ავტორი:

"ხისტი და გაშიშვლებული ხელისუფლება" და "ჩამშლელი ოპოზიცია" - რა განაცხადეს მხარეებმა მოლაპარაკებების შემდეგ

"ხისტი და გაშიშვლებული ხელისუფლება" და "ჩამშლელი ოპოზიცია" - რა განაცხადეს მხარეებმა მოლაპარაკებების შემდეგ

თუ დღეს შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კირსტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, პროცესი გვიჩვენებს, რომ საქმე არ გვაქვს სახელმწიფოებრივ მიდგომასთან.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენსაათიანი მუშაობის შედეგად ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას და ვერც ევროპული სტანდარტი. ღიად მინდა განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც არ ესმის რა არის ევროპული ინტეგრაცია და ჩემი აზრით, საერთოდ კიდევ ერთხელ ნახა დასავლეთმა, ვისთან აქვს საქმე. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად ლოგიკურად ვმსჯელობდით ყველა საკითხზე, მაგრამ როგორც ვხვდები „ქართული ოცნების“ მხრიდან არ არის ადეკვატურად აღქმული ის მძიმე, კრიტიკული სიტუაცია, რაც ქვეყანაშია. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი, ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულებული დღე და პროცესი უჩვენებს, რომ ჩვენ არ გაქვს საქმე სახელმწფოებრივ მიდგომასთან. ჩვენ სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებასთან ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მხრიდან. აქედან გამომდინარე, თუ დღეს შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“. მათ მოუწევთ კარგად დაფიქრება საერთოდ ქვეყანასთან დაკავშირებით, რა უნდათ მიაღწიონ და ვფიქრობ, ამის შედეგი იქნება ძალიან მძიმე. მედიაციის მხარემ დაინახა, რომ ოპოზიცია განწყობილი იყო შეთანხმებისთვის და კონსტრუქციულობისთვის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რაც იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევდა შედეგს შეთანხმებასთან დაკავშირებით. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ამხელა მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მხრიდან ბოლომდე არის გაფლანგული ამ ეტაპისთვის. ოპოზიციას გვაქვს ერთიანი პოზიცია და ღიად მინდა განვაცხადო, რომ არცკი მისულა საკითხი იქამდე, რომ ოპოზიციის მხარეს არის რაიმე პრობლემა. „ქართულმა ოცნებამ“ გაუგებარი მიზეზების გამო პროცესი შეაფერხა. დასავლეთმა კარგად დაინახა სად დგას ოპოზიცია და სად დგას „ქართული ოცნება“ და ამას შესაბამისი შედეგები ექნება მათი მხრიდან“, - განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ ოპოზიციას ექნება შიდაკონსულტაციები, თუმცა მისივე შეფასებით, ოპოზიციას კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა ექნება დასავლეთის მხრიდან.

"ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რადგან დესქტრუქციული როლი შეასრულა "ქართულმა ოცნებამ" ამ მოლაპარაკებებში. მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას გაწბილებისთვის, მაგრამ გასაღები არ არის ოპოზიციის ხელში, გასაღები არის "ქართული ოცნების" ხელში და ამას დარწმუნებული ვარ, კარგად მიხვდნენ ჩვენი მედიატორები, როგორც ევროპული, ასევე, ამერიკული მხარე. მთავარი წყალგამყოფი არის ის, რომ "ქართულ ოცნებას" არ უნდა არანაირი შეთანხმება", - განაცხადა ვაშაძემ.

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით კი "მედიატორების მიერ იქნა შემუშავებული ძალიან საინტერესო იდეები ბევრი მიმართულებით და ეს იდეები არ იქნა გაზიარებული მეორე მხარის მიერ - „ქართულმა ოცნებამ" გამოავლინა სრულიად გაუმართლებელი სიხისტე".

