პროფესიონალი მძღოლობით შეიძლება, ბევრმა დაიკვეხნოს, მაგრამ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ნიჭი და უნარი ბევრს არ აქვს... გარდა ამისა, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გადასცემს ცოდნას მასწავლებელი. ჩვენი რესპონდენტი ილია ქობულაშვილი დიდი მოთმინების უნარითა და მოსწავლეებთან განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა. ამიტომაც, დიდი ხნის ფიქრი არ დასჭირვებია და კერძო ავტოსკოლა გახსნა. თავიდან კლიენტების სიმცირეს განიცდიდა და მათთან ურთიერთობის დაწყებაც უჭირდა.
- რამდენია ხანია, რაც მუშაობთ?
- თითქმის ერთი წელია... აქ მუშაობის დასაწყებად შესაბამისი ბაზაა საჭირო და აუცილებელია, გახსნა მომსახურების სააგენტო. 1998 წელს ავიღე მართვის მოწმობა. მძღოლობის რამდენიმეწლიანმა პრაქტიკამ დამანახვა, რომ ეს საქმე მესმოდა და დიდი ხნის ფიქრი არ დამჭირვებია იმისთვის, რომ პატარა ბიზნესი წამომეწყო...
- ალბათ გახსოვთ პირველ კლიენტებთან ურთიერთობა...
- რასაკვირველია, უცხო ადამიანთან მანქანის ტარებისას ცოტა დაძაბული ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გახსნილი ვარ და არც ადამიანებთან ურთიერთობა მიჭირს. თუმცა უფრო მეტად გამიჭირდა კლიენტების მოზიდვა. პირველ ხანებში სხვადასხვა სასწავლებლის წინ დავდიოდი, მანქანაზე სარეკლამო ბანერი მქონდა გაკრული, ზედ მიკრული მქონდა ჩემი საიტის მისამართი და ტელეფონის ნომრები. დღის განმავლობაში ათზე მეტი მოსწავლე მოდიოდა, მაგრამ ყველას ერთი და იმავე მონდომებით ვასწავლიდი და ახლაც ასეა. მერე ერთმა რომ ჩააბარა, თავის ახლობელთან გამიწია რეკომენდაცია, იმან სხვასთან და ასე გაავრცელეს ჩემი კოორდინატები მადლიერმა მოსწავლეებმა.
- ძირითადად რა ასაკის მოსწავლეები მოდიან?
- თითქმის ყველა ასაკის. შუახანს გადაცილებული მოსწავლეც მყოლია. ისე კი, ძირითადად, ახალგაზრდები და უმეტესად, გოგონები... სანამ მოსწავლე პრაქტიკაზე გადავა, ერთთვიანი თეორიული კურსის გავლა უწევს და ეს პერიოდი მყოფნის მისი ხასიათის მთავარი შტრიხების შესასწავლად. ეს აუცილებელია მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში...
- ტარების სწავლა რაზეა დამოკიდებული, რატომ ჭირს ბოლო დროს გამოცდის ჩაბარება?
- მოსწავლის მონაცემებსა და მონდომებაზეა დამოკიდებული. როცა ადამიანი საკუთარი ინიციატივით, სწავლის სურვილით მოდის, ყოველთვის თუ არა, ხშირ შემთხვევაში მაინც კარგად ითვისებს, თუმცა, ისეთი მოსწავლეც მახსოვს, ძალიან უნდა, მართვა ისწავლოს, მაგრამ არ გამოსდის... რამდენიმე ბიჭი მახსოვს, რომლებიც მამებმა ძალით მოიყვანეს და მანქანის დაძვრასაც კი დიდი ხანი სწავლობდნენ. არადა, იქ უამრავი ისეთი ელემენტია, რაც მართვის მოწმობის ასაღებად სჭირდებათ და მისი ცოდნის გარეშე არაფერი გამოუვათ. მით უფრო, რომ ახლა ძალიან გართულდა მოწმობის აღება... ძალით მოყვანილი ბიჭები კი უბრალოდ ისხდნენ მანქანაში, არ უნდოდათ მოწმობის აღება და აღარც თავს იწუხებდნენ.
- გასაკვირია, ბიჭს მანქანის ტარების ინტერესი არ ჰქონდა?
- ასეთებიც არიან, მამები რომ ძალით მოათრევენ... ბევრი ისეთი მოდის, ვისაც უნდა, მართვის მოწმობა ჰქონდეს, მაგრამ მძღოლობის მონაცემები ყველას არ აქვს. ისე, როგორც ყველა კოსმონავტი ვერ გახდება, ვერც მძღოლი გახდება. ის, ვინც მანქანის ტარება იცის, უბრალოდ, თეორიის ასათვისებლად მოდის და ტარება მამისგან, ძმაკაცებისგან, ან სულაც თავისით აქვს ნასწავლი.
