"დღეიდან ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ოპოზიცია 15 მაისს რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბება.
"დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გეგმაზე, რაც თვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგონებასა და თბილისში. ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს მოხდება 15 მაისს.
დიახ, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს“,-აცხადებს უდუმაშვილი.