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიცია, მეორე მხარისგან განსხვავებით, უკიდურესად კონსტრუქციულად განწყობილ მხარედ წარმოჩინდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან მუდმივ კავშირს. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრები, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ეს არის წესი მოლაპარაკებების. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრიდან გავაგრძელებთ ძალისხმევას. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მედიატორების მიერ იქნა შემუშავებული ძალიან საინტერესო იდეები ბევრი მიმართულებით, რაც ეხება საქართველოს ინსტიტუციონალურ განვითარებას, რაც ეხება დემოკრატიის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ეს იდეები არ იქნა გაზიარებული მეორე მხარის მიერ. მიმაჩნია, რომ ამ პროცესში ოპოზიცია წარმოჩინდა, როგორც უკიდურესად კონსტრუქციულად განწყობილი და მზად თანამშრომლობისათვის, მაგრამ სამწუხაროდ, იგივე ჩვენ ვერ მივიღეთ მეორე მხრიდან. მედიატორების მხრიდან იყო ძალიან კარგი იდეები და სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვნახეთ მზაობა „ქართული ოცნების" მხრიდან, რომ ეს შემოთავაზებები გაეთვალისწინებინა.

რიგი წინადადებები მედიატორების მხრიდან იყო მისაღები ოპოზიციისთვის, არ იყო მისაღები "ქართული ოცნებისთვის".

ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესი შეჩერდა. ჩვენი მთავარი პარტნიორები განიხილავენ შექმნილ სიტუაციას ბრიუსელში, ჩვენ რა თქმა უნდა, დიალოგში ჩართული ვიქნებით მუდმივად. ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული იმის გამო, რომ "ქართულმა ოცნებამ" გამოავლინა სრულიად გაუმართლებელი სიხისტე და ამან არ მოგვცა საშუალება გაგვეკეთებინა გარღვევა, მაგრამ მინდა მაინც გითხრათ, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად. შეერთებული შტატები რჩება ამ პროცესის ერთგული, ევროკავშირი რჩება ამ პროცესის ერთგული რასაც ჰქვია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ აუცილებლად საბოლოო ჯამში განვმუხტავთ ამ კრიზისს, ოღონდ ამისათვის "ქართულმა ოცნებამ" უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს და თანამოქალაქეების მიმართ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმდჯომარის, ხათუნა სანმნიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მზად არ არის პასუხისმგებლობა აიღოს.

როგორც სამნიძე განმარტავს, ოპოზიცია კომპრომისებისთვის და დათმობისთვის მზად იყო, თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნულისთვის მზად „ქართული ოცნება“ არ არის.

„მე პირადად, ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი და ფრთხილი ოპტიმიზმით ველოდებოდი დღევანდელ დღეს იქიდან გამომდინარე, რა ინტენსივობითაც ვმუშაობდით ეს დღეები, რაც მედიატორი აქაა ჩამოსული, იქიდან გამომდინარე რა განცხადებაც გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ დარჩება საქართველოში, ვიდრე შეთანხმებას არ მივაღწევდით. მისი ეს განცხადება განპირობებული იყო სწორედ ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული წინადადებებით და მზაობით, რომ შევთანხმებულიყავით.

სამწუხაროდ, ამდენსაათიანი მუშაობის და ძალიან მძიმე, რთული, მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რაც არაერთხელ გვითქვამს ადრე და რასაც სამწუხაროდ, ადასტურებდა „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული ძალიან აგრესიული განცხადებები. გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად, აიღოს მისი მთავარი პასუხისმგებლობა, რადგან ამ პროცესში ძირითადი პასუხისმგებლობა და ტვირთი, ამ კონფლიქტიდან და კრიზისიდან გამოსვლის იყო ხელისუფლებაზე და მათი მხრიდან გამოჩნდა რომ ამ რთულ პროცესში, არც ერთ ეტაპზე არ გამოიჩინა ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მისგან ელოდა არამხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები და მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც შეუძლებელი გახადა შეთანხმება და ამ ქვეყნის კიდევ ერთხელ მტკიცე ნაბიჯი ევროპისკენ და ევროინტეგრაციისკენ. მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეთანხმება შემდგარიყო და გამოჩნდა, რომ მთელ ამ პროცესში არც ერთ ეტაპზე არ იყო მზად კომპრომისისთვის. ჩვენ გამოვხატეთ ამ კომპრომისისთვის და შეთანხმებისთვის მზაობა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა, პირველ რიგში, მედიატორმა კარგად დაინახა, რომ ამისთვის მზად არ იყო „ქართული ოცნება. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი ოპტიმიზმი და მოლოდინები არ გამართლდა. ადამიანმა ამდენი რესურსი ჩადო ამ პროცესში, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა პირადი პასუხისმგებლობა აიღო, რომ შეეცდებოდა ეს კონფლიქტი მოეგვარებინა და მხარეები ერთი მაგიდის ირგვლივ შეთანხმებულიყვნენ, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით, ქვეყანა ამ გადაწყვეტილებით წინ წასულიყო. მთელი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა ძირითადი ტვირთი, დაეთმო, ნაბიჯები გადაედგა კომპრომისული და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა პირველ რიგში ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ მზად არიან ეს ქვეყანა წაიყვანონ წინ. სამწუხაროდ, ასეთი ვითარებაა“, - განაცხადა სამნიძემ.

ამ ყველაფერს დადებითი მხარე თუ რამე აქვს, არის სულ ბოლომდე კიდევ უფრო გაშიშვლება ამ ხელისუფლების და ივანიშვილის გარემოცვის უნარების და პოზიციის ყველა საკვანძო საკითხზე, - ამის შესახებ კი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერცერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო“.

მანვე დააანონსა, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე საპროტესტო მოძრაობა უნდა გაგრძელდეს.

„არის ხოლმე სამწუხარო ვითარებები ქვეყნისთვის, როცა ასეთი ხელისუფლება გყავს, მაგრამ ვითარების კიდევ უფრო გაშიშვლება, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის, საჭირო იყო. ამ ყველაფერს დადებითი მხარე თუ რამე აქვს, არის სულ ბოლომდე კიდევ უფრო გაშიშვლება ამ ხელისუფლების და ივანიშვილის გარემოცვის უნარების და პოზიციის ყველა საკვანძო საკითხზე. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერცერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო. მაგრამ განსაკუთრებით, ვიტყოდი, პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია იყო პოლიტპატიმრების საკითხზე, პოლიტიკური დევნის საკითხზე და ვადამდელი არჩევნების საკითხზე; შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ ხალხს ივანიშვილისგან აკრძალული აქვს ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება. დათმო თუ არა რამე ოპოზიციამ? - მაქამდე საქმეც კი არ მისულა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი წინადადება გვქონდა, მათ შორის გამოვყოფდი პოლიტპატიმრებს, მელიას და რურუას და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხს. როგორ გაგრძელდება პროცესი? - ამ ფაზაში ეს საკითხი დასრულებულია. როდესაც ვლაპარაკობდი შოკისმომგვრელ სიშიშვლეზე ამ რეჟიმის, ეს ყველამ დაინახა. როცა მოვა ის მომენტი, თუკი იქნება ეს რეჟიმი და ივანიშვილის გარემოცვა მზად, რომ მიხვდნენ, ამ საქციელით ვერ შეინარჩუნებენ არსებულ ვითარებას, მაშინ შეიძლება კვლავ აზრი ჰქონდეს კონტაქტს. ბუნებრივია, პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხი დარჩება საკვანძო თემად საზოგადოებისთვის და თავისუფალი სამყაროსთვის, მათ შორის, ევროკავშირისთვის“, - განაცახდა ბოკერიამ.

მისივე თქმთ, ორი რამ უნდა გაგრძელდეს - საერთაშორისო თანამეგობრობის ღია მხარდაჭერა და წნეხი და ქვეყნის შიგნით დაგეგმილი მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე საპროტესტო მოძრაობა.

„აუცილებელია მშვიდობიანი, მაგრამ დაგეგმილი აქციების გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება“, - განაცხადა ბოკერიამ.

