ავტორი:

"ჩემი მეუღლე ამ ამბით არც თავიდან იყო აღფრთოვანებული და არც ახლა..." - როგორია "პუსკუნას" ცხოვრება ეკრანს მიღმა და რას ამბობს სასცენო პარტნიორზე?

"ჩემი მეუღლე ამ ამბით არც თავიდან იყო აღფრთოვანებული და არც ახლა..." - როგორია "პუსკუნას" ცხოვრება ეკრანს მიღმა და რას ამბობს სასცენო პარტნიორზე?

პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რაც პანდემიით იყო გამოწვეული, ტელეეკრანს დაუბრუნდა და სერიალის სხვა მსახიობებთან ერთად, ნინო ნოდიაც ჩაერთო გადაღებებში... მის პერსონაჟს პუსკუნა ჰქვია, ის ჩიკას მეგობარია, ცოტა უტრირებული პერსონაჟია. თავად ნინო მას მატრაკვეცა, მატრაბაზ, რეალობას მოწყვეტილ ადამიანს უწოდებს.

"პუსკუნას, თავის წრესთან ერთად, ჰგონია, რომ დედამიწა მათ გარშემო ტრიალებს, რომ ისინი არიან მნიშვნელოვანი პერსონები და უნდა იყვნენ პრივილეგირებულები, რა თქმა უნდა, ეს არ არის მოსაწონი" - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ნინო ნოდია, იგივე ზუზუ, რომელიც სულაც არ არის პროფესიით მსახიობი. ხელოვნებათმცოდნეა, ამასთან, წლებია, ერთ-ერთი ცნობილი პარფიუმერული კომპანიის პიარსამსახურის უფროსია, აქვს ტელევიზიაში მუშაობის და ღონისძიებების, დიდი კონცერტების წაყვანის გამოცდილებაც.

- ყოველთვის, როცა სეზონი მთავრდება, არის მოლოდინი, რადგან არ იცი, შემდეგი სეზონი დაიწყება თუ არა. გარდა ამისა, უცნობია, შენი პერსონაჟი იქნება თუ არა სერიალში და გაგრძელდება თუ მისი ისტორია. აქედან გამომდინარე, ყოველთვის არის შინაგანი ღელვა და გულის წყვეტაც, თუ ახალ სეზონზე შენი გმირი სერიალში აღარ იქნება. არავინ იფიქროს, რომ მარტივად სათამაშოა თითოეული სცენა თუ სერია. ყველაფერი ბევრი ადამიანის დიდ შრომასთან არის დაკავშირებული... მოკლედ, დიდი ემოციით ველოდი პუსკუნასთან შეხვედრას.

ამასთან, ეს ხომ ის სერიალია, სადაც ბევრი სიცილი, იუმორია, რთული მომენტებიც არის, მაგრამ პოზიტივი ბევრია. ადამიანები (ყველა ასაკის) მას გართობისა და განტვირთვის მიზნით უყურებენ... ამ პაუზის მანძილზე, პანდემიის დროსაც, არ არსებობდა ადგილი, შევსულიყავი და არ არ ეკითხათ, - როდის გაგრძელდება სერიალი, როდის გიხილავთ და ა.შ.

- მოკლედ, გაგიხარდა, რომ მაყურებელს შენი პერსონაჟი დაუბრუნდა...

- წინა სეზონი ისე დასრულდა, რომ თითქოს გადამღები ჯგუფი დავემშვიდობეთ კიდეც ერთმანეთს და რაღაც ეტაპზე, გადავხარშეთ კიდეც, რომ შესაძლებელი იყო, სერიალი აღარ გაგძელებულიყო. მაგრამ ჩემი საყვარელი მენეჯერის, ნანკას ზარი რომ გაისმა, ძალიან გამიხარდა. მან შემატყობინა, რომ მუშაობას ვიწყებდით. დაბრუნების შემდეგ, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველაფერს თავიდან ვიწყებდი და გადასაღებ მოედანზე პირველად ვიყავი. მერე როლში რომ შევედი, უკვე ყველაფერი გაადვილდა.

- პირველი სცენა ჩიკასთან ერთად, სარდაფში გქონდა, სადაც შავლეგოს გასაიდუმლოებულ დაბადების დღეს გეგმავდით... ჩიკას პერსონაჟზე რა გვეტყვი...

- სერიალს აქვს ერთი თვისება, ყველაფერს, რასაც ხაზი უნდა გაესვას, რომ ადამიანებმა ყურადღება გაამახვილონ, იმის უტრირება ხდება. ეს აუცილებელია, რადგან სათქმელი მაყურებლამდე უნდა მივიდეს. ამიტომ, ზოგჯერ რეალობას მოწყვეტილი სიტუაცია თამაშდება, მატრაბაზობა, ამპარტავნება, რომელიც კოსმოსურ ხარისხშია აყვანილი... მაგ პერიოდში ჩიკა ისეთ ფარზებს ამბობს, ყველას აოცებს... მისი ნებისმიერი ფრაზა, ჩემი აზრით, კარგად არის გასაანალიზებელი. თუ დააკვირდები, შეიძლება, ჩიკას ტექსტებით სქელტანიანი წიგნიც გამოუშვა, რომელიც ერთი მხრივ, ძალიან სასაცილო იქნება და მეორე მხრივ - დასაფიქრებელიც.

