ავტორი:

"ვინ არის დამნაშავე?" -  როგორ იღებდნენ გრანდიოზულ სცენებს, რომელსაც იმჟამინდელ საბჭოთა კინემატოგრაფში ანალოგი არ ჰქონდა?

"ვინ არის დამნაშავე?" -  როგორ იღებდნენ გრანდიოზულ სცენებს, რომელსაც იმჟამინდელ საბჭოთა კინემატოგრაფში ანალოგი არ ჰქონდა?

1924 წლის 5 ნოემბრის გაზეთ "კომუნისტში" გამოქვეყნდა ინფორმაცია, ალექსანდრე წუწუნავა "სახკინმრეწვში" მიიწვიესო. რეჟისორს რამდენიმე პროექტის განხორციელება სურდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერც ერთი ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, გერმანე გოგიტიძის მეცადინეობით შეჩერდნენ ნინო ნაკაშიძის პოპულარულ პიესაზე - "ვინ არის დამნაშავე?".

ალექსანდრე წუწუნავას ეს პიესა თავის დროზე წარმატებით ჰქონდა დადგმული სცენაზე. ფილმისთვის რეჟისორმა თავად დაწერა სცენარი. ეს საქართველოში პიესის ეკრანიზაციის პირველი შემთხვევა იყო. მთავარ როლებზე მან ნატო ვაჩნაძისა და კოტე მიქაბერიძის დუეტი მიიწვია. ნაწარმოების სიუჟეტი, რომელიც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული, დრამატულად ვითარდება:

გამდიდრების ჟინით შეპყრობილი დედის ჩაგონებით, გურული გლეხი სიკო, სხვა დაქირავებულ ცხენოსნებთან ერთად მიემგზავრება აშშ-ში, რათა იქაურ ცირკში- "უაილდ უესტ შოუში" იჯირითოს და ფული დააგროვოს. შინ ცოლ-შვილი, დედა და მოხუცი ბაბუა რჩებიან. სიკოს გამგზავრების შემდეგ მისი შვილი და ბაბუა გარდაიცვლება, მეუღლე ფატის კი მეზობელი შეაცდენს. ამერიკიდან დაბრუნებულ სიკოს ცოლი ფეხმძიმედ დახვდება. შეურაცხყოფილი ფატი თავს იხრჩობს, სიკო სახლ-კარს გადაწვავს და თვითონაც იღუპება.

ფილმის სოციალური ფონი ორი ძირითადი მიმართულებით იშლება:

ადამიანი და ოჯახი, ადამიანი და გარემომცველი პირობები. გლეხი ქალის უმწეო მდგომარეობა და მისი ბრძოლა თანასწორობისთვის. სიუჟეტის სიმძაფრემ, ადამიანური კონფლიქტების, გარემოსა და ეპოქის რეალისტურმა ასახვამ ფილმს მაშინვე მოუტანა პოპულარობა.

"სურათი თავიდან ბოლომდე გამსჭვალულია დეტალების მძლავრი რეალიზმით, მასში მოცემულია განვითარების უბადლო ხაზი, უზადოდ მოტივირებული კავშირი". ფილმის მომზადების პერიოდში ოზურგეთსა და ლანჩხუთში უამრავი მასალა შეაგროვეს, რომელიც სამწუხაროდ, უგზო-უკვლოდ გაქრა. შემორჩენილია მოჯირითე ლუკა ჩხარტიშვილის წერილი (1925 წლის 23 აგვისტო) ივანე ურუშაძისადმი, სადაც იგი საყვედურს გამოთქვამს ალექსანდრე წუწუნავასადმი ფოტომასალის დაკარგვის გამო: "მე შევეკითხე იგენს, რომ რათ უნდებიან სურათები-მეთქი. იგენმა მითხრეს, რომ ეს სურათები გამოცხათდება პრაჟეკტორში ჯერ საქართველოში, მერე კი რუსეთშიო. მაშვინ მე ვუთხარი, სურათებს გაგატან სხვადასხვანაირებს-მეთქი, მაგრამ უნდა იყოს ჩემი სახელი გამოცხადებული, რომელიც ვიყავით სხვადასხვა სახელმწიფოში ვისტავკებში მე და ჩემი ამხანაგები გურულები და თქვენმა გამოგზავნილმა კაცმაც შემპირდა, რომ თქვენი სახელიც იქმნება და გურულებისაცო და... (15) ხუთმეტი კაცი და (4) ქალი დაჭირდებაო იმ კამპანიასო. მე ძალიან გამიხარდა, მარა ეს ყველა ტყვილი დარჩა. მერე გევიგე, რომ კაზაქები და კვეტაიშვილი მისი ცოლით არისო... მერე კაცი გავუგზავნე პანტელეიმონ ცინცაძე და შევუთვალე, რომ რაღამც ყველაფერში მოგვატყუე, სურათები გამომიგზავნე და პრაცენტები-მეთქი და შემომითვალა, ყველაფერში გაგისწორდებიო. დღესეც არაფერი ამბავია, ივანე ბატონო... ორი სურათი იმისანა ურევია ამ სურათებში, რომ (200) ორასი მანეთი რომ მომცეს, არ მივცემ, ამის გამოწყობა მე მინდოდა, მარა დრომაც არ მომიწყო ხელი. ლუკა ჩხარტიშვილი". ფოტო: ნატო ვაჩნაძე. კადრები ფილმიდან"ვინ არის დამნაშავე?"

