ავტორი:

"ვხუმრობ, ბავშვების და მანქანის კეთება ერთდროულად დავიწყეთქო" - "სათონეში" აწყობილი "კაბრიოლეტის" ამბავი, რომელსაც კახელმა მექანიკოსმა ცოლის სახელი დაარქვა

"ვხუმრობ, ბავშვების და მანქანის კეთება ერთდროულად დავიწყეთქო" - "სათონეში" აწყობილი "კაბრიოლეტის" ამბავი, რომელსაც კახელმა მექანიკოსმა ცოლის სახელი დაარქვა

კისისხეველმა ავტომექანიკოსმა თამაზ მეტრეველმა ცხოვრების და "ელენეს" აწყობა ერთდროულად დაიწყო. 30 წლის წინ საკუთარი ხელით "სათონეში" დაიწყო რეტრო "კაბრიოლეტის" შექმნა და ვინაიდან მის დიდ სიყვარულს უკავშირდებოდა, ავტომობილს მეუღლის სახელი დაარქვა.

"ახლა მედავებიან, რატომ ოთხადგილიანი არ გააკეთეო. სხვა მანქანა მყავდა და ეს სპეციალურად ჩემი მეუღლისთვის, ჩემი სიყვარულისთვის ავაწყე, რად მინდოდა ოთხიანი, ორი კაციც საკმარია", - გვეუბნება თამაზ მეტრეველი და AMBEBI.GE-ს "ელენეს" შესახებ მოუთხრობს, რომელიც სამი ათეული წელია, მნახველების მონუსხვას ახერხებს, მას კი ერთგულ მეგზურობას უწევს.

"ეს იყო პეტერბურგში... უჰ, რამდენი ხნის წინ იყო, ლამის 30 წელია, რაც ეს მანქანა ავაწყე. თელავის ახლოს, სოფელ კისისხევში ვცხოვრობ, წლების განმავლობაში თბილისში ვმუშაობდი და მთელი ქალაქი ცნობდა ჩემს "კაბრიოლეტს”. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 1990 წელს თეატრში დავიწყე მუშაობა, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე მუშაობდა, დიდი სიყავრული გვქონდა და შევუღლდით კიდეც. ძველი მანქანები მიყვარს ძალიან, სულ მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა და ცოლი რომ მოვიყვანე. ვხუმრობ ხოლმე, ბავშვების და მანქანის კეთება ერთდროულად დავიწყე. მეუღლეც მეხმარებოდა რაღაცეებში, გვერდში მედგა, ხან ჩაის მომაწვდიდა, ხან რას და მანქანაც ნელ-ნელა აეწყო, 1993 წელს დავასრულე მუშაობა. რეტროა, ძველი დიზაინით, პატარა, ორადგილიანი.

თბილისში ვმუშაობდი და ამ მანქანით დავდიოდი წლების განმავლობაში. ამის გარდა, სხვა მანქანაც მყავდა, ზაფხულობით სულ "კაბრიოლეტით" დავდივარ. მეუღლე როცა მეხმარებოდა მანქანის მშენებლობაში, მეუბნებოდა ხოლმე, რას დაარქმევო. ვუთხარი, ამას შენ მოგიძღვნი, როგორც ჩემს სიყვარულს-თქო და მისი სახელი – ელენე დავარქვი. ელენემ სამი ბიჭი მაჩუქა... ავტომანქანამაც კარგი ერთგული სამსახური გამიწია. ბენზინზე მუშაობს, შიგა წვის ძრავა აქვს. მაშინ ჟიგულები იყო მასიურად და მისი ნაწილები გამოვიყენე. პროფესიით ავტომექანიკოსი ვარ და არ გამჭირვებია. ზოგი ნაწილი მაღაზიაში შევიძინე, ზოგიც - მაჩუქეს, ახლა ჭირს ეს თორემ... მერე ჩემი სათონეში აწყობილი “ელენე” თბილისში ჩამოვიყვანე გასაფორმებლად, “გაი”-ში, შეამოწმეს ინჟინრებმა, “გონშიკებმა”... მახსოვს, ვიღაც ბაგრატიონი იყო... ჩემმა მანქანამ მოთხოვნები დააკმაყოფილა და გამიფორმეს.

რამდენიმე წელი ვიმუშავე თბილისში, გლდანში და იქ მოდიოდა ტარიელ ტრაპაიძე - იმ დროს გაზეთი "გლდანი" გამოდიოდა და მისი რედაქტორი იყო, ხშირად მოდიოდნენ ჟურნალისტები და გაზეთებშიც ვიბეჭდებოდი, გვიღებდნენ სურათებს... მერე, წერეთელზე იყო გამოფენა და იქ მივიღე მონაწილეობა, თბილისობაზეც გამოვდიოდი. თბილისის ქუჩებში ჩემს მანქანას ყველა ცნობდა, ყველა თვალს აყოლებდა.

"ელენე" ტენტიანი "კაბრიოლეტია", ორადგილიანი. ახლა მედავებიან, რატომ ოთხადგილიანი არ გააკეთეო. სხვა მანქანა მყავდა და ეს ჩემი მეუღლისთვის გავაკეთე, ჩემი შეყვარებულისთვის და რად მინდოდა ოთხიანი, ორი კაცი საკმარია.

სამწუხაროდ, მას მერე აღარ მიცდია ახლის შექმნა, ეს ქვეყანა აირია-დაირია, ყველაფერი უკან წავიდა, მანქანის აწყობა კი არა, ადამიანმა ოღონდ ლუკმა-პური იშოვოს. მაშინ უფრო ადვილი იყო, ამის საშუალებაც იყო, გამონაცვალ, ძველ ნაწილებს მჩუქნიდნენ, ოღონდ რამე გააკეთე, ძმაოო და ახლა კიდე ყველაფერი ფულია. თან ოჯახი, სამი ბიჭი, ასაკმაც მომიწია.

კისისხევში ჩემი სახლი ფოტოატელიესავითაა, გზისპირას ვცხოვრობ და ხშირად შემოდიან უცხოელები. ჩვენთან ახლოსაა გერმანელების სასტუმრო "შუხმანის ღვინის სახლი" და უცხოელები რომ აივლიან-ჩაივლიან, ყველანი ჩვენთან შემოდიან, სურათებს იღებენ, აღტაცებაში მოდიან და არის ერთი ამბავი. მეკითხებიან, როგორ გააკეთეო და ჩაქუჩს და ბრტყელტუჩას ვუჩვენებ და უკვირთ, რა თქმა უნდა. იმდენად ლამაზი იყო, ყველა გაოგნებული იყო. “ელენე” ჩემი სიამაყეა.

"აუცილებლად უნდა შემოვკრათ "განგაშის ზარებს", რადგან უცბათ შეიძლება, ნახტომისებური ზრდა იყოს ქვეყანაში" - გამყრელიძე

კახა კალაძე  ებრაელ თანამოქალაქეებსა და ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იყოს საყოველთაო, მაგრამ არა სავალდებულო - "აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს..."