცა 4 მარტს ცამოწმენდილზე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევიდან გზავნილი გამოუშვა, რითაც ოპოზიციას მოუწოდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეს საქართველოს მოქალაქეების გამოკითხვის მოდელს. "ამას ივანიშვილი გვახვევს თავს!”- განაცხადა სააკაშვილმა. მისგან განსხვავებით, დანარჩენი პარტიებისთვის პლებისციტის ჩატარება აქტუალობას არ კარგავს და ზოგიერთმა ლიდერმა სააკაშვილის ამ მოწოდებას ასეთ ვითარებაში, არასწორი უწოდა.

“ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილის ამ განცხადებას პარტიის თავმჯდომარეს უკავშირებს და ამბობს, რომ ნიკა მელიას ფაქტორი დიალოგის დაწყების წინაპირობაა, მათ შორის - პლებისციტის თემაზეც და მის გათავისუფლებამდე ყველა შუალედური საკითხის განხილვა შეჩერებულია. ეთანხმება თუ არა პარტია სააკაშვილის გზავნილს, ამაზე ambebi.ge-ს ლევან ბეჟაშვილი პასუხობს. ენმ-ის წევრი გვეუბნება, რომ მართალია, მელიას დაკავებამ პრაქტიკულად შეცვალა პოლიტიკური ველი, მაგრამ, თუ პლებისციტის საკითხი დადგება დღის წესრიგში, წინააღმდეგობის გაწევა რთული იქნება.

“იცით, რომ ოპოზიციის მოთხოვნათა ჩამონათვალში, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტი მაშინ იყო, როცა ფასილიტატორები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან. მაშინ პლებისციტი ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა, თუმცა, მთავრობა ამ საკითხზე კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ლოგიკური იქნებოდა, ხალხისგან მიგვეღო გადაწყვეტილება, ამ ქვეყანაში საჭირო იყო თუ არა ვადამდელი არჩევნები, ანუ პლებისციტით მომხდარიყო ამ საკითხის გადაწყვეტა. მას შემდეგ დააკავეს ნიკა მელია, რაც მთელმა მსოფლიომ გააპროტესტა. ამ დაკავებამ შეცვალა და სხვა ხარისხი შესძინა მოლაპარაკებების პროცესს და პლებისციტის საკითხი უკვე გავლილი ეტაპია ჩვენი პარტიისთვის. ახლა ჩვენთან მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი განიხილება. ჩვენ მაინც ვერ ვხედავთ “ოცნების” მხრიდან, რომ ისინი ამ საკითხს განიხილავენ, ამის ინდიკაციას ხელისუფლება არ იძლევა. ერთ დღეს ღარიბაშვილი საუბრობს მოლაპარაკების მნიშვნელობაზე, მეორე დღეს აცხადებს, არავითარი მოლაპარაკება არ იქნებაო. ამ შემთხვევაში რიგ გარემოებათა გათვალისწინებით, ბუნებრივია, შესაძლებელია ამ საკითხის განხილვა პოლიტსაბჭოში კვლავ დადგეს დღის წესრიგში. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვრცელდება ჩვენი პარტნიორების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ პლებისციტი უფრო რეალური შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ვითარებაში. ამიტომ ეს საკითხი შეიძლება განხილვის საგანი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში, წინააღმდეგობის გაწევა რთული იქნება იმიტომ, რომ ეს ჩვენი მოთხოვნა იყო. თუმცა ამ საკითხს თავის ნაკლი აქვს იმ მხრივ, რომ მელიას დაკავებამ პრაქტიკულად შეცვალა პოლიტიკური ველი. ჩვენ თავის დროზე პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ და მაშინ დავეთანხმეთ, მაგრამ ახლა დავეთანხმოთ თუ არა პლებისციტის შემოთავაზებას, ეს საკითხი პოლიტსაბჭოს ხელახლა გვექნება განსახილველი. რეალური ვითარება თუ გვექნა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციაც თუ გვეცოდინება, მაშინ გადაწყვეტილების მიღების დროს, პოლიტსაბჭოსთვის ეს უკვე დამატებითი არგუმენტები იქნება", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

“სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე კი აცხადებს, რომ იმ დროს, როდესაც უცნობია, წავა თუ არა ხელისუფლება საერთოდ პლებისციტზე, "იდეის წინასწარ გაფუჭება სწორი არ არის".