ალექსანდრე წუწუნავას სურდა, ფილმში ეჩვენებინა ქართული კინოს გაქანება, გრანდიოზული მასობრივი სცენები, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდნენ და იმავდროულად, ლოგიკური მეკავშირის როლს შეასრულებდნენ ფილმის საერთო არქიტექტონიკაში. ამიტომ დიდი ფიქრის შემდეგ რეჟისორმა გადაწყვიტა ფილმში ეჩვენებინა ამერიკული "ველური დასავლეთის" შოუ თავისი მასშტაბურობითა და მრავალფეროვნებით. ამერიკაში ექსპედიციაზე ფიქრი მთვარეზე გაფრენის ტოლფასი იყო, ამიტომაც წუწუნავა, სიკოს როლის შემსრულებელ კოტე მიქაბერიძესთან ერთად, ველიკო და მარო კვიტაიშვილების ოჯახს მიადგა. ცოლ-ქმარი კვიტაიშვილები, ბრწყინვალე მხედრები, თავიანთ გუნდთან ერთად XX საუკუნის ათიანი წლებიდან გამოდიოდნენ ამერიკული შოუებისა და ცირკების არენებზე.

"მიადგნენ თუ არა კვიტაიშვილების სახლს, როგორც კოტე მიქაბერიძემ გვიამბო, ყანიდან შემოესმათ... ინგლისური სიმღერა. მელოდიას იწყებდა კვიტაიშვილების ქალიშვილი, ამერიკაში დაბადებული და წამოჩიტული, დედ-მამა კი ჰყვებოდა. მომავალი ფილმის ავტორს დაწვრილებით, დოკუმენტური სიზუსტით აინტერესებდა ყველაფერი ამერიკული ცირკის კონსტრუქციის შესახებ... ასევე საჭირო იყო ცირკის მონაწილე სხვადასხვა ჟანრისა და ეროვნების მსახიობებისა და, უბრალოდ, თანამშრომლების კოსტიუმების გაცნობა, შემორჩენილი ფოტოებისა თუ აფიშების ნახვა და ათასი წვრილმანი; ეს აუცილებელი იყო, რათა ფილმში ეჩვენებინათ ამერიკული ცირკის არა საცოდავად შეკოწიწებული ბუტაფორია, რომელიც თავისი უმწეობის გამო ცინიკურად განაწყობდა მაყურებელს, არამედ ნამდვილი, რეალური სახე. ალექსანდრე წუწუნავას "ვიზიტმა" კარგი შედეგი გამოიღო - კვიტაიშვილებს ამ მხრივ უხვი მასალა აღმოაჩნდათ".

რეჟისორი ჩანაფიქრის ხორცშესხმას შეუდგა: "სახკინმრეწვის" ეზოში სამწრიანი ამერიკული ცირკი ხუთ დღეში ააშენეს, კაუბოების, ინდიელების, მოცეკვავეების, მოჯირითე გურულების კოსტიუმები ერთ კვირაში შეიკერა.

საინტერესოა, რომ ჯირითობის სცენებში ძირითადად მონაწილეობდნენ ამერიკასა და ევროპაში ნამყოფი მოჯირითეები, მათ შორის თავად კვიტაიშვილები. რასაკვირველია, ამ მასობრივი სცენისათვის საჭირო გახდა დიდძალი მაყურებელი - ორი ათასი "ამერიკელი", ვინც ტრიბუნებს შეავსებდა. ეს პრობლემაც ადვილად გადაწყვიტეს: ოფიციალურად გამოცხადდა გადაღების დღე და თბილისის კინოთეატრებში გაუშვეს სარეკლამო რგოლები, სადაც ყველა მსურველს იწვევდნენ დიდ საცირკო წარმოდგენაში გადასაღებად, მხოლოდ ერთი პირობით- ყველანი ევროპულ კოსტიუმებში გამოწყობილი უნდა მოვიდნენო. დათქმულ დროს ცირკის თაღთან, სადაც კვიტაიშვილების მიერ ამერიკიდან ჩამოტანილი პლაკატი წარწერით "101 Ranch Real Wild West Sow" ("101 რანჩოს ნამდვილი ველური დასავლეთის შოუ") გამოეკრათ, მოსალოდნელზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. "ვინც ძალიან ჰგავდა ამერიკელს, მისვლისთანავე შეუშვეს, "ნახევრადამერიკელები" კი "ოქროს თადარიგში" ჩააყენეს. აგერ, გამოჩნდა ამერიკულ ყაიდაზე ხაკისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ოფიცერი, მერე რაჯა მოვიდა თავისი მდივანი ქალით (ეს უკვე გადაცმული მსახიობები იყვნენ), შემდეგ ვიღაც მოხალისე ზოლებიან შარვალსა და გრძელკალთიან სერთუკში, ვითომ ნამდვილი "ძია სემია". ბოლოს კი მოადგა მანქანა, რომელშიც მართლაც ნამდვილი ამერიკელები იყვნენ, თბილისში მყოფი რომელიღაც ამერიკული კომიტეტიდან- ცხადია, მათაც გაეგოთ ეს ამბავი და გულწრფელად მოვიდნენ დასახმარებლად".