- აქვე მახსენდება სერიალში ჩიკასეული დისტანციური კოცნა, ჯერ კიდევ პანდემიამდე კარგა ხნით ადრე...

- კი, ეგ ჩვენს ანგარიშზეა, რომელიც შემდეგ პანდემიურ სიტუაციას დააკვდა...

- ჩიკა, ანუ მსახიობი ანი ჩირაძე როგორი პარტნიორია?

- მას ბევრი წელია, ვიცნობ დ ამ კითხვაზე ჩემგან რთული იქნება პასუხი, რადგან მისი სასცენო შეფასებისას სუბიექტური ვიქნები. ჩემს მეგობრებზე და ახლობლებზე საუბრისას ვერ ვარ ობიექტური, მაგრამ მგონია, რომ ანიმ ამ სერიალში ისეთი ტელესახე შექმნა, რომლის დარი ნამდვლად იშვიათია. ძალიან სახასიათოა. თუმცა ეს არ არის მარტო ერთი და ორი ადამიანის დამსახურება. ეს არის, ანის, სცენარისტის - ქეთი დევდარიანის და რეჟისორის - გიორგი ლიფონავას ერთობლივი შრომის შედეგია. საერთოდ, ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის კიდევ ერთი ადამიანი, გადასარევი კასტინგმენეჯერი, ეკა მჟავანაძე, რომელიც მართლა განსაკუთრებული პერსონაჟების შემსრულებლებს პოულობს. საერთოდ კი, ამ ჯგუფს ჩამოუყალიბდა რაღაც საოცარი ხედვა, უნარი, რომ ნებისმიერი პერსონაჟისგან განსაკუთრებული ტიპაჟი შექმნას, რომელიც მერე რეიტინგული, დაუვიწყარი ხდება, რომელსაც შეიყვარებს მაყურებელი. დიახ, სერიალს აქვს უნარი, დადებითი თუ უარყოფით პერსონაჟი მაყურებელს თანაბრად შეაყვაროს... ჩემთვის საყვარელი პერსონაჟი ამ სერიალში ცოტნე ცოტაშვილია.

- პირადად შენ რა მოგიტანა სერიალმა?

- ჩემი სხავასხვა საქმიანობიდან გამომდინარე, საზოგადოება სერიალამდეც მიცნობდა, მაგრამ ამ სერიალის ცნობადობა სხვა რამ არის. მას უყურებს, როგორც ვთქვი, ყველა ასაკობრივი კატეგორია. შესაბამისად, ყველასგან იგრძნობა პოზიტიური განწყობა. ბავშვებისგან განსაკუთრებით დიდი სითბო მოდის. ხანდახან პირბადეშიც კი მცნობენ, მეხვეწებიან, სურათი გადავიღოთ. თბილად მელაპარაკებიან, ეს კი მოტივაციას მიზრდის... სასიხარულოა, რომ ამდენ ადამიანს უყვარხარ, მოსწონხარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პერსონაჟი, პუსკუნა არ არის გასაგიჟებელი და მოსაწონი... ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სალონში შევედი, სტილისტი თმას მვარცხნიდა და შევატყე, შეშინებულივით მიყურებდა, თითქოს ცდილობდა, ზედმეტი არაფერი ეთქვა. ეს რომ შევნიშნე, ვუთხარი, - არ გეგონოს სერიალში ვისაც ვთამაშობ, ცხოვრებაშიც ისეთი ვარ-მეთქი...

- რას ეტყოდი პუსკუნას?

- მოიხსნას "სათავლე", რომლიც უკეთია და რომლითაც ჰგონია, რომ ერთ-ერთი ძალიან პრივილეგირებული ადამიანია და რაღაცას წარმოადგენს. ერთი ჩვეულებრივი, არცთუ ისე პატივსაცემი პერსონაა, რიგითი მოქალაქე, რომელსაც ვალდებულება აქვს საკუთარი და ადამიანების წინაშე, რომ იყოს კეთილი, ლაღი. ჩემი აზრით, წარმოსახვაში ცხოვრობს, მინდა, მიწაზე დაეშვას. თუმცა პუსკუნას თავისი შტერი მეგობრებისგან განსხვავებით, აქვს უნარი, არ იყოს ისეთი, როგორიც არის... მოკლედ, შევუძახებდი, რომ გონს მოეგოს, მიხვდეს რა, როგორ და რანაირად არის და უფრო ადამიანური გახდეს!