"პლებისციტის მოდელი არ დევს ჯერ მოლაპარაკების მაგიდაზე, ამიტომ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ჩვენ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს და ეს ერთ-ერთია. ყველანი შეთანხმდნენ იმაზე, რომ თუ ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, ეს იქნება კარგი ვარიანტი და დიდი მიღწევა, მაგრამ აქამდე ჯერ არ მისულა საქმე. საერთოდ, მოდის თუ არა ამაზე ხელისუფლება, ესეც უცნობია, ამიტომ იდეის წინასწარ გაფუჭება არ არის სწორი. ამასთანავე, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დეკემბერში დაადასტურა, რომ მხარს უჭერდა პლებისციტს, რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და იქაც იგივე თქვს.

როგორც ჩანს, "ნაცმოს" და მის თავმჯდომარეს სხვა პოზიცია აქვთ, სააკაშვილს - სხვა. ამ საკითხში დღემდე არ გვქონია აზრთა სხვადასხვაობა, სრულიად ოპოზიციური სპექტრი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს დიდი მიღწევა იქნება. მიხეილ სააკაშვილის ამ პოზიციის გამო, რაგინდ დიდი ავტორიტეტითაც არ უნდა სარგებლობდეს თავის პარტიაში, არ მგონია, რომ პარტიამ პოზიცია შეიცვალოს. არ ვიცი, რას ემსახურება სააკაშვილის ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვები. არა მგონია, ამან გავლენა იქონიოს ოპოზიციის პოზიციაზე. სააკაშვილის მსგავსი განცხადებები გაუგებრობას იწვევს და ერთიანობას არ უწყობს ხელს. იმედია, "ნაცმო" გაერკვევა ამაში, მას ჰყავს ახალი ლიდერი, ახალი სახეები, მოილაპარაკებენ და ალბათ გადაწყვეტენ, თუ კი საერთოდ დადგა ეს საკითხი. ახლა ველოდებით დაიწყოს მოლაპარაკებები იმ 6 პუნქტზე, რომელიც “ოცნებამ” დაუდასტურა ევროსაბჭოს პრეზიდენტს. ჯერ პროცესი დაიწყოს და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ", - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

“ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი გვეუბნება, რომ კრიზისის განსამუხტად გამოსავალი პლებისციტია, პარტია ძველ პოზიციაზე დარჩება და სააკაშვილის მოსაზრებები “ლელოს” შეხედულებებზე, სტრატეგიასა და ტაქტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს.

“პლებისციტი, როგორც დემოკრატიული ალტერნატივა, დიდი ხანია ოპოზიციაში შეთანხმებული პოზიციაა და ცხადია, ბევრი იზიარებს ამ საერთო შეთანხმებას. სწორედ ამ მიმართულებითაა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევა მიმართული და პლებისციტს ვხედავთ, როგორც შესაძლებლობას, რომ დაძლეული იყოს პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ძალიან დემოკრატიული და სწორი გამოსავალი - როცა მხარეები ვერ თანხმდება, საზოგადოებას უსვამ კითხვას და მის ნებას ითვალისწინებ. ამიტომ ვემხრობოდით და ვემხრობით ამ იდეას. რას ფიქრობს სააკაშვილი, ეს მისი გადასაწყვეტია და მისი ეს მოწოდება გავლენას ვერც მოახდენს “ლელოს” შეხედულებებზე, სტრატეგიასა და ტაქტიკაზე და ვერც ზოგადად, მთელი ოპოზიციის საერთო პოზიციაზე", - ამბობს ნაცვლიშვილი.

"მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებიცისტში და შემდეგ მარცხს არჩევნებში. სააკაშვილის ჯინაზე გააკეთოს ეს ყველაფერი, ეს მე მხოლოდ გამიხარდება“,- ეს კი "ევროპული საქართველოს" ლიდრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

"სიტუაციას ვაკონტროლებთ, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს" - რას ამბობს კახა კალაძე ვაშლიჟვრის ფერდობის მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ჩვენი ლიდერები აცხადებენ, რომ პროევროპელები არიან, მაგრამ თქმა საკმარისი არ არის, გაკეთებაა აუცილებელი" - ნატალი საბანაძე