ავტორი:

უვლინდებათ თუ არა ახალი სიმპტომები კოვიდგადატანილ პაციენტებს და რა სიახლეებია მკურნალობაში - ექსპერტები მასშტაბური კვლევის დაწყებაზე

უვლინდებათ თუ არა ახალი სიმპტომები კოვიდგადატანილ პაციენტებს და რა სიახლეებია მკურნალობაში - ექსპერტები მასშტაბური კვლევის დაწყებაზე

პოსტკოვიდური გართულებები, "ლონგ კოვიდი", "თეთრი კოვიდი" - მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება რომელიმე ერთ ტერმინზე არ შეჯერებულა, თუმცა ყველა მათგანი კოვიდის გადატანის შემდგომ დარჩენილ გართულებებს აღნიშნავს. ისევე, როგორც კოვიდთან დაკავშირებული ბევრი სხვა ნიუანსი, ამ დრომდე უცნობია ისიც, თუ რატომ ემართებათ პაციენეტებს პოსტკოვიდური სიმპტომები და რამდენ ხანს გრძელდება ისინი.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ საკითხზე უამრავი კვლევა ჩატარდა, მათი შედეგები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავიც არის, რაც ისედაც შეუსწავლელ საკითხს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. ამ ფონზე სასიამოვნო სიახლეა ის, რომ საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იწყება.

მეცნიერები სულ უფრო მეტს საუბრობენ ე.წ. "ხანგრძლივი COVID" -ის ფენომენზე. თეთრი სახლის მთავარი სამედიცინო მრჩეველის, დოქტორ ენტონი ფაუჩის განცხადებით, Covid-19-ით დაავადებული ადამიანები სხვადასხვა სიმპტომებს უჩივიან საწყისი ინფექციიდან ცხრა თვის განმავლობაში. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ ამ პაცენტთა რაოდენობა 30% -ს აღწევს. ჟურნალ Lancet- ში გამოქვეყნებულმა თ-ერთმა ერგამოკვლევამ აჩვენა, რომ ჩინეთის ქალაქ ვუჰანში კორონავირუსით დაავადებული 1,733 პაციენტიდან 76% კვლავ განიცდიდა ერთ სიმპტომს, სიმპტომების დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ" .

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, დაახლოებთ 4 თვეში პასუხები გაეცემა პოსტკოვიდურ გართულებებთან დაკავშირებულ იმ მნიშვნელოვან კითხვების, რომლებიც დღემდე ღიადაა დარჩენილი. ცერცვაძის განცხადებით, 8 მარტიდან ინფექციური საავადმყოფოს მკვლევარები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმ პაციენტებს დაურეკავენ, რომლებიც თბილისში როგორც ბინაზე, ასევე კოვიდკლინიკებში მკურნალობდნენ და მათი მონაცემები ერთიან ბაზაშია. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, კვლევა 3-4 თვეს გაგრძელდება და მის ფარგლებში 500 პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიას შეისწავლიან. კვლევის ღირებულება საშუალოდ 400 ათასი ლარი იქნება და ამ თანხას ინფექციური საავადმყოფო საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფს.

"ჩვენ მოვიწვევთ ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს. კვლევის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ დავადგინოთ პოსტკოვიდური სინდრომი რამდენ პროცენტს აღმოაჩნდება, რამდენს არა. რამდენი იქნება ქალი და რამდენი კაცი, როგორი იქნება ასაკობრივი განაწილება. ვის აღმოაჩნდება უფრო ხშირად, იმას, ვინც ჰოსპიტალში იყო და გადაიტანა თუ იმას, ვინც ბინაზე იყო და იქ გადაიტანა. ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ამ კვლევისთვის დონორი და გადავწყვიტეთ, ჩვენი ცენტრის საკუთარი სახსრებით, საკუთარი შემოსავლებიდან გამოვყოთ თანხა და ამ კვლევის ღირებულება, სავარაუდოდ, 400 ათასი ლარი იქნება. თუმცა, პროცესში ეს თანხა შეიძლება შეიცვალოს. კვლევის შედეგად დაიდება რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოვექცეთ ამ პაციენტებს და რა სერვისები სჭირდება. ახლა ასეა - პაციენტებს რაღაც შეაწუხებს, ვთქვათ, თავის ტკივილი ან გულის ჩივილები, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. და თავისი სურვილით მიდის ექიმთან. ეს არ არის სისტემაში მოყვანილი. ჩვენ ამ კვლევის შემდეგ გვეცოდინება პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტს რა სავალდებულო გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სამედიცინო საზოგადოებაში კვლევის დაწყებას ერთმნიშვნელოვანად პოზიტიურ ფაქტად აფასებენ, თუმცა მათი გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მოცემულობაში ეს რესურსების არასწორად განაწილებასა და პრიოროტეტებს აღრევაზე მიუთითებს.