- რაც შეეხება სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მათ მამაკაცებისგან განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ?
- დიახ, უფრო ფაქიზად უნდა მიუდგე - მოეფერო, რომ არ დაიბნეს და საერთოდ, ქალები ბევრად პრეტენზიულები არიან. ხშირად იბუტებიან, არ მინდა ამის სწავლა, არ გამომდის და არ შეიძლება, არ ვისწავლოო?!. ყოფილა შემთხვევა, არაერთხელ ამიხსნია ის დეტალი, მაგრამ მაინც ვერ იგებენ. ჯერ ნაზად მიღიმიან, მერე ითრგუნებიან, მერე უკვე თვალები უწითლდებათ და ცრემლებს ებრძვიან, ამ დროს მასწავლებელს ნერვები და მოთმინება უნდა ეყოს, რომ არ დაუყვიროს. ყვირილით შედეგს მაინც ვერ მიაღწევ...
ერთხელ 58 წლის ქალბატონი მოვიდა, მართვის მოწმობა უნდა ავიღოო. ცოტა პრეტენზიული კი იყო, მე ასე არ მინდა, ვერ ვიმახსოვრებ და ჩემებურად რომ გავაკეთო, ან საერთოდ რომ არ შევასრულო, არ შეიძლებაო?!. თან ეს ისეთ ელემენტარულ რაღაცებზე სჭირდა, როგორიც არის ავტომობილის "ბოქსში" დაყენება... ასეთი მოსწავლის ქუჩაში გადატანა, ანუ ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება, ყოველთვის ძნელია. ძირითადად, პირველი-მეორე მცდელობა ნებისმიერი ახალბედა მძღოლისთვის დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული, რაც უნდა თავდაჯერებული იყოს, და ასეთ შემთხვევაში მით უმეტეს.
- გავრცელებული აზრით, ე.წ. "ავტომატიკაზე" ნასწავლი ტარება ყოველთვის პრობლემებს ქმნის...
- ჯობია, მართვა მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანაზე ისწავლოთ. ბიჭები მექანიკას უფრო ადვილად ითვისებენ და ბევრი ჩემი ყოფილი მოსწავლე ვიცი, რომელიც დღემდე "მექანიკით" დადის, გოგონებს კი უჭირთ და თავბედს იწყევლიან, ვინ გამოიგონა ეს მექანიკა, არ შეიძლება, თავიდანვე ავტომატიკა იყოსო?!.. თქვენ იცით ტარება?
- არა, სამწუხაროდ, ავტომატიკას უსაფრთხო ადგილას გავატარებ და მექანიკაზე არაფერი გამომივიდა... ის სამი პედალი თავგზას მიბნევს...
- თქვენ გამონაკლისი არ ხართ, უმეტესობას ასე ემართება, მუხრუჭისა და ე.წ. "სცეპლენიეს" პედალი ერევათ გოგონებს ერთმანეთში. ვინ გასწავლიდათ ტარებას?
- ძმა...
- იმიტომ გკითხეთ, რომ ძალიან ბევრი ისეთი მოდის, ვისაც ძმა, შეყვარებული ან მეუღლე ასწავლიდა ტარებას და თავიდანვე "ავტომატიკით" იწყებენ, ეს ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ძალიან ცუდია, ვინაიდან არასწორად აქვთ ნასწავლი. მირჩევნია, მოსწავლემ მანქანის დაქოქვაც არ იცოდეს, უფრო ადვილად ვასწავლი, ვიდრე "ავტომატიკაზე" ნაწვალებს. როცა შინაური ასწავლის გოგონას, იგი უმეტეს შემთხვევაში იბნევა და ითრგუნება, მართვაზე კონცენტრირებას ვერ ახერხებს, ყურადღება იმაზე აქვს გადატანილი, არ დამიყვირონ და არ მეჩხუბონო. ნათქვამია, - ვერც ერთი მეუღლე ცოლს მანქანის სრულყოფილად მართვას ვერ ასწავლისო... ვერც მე ვასწავლე ჩემს მეუღლეს.
- როცა ქალბატონებს ასწავლით ტარებას, მათი მეუღლეები ესწრებიან?