იყო კურიოზიც: ერთ მსურველს "ბუდიონოვკა" ეცვა. მას განუმარტეს, რომ ამერიკელად ვერ გამოდგებოდა, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიდა- გადაღებაში მინდა მონაწილეობის მიღებაო. ეპიზოდს ოთხი ოპერატორი იღებდა: ს. ზაბოზლაევი, ვ. ენგელსი, ა. პოლიკევიჩი და მოსკოველი ნ. ტიხონოვი. თავად რეჟისორი სახელდახელოდ აგებული კოშკიდან, რუპორით ხელში ხელმძღვანელობდა გადაღების პროცესს. ფოტო: კადრი ფილმიდან "ვინ არის დამნაშავე?"fb

ალექსანდრე წუწუნავამ დაამტკიცა, რომ იგი მასობრივი სცენების გადაღების დიდოსტატია. ასეთი გრანდიოზული სცენა, რომელსაც ანალოგი არ ჰქონდა იმდროინდელ საბჭოთა კინემატოგრაფში, სარეკორდო ვადაში - ერთ დღეში გადაიღეს. კინოსურათი წუწუნავას ჰქონდა ორ სერიად გადაღებული, მაგრამ მოსკოვში ჩატანილი ფირი "სახკინმრეწვის" წარმომადგენელმა გრიგორი არუსტანოვმა შეკვეცა. შემცირებასთან ერთად ფილმს სახელიც შეუცვალეს - "უაილდ ვესტის მხედარი" დაარქვეს. ამას გარდა, არუსტანოვმა შეცვალა ზოგიერთი ტიტრი და სადაც "ქართველი მოჯირითეები" ეწერა, "კავკასიელ მოჯირითეებად" გადააკეთა. ამის შედეგი იყო, რომ ზოგიერთ საბჭოურ და უცხოურ რეცენზიებში მოჯირითეებს კავკასიელებად და არა ქართველებად მოიხსენიებდნენ: "განსაცვიფრებელი და მეტად საინტერესოა ამერიკული ცირკი და კავკასიური ჯირითი". რეჟისორი ასევე ხაზს უსვამდა: "მე მიმაჩნია, რომ თუ საქართველოს "სახკინმრეწვი" უშვებს რაიმე ფილმს, მას უნდა ჰქონდეს საქართველოს "სახკინმრეწვის" მარკა, თუ სომხეთი უშვებს- სომხური, თუ აზერბაიჯანი- აზერბაიჯანული, მაგრამ არ შეიძლება ყოველივე ამის არევა ერთმანეთში. ქართული ყოფის არევა... საერთო კავკასიურ მასშტაბში და სიკოს (კოტე მიქაბერიძის გმირი.- ი. მ.) მოხსენიება კავკასიელ მოჯირითედ- ყოვლად შეუძლებელია".

მიუხედავად მოსკოვში მივლინებული რეჟისორის პროტესტისა, ფილმი მაინც დამახინჯდა, დაიკარგა ავტორისეული თავდაპირველი ჩანაფიქრი. გააგრძელეთ კითხვა

"ყოველთვის, როდესაც წინ მივდიოდი, საქართველოში ფეხს მადგამდნენ... ყველგან "მბლოკავდნენ" - რას ჰყვება ალექსანდრე  ზაზარაშვილი სამშობლოსა და აშშ-ში ცხოვრებაზე?

პრინცი უილიამი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მელოტად დაასახელეს

"დაუვიწყარია სცენიდან დანახული თვალცრემლიანი ქართველი ემიგრანტების ოვაციები" - საქართველოდან 21 წლის წინ წასული პიანისტი, რომელმაც ფლორიდაში დიდ წარმატებას მიაღწია