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი ამბობს, რომ კოვიდმა პაციენტებს არამხოლოდ ფიზიკური ზიანი მიაყენა, სერიოზულად გააუარესა მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაც. სპეციალისტი აქცენტს შემდეგ გართულებებზე აკეთებს:

  • კარდიოვასკულური: გულის კუნთის ანთება
  • რესპირატორული: ფილტვების ფუნქციის ანომალიები
  • თირკმელი: თირკმლის მწვავე დაზიანება
  • დერმატოლოგიური: გამონაყარი, თმის ცვენა
  • ნევროლოგიური: სუნისა და გემოვნების პრობლემები, ძილის პრობლემები, კონცენტრაციის გაძნელება, მეხსიერების პრობლემები
  • ფსიქიატრიული: დეპრესია, შფოთვა, განწყობის შეცვლა.

"სხვა სამედიცინო გართულებებთან ერთად, თირკმლის დაბალი ფუნქცია ასევე ერთ-ერთი მზარდი პრობლემაა COVID ან COVID გამოჯანმრთელებულ პაციენტებში. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი დიაბეტით დაავადებულია ან არტერიული წნევა აქვს, თირკმელების პრობლემების და თირკმელების დაზიანების რისკი გაცილებით მეტია. COVID-19– ის შედეგად, პაციენტებს აღენიშნებათ მსუბუქი ან მძიმე ანთებითი პროცესები და ინსულტები. გამოჯანმრთელების შემდეგაც კი, პაციენტებს უჩივიან ფსიქიკური დაბნეულობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და მხედველობის დაბინდვა გამოჯანმრთელების პერიოდში და მის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, სუნი და გემოვნების დაკარგვა მეხსიერების პრობლემებთან ერთად, COVID-19- ის გრძელვადიანი გავლენაა ტვინის ჯანმრთელობაზე.

გრძელი კოვიდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ე.წ. "ტვინის ნისლი".ეს სიმპტომია და არა დიაგნოზი. ის სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ხშირად ეს არის მოკლევადიანი მეხსიერების პრობლემების, კონცენტრაციის ან საუბრისას საჭირო სიტყვის პოვნის სირთულე. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა ხალხის ფიზიკურ ჯანმრთელობას, მან სერიოზული გავლენა იქონია მილიონობით ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დეპრესია, შფოთვა, განწყობის შეცვლა არის ერთ ერთი იმ სიმპტომებისა რომელიც ძალზედ ხშირად გვხვდება გამოჯანმრთელებულ ადამიანებში.“ - ამბობს Ambebi.ge -სთან ზაზა წერეთელი.

"ზოგადად კარგი ფაქტია, როცა კვლევა იწყება, მსოფლიოს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში უამრავი კველევაა უკვე ჩატარებული ამ სკითხებზე, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ჯანდცვის სიტემა არის ჩამორჩენილი და ახლა კვლევების დაწყების ფუფუნება ჩვენ არ გვქონდა. პოსტკოვიდური გართულებების კვლევა უფრო მნიშვნელოვანია, თუ, მაგალითად, იმის მიზეზების დადგენა, თუ რატომ გვყავს ამდენი გარდაცვლილი კორონავირუსით?! დღეს, მაგალითად, 10 ადამიანი დაიღუპა, არ უნდა გვაინტერესებდეს, რატომ მოხდა ეს, რას ვაკეთებთ არასწორად, რატომ იხოცებიან ადამიანები, რა უნდა გავაუმჯობესოთ, რომ სიკვდილიანობა მინიმუმამდე შევამციროთ?! ჩვენ ახლა ორმაგ ომში ვიმყოფებით, ერთი რუსეთთან - მცოცავი ოკუპაციით ნელ-ნელა იტაცებს ჩვენს მიწებს და მეორე მტერი პანდემიაა. ამ მოცემულობაში ახლა პოსტკოვიდურ გართულებებზე კვლევის დაწყება იმას ჰგავს, გარეთ ომი იყოს და შენ ფარდებზე ფუშფუშების ჩამოკიდებით იყო დაკავებული. სჯობს, თანხები ექიმების გადამზადებაზე მიმართონ. არ იციან, ალბათ რა ხდება რეგონებში, კვალიფიკაციის სერიოზული პრობლემებია და ელემენტარული სამედიცინო აპარატურა არ აქვთ. არ გვინდა თვალებში ნაცრის შეყრა, რომ ისე გამართული გვაქვს ჯანდაცვის სისტემა, რომ კვლევების ჩატარება დავიწყეთ. ეს ფაქტი მანიშნებელია იმისა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის სათავეში არაპროფესიონალები არიან და არასწორი მიმართულებით ხარჯავენ რესურსებს", - ეუბნება Ambebi.ge-ს ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.

სპეციალისტი ამბობს, რომ კოვიდაგადატანილ პაციენეტბში, გართულებების გამოვლენის შემთხვევები პროცენტულად სულ უფრო მაღლა იწევს. ფოფხაძის თქმით, სხვადასხვა სახის კვლევების მონაცემთა შეჯერებისა და გაანალიზების შემდეგად, შეიძლება თქვას, რომ კოვიდგადატანილი პაციენტების 20-30% შემდგომი გართულებები აღენიშნებათ.

