ალერგოლოგ-იმუნოლოი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ მენსტრუაციის დროს სასურველია, ვაქცინაცია რამდენიმე დღით გადაიდოს.
ამის შესახებ მან "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ მენსტრუაციულ პერიოდში, ჰორმონალური ძვრები მიმდინარეობს, რის გამოც, კვინკეს შეშუპებების განვითარება მეტად არის დამახასიათებელი.
"მენსტრუაცია ზოგადად არ ცვლის პროცესს, არსად არ წერია, რომ ამ დროს არ შეიძლება აცრა.
უბრალოდ, მენსტრუაციულ პერიოდისთვის, აქტიური ჰორმონალური ძვრების გამო, უფრო მეტად არის დამახასიათებელი კვინკეს შეშუპებების განვითარება.
ჩვენ მოგვმართავენ პაციენტები კვინკეს შეშუპების დროს და გამოკითხვისას ვეკითხებით, უმიზეზო შეშუპება ხომ არ ემთხვევა მენსტრუაციული ციკლის პერიოდს და პაციენტები ადასტურებენ.
იმის გამო, რომ ეს თანხვედრა არის, სასურველია ქალებმა მენსტრუაციის პერიოდში აცრის გაკეთებისგან თავი შეიკავონ. რამდენიმე დღით გადავადებაში ცუდი არაფერი არაა" - განუცხადა კულუმბეგოვმა "ნეტგაზეთს".