ავტორი:

"ჩემს ცხოვრებაში იყო ემოციური ნგრევა... რაღაც მხრივ ალკოჰოლზე დამოკიდებული ვიყავი" - რატომ ჩამოშორდა კოტე მათითაშვილი პლასტიკურ ქირურგიას და რა ტრანსფორმაცია განიცადა მან

"ჩემს ცხოვრებაში იყო ემოციური ნგრევა... რაღაც მხრივ ალკოჰოლზე დამოკიდებული ვიყავი" - რატომ ჩამოშორდა კოტე მათითაშვილი პლასტიკურ ქირურგიას და რა ტრანსფორმაცია განიცადა მან

"დადგა დრო, როცა დავიღალე ფსიქოლოგიურად, ემოციურად, ფიზიკურადაც და გავჩერდი“, - ამბობს წარმატებული პლასტიკური ქირურგი და ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი კოტე მათითაშვილი. ის უკვე შვიდი თვეა, რაც ჩამოშორდა როგორც ქირურგიას, ისე ყველა სხვა საქმიანობას. რა გზა გაიარა კოტემ ამ შვიდი თვის განმავლობაში, AMBEBI.GE-ს უამბობს...

- წარმატებული პლასტიკური ქირურგი, ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი უცებ ყველა საქმიანობას ჩამოშორდით, რა მოხდა?

- ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მას რაღაც ღლის ან ცვლილებაა საჭირო. 25 წელი ვეწეოდი აქტიურ ქირურგიულ პრაქტიკას, რამაც საკმაოდ დიდი დრო და ადამიანური ენერგია წაიღო. დავიღალე ფსიქოლოგიურად, ემოციურად, ფიზიკურადაც და გავჩერდი... შესაბამისად, რაღაც მომენტში გაჩნდა ის დაძაბულობა, რომელიც ხელს მიშლიდა ყოველდღიურ ცხოვრებაში - სამსახურში, სახლში, მეგობრებთან, საკუთარ თავთან და მივხვდი, რომ ან საკუთარი თავი უნდა შემეცვალა, ან გარემო, მაგრამ საქმე ისაა, რომ გარემოს შეცვლისას, ადამიანი საკუთარ თავს თუ არ შეცვლის, ისევ იგივე ვითარებაში აღმოჩნდება. ადგილს შეიცვლი, საცხოვრებელს თუ გარემო ფაქტორებს, შენ მაინც შენ ხარ.

- ხშირად ადამიანები ცვლილებას ტრაგიკული ცხოვრებისეული მომენტების შემდეგ ცდილობენ, თქვენ როგორ მიხვდით, რომ რაღაც უნდა შეგეცვალათ?

- არ ვიცი, რასთან დავაკავშირო, მაგრამ ჩემს ცხოვრებაშიც იყო ემოციური ნგრევა. დადგა მომენტი, როდესაც გარემო ფაქტორები გავაანალიზე, ჩემს თავს გვერდიდან შევხედე, დავაკვირდი რა მღლიდა, რით ვიყავი უკმაყოფილო, რით - კმაყოფილი; ბოლო წლებში რას მივაღწიე, რა ნეგატიური მომენტები გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რამ გადამღალა და გადამწვა. გარდა ამისა, შინაგანი ფაქტორებიც იყო. ადამიანმა შეიძლება, ისე დაალაგო ცხოვრება, რომ სრულიად ბედნიერი იყო, მაგრამ მე ისე მივყვებოდი ამ ყოველდღიურობასა და რუტინას დილიდან ღამემდე, ფიქრის დრო ნაკლებად მრჩებოდა. პასუხისმგებლობები, რომელიც აღებული მქონდა ჩემი ოჯახისა და ზოგადად, ჩემ გარშემო ადამიანების მიმართ, იმხელა წნეხი აღმოჩნდა, რომ დავიღალე. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ იმ ეტაპისთვის ჩემთვის ქირურგია ზედმეტი იყო. ასეთი არაადეკვატური რეჟიმი მქონდა, თან პანდემიის პერიოდი იყო. მოკლედ, მთელი რიგი ფაქტორები ჩაერთო იმაში, რომ მე საკუთარი თავისთვის და ცხოვრებისთვის გადამეხედა.

- რას აკეთებდით ეს თვეები?

- აღმოვჩნდი ისეთ სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც დამოკიდებულებების მკურნალობა მიმდინარეობს, იქ გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, ფსიქოლოგი, ძალიან ბევრი ახალი რამ ვისწავლე ჩემი თავისთვისაც და სხვებისთვისაც. მაშინ დიდი სურვილი მქონდა, რომ ამ დარგს მივყოლოდი და გამომეყენებინა ის ინსტრუმენტები, რომლებიც მე თვითონ გამომადგა იმ პერიოდში, როდესაც მიმაჩნდა, რომ გადავიღალე. ამ დროს ჭიდაობა, საკუთარ თავზე ძალადობა, გარეთ ხელის გაშვერა არ არის სწორი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ თვითონ მივხედავ საკუთარ თავს, "გადავარესტარტებ" ჩემს შინაგან სამყაროს, დავმშვიდდები, დავწყნარდები. 6-7 თვეა, სამსახურებს მოწყვეტილი ვარ, ყველა მიმართულებით.

- როგორც ახსენეთ, ამ სარეაბილიტაციო ცენტრში დამოკიდებულებების მკურნალობა მიმდინარებს, თქვენ რაზე იყავით დამოკიდებული?

- ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით დიდი დოზით მოვიხმარდი, მაგრამ რაღაც მხრივ ალკოჰოლზე ვიყავი დამოკიდებული. როგორც ყველა, მეგობრებთან ერთად მეც ვატარებდი დროს და ვქეიფობდი. ალკოჰოლის მოხმარება განულებული მაქვს. ამ თვეების განმავლობაში ყოფილა მომენტები, როცა ალკოჰოლი დამილევია, მაგრამ ისე, სიმპტომურად - არა. ალკოჰოლის მოხმარება - ეს არის დამოკიდებული ადამიანის ფსიქიკის სიმპტომი. ალკოჰოლით ცხოვრების შელამაზება აბსოლუტური სისულელეა. ფხიზლად ცხოვრება გაცილებით ლამაზია. რეალობის დანახვა ადვილი არ არის, მაგრამ ყველაზე სასიამოვნოა.

- არ გენატრებოდათ სამსახური, აქტიური ცხოვრების რიტმი?

- კი, როგორ არა. ჩემთვისაც და ქვეყნისთვის გულდასაწყვეტია, რომ ამ წლების განმავლობაში მომზადებული სპეციალისტი ამ დარგს ტოვებს. ეს აღიქმება, როგორც ყველასთვის ძალიან არასასიამოვნო რამ, მაგრამ მთავარი ის არის, თუ როგორი იქნებოდა ჩემი შინაგანი განწყობები. ვფიქრობ, საკუთარ თავზე მუშაობით შევძელი (აქ მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობაზეა ლაპარაკი) ის, რომ ახლა გამიჩნდა ხუთი ახალი სამსახური, ხუთი დამოუკიდებელი მიმართულება.

- როგორც ჩანს, ამ ძიებაში თქვენი მეუღლეც გვერდით გედგათ, მაგრამ პროტესტის მომენტები არ ჰქონდა?

- უდიდესი როლი აქვს ჩემ გვერდით მდგომ ადამიანს. მეუღლეა ყველაზე მნიშვნელოვანი ახლო მყოფი ადამიანი და ბუნებრივია, ეკას მხარდაჭერა გამოიხატებოდა იმაში, რომ იმ პერიოდში, როდესაც მე შევცვალე რეჟიმი, შევწყვიტე სამსახურში სიარული, მისი მხრიდან არ ყოფილა მითითება ან თხოვნა - აბა, ახლა იქნებ რამე დაიწყო! შეიძლება ითქვას, რომ ეკა ყავარჯენივით ამომიდგა. 25 წლის განმავლობაში არ მქონია პერიოდი, თუნდაც ერთი დღე არ მეშრომა. ამ ყველაფრის შემდეგ, ახალ რეალობაში, უცებ ასეთი კოტე რომ გაჩნდა, იფიქრა იმ ადამიანმა, - რაღაც ისე ვერ არისო. როგორც კი მიხვდა, რომ ემოციების დაწყნარება, დუღილის ტემპერატურის დაბლა დაწევა მჭირდებოდა, სრულიად ემპათიით მიუდგა ამ ამბავს.

- რა არის ის მთავარი ღირებულებები, რაც გადააფასეთ, როგორ აისახა ეს ცვლილებები თქვენზე?

- მთავარი, რაც ჩემში შეიცვალა, ეს არის არა მოვლენებში ცხოვრება, არამედ მომენტით ცხოვრება, აქ და ახლა. ჯერ კიდევ გამირბის ეს ყველაფერი და დილით საღამოზე ვფიქრობ. აქ და ახლა ცხოვრების ტექნოლოგია არის მთავარი, ამაზე ვმუშაობ და მინდა, მაქსიმალური სიკეთითა და სიყვარულით მივიღო და შევირგო ყველაფერი, რაც ხდება და ასევე გავცე ყველა სიკეთე. პირველ რიგში, ეს დავაფასე, მერე დავაფასე ყველა ადამიანი, ვინც ჩემ გვერდით არის. თუკი ადრე ამას სიყვარულს ვუწოდებდი, ახლა მე მათკენ უნდა ვიხრებოდე ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ არასწორად არ მიცხოვრია, მაგრამ ამას საზღვარი არ აქვს, შეიძლება, მეტი და მეტი გასცე. ადრე თუ ვიყავი - მე და სამყარო, ახლა ვცდილობ, მე ვიყო ამ სამყაროში. განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა, თუ ადრე ფიცხი გურული ვიყავი, ახლა დინჯი გურული გავხდი.

- დღეს, ამხელა გარდაქმნის შემდეგ, განვლილ ცხოვრებას რომ გადავხედოთ, რამეს შეცვლიდით?

- არავითარ შემთხვევაში. ყველაფერს ზუსტად ისე გავაკეთებდი, როგორც გავაკეთე, რადგან იმ გზით მოვედი იქ, სადაც მოვედი. სხვა რამ რომ გამეკეთებინა, შესაძლოა, ასეთი მომენტი ჩემს ცხოვრებაში არ დამდგარიყო. არაფერს ვნანობ, ყველა ჩემი შეცდომა მიყვარს, ჩემს თავს უამრავი შეცდომა ვაპატიე და ვისაც ვატკინე, იმათაც ვთხოვე პატიება. ჯერ არ ვიცი, რა მელის წინ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი რეალობა ისე განსხვავდება წარსულისგან, რომ ვერ აღგიწერთ.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია

მეუფე სტეფანეს განმარტებით,  სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები,  თითქოს აივნიდან მრევლის გადაყრა მისი ბრძანება იყო

ვინ მოიგო მომენტალურ ლატარია ,,ფარაონში'' 50 000 ლარი?

პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა