ავტორი:

"სრული სისულელეა, რომ ასოცირების დღის წესრიგს შეგვიჩერებენ... ვერც კი წარმომიდგენია, ქვეყანას სანქციები დაუწესდეს" - როგორ აფასებს ზალკალიანი ამერიკელი სენატორების განცხადებებს

"სრული სისულელეა, რომ ასოცირების დღის წესრიგს შეგვიჩერებენ... ვერც კი წარმომიდგენია, ქვეყანას სანქციები დაუწესდეს" - როგორ აფასებს ზალკალიანი ამერიკელი სენატორების განცხადებებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამორიცხავს, რომ კონკრეტული პირების ან ქვეყნის მიმართ სტრატეგიულმა პარტნიორებმა სანქციები დააწესონ.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობს იმაზე, რომ საქართველოში რაც შეიძლება მძიმედ იყოს სიტუაცია და ქვეყანას სანქციები დაუწესდეს, რომ ეს ხელისუფლებაში მოსვლისთვის გამოიყენონ.

„არათუ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვერც კი წარმომიდგენია მსგავსი სცენარით განვითარება. სამწუხაროდ, ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მძიმედ იყოს სიტუაცია საქართველოში და ქვეყანას დაუწესდეს სანქციები, რომ ეს გამოიყენონ ხელისუფლებაში მოსვლისთვის. ეს არის მათი დღის წესრიგი, მეტი არაფერი. ვიზიარებ და ვემხრობი, რომ უნდა მივიღოთ რეზოლუცია, სადაც იქნება მოწოდება ორივე მხარეზე და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მაგრამ შეგახსენებთ არჩევნების წინა პერიოდს, ოპონენტების გამოსვლებს, როგორ თამამად აცხადებდნენ ისინი, რომ რეზოლუცია იქნება მიღებული, აპროპრიაციის აქტი იქნება მიღებული, ეროვნული თავდაცვის აქტი იქნება მიღებული, სადაც პირდაპირ იქნება სანქციები ჩადებული, ვნახეთ ჩვენ ეს ყველაფერი? - არაფერი! ვერაფერი ვერ ვნახეთ. კიდევ ერთი ფუჭი მცდელობა იქნება ამჟამადაც, რადგანაც სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ჩვენ, ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორი თანმიმდევრულია საქართველო ნაკისრი ვალდებულებების. რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს პროცესი ვერ განხორციელდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე. ამიტომ მე საფრთხეს ვერ ვხედავ და გარწმუნებთ, რომ არანაირი ბმა და პირობითობა მომავალში არ იქნება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ, საქართველოსთვის ასოცირების დღის წესრიგის გადახედვაზე საუბარი არ ყოფილა.

როგორც მან განმარტა, ასოცირების დღის წესრიგის შეჩერებაზე საუბარი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობაა. ამასთან, ზალკალიანის თქმით, წელს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციამ უმაღლესი შეფასება მიიღო.

„ვინც ამას ამტკიცებს და ბმას აკეთებს ასოცირების შეთანხმების შეწყვეტასთან დაკავშირებით, არ მინდა ცუდი რამ გამოვიყენო, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მავნებლობა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სვლაა, მეტი არაფერი, რადგან მსგავსი რამ არ განხილულა და არც იქნება.

უშუალოდ მივიღე მონაწილეობა პრემიერ-მინისტრთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაში, ეს მეექვსე სხდომა იყო. წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩემი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ასეთი შინაარსიანი, კარგი, გამორჩეული საბჭო ჩვენ არ გვქონია. ეს რომ ასეა, ნახეთ ტექსტი, ერთობლივი დეკლარაცია, რომლის წაკითხვაც ყველაფერს ნათელს მოჰფენს. ჩვენი ევროპელი პარტნიორები სრულად უჭერენ მხარს იმ რეფორმებს, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განხორციელების თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების, პოლიტიკური თანამშრომლობის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესრულების თვალსაზრისით. ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციამ უმაღლესი შეფასება მიიღო, ყველაზე პოზიტიური მას შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ამიტომ, სრული სისულელეა ის, რომ ასოცირების დღის წესრიგს შეგვიჩერებენ. ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობაა.