ამ ხალხს ფეხზე ჰკიდია ევროკავშირიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და ზოგადად საქართველოს ევროალანტიკური მისწრაფებებიც - ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამ ყველაფრის, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესი არც კი მისულა იქამდე, რომ ოპოზიციის პოზიციები სერიოზულად განხილულიყო.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც ჩართული იყო ამ მოლაპარაკებების პროცესში - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ევროკავშირის ელჩს და შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს. ამ ხალხმა დახარჯა უამრავი დრო და ენერგია იმისთვის, რომ რაიმე შეთანხმებამდე მაინც მივსულიყავით. ყველამ ნახეთ, რა მდგომარეობაში წავიდა ეს ადამიანი აქედან და არავინ მინდა იფიქროს, რომ ოპოზიციას რაიმე კავშირი აქვს იმასთან, რა მდგომარეობაშიც ეს ადამინი იყო ჩავარდნილი. თავიდან ბოლომდე ამ ადამიანის აღელვება და მათ შორის წასვლა და ყველაფრის პასუხისმგებლობა არის „ქართულ ოცნებაზე“ და მათ ქცევაზე. მოლაპარაკებების პროცესი არც ერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს, რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები. მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს მთელი ამ დღეების განმავლობაში, რომ დაედოთ რაიმე დოკუმენტი, რომელზეც "ქართული ოცნების" მხრიდან იქნებოდა თანხმობა, ვერ მოახერხეს - მათი პრეტენზიები იყო ამოუწურავი და საბოლოო ჯამში, ამის გამოც მოხდა ის, რაც მოხდა და როგორც დასრულდა ეს მოლაპარაკებები. მე არ მჯერა, რომ ამ ხალხს, „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რას ნიშნავს ამხელა ყურადღება მთელი დასავლეთიდან ამ პროცესზე, არ ესმის, რას ნიშნავს, რომ პროცესში ჩართული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და მან საკუთარ თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა, საკუთარი რეპუტაცია და ევროკავშირის რეპუტაცია დადო სასწორზე ანუ ერთადერთი ახსნა ყველაფერ ამას, რაც თქვენ ნახეთ დღეს არის ის, რომ ამ ხალხს სულ ფეხზე ჰკიდია ევროკავშირიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და ზოგადად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიც. ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამ ყველაფრის.

მოლაპარაკებების პროცესში მომლაპარაკებლების მცდელობა იყო, რომ მიეღწიათ ისეთი დოკუმენტისთვის, რომელზეც "ქართული ოცნება" მაინც იქნებოდა თანახმა. საბოლოო ჯამში, ამ პროცესის განმავლობაში დოკუმენტი, რომელსაც ისინი გვთავაზობდნენ, რამდენჯერმე გაფუჭდა და ჩვენთვის თავიდან ამოუხსნელი იყო, რატომ ხდებოდა ეს, თუმცა ბოლოს ცხადი გახდა, რომ დოკუმენტი ფუჭდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა არაფერზე.

მომლაპარაკებლებმა ვერ მოახერხეს, რომ დაედოთ დოკუმენტი და მთელი ამ დღეების განმავლობაში ეს დოკუმენტი იცვლებოდა. მარტო დღეს გამოიცვალა ალბათ, ორჯერ თუ სამჯერ. იყო პუნქტები, რომლებიც ნაკლებად პრიორიტეტული იყო ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც გააფუჭეს "ქართული ოცნების" მოთხოვნით და საბოლოო ჯამში, ეს პუნქტები გახდა იმდენად ზოგადი, რომ იყო არაფრის მთქმელი და ჩვენთვის ამას შინაარსი აღარ ჰქონდა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ქართული ოცნების" ხისტი და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედების გამო დღეს შეთანხმება არ შედგა, - ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ქართულ ოცნებას" არ აინტერესებს არც საქართველო, არც მისი მოქალაქეები, არც ქვეყნის ბედი.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაუხურა კარი ევროპას. რა იყო ორი მთავარი საკითხი, რომელზეც ვერ მოხდა მათი დათანხმება იმიტომ, რომ კრიზისი განმუხტულიყო? ეს იყო პოლიტპატიმრების გამოშვება, ნიკა მელიას, გიორგი რურუას გამოშვება, ზოგადად, პოლიტიკური დევნის დასრულება ქვეყანაში და ვადამდელი არჩევნები. დღეს "ქართულმა ოცნებამ" დაადასტურა, რომ ძალიან რთულია მათში მოლაპარაკების რაიმე რესურსის მონახვა. „ქართულ ოცნებას" ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი დაუჯდება და გარდა პოლიტიკური წნეხისა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება, გააქტიურდება სამოქალაქო პროტესტი, გახდება უფრო ფართო და უფრო ინტენსიური. ამ დღეების განმავლობაში ხედავთ, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი ევროკავშირში, ყველა თანამდებობის პირი, ვინც ამ პროცესშია ჩართული და თამასა არის მაღლა აწეული, საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, ამ კრიზისში მთავარი პასუხისმგებელია ხელისუფლება. დღეს ხელისუფლებამ გვაჩვენა უპასუხისმგებლობა. მათ არ აინტერესებთ მოქალაქეების ბედი", - განაცხადა მინაშვილმა.

მისივე თქმით, იქამდე, სანამ ნიკა მელია და გიორგი რურუა პატიმრობაში იქნებიან, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების სივრცე შეიზღუდა.

"ჩვენ ამ მოლაპარაკებაში აქტიურად ვმონაწილეობდით, იმიტომ, რომ მთავარი ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იყო. ამის შემდეგ, როცა ჩვენ დავინახეთ ხელისუფლებისგან ასეთი უპასუხისმგებლობა, მოლაპარაკების სივრცე შეიზღუდა. როცა საუბარია ქვეყანაში არსებულ კრიზისზე, როცა ადამიანებს უჭირთ ცხოვრება და ეს სირთულეები უფრო და უფრო მძიმე ხდება, მარტივად დავხატეთ გამოსავლის გზა -პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და სამართლიანი არჩევნები. ოპოზიციამ დათმო თუნდაც იმ კუთხით და მიუხდავად იმისა, რომ ჩვენი თავმჯდომარე დააკავეს და სპეცოპერაცია ჩაატარეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, მაინც ვმონაწილეობდით ამ მოლაპარაკებაში, გარკვეულწილად შევარბილეთ საპროტესტო მუხტი. იმიტომ, რომ მიგვაჩნდა მოლაპარაკება იყო მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი იყო მივსულიყავით ვადამდელ არჩევნებამდე, გზამდე რომლითაც ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები მოხდებოდა. "ქართული ოცნება" საუბრობდა თითქოს იზიარებდნენ ჩვენი პარტნიორების პოზიციას, დღეს კი მათ ზურგი შეაქციეს ევროპას და ევროპულ ოჯახს. "ქართული ოცნების" ხისტი და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედების გამო დღეს შეთანხმება არ შედგა", - განაცხადა მინაშვილმა.

როგორც „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კირსტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, "სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ვსაუბრობდით, ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო შეთანხმების არმიღწევა".

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ შეხვედრაზე ულტიმატუმები დააყენა, რაც მისივე შეფასებით, ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას.

„იყო ძალიან საინტერესო პროცესი, იყო წინსვლაც ამ დღეების განმავლობაში, თუმცა, სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ვსაუბრობდით, ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო შეთანხმების არმიღწევა. ეს გამოიხატა იმაში რომ დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, ულტიმატუმები იმაშიც, რომლებიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია, ასეთი ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია დიალოგის პროცესში.

ჩვენ ვიცით, რომ არის ოპოზიციური სექტორი, ერთი ორი გამონაკლისის გარეშე, იმართება კიევიდან კონკრეტული პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მათ შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მათ ჩაშალეს საბოლოო ჯამში შეთანხმება. თქვენ ნახეთ მათი გაღიზიანებული სახეები და რიტორიკა, ყველამ დაინახა ის, რომ ჩამშლელი იყო ოპოზიცია. ეს არის მათი გაღიზიანების მიზეზი. ყველა პუნქტი, გარდა ერთისა და ეს პუნქტი იყო პარლამენტში შესვლა, რაც დაგვამადლეს; იყო ის პუნქტები, რაც ითვალისწინებდა „ქართული ოცნების“ მიერ რაღაცების გაკეთებას, ანუ ჩვენი პუნქტები იყო. ერთადერთი პუნქტი იყო დამადლებული შემოსვლა პარლამენტში. კონკრეტიკაზე ვერ ვსაუბრობთ, რადგან პროცესი დღეს არ დასრულებულა. შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, ვნახოთ! ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოოდ პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „ამ ხალხის, სააკაშვილის, ბოკერიას და სხვების მიზანია, რომ წააგოს სახელმწიფომ“. „მათ შორის, კონკრეტული ულტიმატუმებითაც გამოჩნდა ის, რომ სახელმწიფოს წაგება არის მათი მიზანი. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით და ეს ყველამ დაინახა“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზციისა და ხელისუფლების დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება შესაძლებელი იყო, თუმცა, ოპოზიციამ პრიორიტეტი არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ, პარტიულ თემებს მიანიჭა.