- სერიალამდე შენთვის სცენა უცხო არ იყო, გრანდიოზული კონცერტების წაყვანის გამოცდილება გაქვს, მაგრამ პროფესიით მსახიობი არ ხარ, კამერასთან მუშაობა არ გაგიჭირდა?

- აქ სცენის გამოცდილებაზე მეტად, თავის დროზე, სატელევიზიო ეთერში მუშაობის გამოცდილება დამეხმარა. კამერა არ მეუცხოვა. ერთადერთი სირთულე იყო სცენის გათამაშება რამდენიმე პერსონაჟთნ ერთად... კასტინგის დღესვე, ეკა მჟავანაძესთან რომ მივედი, ეს პერსონაჟი უცბად გავიაზრე და წარმოვიდგინე, რანაირი იყო და მისი იმიტაცია მაშინვე გავაკეთე. ვფიქრობ, რომ ამ როლის თამაშით ჩემში კიდევ ერთი ნიჭი აღმოვაჩინე.

- ხომ არ ნანობ, რომ თავის დროზე, მსახიობის კარიერაზე არ იფიქრე?

- 12 წელი ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი, მერე კონსერვატორიაში ჩავაბარე, იქიდან უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიის ფაკულტეტზე წავედი... ისე, ჯობდა, სხვა რამ მეკეთებინა, შესაძლოა, უკეთესი მსახიობი ვყოფილიყავი. სულ ვფიქრობ, ამდენი წელი სხვა რამისთვის რომ დამეთმო, რა შეიძლებოდა გამოვსულყავი-მეთქი, მაგრამ არ ვნანობ.

- შვილები რას გეუბნებიან, რომლებსაც დედა ცნობილი სერიალის მსახიობი გაუხდათ...

- აჟიტირებულები იყვნენ, როდესაც გაიგეს, რომ სერიალში უნდა მეთამაშა. არაერთი სეზონის განმავლობაში "დაქალების" მაყურებლები იყვნენ. რომ გაიგეს, მეც უნდა მეთამაშა, გადაირივნენ. ასე რომ, ბედნიერები არიან. როდესაც სადმე ერთად მივდივართ, კესო მეუბნება, რომ ვიღაცამ მიცნო, თვალი გამომაყოლა. მონიტორინგს აწარმოებენ, ვის მოვწონვარ და ვის - არა. თუმცა მეუღლე ამ ამბით არც თავიდან იყო აღფრთოვანებული და არც - ახლა. ზოგადად კრიტიკული მაყურებელია, იმ სცენაში ცუდად გამოიხედე, ამ სცენაში ასე დაილაპარაკე... ასეთი დეტალები ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, თუ ერთ ადამიანს მაინც მოეწონა ჩემი ნამუშევარი, იცინა, იხალისა, ან მაგალითი აიღო, რომ ისეთი არ იყოს, ეს ჩემთვის ბედნიერება იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნაკლოვან მხარეს ზუსტად ისე წარმოვადგენ, როგორც არის.

- რას ეტყოდი მაყურებელს?

- გაგებით შეხედონ სერიალს. მაყურებელთა ნაწილს, ჩემი აზრით, აკლია ერთი რამ - ისე უყურებენ და აფასებენ პერსონაჟებს და იქაურ ამბებს, თითქოს რეალობა იყოს. სერიალის გმირებს ნამდვილ ადამიანებად განიხილავენ. ეს სერიალია, მისი ყურებისას უნდა გაერთო, მაქსიმალურად პოზიტიური განწყობა მიიღო. თუ ვინმეს რაიმე აღიზიანებს, ხანდახან დაფიქრდეს იმაზე, რომ ამ ადამიანებს ანუ მასში მონაწილე მსახიობებს ჰყავთ ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ამიტომ სანამ სოციალურ ქსელში რამეს დაწერენ, კარგად გაიაზრონ. ხანდახან ძალიან აღმატებით ხარისხში იწერება შეფასებები და ხანდახან - მიუღებელით. ამიტომ, სანამ დაწერენ, საკუთარი თავი ჩააყენონ ნებისმიერი ჩვენგანის მდგომარეობაში. ვიმეორებ, ამ სერიალში ბევრი ადამიანის დიდი შრომა იდება, რომ კვირის ბოლოს მაყურებელმა ტელევიზორთან ისიამოვნოს. მსახიობები ზოგჯერ იმ საოცარ შეფასებებს არ იმსახურებენ, ისინი მაყურებლისთვის გულით თამაშობენ...

"ზურასა და ჩემს ნიჭს მარინა ბერიძე ჩრდილს ვერ მიაყენებს... მე ზურა გავაბედნიერე" - რას ჰყვება მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე და როგორ პასუხობს ცნობილ პროდიუსერს

"გუშინდელი შერიგება არის პროცესების გაყინვა, დროებითი ჩახშობა - რთული რეგიონია" - რას ამბობს კონფლიქტოლოგი დმანისის მოვლენებზე?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები CERN-ის საერთაშორისო კონფერენციაში - CHEP 2021 იღებენ მონაწილეობას