ავტორი:

"დასავლეთზე ოცნება ისევ ჩავარდა, ვრჩებით რუსულ გუბერნიად" - როგორ აფასებენ ექსპერტები ფაშინიანის შეხვედრას პუტინთან და დაეხმარება თუ არა ეს სომხეთის პრემიერს გამარჯვებაში

"დასავლეთზე ოცნება ისევ ჩავარდა, ვრჩებით რუსულ გუბერნიად" - როგორ აფასებენ ექსპერტები ფაშინიანის შეხვედრას პუტინთან და დაეხმარება თუ არა ეს სომხეთის პრემიერს გამარჯვებაში

"სომხეთი რუსეთის ფედერაციასთან ფართო და გრძელვადიან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული, რაც ორივე სახელმწიფოს გრძელვადიან სტრატეგიულ ურთიერთობებზეა დაფუძნებული", - ეს იყო დასკვნითი ფრაზა, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში 7 აპრილს დაგეგმილ ვიზიტამდე რუსულ მედიასთან წარმოთქვა.

მისივე თქმით, სომხურ-რუსული სტრატეგიული ურთიერთობები არაერთ სფეროს მოიცავს და ორი ხალხის ისტორიული სიახლოვით არის განმტკიცებული, რომელიც მომავალ ვადამდელ არჩევნებზე დამოკიდებული არ არის.

მოუტანს თუ არა ბონუსებს ნიკოლ ფაშინიანს ადგილობრივი მოსახლეობის თვალში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი, ამის შესახებ ადგილობრივი პოლიტოლოგები და საზოგადოება აქტიურად მსჯელობს. 7 აპრილს, ფაშინიანმა პუტინთან შეხვედრისას აზერბაიჯანის ტყვეობაში მყოფი ყარაბაღის ომის მონაწილე სომეხი სამხედროების თემა გაახმოვანა. თავის მხრიც, რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთში ეკონომიკურ პროექტებზე, მათ შორის ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე ისაუბრა.

"ერთ დროს დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, ახლა კი თვითგადარჩენისთვის მებრძოლი ლიდერის განცხადება, რომლის გამართლებასაც უმწეოდ ცდილობს. მოსკოვში, თურმე, "სახელმწიფოებრივი ინტერესების" გამო დარბის..." - ასე შეაფასა სომეხი საზოგადოების ერთმა ნაწილმა ფაშინიანის მოსკოვური ვიზიტი. მათივე შეფასებით, პრორუსულმა ოპოზიციამ გავლენები არ დათმო და ფაშინიანს მარყუჟი მოუჭირა.

სხვების მოსაზრებით, "ფაშიანინი გონს მოვიდა და როგორც იქნა გააცნობიერა, რომ ამ რეალობაში სომხეთს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის გარდა, სხვა პერსპტექტივა არ აქვს". ზოგიერთმა მოსკოვში ვიზიტი ფაშინიანს წინასაარჩევნო პიარის ელემენტად ჩაუთვალა.

პოლიტოლოგ არმენ ვარდანიანის მოსაზრებით, სომხეთის მოსახლეობას არ აინტერესებს, რომელ კანდიდატს დაუჭერს კრემლი მხარს, მათ უსაფრთხოების გარანტიები და სტაბილურობა სჭირდებათ.

"გარდა ამისა, რუსეთი აზერბაიჯანის მიერ ტყვეების გათავისუფლების შეთანხმების გარანტორად გამოვიდა. ფაშინიანის განცხადება რუსეთის მიმართ ფარულ საყვედურსა და მინიშნებას შეიცავდა, რომ მისი მხრიდან შეთანხმების შეუსრულებლობა მის რეპუტაციას დააზიანებს", - აცხადებს ვარდანიანი kavkaz-uzel.eu-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, სომხური მხარე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის თემასაც შეეხო, რაც ქვეყანაში რუსული ინვესტიციების შემოდინებად აღიქმება.

"ამასთან, გაინიხილეს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, რაც ნიშნავს, რომ ომმა სომხეთის არმიას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს", - ამბობს ვარდანიანი.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, პრეზიდენტებმა სომხეთში არსებული შიდა პოლიტიკური სიტუაციაც განიხილეს, ოღონდ დახურულ კარს მიღმა, რათა რუსეთის მხრიდან სომხურ პოლიტიკაში ჩარევაში ბრალდებები არ ყოფილიყო.

"არ მგონია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა რომელიმე კანდიდატის მიმართ თავისი სიმპათიების შესახებ ღიად ისაუბროს, კრემლისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად ვინ იქნება სომხეთის ხელისუფლებაში, მთავარია ენდობოდნენ, ფაშინიანს კი, ვფიქრობ, არ ენდობიან", - ამბობს ვარდანიანი, რომლის ცნობითაც, ყარაბაღის ომში რუსეთის ნეიტრალურმა პოზიციამ სომეხ მოსახლეობაში მის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა.

კიდევ ერთი ადგილობრივი პოლიტოლოგის, სტეფან დანიელიანის ცნობით, კრემლთან ფაშინიანის მჭიდრო კავშირებმა, შესაძლოა მისკენ ის ელექტორატი მოაბრუნოს, რომელიც მასზე გამწყრალი იყო.

რუსეთს თავადაც არ აწყობს ახლა რომელიმე მხარის მიერ შეთანხმების შეუსრულებლობა და ამის შესახებ განაცხადა კიდეც - თუ ასე მოხდა, ეს რეგიონში ნეგატიურ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს, ამიტომაც ჩვენ-ჩვენს პასუხისმგებლობებს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთო", - ამბობს დანიელიანი.

