ავტორი:

"ესპანური მედია თუ ყურადღებას ასე მომაქცევდა, მართლა არ ველოდი" - რას ყვება ჟურნალისტი, რომლის ქომაგობის ვიდეოც ინტერნეტჰიტად იქცა

"ესპანური მედია თუ ყურადღებას ასე მომაქცევდა, მართლა არ ველოდი" - რას ყვება ჟურნალისტი, რომლის ქომაგობის ვიდეოც ინტერნეტჰიტად იქცა

"დინამო არენაზე“ საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების თამაშის შემდეგ, არაერთი სტატია დაიწერა როგორც ქართულ, ისე ესპანურ პრესაში. ესპანურმა გამოცემამ As.com სხვა სტატიებთან ერთად, ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ემოციურად აღნიშნავს ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ტრიბუნიდან ერთ-ერთი ქომაგი:

"ეს არის ფეხბურთის მაგია. ქართველი ჟურნალისტის სრული სიგიჟე თავისი ქვეყნის გოლზე“, - წერს გამოცემა.

მართალია, მატჩის შედეგმა ფეხბურთის ქართველი ქომაგები, ამჯერადაც იმედგაცრუებული დატოვა, თუმცა ქართველი ფეხბურთელების თამაშით საზოგადოების დიდი ნაწილი კმაყოფილი დარჩა. მათ შორის, სპორტული ჟურნალისტი ამირან შაიშმელაშვილი, რომელსაც ესპანურმა პრესამ დღეს სტატიები მიუძღვნა.

ambebi.ge დავუკავშირდით ამირანს. მის ხმას გუშინდელმა დღემ თავისი კვალი უდაოდ დაატყო, რადგანაც გოლის სიხარულით მოგვრილი ემოციები მისთვის უსაზღვროდ ხმამაღალი შეძახილებით გამოიხატა.

ამირანი სპორტული პორტალის live.ge-ს ჟურნალისტია, თუმცა, როგორც ამბობს, სხვადასხვა დროს, სხვა სპორტულ გამოცემებშიც მუშაობდა.

- გარდა იმისა, რომ გამიხარდა, გაკვირვებაც დიდი იყო - არ ველოდი და გაოცებული ვიყავი, ვერ ვიჯერებდი იმას, რომ გოლი გავიდა, რომ ეს მოახერხეს. ამიტომ იყო ეიფორია. ისე, ასე ხშირად ხდება ხოლმე. მინდა, მოვთოკო ემოციები, რადგან მაინც ჟურნალისტი ვარ და ამასთანავე, შემაწუხებელია ჩემი შაძახილები სხვისთვის, მით უფრო, მეტოქე გუნდის გულშემატკივარი კოლეგებისთვის. თუმცა ყოველ ჯერზე მიჭირს ემოციების შეკავება.

გოლის კომბინაცია მახსოვს ზუსტად და შეტევა რომ დაიწყო, პირველი წუთიდანვე ჩართული ვიყავი, ვუყურებდი. გოლის კომბინაციის განვითარებასთან ერთად, ვითარდებოდა ჩემი ემოციებიც და მე და ხვიჩა კვარაცხელიამ ერთად დავაგვირგვინეთ.

- ელოდით იმას, რაც თქვენს ემოციას შემდეგ მოჰყვა - ესპანეთში თუ საქართველოში თითქმის ყველა საიტს და გამოცემას თქვენი ვიდეო უდევს.

- იქიდან გამომდინარე, რომ ესპანეთი იყო ჩვენი მეტოქე, შესაბამისად, ესპანელი ჟურნალისტებიც საკმაოდ იყვნენ ჩამოსული. შესაბამისად, როცა ესპანურ მედიაში ვიდეო ვრცელდება, საქართველოშიც, ცხადია, მოხვდებოდა. თუმცა ესპანური მედია თუ ყურადღებას ასე მომაქცევდა, მართლა არ ველოდი. აქამდე ჩემზე ვიდეო ჩვენს კოლეგებს თუ გაუვრცელებიათ თავიანთ "ფეისბუქ-გვერდზე“.

- როდესაც ნახეთ თქვენი თავი ვიდეოში, როგორ შეაფასეთ?

- ემოციების ცოტა შეკავება შეიძლებოდა. ყოველი გატანილი გოლის შემდეგ, ასე ხშირად მითქვამს და მიფიქრია, თუმცა იმ მომენტში ძალიან რთულია ემოციის შეკავება, გაკონტროლება. მერე არ მომწონს ხოლმე საკუთარი ვიდეოს ხილვა, მაგრამ აქამდე ამას ჯერ ვერ ვუშველე...

- როგორც ჩანს, ფეხბურთი უზომოდ გიყვართ?

- კი, ბავშვობიდან, ეს ის სფეროა, რომელსაც ვემსახურები. საქართველოს ნაკრების თამაშის დროს დიდი ემოცია მეუფლება.

- მატჩის შედეგით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს, გუნდში დებიუტანტი ფეხბურთელები არიან, აქედან გამომდინარე, კმაყოფილი ვარ ამ ორი მატჩით, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ბოლო ეპიზოდში არ დაგვეშვა შეცდომა, ისტორიული ქულა მოგვეპოვებინა, თუმცა თუ ამ ეპიზოდს არ ვიგულისხმებთ, ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა. ბოლო წლებში ერთ-ერთი გამორჩეული თამაში ჩაატარა და სამომავლოდ ასე თუ გაგრძელდება, კარგი შედეგები გვექნება.

- ემოციებმა ვატყობ, თქვენს ხმასაც გარკვეული ზიანი მიაყენა.

- კი, ნამდვილად. ბოდიშს გიხდით, რომ ასეთი ჩახლეჩილი ხმით გესაუბრებით.

- ახლობლებმა რა გითხრეს, შინ რომ მიხვედით?

- მიჩვეულები არიან. ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა ადრეც...

- რას ეტყვით ნაკრების ფეხბურთელებს და მაყურებელს?

- ფეხბურთელებს მადლობას გადავუხდი. ვუსურვებ, რომ ასე წარმატებით გააგრძელონ და ცოტა მოუმატონ თამაშს და თავისი შრომით გვანახონ უკვე შედეგი. გულშემატკივრებს კი ვუსურვებ პანდემიის დასრულებასთან ერთად, დაუბრუნდნენ სტადიონს და უფრო მეტი გულშემატკივარი გაუჩნდეს ქართულ ფეხბურთს.

ბავშვების შერჩეული თილისმა, დისკვალიფიცირებული რუსეთი და გადამუშავებული ელექტრომოწყობილობებისგან დამზადებული მედლები - პანდემიური "ტოკიო - 2020"

ორი ნახევარფინალისტი ცნობილია, თუმცა საუკეთესო ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატს ეთიშება -  სპინაცოლას ცრემლები

როგორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო ცხოვრება