ავტორი:

"გახარიას გამოჩენა იძლევა იმის შანსს, რომ ეს დეფიციტი ცოტათი მაინც შეივსოს“ - NDI-ის კვლევის მიხედვით 40% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან არცერთი პარტია ახლოს არ არის

"გახარიას გამოჩენა იძლევა იმის შანსს, რომ ეს დეფიციტი ცოტათი მაინც შეივსოს“ - NDI-ის კვლევის მიხედვით 40% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან არცერთი პარტია ახლოს არ არის

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). სოციალური კვლევის პოლიტიკური ნაწილის რამდენიმე შედეგი ასეთია:

  • გამოკითხულთა 40%-სთვის მათ შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას, "ქართულ ოცნებას“ – 23%, "ნაცმოძრაობას“ კი - 7% ასახელებს. უარი პასუხზე - 14 %, არ ვიცი - 8 %, სხვა პარტიები - 7 %;
  • 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36% კი ცუდად;
  • გამოკითხული მოქალაქეების 50% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მათ ინტერესებს არ დაიცავენ, 33%-ს მიაჩნია, რომ დეპუტატები მათ ინტერესებს დაიცავენ, ხოლო 17%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს;
  • NDI-ის გამოკითხულთა 60%-ს კი მიაჩნია, რომ დეპუტატი გააკეთებს იმას, რასაც პარტია ეტყვის. განსხვავებულად ფიქრობს გამოკითხულთა 14%-ი.

ამომრჩეველთა და პარტიებს შორის შეხედულებების სიახლოვისა და პარლამენტისა და დეპუტატების მიმართ ნდობის ნაწილის შესახებ AMBEBI.GE-ს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა. მისი თქმით, არის რამდენიმე ტენდენცია, რაც კვლევებით ჩანს, მათ შორის ოპოზიციური პარტიების რეიტინგის ვარდნა და ინდიფერენტული ამომრჩევლების პროცენტული წილის ზრდის შეუქცევადი პროცესი. რას მიაწერს და რა შეიძლება, ამ ყველაფერს შედეგად მოჰყვეს?

- ეს შედეგები სავარაუდო იყო, რადგან ბოლო ხანებში სულ იზრდება ტენდენცია, როდესაც ამომრჩევლის ნაწილს არც ერთი პოლიტიკური პარტია აღარ უნდა... ასევე მკაფიოა ტენდენცია, როდესაც გაცილებით ძლიერია ოპოზიციური პარტიების რეიტინგის ვარდნა. უბრალოდ, ამ ტენდენციების ფონზე დამაფიქრებელი და გასაკვირია, ოპოზიციის პოზიცია, ისმის კითხვა, - აწყობს თუ არა ოპოზიციას განმეორებითი ვადამდელი არჩევნები, რადგან იმ არჩევნებში ხმების განაწილება დაახლოებით ამ შედეგებით მოხდება?

ოპოზიციას (ნაწილობრივ ხელსუფლებასაც, თუმცა ოპოზიციას უფრო მეტად) პოლიტიკური თამაშის კარგი უნარი, გააზრების სურვილი და ა.შ., რომ გამოევლინა, ანუ, თავის მოქმედებებით ამომრჩევლისთვის სიმპათია რომ გაეჩინა, რა თქმა უნდა, ეს შედეგი არ იქნებოდა. მაგრამ არც უცხოელებს და არც საქართველოს მცხოვრებლებს, ამომრჩევლებს არ ესმით, ოპოზიცია რა ნაბიჯებს და რატომ დგამს - ოპოზიცია, რომელმაც 60 საპარლამენტო მანდატი აიღო, რატომ არ შედის და საპარლამენტო ტრიბუნით რატომ არ იბრძვის, გაუგებარია. ასეთი გაუგებრობები მათ მხარეს ბევრი დაგროვდა და იმიტომ აქვს ის შედეგი, რაც აქვს.

"ქართულ ოცნება“ ამ რეიტინგს მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს. ოპოზიციის რეიტინგის დავარდნა პირდაპირ არ ნიშნავს "ქართული ოცნების“ რეიტინგის დაწევას, ისევე როგორც პირიქით. "ოცნების“ რეიტინგს თავის სამოძრაო მექანიზმები აქვს, ოპოზიციისას კი - თავისი.

