ავტორი:

ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებ-გვერდზე "ფაიზერის" ვაქცინა 18:00 საათზე გამოჩნდება - მოქალაქეები აცრას 30 მარტიდან შეძლებენ

ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებ-გვერდზე "ფაიზერის" ვაქცინა 18:00 საათზე გამოჩნდება - მოქალაქეები აცრას 30 მარტიდან შეძლებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვებ-გვერდზე, რომელზეც მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან ერთად „ფაიზერის“ ვაქცინა 18:00 საათზე გამოჩნდება.

როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ვაქცინებს შორის არჩევანს მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციამდე აკეთებს.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან ერთად, „ფაიზერის“ ვაქცინა გამოჩნდება 18:00 საათზე. თუ რომელი პრეპარატით უნდა აიცრას მოქალაქე, არჩევანი გაკეთდება სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციის დაწყებამდე. როდესაც მოქალაქე გააკეთებს არჩევანს და აირჩევს „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერს“ შორის, გამოჩნდება განსხვავებული სამედიცინო დაწესებულებები, ექვსი დაწესებულება „ფაიზერის“ არჩევნის შემთხვევაში და სხვა დანარჩენი დაწესებულებები რეგიონის მიხედვით „ასტრაზენეკას“ არჩევის შემთხვევაში. არჩევანს მოქალაქე აკეთებს გარკვეული ლიმიტაციის ფარგლებში, ვიდრე ჩვენ გვეყოფა 14 500 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა, შემდეგ პროცესი გაგრძელდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, მაგრამ არჩევანი კეთდება მანამდე, ვიდრე მივა სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინით მოქალაქეები აცრას სამშაბათიდან, 30 მარტიდან შეძლებენ. გაბუნიას განმარტებითვე, „ფაიზერით“ ვაქცინაცია 6 კლინიკაში განხორციელდება.

„უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება სამშაბათი დღიდან, რადგან კლინიკებში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, მოქალაქეები არიან დარეგისტრირებული და „ფაიზერის“ ვაქცინაციაზე სრულად გადმოწყობა სამშაბათი დღიდან მოხერხდება 6 კლინიკაში. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება სხვა დანარჩენ დაწესებულებებში, ამჟამად 20 სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ცენტრები ისევ გაიხსნება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ფაიზერის“ ინექციიდან განმეორებით ინექციამდე ინტერვალი 21 დღე უნდა იყოს.

„ფაიზერის“ შემთხვევაში 21 დღე არის ის ინტერვალი, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ ინექციიდან ინექციამდე, ამ შემთხვევაში 3 კვირა გამოდის, მაშინ როცა, „ასტრაზენეკას“ დროს, 8-დან 12 კვირამდეა ინტერვალი. ამიტომ, ფაიზერის ის დოზები, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გაიყოფა ორ ნაწილად, 14 500 ადამიანი აიცრება პირველი დოზით, დოზებს შევინახავთ რათა, ეს ადამიანები 3 კვირაში განმეორებითი დოზით აიცრან. ასე სწრაფად ჩვენ დამატებით, „ფაიზერის“ ვაქცინის მიღებას არ ველოდებით, ამდენად, დოზები გაიყოფა“, - განაცხადა გაბუნიამ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ბოლო 24 საათში, საქართველოში 70 პირი აიცრა

საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"ტროიკა” დაშლილია, გადაცემა დახურულია!" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი "რუსთავი 2"-ზე კიდევ ერთი გადაცემის დახურვის თაობაზე?