რაც შეეხება დანიელსონის და მიშელის ჩართულობას, მივესალმებით, რომ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი საქართველოში ჩამოვიდა და უშუალოდ მისი მონაწილეობით მოხდა მედიაცია. ეს მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ მაღალ დონეზეა ევროკავშირისთვის საქართველოს თემატიკა და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ქვეყანაში სტაბილურობა. ჩვენ ახლა იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ გრძელვადიან პოლიტიკურ კრიზისში შევიდეთ. შეხედეთ რა ხდება ჩვენს გარშემო რეგიონში. უამრავი გამოწვევა, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკის რეაბილიტაციის, პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, უსაფრთხოების კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციით, ჩვენ დაკავებული ვართ პარლამენტში შესვლა-არშესვლით და ვიღაცების დარწმუნებით, რომ პარლამენტში შედით. ეს არ არის სწორი და სამართლიანი შენი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციური სპექტრი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე თამამ ნაბიჯებს გადადგამს და საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდება.

„იმედი მაქვს, ის საღი ძალა, რომელიც ოპონენტებს შორის არის და არა რადიკალური ფრთა, რომელსაც მძევლად უჭირავს დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი, შესაბამის დასკვნას გააკეთებს და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე თამამ ნაბიჯებს გადადგამს. მერწმუნეთ, ამას ქართველი ხალხი, მათი ამომრჩეველი შესაბამისად დააფასებს და დაინახავს “, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სენატში გაკეთებული განცხადებები აღიქვა ისე, როგორც შეესაბამება სტრატეგიულ პარტნიორობას.

მისივე თქმით, ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი ორპარტიული მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს აქვს ამერიკის კონგრესში.

„იყო გზავნილი ქვეყნის მიმართ, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე და ერთგული დასაყრდენი რეგიონში. სწორედ აქედან გამომდინარე იყო აღქმული გუშინდელი გზავნილები, რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოში სტაბილურობა, ამიტომ საქართველოში სტაბილურობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, როგორც გარე საფრთხეების მინიმიზაციის თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესით. სწორედ ამ კონტექსტში გავიგეთ ჩვენ ძალიან ადეკვატურად გუშინდელი განცხადებები, რომლებიც იყო ცალსახად მხარდამჭერი საქართველოს მეგობრების გზავნილები საქართველოს მიმართ, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ვფიქრობ, რომ გუშინ ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი.

რამდენიმე მომენტზე მინდა ყურადღება გავამახვილო, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებით იყო გზავნილი, რომ ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური, არანაირი კითხვისნიშანი არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ ყოფილა გუშინდელი განხილვის დროს, კვლავ იყო გამეორებული საერთაშორისო სამონიტორო მისიის, როგორიც არის ეუთო/ოდირის დასკვნა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, იყო თავისუფალი, სრულ თავსებადობაში იმ ფუნდამენტურ უფლებებთან, რაც არის საერთაშორისოდ აღიარებული. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი და კიდევ ერთხელ წერტილი დაესვა ყოველგვარ სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და აქედან გამომდინარე, ის ხელოვნური კრიზისი, რომელიც არის შექმნილი ამ არჩევნების ვითომდა არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, მე მგონი, დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გულისხმობდა მოწოდებას ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომლებსაც მოსახლეობამ პოლიტიკური ლეგიტიმაცია მიანიჭა, თუმცა ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან და უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე.

ზალკალიანის თქმით, ეს არ შეეფერება იმ ქვეყანას, რომელსაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება სურს.

„კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მრავალპარტიული მრავალფუნქციურებადი პარლამენტი არის საფუძველი დემოკრატიული სახელმწიფოსი, ამიტომ არ არის მიღებული საერთაშორისო თანამედროვე ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკაში, რომ პარტიებმა, მხედველობაში მაქვს ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მიიღეს ამომრჩევლის სერიოზული მხარდაჭერა, უარს ამბობენ და არ შედიან პარლამენტში.

მესამე გზავნილით კი საბოლოოდ წერტილი დაესვა სპეკულაციებს საქართველოს ხელისუფლების ე.წ. პრორუსულობასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიხილეთ ძალიან მკაფიო განცხადებები, როგორც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მხრიდან, ასევე აშშ-ის სენატორების მხრიდან, რომ ქვეყანა თანმიმდევრულია. და ქვეყანა მიდის დასავლური კურსით და ეს ყველაფერი შეუქცევადია“, - განაცხადა ზალკალიანმა.

"თუ ახლა ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, შეიძლება მერე რუსები მოვიდნენ დასალაგებლად" - იაგო ხვიჩია

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"რატომღაც ქალბატონ ანიტას არ უყვარს ქართველი პოლიტიკოსი ქალები" - წულუკიანი რაჭველიშვილს პასუხობს