ავტორი:

"მე თბილისში ვარ" - რატომ ჩამოვიდა საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი და რას აცხადებს პროკურატურა?

"მე თბილისში ვარ" - რატომ ჩამოვიდა საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი და რას აცხადებს პროკურატურა?

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, - მე თბილისში ვარო. როგორც ირკვევა, ჟურნალისტი თბილისში ჩამოსვლამდე სტამბოლში იმყოფებოდა.

ambebi.ge აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისში ჩამოსვლის მიზნებსა და გეგმებზე არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს“ წარმომადგენელს, გიორგი სელიმაშვილს ესაუბრა:

"ბატონი აფგან მუხთარლი, საკუთარი ინიციატივით, გუშინ ჩამოვიდა საქართველოში, რათა პროკურატურას მისცეს ჩვენება და ასევე მოინახულოს ის ადგილი, სადანაც, სავარაუდოდ, გაიტაცეს და თავისუფლება აღუკვეთეს. ის ამბობს, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს, თუმცა ამ საქმეს მსვლელობა არ მიეცა და სიმართლის დასადგენად გამოძიებას არაფერი გაუკეთებია. ამ ეტაპზე რასაც ჩვენ ვითხოვთ არის ის, რომ ბატონ აფგანს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, რაც მასაც და მისი დაცვის მხარესაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქმის მასალებზე გვქონდეს წვდომა. ვითხოვთ, რომ პროკურატურამ სათანადოდ გამოიძიოს ეს საქმე, დადგინდეს, ვინ მონაწილეობდა ამ დანაშაულში და დადგეს მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობლობა. ამ ფაქტიდან 4 წელი სრულდება და ჯერჯერობით, ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს.

ხვალ დილის 11 საათზე აფგან მუხთარლი პრესკონფერენციას გამართავს და მისი ჩამოსვლის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრებს, ამის შემდეგ კი პროკურატურას მიმართავს. მოგეხსენებათ, ის ოქტომბერშიც აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ ხელოვნური ბარიერი შეუქმნეს დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და უკან გააბრუნეს. ამჟამად ის უპრობლემოდ შემოვიდა საქართველოში“.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. უწყების განმარტებით, მუხთარლი პროკურატურაში ხვალ, 8 აპრილს უნდა გამოცხადდეს.

როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, ვალუტის კონტრაბანდისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. ჟურნალისტი თავიდანვე აცხადებდა, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში, განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.

2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

სოფელ ლამბალოდან დაკარგული 18 წლის გოგო პოლიციამ იპოვა - არსებული ინფორმაციით, მან უარი თქვა არასასურველ ნიშნობაზე და სხვას გაჰყვა ცოლად

"არარაობა მოსამართლე - თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა, დაინახა და შეაფურთხა!" - გიგი უგულავა

რა წერია ბრალდებაში, რომელიც დავით კოდუას ოფიციალურად წარედგინა?