რაც შეეხება იმ ადამიანების რაოდენობის ზრდას, რომელთანაც შეხედულებებით არც ერთი პარტია დგას ახლოს, ფაქტია, რომ "ოცნებას“ მაღალი რეიტინგი არ აქვს. ივანიშვილი რომ ივანიშვილია, იმანაც კი ის თქვა, - ვნატრობ იმ დროს, როდესაც ახალი ოპოზიციური პარტია გაჩნდება და "ოცნებას“ დაამარცხებსო, წარმატებულ პარტიაზე კი ამას არ ამბობენ.

"ოცნებას“ თავის სირთულეები აქვს, რაც ცალკე საუბრის და ანალიზის თემაა. საბოლოო ჯამში, ამ ფონზე დიდ ნაწილს არც "ოცნებისკენ“ მიუწევსს გული და როგორც ვთქვით, გაუაზრებელი ნაბიჯების გამო, არც ოპოზიციისკენ. რაც დრო გადის, რადგანაც ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯები მეტია, ნელ-ნელა იზრდება ნეიტრალურების, უფრო სწორად კი, ინდიფერენტულების პროცენტი.

- ნეიტრალურები, ინდიფერენტულები, ალბათ, ნიჰილისტებიც ბევრი არიან... ეს ხომ არ ტოვებს სივრცეს ახალი სხვა ძალისთვის, რომ ვაკუუმი შეივსოს და რამდენად შეიძლება, ეს გიორგი გახარიამ გააკეთოს?

- დიახ, პოლიტიკური ნიჰილიზმი დიდად მოსაწონი რამ არ არის, მაგრამ ეს ბევრ ქვეყანაში გვხვდება. ჩვენთან ამას კიდევ სხვა უბედურება ემატება - ანგარიშგასაწევი პარტიების რიცხვია ძალიან ცოტა. პრაქტიკულად, ერთპარტიულ მმართველობას მივიღებთ ძალაუნებურად, რაოდენობა რომ დაითვალო, ამ დროს კი ქვეყანაში საპარლამენტო რესპუბლიკაა. საპარლამენტო რესპუბლიკის, დემოკრატიულობის მექანიზმი მრავალპარტიულობაა და თუ მრავალი პარტია არ გაქვს, იქ დემოკრატიაზე ლაპარაკი ზედმეტია. ასეთ პირობებში ჩავარდნილ ქვეყანას ელემენტარულად, სჭირდება პარტიები. მე მძლავრ პარტიებს ვგულისხმობ - სუსტი პარტიები ბევრია, მაგრამ ძლიერი რეიტინგის, ხალხის მხარდაჭერის მქონე პარტიები ნამდვილად ცოტაა. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გახარიას გამოჩენა იძლევა იმის შანსს, რომ ეს დეფიციტი, მეტ-ნაკლებად, ცოტათი მაინც შეივსოს.

ამასთანავე, გახარიას გაჩენით ვაკუუმის შევსების საინტერესო პრინციპი შეიძლება გაჩნდეს. რადგან "ნაციონალური მოძრაობა“ იყო ოპოზიცია, ოპოზიციაში მყოფი პარტიების (და ოპოზიციაშია ყველა, ვინც ხელისუფლებაში არ არის) სტილი "დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც "ნაციონალური მოძრაობის“ - ლანძღვა-გინება, ჩხუბი და ა.შ. ეს ოპოზიციაში იმდენად დამკვიდრებულია, რომ ელისაშვილს გაუკვირდა კიდეც, გახარია სოლიდური პოლიტიკური ფიგურაა და ოპოზიციაში როგორ ჩაეწერებაო?! იგულისხმა, რომ ოპოზიციაში ყოფნისთვის სოლიდურობა უკვე მოუხერხებელი, შეუთავსებელი თვისებაა. მაგრამ თუ გახარია პარტიას შექმნის და დამკვიდრდება, როგორც ოპოზიციური პარტია, ამასთანავე, არ უღალატებს თავის სოლიდურობას და პოლიტიკურ გემოვნებას, მაშინ ის დაამკვიდრებს ოპოზიციის ახალ სტილს და ამას ვთვლი ყველაზე დიდ სავარაუდო შედეგად - დამკვიდრდება, რომ ოპოზიციონერობა არ ნიშნავს ლამის ქუჩის დონეზე დაპირისპირებას ვინმესთან და ეს ისეთივე სოლიდური პროცესია, როგორც ხელისუფლებაში ყოფნა, სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ჩამნაცვლებელი სწორედ ოპოზიცია უნდა იყოს - თუ პარტია არასოლიდურია, არ გიჩნდება სურვილი, მას ხელისუფლების საჭე მიაბარო. გახარიამ ასეთი ოპოზიციის სოლიდურობა შეიძლება გააჩინოს, რაც თავის მხრივ, მომავალში სრულიად ახალი ტიპის ოპოზიციურ პარტიებს წარმოშობს (იმედი მაქვს).