- არა, მე არ ვრთავ მანქანაში ჩაჯდომის უფლებას. სურვილი აქვთ, მაგრამ ვეუბნები, დაბრძანდით და შორიდან გვიყურეთ, როგორ დადის და რას აკეთებს, მანქანაში ვერ ჩაგისვამთ-მეთქი... მქონია შემთხვევა, ქალბატონი დაბნეულა და რაც იცოდა, ისიც დაჰვიწყებია. მკაცრად მაქვს განსაზღვრული, რომ ძმა იქნება თუ შეყვარებული, გაკვეთილს არ უნდა დაესწროს.
- ილია, განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლე შეგიძლიათ გაიხსენოთ?..
- კი, ეს იყო ახალგაზრდა გოგონა. პირველად რომ მოვიდა, მანქანის დაქოქვაც არ იცოდა. რამდენიმე წლის წინ "ავტომატიკაზე" ვიჯექი, ბოძს დავეჯახე და მას შემდეგ შიშით მანქანისკენ აღარც გამიხედავსო. 4-5 წლის წინანდელ შემთხვევაზე მიყვებოდა... ბოლოს ვიღაც ახლობელმა მირჩია თქვენთან მოსვლა და მეც დიდი შინაგანი ფსიქოლოგიური ჭიდილის შემდეგ, მაინც გადავწყვიტე მესწავლაო... იცით, პირველად, როცა ეს გოგონა დამიჯდა გვერდით და რაღაცები ავუხსენი, ისეთი თვალებით მიყურებდა და იმდენად სხვაგან იყო, ვიფიქრე, - კაი დღეში კი ჩამაგდებს და ამისგან არაფერი გამოვა-მეთქი, მაგრამ ზუსტად ოთხი გაკვეთილის შემდეგ წავიდა, გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწყობაც აიღო. თვითონაც გაუკვირდა და მეც გაოგნებული დავრჩი. მოვიდა და პირადად გადამიხადა მადლობა...
- საერთოდ, სასწავლო პროგრამა რამდენ გაკვეთილს ითვალისწინებს?
- ზოგიერთ მოსწავლეს 7-8 გაკვეთილი ჰყოფნის, თუ ძალიან დაფანტული და დაბნეული არ არის. საერთოდ, გეგმით განსაზღვრული არ არის, ზოგს მეტი სჭირდება, ზოგს ნაკლები, თუმცა მქონია შემთხვევა, 12 საათიც არ ყოფილა საკმარისი. მანქანის ტარება მარტო საჭის ტრიალი არ არის, მახვილი თვალი უნდა გქონდეს, სწრაფად უნდა შეგეძლოს სიტუაციის აღქმა და გაანალიზება. "ძალად მძღოლებიც" არსებობენ, სხვასაც საფრთხეს უქმნის და საკუთარ თავსაც.
- ბანალურია, მაგრამ აღიარებული - ქალი საჭესთან არ შეიძლება! - ეთანხმებით ამ გამოთქმას?
- დიახ და იმედია, სუსტი სქესის წარმომადგენლები არ მიწყენენ... რაც უნდა დაბურულმინებიანი იყოს მანქანა, ნებისმიერი გამოცდილი მძღოლი მიხვდება, მანქანას ქალი მართავს თუ არა... ზოგიერთი ისე ფრთხილობს, რომ სხვასაც ხელს უშლის, ზოგი კი გარშემო არავის და არაფერს არ უყურებს და ისე დადის. ანუ ორი უკიდურესობაა, - ძალიან დაკვირვებულები, რომლებიც მაინც ქმნიან მოძრაობისას პრობლემებს და ძალიან თავხედები, რომლებიც ასევე საშიში არიან... რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ მანდილოსნებს ფეხსაცმელი, ყვავილი ან გული აქვთ მანქანაზე მიკრული, რაც ძალიან მისაღებად მიმაჩნია, რადგან ეს იმის ნიშანია, რომ საჭესთან ქალი ზის და ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ. მანქანიან ქალსაც ისევე უნდა დაუთმო გზა, როგორც ქვეითად მოსიარულეს, სხვა შემთხვევაში ინანებ... სარისკო სიტუაციაში ქალი იბნევა და მყისიერი გადაწყვეტილების მიღება უჭირს. მამაკაცები უფრო სწრაფად ახერხებენ ვითარების აღქმას, ვიდრე ქალები...
- თუმცა, არიან გამონაკლისი ქალბატონებიც...
- დიახ, ოღონდ ძალიან ცოტანი, თორემ მართლა ვიცი, რამდენიმე ისეთი ქალი, რომელიც ბევრ მამაკაცზე უკეთესად ატარებს მანქანას, თუმცა კიდევ გეუბნებით, ასეთები გამონაკლისები არიან. ზოგადად, ქალი ვერ გრძნობს, მაპატიეთ ჟარგონისთვის, მაგრამ ვერ ამუღამებს მანქანას.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)