ამის შესახებ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კირსტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრიორიტეტი ნიკა მელიას და გიორგი რურუას საკითხი იყო.

„შეთანხმება დღეს იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ამისთვის არსებობდა სრული მზადყოფნა. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმების მისაღწევად და მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა საზოგადოებისთვის და არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან თარამედ, იმ საკითხებს, რომელიც მათი პარტიისთვის არის პრიორიტეტული. ჩემს ამ მოსაზრებას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დღევანდელი განცხადება, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ მათთვის პრიორიტეტი იყო გიორგი რურუას და ნიკა მელიას საკითხი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მან მედიაციისთვის საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში ეს დრო არ იყო დაკარგული დრო“.

„იმ საკითხებზე, რაც საქართველოს და საზოგადოებას სჭირდება პოზიციები არის დაახლოები და ნებისმიერ შემხვევაში, თუ ოპოზიციას ექნება პრაგმატული და სამართლიანი დამოკიდებულება საკითხებთან, ჩვენ შევძლებთ ამაზე შეთანხმებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ერთ ნაწილს სურს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისი გააკეთოს იმ მნიშნველოვანი სამართლებრივი პრინციპების ხარჯზე, „რასაც თვითონ არასდროს არ დათმობდნენ“.

"პანდემიის პერიოდში ორმა მილიონა მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და მათ აირჩიეს პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად მათ აირჩიეს, რომ ყველა ამ პარტიას გვემუშავა პარლამენტში. მოქალაქეების არჩევანს პატივი სცა „ქართულმა ოცნებამ“ და ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, ვინ უგულებელყო ჩვენი მოქალაქეების არჩევანი ესეც ცხადია. ამ პრინციპით - „თუ არ მოვიგებთ, არ ვაღიარებთ“ ვერც საარჩევნო რეფორმას ვერ გავაგრძელებთ და ვერ შევთანხმდებით, რას ნიშნავს დემოკრატიული არჩევნები. ოპოზიციის ერთ ნაწილს სურს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისი გააკეთოს მნიშნველოვანი სამართლებრივი პრინციპების ხარჯზე, რასაც თვითონ არასოდეს არ დათმობდნენ. ისინი უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც მათ არც კი ეკუთვნის. ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ზურგი უნდა შევაქციოთ ჩვენს მოქალაქეებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ მოსწონს არჩევნების შედეგები. არ ჩანს ის სამართლიანი პირობა, რომ თუ მომდევნო არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ამ ადამიანებს არ ექნებათ იგივე დამოკიდებულება, რაც აქვთ ახლა. 8 მარტის შეთანხმებაზე სწორედ ისინი აცხადებდნენ, რომ დაემორჩილებოდნენ ხალხის არჩევანს, თუ გაკეთდებოდა კონკრეტული რეფორმები. ჩვენ ეს რეფორმები გავაკეთეთ, მათ არ შეასრულეს პირობა და არ მოვიდნენ პარლამენტში, როდესაც მათთვის მნიშნველოვანი რეფორმები განიხილებოდა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით, 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ მან ცალკე-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. 17 მარტს კი მისი მედიაციით "ქართული ოცნების" ლიდერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

"მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, თუმცა ის უკეთესია, ვიდრე წინა იყო" - ზურაბ ჯაფარიძე

"მკაფიოდ იყო შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის თანხის გადახდა" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"ამდენი თვის ბოიკოტმა შედეგი მოიტანა, დაგვრჩა ბოლო ნაბიჯი..." - რას ამბობენ ოპოზიციის ლიდერები გადამწყვეტი შეხვედრის შემდეგ