- გახარიას შემთხვევაში, სოლიდურობა გარკვეულწილად პრობლემაც შეიძლება იყოს, ვინაიდან უკვე ბევრი, მათ შორის პოლიტიკოსები და ექსპერტები ფიქრობენ, რომ რეალურად, გიორგი გახარია, როგორც მესამე ძალის შემქმნელი, ბიძინა ივანიშვილის მორიგი პროექტი იქნება, რა ეჭვიც შესაძლოა, მისი სოლიდურობით განმტკიცდეს...

- ჩვენ მიშას ოპოზიციონერობის სტილს მივყვებით. ახლახან მიშამ ოპოზიციურ ჭრილში არა, მაგრამ კრიტიკა წარმოთქვა იმ პოლიტიკოსების, მათ შორის უცხოელების მიმართ, ვინც მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური ველიდან უნდა გავიდეს და გამოაცხადა, რომ ისინი "უნამუსოები და იდიოტები“ არიან. ახლა, ეს პოლიტიკური სტილია?! თუკი ჩავთვლით, რომ პოლიტიკური ოპოზიცია მარტო ის არის, ვინც სხვას "იდიოტს“ და "უნამუსოს“ უწოდებს, მაგალითად, იმავე ივანიშვილს, გახარია ამ სტილის ოპოზიციონერი ნამდვილად არ იქნება - არც ივანიშვილის მიმართ, სხვათა შორის, და დარწმუნებული ვარ, არც მოქმედი ოპოზიციონერი ფიგურების მიმართ, რადგან სტილის მომენტი მასში წამყვანია. პრინციპში, თუკი მოსახლეობა შეეჩვევა, ყურადღება მიაქციოს, რას ამბობს ადამიანი და ამის მიხედვით ჩათვალოს, ეს ადამიანი ოპოზიციონერია თუ არა, და არა იმას, თუ როგორ ამბობს, ანუ შეურაცხყოფას აყენებს თუ არა. ყველაფერთან ერთად, ეს ჩვენთვის, საზოგადოების განვითარებისთვისაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

- რაც შეეხება მონაცემებს პარლამენტისა და დეპუტატების მიმართ ნდობის ხარისხთან დაკავშირებით, როგორ შეაფასებთ NDI-ის გამოკითხვის შედეგებს ამ კუთხით და თქვენი შეხედულებით, რა გაზრდიდა პარლამენტისადმი ნდობას?

- გამოსავალი იქნებოდა მაჟორიტარული არჩევნები, ჩემი აზრით, მთლიანად მაჟორიტარული - ისე, როგორც აშშ-ში. ეს ადამიანები არ ცდებიან იმაში, რომ რასაც პარტიის ლიდერი უბრძანებს, იმას გააკეთებენ პარტიის წევრები. იმ პარტიების მდგომარეობა, სადაც სიას პარტიის ლიდერი ადგენს, ასეთია: მერე ყველა დეპუტატი მასთანაა ანგარიშვალდებული და მის ნათქვამს აკეთებს. "ევროპა, ევროპა“ გვაქვს აკვიატებული, მაგრამ ჩვენ რამდენად კარგად გვერგება ევროპული მოდელი ან თვითონ ევროპასაც როგორ ერგება, ეს აღარ დაგვიზუსტებია და ავიტეხეთ პროპორციული სისტემა. პროპორციული სისტემის შედეგია, რომ ასე მოქმედებენ პოლიტიკოსები, მეორე შედეგი კი ისაა, რომ ამას ამომრჩეველი ამჩნევს და ამიტომ, მისადმი დიდი ნდობით არაა განმსჭვალული.

დეპუტაცია პარლამენტში და მხარდამჭერები "ოცნების" შიგნით - ვინ შეიძლება ვიხილოთ გიორგი გახარიას მომავალ პოლიტიკურ გუნდში?

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

რა წერია უკრაინისა და საქართველოს შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა