ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მორიგი ვიზიტი საქართველოში ისევ უშედეგოდ დასრულდა - მოლაპარაკებები ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის კონსენსუსში არ გადაზრდილა. გაისმა შეფასებები, რომელთა თანახმადაც საქართველოს პოლიტიკური სპექტრი დასავლელი პარტნიორების თვალში ცუდად წარმოჩინდა, რომ ეს იყო შანსი, რომელიც ლიდერებმა ხელიდან გაუშვეს და ა.შ.
AMBEBI.GE-სთან მომხდარსა და მის მოსალოდნელ შედეგებზე ექსპერტები საუბრობენ.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობის საკითხებში, თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, რომ რაც ქვეყანაში ხდება, ევროპულ პოლიტიკასთან კავშირში არ არის.
"გუშინდელის მერე ევროპელობაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია, რადგან იმას, რაც გუშინ და საერთოდ, ბოლო პერიოდში ჩვენთან ხდება, ევროპულ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. ზოგადად, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი (რაც არ უნდა ახლო მეგობარი იყოს) უფრო მეტად ზრუნავს შენს ქვეყანაზე, ვიდრე საკუთარი პოლიტიკოსი, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. გუშინაც, გუშინწინაც არაერთხელ მოვისმინეთ დანიელსონთან შეგონება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი პოლიტიკოსები უნდა ზრუნავდნენ საქართველოზე და უნდა ხელმძღვანელობდნენ არა პარტიული, არამედ - ეროვნული ინტერესით. აი, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკოსებს ამის ახსნა სჭირდებათ, იმ ქვეყნის საქმე კარგად ნამდვილად ვერ იქნება. გუშინდელ კონკრეტულ თემატიკას რომ ჩავყვეთ, კიდევ ერთი ძალიან სერიოზული შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან, რაც ცუდია არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ, მთლიანობაში ცუდია ქვეყნისთვის. გუშინ ძალიან ნათლად გამოჩნდა ის, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა უმწიფარია იმისთვის, რომ მართლაც ევროპული სტანდარტებით წარმართოს პოლიტიკური პროცესი - ესაა მოცემულობა“, - აღნიშნავს ფხალაძე.
მისი თქმით, რა მოხდება ქვეყნის ფარგლებს შიგნით პოლიტიკური ძალების გადანაწილების თვალსაზრისით ამის შემდეგ, ეს ნაკლებად საინტერესოა და უმთავრესი თავად ქვეყნის ბედია, რაზეც პასუხისმგებელი, თუ დანიელსონის სიტყვებს დავუფიქრდებით, ისევ მმართველი ძალაა.
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რა მოელის ქვეყანას და ქვეყანას კარგი არაფერი მოელის. თუ აქ რომელიმე მხარის პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, დავესესხები დანიელსონს, რადგან ჩემთვის ყველაზე ობიექტური შეფასებები მისია და არა პოლიტიკური პარტიების, რომლებიც მოლაპარაკების ჩაშლას ერთმანეთს აბრალებენ. გუშინ დანიელსონმა თქვა, რომ მხარეები კომპრომისისთვის მზად არ იყვნენ, მაგრამ ისიც თქვა, რომ ევროპულ მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს; ასევე აღნიშნა, რომ იცოდეთ, მაღალ ამბიციებთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაც გაქვთო - ესაა მისი ნათქვამი, რაც ძალიან ნათლად აჩვენებს პასუხისმგებლობის გადანაწილებას პოლიტიკურ სპექტრში. ცუდია, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და კიდევ უფრო ცუდია ეს საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის. ახლა კონკრეტულად რომელიმე პარტიას რა მოუვა, სიმართლე გითრათ, ნაკლებად მაინტერესებს - აქ მთავარია ქვეყნის ინტერესი, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ მართლაც ძალიან რთული და სამარცხვინო სიტუაციიდან. ეს აბსოლუტურად ყველასთვის, ყველა ჩვენი მეგობრისთვის თვალსაჩინოა, რაც აზარალებს საქართველოს შემდგომ განვითარებას და სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით“, - ხაზს უსვამს თენგიზ ფხალაძე.
ის ასევე გამოეხმაურა დანიელსონის შემდგომ განცხადებას: "ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს ფურცელიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ“.
"ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეფასება, ჩემი აზრით, ეს არის დიაგნოზი და განაჩენი პოლიტიკური კლასისთვის, რადგან რეალურად, ამ სიტყვებში იკითხება ის, რომ პოლიტიკოსები ამ ქვეყანაში არ ვარგანან და რისი იმედიც უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანას, ეს სამოქალაქო საზოგადოება და მედიაა. აქედან გამომდინარე, დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ. გუშინდელი დღე ძალიან სერიოზული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება იყო“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.
ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ევროპა ცდილობს, მოლაპარაკებებში რაიმე პოზიტივი მოძებნოს და შეთანხმების საბოლოოდ მიღწევის იმედით, პროცესი გაჭიანურდეს.
"ჩვენი პარტნიორები აღფრთოვანებულები არიან-მეთქი, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, ისინი ცდილობენ, მოლაპარაკებების პოზიტივი მოძებნონ, ის, რომ "ამა თუ იმ საკითხზე გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ, დანარჩენი კიდევ სამუშაოა, უნდა ვიმუშავოთ“ და ა.შ. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რეალობა, ეს არ არის მესამე, მეოთხე თუ მეხუთე საკითხზე, არამედ, რეალობაა ორი პრინციპული საკითხი, რომელსაც ოპოზიცია პირველი ნოემბრიდან ითხოვს. ესაა ის წითელი ხაზები, რომელზეც პირველი შეხვედრის დროს არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ რეალურად არსებობდა და არსებობს დღესაც. ამიტომ, პოლიტიკური ვითარება რომ დასტაბილურდეს, ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია - შეძლებს კი ხელისუფლება და ოპოზიცია, ამ თემებზე შეთანხმდნენ? ჯერჯერობით, ეს შეთანხმება ვერ ხერხდება, როგორც ყველა ვხედავთ, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ცდილობენ, პროცესი გააჭიანურონ, შესაბამისად, ეს პროცესი მართლაც გაჭიანურებულია. ცდილობენ გააჭიანურონ იმიტომ, რომ აქვთ იმედი, რომ რაღაც შედეგებამდე ნელ-ნელა მივლენ. თუმცა თუ უფრო კატეგორიულები არ იქნებიან, მე ეჭვი მეპარება, რომ ამან: "ჩვენ მხოლოდ მედიაციას ვასრულებთ და მეტი არაფერი“, ქართული პოლიტიკური სპექტრი რაიმე შედეგებამდე მიიყვანოს. მგონია, რომ ეს სწორი მიდგომა არ იქნება. თუ მათ რეალური შედეგის მიღწევა უნდათ, ეს საკითხები და მოთხოვნები უფრო კატეგორიულად უნდა დასვან. სხვა მხრივ, მათ შედეგის მიღწევა ნამდვილად გაუჭირდებათ“, - აღნიშნავს ძაბირაძე.
მისივე თქმით, არსებობს ქუჩაში დარჩენილი ოპოზიციის მარგინალიზაციის საფრთხე, თუმცა სავარაუდო მაინც არ არის, რომ საზოგადოების განწყობები კარდინალურად შეიცვლება.
"ამის ძალიან მაღალი და დიდი საფრთხე არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს საზოგადოებაში არ არის ის განწყობა, რასაც ოპოზიცია ქადაგებს და ფიქრობს. მგონია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, რადგან პირველი რაუნდის შემდეგ ძალიან სწრაფად მოინდომეს მეორე რაუნდის ჩატარება და ამის დრო არ იყო. თუ ხვალ და ზეგ ჩამოვლენ, ისევ ცუდად იქნება საქმე, რადგან ორივე მხარეს სჭირდება გარკვეულწილად სტაბილური ვითარების პროცესის შექმნა, როგორც ოპოზიციას, ისე - ხელისუფლებას. მათ ზედმეტი წარმოდგენები აქვთ თავიანთ შესაძლებლობებზე - ოპოზიციას იმაზე, რომ მასობრივი საპროტესტო ტალღის აგორებას შეძლებს, ხოლო ხელისუფლებას იმაზე, რომ ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს თავად გაართმევს თავს. ამიტომ, ეს რომ გაიაზრონ, როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ, დრო სჭირდებათ. შესაბამისად, მგონია, რომ ერთი თვის შემდეგ თუ იქნება შეხვედრები ისევ პარტნიორების მხრიდან, ეს უფრო შედეგიანი იქნება.
რაც შეეხება იმას, რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს ქვეყნის შიგნით, ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა მაყურებლის როლში რჩება და უბრალოდ, პარტიული აქტივი აქტიურობს და მეტი არაფერი. შესაბამისად, რომ ვთქვათ, რომ ამ პროცესს რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვება საზოგადოებრივ განწყობებში, ამის თქმა ნამდვილად არ შემიძლია - არა მგონია, ასე მოხდეს. უბრალოდ, მუდმივად იქნება რაღაც არასტაბილურობის შეგრძნება, თორემ რეალურად, ეს სურათს ნამდვილად ვერ შეცვლის“, - აღნიშნავს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ის აბსოლუტურად ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მომხდარს დასავლეთში კარგი განწყობა და შეფასება ვერ მოჰყვებოდა.
"მილიონჯერ ითქვა, რომ თუ თქვენ მიდიხართ დასავლეთისკენ და ევროინტეგრაციას ესწრაფვით, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ პოლიტიკაში მოლაპარაკებები და კონსენსუსებია საჭირო. მაგრამ როდესაც მხოლოდ ინტერესები არსებობს და ეს წმინდა პარტიული ინტერესებია, თუმცა ქვეყნის ინტერესებთან არაფერი აქვს საერთო, მაშინ კონსენსუსი ძნელი მისაღწევია“, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი, კორნელი კაკაჩია კი მიუთითებს, რომ:
"პირველ რიგში, ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, რომ ეს მოლაპარაკება ვერ შედგა, რადგან ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან, ფაქტობრივად, ორივე მხარემ უარი ვერ თქვა იმ წითელ ხაზებზე, რომელზეც თქვეს, რომ პრინციპში, მოხსნილი იყო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ძალიან დიდი იმედი, რომ აქ კონკრეტულ შედეგებს მიაღწევდნენ, რა თქმა უნდა, არ გვქონდა. თუმცა, ბუნებრივია, გულდასაწყვეტია ის, რომ ეს გაშვებული შანსია თვითონ საქართველოსთვის, მისი სტაბილურობისთვის და რაც მთავარია, იმ პრობლემების გადაწყვეტისთვის, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.
ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პრობლემები, აქვეა სოციალური და ეკონომიკური, კოვიდთან დაკავშირებული და ასევე, საგარეო პოლიტიკური გამოწვევები, რომლის ფონზე ეს ყველაფერი ცოტა უცნაურად ჩანს.
ყველაზე მთავარია, რომ ამას აქვს საერთაშორისო წახნაგი, თუ როგორ გამოჩნდება ქვეყანა ყველაფერი ამის შემდეგ. ბუნებრივია, მოლოდინი იყო, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა გამოაჩენდა, რომ ის არის გარკვეულწილად მომწიფებული დემოკრატიისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ბუნებრივია, ეს გარკვეულ შეკითხვებს აჩენს მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში და კიდევ უფრო მეტ არგუმენტს მისცემს იმ სკეპტიკოს ძალებს, რომელთაც ისედაც ეპარებოდათ ეჭვი საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. შეიძლება, ჩვენი ევროპელი შუამავლები გარკვეული ხნის შემდეგ დაბრუნდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე შეაფასებს ამ შექმნილ სიტუაციას. გარკვეული დრო ალბათ ორივე მხარეს სჭირდება, რომ გადახედონ და გარკვეულწილად გაიაზრონ, თუ რა მოხდა და ამის შემდეგ თუ იქნება სურვილი, შეიძლება, ეს მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ამას შეიძლება, სერიოზული პრობლემები შეექმნას, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის ეს ძალიან დამაზიანებელია, რადგან თუ კრიზისი გაგრძელდება და ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, გარკვეულწილად შეიძლება, ე.წ. "გადაღლა“ გამოიწვიოს საქართველოს საკითხით, როგორიც მოხდა თავის დროზე უკრაინასთან მიმართებაში - თქვენ იცით, რომ უკრაინა ევროპული უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო.
თუ ვთქვათ, ეს ყველაფერი გაგრძელდა და მით უმეტეს, ამას ეკონომიკური, პოლიტიკური, რეფორმების კუთხით სტაგნაცია ახლავს და ამან შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ ამ "გადაღლის“ ფონზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ინტერესი საქართველოს მიმართ შემცირდეს. ერთადერთი, რაც ამ ინტერესს ასაზრდოებდა, ის იყო, რომ ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფლაგმანი იყო და მეტ-ნაკლებად წარმატებულ რეფორმებს ატარებდა და სწორედ ეს იყო ის მიზიდულობის ძალა, რის გამოც ევროპისა და აშშ-ის ელიტა მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მით უმეტეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა არ არის ნატო-ს წევრი, არც ევროკავშირის წევრია ჯერჯერობით და ასე ვთქვათ, ერთადერთი დამცავი მექანიზმი არის საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. შეიძლება, ამ პროცესებმა, არასტაბილურობამ ამ აღქმას ჩვენი მეგობრებისგან ხელი შეუშალოს.
ბევრჯერ თქვეს საერთაშორისო შუამავლებმა, რომ შეთანხმების გადაწყვეტილება ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ. ეს არის შიდა პრობლემა, რომელშიც მედიაციის მხარეს მხოლოდ შეუძლია, შესთავაზოს პლატფორმა და დანარჩენი გადაწყვეტილება უკვე პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ. ეს პრობლემა ლოკალურია და ლოკალურად უნდა მოგვარდეს და ამას ვერავინ მათ მაგივრად ვერ განახორციელებს, იქნება ეს ევროკავშირი თუ აშშ. ამიტომ, რაღაცნაირად ორივე მხარე უნდა მომწიფდეს, რომ ამ შეთანხმების გარეშე არ შეიძლება, რადგან ქვეყანას ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს და სხვანაირად უბრალოდ, ჩვენ შეიძლება, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეთ, რისი მაგალითიც, სამწუხაროდ, გვაქვს და გვახსოვს, როგორ დასწია ამან უკან საქართველო თითქმის ათეულობთ წლების განმავლობაში. ამას მეორეჯერ ვერ დავუშვებთ. ამიტომ, მესმის, რომ პარტიული ინტერესები ჯერ კიდევ ძლიერია და ხანდახან ფართო სურათის აღქმა პოლიტიკოსებს ცოტა უჭირთ, მაგრამ მგონი, ამაში მათ ყველა უნდა დავეხმაროთ, მათ შორის საზოგადოება, მედია, აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება, რომ რაღაცნაირად დარწმუნდეს ორივე მხარე, რომ არის საკითხები, მათ შორის ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული, რომელიც ბუნებრივია, უფრო მაღლა უნდა იდგეს, ვიდრე ის პარტიული დღის წესრიგი, რომელიც ყოველდღიურად აწუხებს პოლიტიკურ კლასს“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.