მისი შეფასებით, კრემლი ფაშინიანს ფორას აძლევს, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ენდობა, პირიქით, ამით ეუბნება, რომ თავად უნდა მოაგვაროს სომხეთში დაგროვილი პოლიტკური პრობლემები.

"რუსეთში იციან, რომ ფაშინიანი ვერ აკონტროლებს ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას, რუსეთს კი ეს არ აწყობს, რადგან სომხეთის მიმართ გრძელვადიანი გეგმები აქვს და ურჩევნია, იქ სტაბილური ვითარება იყოს.

რუსეთში ვიზიტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ვერავითარ ბონუსს ვერ მისცემს, რაც უნდა აშკარად ცდილობდეს კრემლთან მჭიდრო ურთიერთობების დემონსტრირებას, ძირითადმა პოლიტიკურმა ელექტორატმა, განსკაუთრებით ელიტამ, კარგად იცის, რომ შინაგანად მას მაინც ანტირუსული ხედვები აქვს. ის ნაწილი, ვისთვისაც რუსეთთან ახლო კავშირები მისაღებია, აუცილებლად დასვამს კითხვას - რატომ უნდა მივცეთ ფაშინიანს ხმა, როდესაც უკვე არსებობს პრორუსული კადრი რობერტ ქოჩარიანი, რომელიც რუსეთისთვის წლებია "შინაურად" ითვლება და კრემლთანაც სრულიად დალაგებული ურთიერთობა აქვს?!" - აცხადებს დანიელიანი.

პოლიტიკური მიმომხილველის, ნაირა არუმიანის მოსაზრებით, "პუტინის მხარდაჭერა რობერტ ქოჩარიანთან მეტოქეობაში ფაშინიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია".

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ფაშინიანმა პუტინს თავისი ფასი შესთავა და ახლა ვაჭრობა მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ, პუტინს ვიდეოკონტაქტი ჰქონდა რობერტ ქოჩარიანთან. მოგვიანებით, პუტინის პრეს-სპიკერმა პესკოვმა აღიარა, რომ მათ, როგორც მეგობრებს, მუდმივი კავშირი აქვთ. თავის მხრივ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ პუტინთან მასაც მუდმივი ურთიერთობა აქვს. ახლა სურათი ასეთი კომიკურია, სომხეთის ორივე ლიდერს შორის ღია კონკურენციაა, რომელს უფრო ახლო და ხშირი ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან", - აცხადებს აირუმიანი.

ფაშინიანის მოსკოვში ვიზიტს ადგილობრივი ინტერნეტ-მომხმარებლებიც აქტიურად განიხილავენ.

"ომის შემდეგ, სომხეთში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამომრჩეველთა არც ისე მცირე რაოდენობა მიიჩნევს, რომ პუტინის მხარდაჭერა ბონუსად ვერ ჩაითვლება, რადგან ლამის საუკუნოვანი მითი, რომ რუსეთი რეგიონში ლიდერია და სომხეთი ყოველგვარი საფრთხეებისგან დაცულია, როგორც მისი საიმედო პარტნიორი და მოკავშირე, დაიმსხვრა. ამიტომ, ფაშინიანს შესაძლოა ახლა სჭირდებოდეს კრემლის მხარდაჭერა, რათა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შედარებით სტაბილური გახადოს, თორემ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მას სარგებელს ვერ მოუტანს", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ადგილობრივი აქტივისტი რობერტ აბრამიანი.

"ფაშინიანი რუსეთის ერთ-ერთი გეგმის ნაწილია, სინამდვილეში მას სულაც არ აღელვებს, ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავარია, დასავლეთისკენ არ გავიხედოთ. ეს კი იმ ჭაობში დარჩენას ნიშნავს, რაშიც ლამის საუკუნეა ვართ. ისევ ერთ წრეზე ვტრიალებთ, ხალხს არავინ ეკითხება, რა უნდა, აქ მთავარია, რუსეთისთვის ვიყოთ მისაღები და სასურველი. ახლა არცახის (მთიანი ყარაბაღის რეგიონი) ომში აზერბაიჯანისთვის მიყიდული რუსული იარაღით დაჭრილი სომეხი ბიჭები რუსეთში მკურნალობენ, ჩვენ კი მადლობელი უნდა ვიყოთ ამ სიკეთისთვის, რადგან თავად არაფრის თავი გვაქვს", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ბენი არუთინიანი.

"წინასაარჩევნოდ ფაშინიანის მოსკოვში ვიზიტი ნიშნავს, რომ ტრადიცია გრძელდება - სომხეთისთვის კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში არაფერი შეიცვლება. დასავლეთზე ოცნება კიდევ ერთხელ ჩავარდა. ვრჩებით რუსეთის გუბერნიად", - მიაჩნია აისულ ქაირუმიანს.

სომხეთის ტერიტორიაზე უკვე არსებობს ორი სომხურ-რუსული სამხედრო დანაყოფი - უსაფრთხოების გაერთიანებული დანაყოფი და საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული რეგიონული სისტემა. ქვეყნები კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრები არიან, რაც გარკვეულ ვალდებულებებსაც აკისრებთ, თუმცა გასულ შემოდგომაზე, ყარაბაღის ომში რუსეთმა ნეიტრალური პოზიცია აირჩია.

რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინაზე მუშაობს

ფერფლით დაფარული სოფლები და ევაკუირებული მოსახლეობა - კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულზე უძველესი ვულკანი ამოიფრქვა

რატომ დააჯარიმა ჩინეთმა  2.75 მილიარდი დოლარით გაყიდვების გიგანტი Alibaba?