"ბევრი კვლევა ჩატარდა ამ საკითხზე და მათი შეჯერებით შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაზე აქტუალურ და გავრცელებულ პოსტკოვიდურ გართულებებზე. პირველი და ყველაზე აქტუალური ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება გახლავთ, რაც 30%-ში აღინიშნება. ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ როცა პროცენტულ მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ, ეს ეხება მხოლოდ იმ პაციენეტბს, რომლებმაც სიმპტომიანად გადაიტანეს ვირუსი. მეორე სუნთქვის უკმარისობა, არაკომფორტულად სუნთქვის პრობლემაა, რომელიც ფილტვების დაზიანებით არის გამოწვეული. მესამე ადგილზეა კოგნიტური პრობლემები - მეხსიერების დაკარგვა, ყურადღების დეფიციტი და ა.შ. სწორედ ეს გართულებებია ყველაზე რთული სამკურნალო. ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს სტრესსა და შიშებს. ესეც მენტალურ გართულებებში შედის, მაგრამ რადგან მძაფრადაა გამოხატული, ცალკე გამოყვეს. იტალიაში ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, მენტალური პრობლემები კოვიდმა პაციენტთა 30%-ს დაუტოვა.

ყველა კვლევა რომ შევაჯამოთ, შევადაროთ და გავაანალიზოთ მინიმუმ 20%-ში რჩება კოვიდის შემდგომი გართულებები. ასეთი ათასობით კვლევა ჩატარდება კიდევ, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი მაინც დროის ფაქტორზეა დამოკიდებული. ოდესმე ყველა კითხვაზე პასუხი იქნება, მაგრამ ზუსტად რა დროში მოხდება ეს, რთული სათქმელია", - ამბობს გიორგი ფხაკაძე.

საქართველოში გამოვლენილ პოსტკოვიდურ გართულებებზე და მათი მკურნალობის გზებზე არაერთი სტატია მოგვიმზადებია. ამჯერად ვცადეთ, გაგვერკვია, ხომ არ გამოკვეთილა რაიმე სიახლე აქამდე უცნობი სიმპტომების გამოვლენის ან მკურნალობის გზების მიმართულებით.

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი მეგი კობახიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პრაქტიკაში სიახლეები არ აქვთ. პაციენტები ისევ იმ სიმპტომებს უჩივიან, რაზეც აქამდე საუბრობენ.

"ეს არის: სუნთქვის უკმარისობა, საერთო სისუსტე, დაღლილობა, გამონაყარი სახის და სხეულის მიდამოებში, უძილობა, კონცენტრაციის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, შფოთვითი აშლილობები და დეპრესიული გუნება-განწყობილება. ხშირია ღვიძლის უკმარისობის პრობლემაც, COVID-19-ი ღვიძლის ფუნქციას აუარესებს, რის გამოც, გამოჯანმრთელების შემდეგაც შესაძლოა, გარკვეული დროის განმავლობაში ადამიანს დარჩეს ამ მხრივ პრობლემა. ორგანიზმში დაგროვდეს მომწამვლელი ნივთიერებები, დაერღვეს საჭმლის მომნელებელი ფუნქცია და ა.შ. გვქონდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევებიც. პაციენტს გამოჯანმრთელების შემდეგ, გარკვეული პერიოდი, შარდის გამოყოფის პრობლემა ჰქონდა და საჭირო გახდა ამ მიმართულებით მკურნალობა. რაც შეეხება ყველაზე გავრცელებულ გართულებებს, მე მაინც გამოვყოფდი ფილტვის დაზიანებით გამოწვეულ სუნთქვის მწვავე უკმარისობასა და ზოგად სისუსტეს, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი კლინიკიდან გაეწერება და მას ისევ აქვს სუნთქვის გართულება. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, ყველა ამ ჩივილს სიმპტომურად მკურნალობენ. მკურნალობაში ერთვება იმ მიმართულების სპეციალისტი, რა გართულებაცაა სახეზე. მკურნალობის მხრივ არც ჩვენთან და არც საერთაშორისო გამოცდილბაში არ გვხვდება რაიმე სიახლე", - ეუბნება Ambebi.ge-ს ინფექციონისტი.

"შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ჩვენ უბრალოდ ვგალობდით, რომ სიტუაცია დაწყნარებულიყო" - მეუფე სტეფანე ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე

"გვერდითი კარი გაიღო და მეუფის რეზიდენციაში შესვლა ერთბაშად ბევრმა ადამიანმა სცადა, მოაჯირმა ვერ გაუძლო და ჩაინგრა" - რა მოხდა ჭყონდიდის ეპარქიაში?

"ადრეც იყო ასეთი შემთხვევა, როცა აიყვანეს საზღვრის დამრღვევი რუსები თუ ოსები, მაგრამ სამინისტროდან დარეკეს და გააშვებინეს“ - რა მოხდა ხურვალეთში?