ავტორი:

"ყოველი ახალი ეკლესია-მონასტრის მოლოცვის შემდეგ, ჯაბა ფიზიკურად და გონებრივად უკეთესობისკენ იცვლება" - პილიგრიმობა შვილის დასახმარებლად

"ყოველი ახალი ეკლესია-მონასტრის მოლოცვის შემდეგ, ჯაბა ფიზიკურად და გონებრივად უკეთესობისკენ იცვლება" - პილიგრიმობა შვილის დასახმარებლად

მურცხვალაძეების ოჯახის პილიგრიმობის შესახებ ადრეც დაგვიწერია. ოჯახში სამი წევრი - მამა, დედა და შვილი შშმ პირია. როგორც ოჯახის უფროსისგან, გოგიტა მურცხვალაძისგან ვიცით, მათ საქართველოს მაშტაბით 200-მდე ეკლესია-მონასტრის მოლოცვა გადაწყვიტეს, რაზეც პატრიარქისგან კურთხევა აქვთ მიღებული. ამ საქმეში კი მათ საზოგადოების დახმარება სჭირდებათ, რასაც კეთილი ადამიანებისგან ელიან.

"ჩვენი პილიგრიმობა არა მარტო ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით არის გამოწვეული, არამედ ყველა იმ შშმ ბავშვის, რომლებსაც ღვთის შეწევნა სჭირდებათ, ასევე ემსახურება საქართველოს გამთლიანებას, ქვეყნად მშვიდობის დამკვიდრებას. ამიტომ, ყველგან, სადაც მივდივართ, ერთ სანთელს იმ ადამიანებს ვუნთებთ, ვინც ამ საქმეში ფინანსურად გვეხმარება“, - გვეუბნება ბატონი გოგიტა.

მურცხვალაძეებმა შარშან ივლისში დაიწყეს პილიგრიმული მოგზაურობა და 32 ეკლესია-მონასტერი უკვე მოიარეს. იყვნენ აჭარაში, სამეგრელოში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში.

"მოლოცვა ოჯახის ავტომანქანით გადავწყვიტეთ, რომელიც მცირელიტრაჟიანია. მოგეხსენებათ, მანქანა საწვავის გარეშე ვერ მოძრაობს. აჭარასა და სამეგრელოში გამგზავრება დაგვიფინანსეს, დაგვიფინანსეს გურია, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთიც. მორიგი მოლოცვისთვის, ღმერთის წყალობით, ალბათ გამოჩნდება კიდევ ვინმე მადლიანი, რომელიც კვლავ გვერდში დაგვიდგება...

საწვავთან ერთად, ავტომანქანას გათვალისწინებული თუ გაუთვლელი ხარჯიც აქვს, ამას ჩვენი პენსია ვერ გაწვდება. ყოველთვის ერთი და იმავე კეთილი ადამიანის იმედად ვერ ვიქნებით. ამიტომ, მინდა საზოგადოებას ვთხოვო, თუკი მათთვის მნიშვნელოვანია ლოცვა, თუნდაც მათ სახელზე, შეძლებისდაგვარად დახმარება გაგვიწიონ. ჩემთვის, ჩემი შვილისთვის ეს მომლოცველობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, რასაც მე და ჩემი მეუღლე ამ პილიგრიმობით ვაკეთებთ, ბავშვისთვის ეს მკურნალობის ტოლფასია", - აღნიშნავს გოგიტა მურცხვალაძე.

შეგახსენებთ, რომ ბატონი გოგიტას ვაჟს, ჯაბა მურცხვალაძეს, როგორც მამა ამბობს, მშობიარობის შემდგომი ტრავმა აქვს მიღებული და მისი დიაგნოზია ჰიდროცეფალია.

"დაბადებიდან მესამე დღეს, შეთხვევით მაგიდაზე ხელიდან გაუვარდათ. იაშვილის კლინიკაში პირველ და მესამე ოპერაციაზე მძიმე ქირურგიული შეცდომები დაუშვეს, შეცდომები მკურნალობის პროცესშიც მოხდა.

ღვთის წყალობით, ჯაბა გადარჩა. შემდეგ მოულოდნელი ბედნიერება გვეწვია, 2000 წლის გაზაფხულზე სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, წმინდა ბერი გაბრიელის საფლავზე ფეხი 8 წლის ასაკში აიდგა. მანამდე სრულად უმოძრაო იყო. 2006 წელს ჯაბასთან ერთად, ბათუმამდე ფეხით ვიარე. ბავშვი ეტლში იჯდა. დღეში ფეხით 300-400 მეტრზე მეტის გავლა არ შეუძლია. ამიტომ, სპეციალური ეტლი მოგვიტანეს და ის გრძელი გზა 12 დღეში დავფარეთ. ჰიდროცეფალიის მქონე ადამიანები უნარშეზღუდულები არიან, ასეთ ბავშვებთან დედაც კი ვერ შედის კონტაქტში. ჩემს შვილს ცნობადობა მოუვიდა და თანდათან ემატება. რაღაცების აღქმის და განსხვავების უნარი აქვს...

ჯაბა 28 წლის არის, მაგრამ მისი განვითარება 2-3 წლის ასაკის ადამიანის დონეზეა. ამასაც არ ველოდით, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში, როგორც უკვე ვთქვი, 2000 წელს სასწაული მოხდა, ამან დიდი ცვლილება გამოიწვა... ამასთანავე, რწმენაში გაგვაძლიერა და იმედი ჩაგვისახა...

ჯაბა როდესაც ტაძარშია, იმ პერიოდში მისი თვალები უნდა ნახოთ, როგორი მეტყველი ხდება. თუ გალობის ხმაც ესმის, ყურადღებით უსმენს... ჩემთვის როგორც მშობლისთვის, შესამჩნევია მისი სულიერი და ფიზიკური ზრდა, წინსვლა... ამიტომ, ყველა მორწმუნის მიმართ თხოვნა მაქვს, დახმარება გაგვიწიონ,“ - აღნიშნავს ბატონი გოგიტა.

მისი თქმით, შშმ ბავშვები ღვთის ანაბარა არიან - ღვთის იმედსა და წყალობაზე მინდობილი, რაც გულდასაწყვეტია. ამ კოვიდმა და ქვეყნის კრიზისულმა მდგომარეობამ ისინი კიდევ უფრო მიღმა უყურადღებოდ დატოვა.

"საქველმოქმედო ფონდი - "ღვთის შვილები" და ფონდი "ხომლი" მაქვს. ამ ფონდის პატარები, კონკრეტულად შშმ პირები უმძიმესი კატეგორიას მიეკუთვნებიან, რადგანაც უუნაროები არიან... მხარდაჭერა უნდათ, რადგან ამის იქით მათი განაჩენი, სამწუხაროდ, ფატალური შედეგია. ამიტომაცაა, რომ ამ სიტუაციაში ჩვენთვის ერთადერთი იმედი ღვთის შეწევნა და წყალობაა... სწორედ ამ რწმენამ გამაძლიერა ჩემს პრობლემებთან ბრძოლაში და ეკლესიური ქმედება დავიწყე და ღვთის იმედით კიდევ ველი ბავშვზე სასიკეთო ცვლილებებს“, - გვეუბნება რესპონდენტი.

- ე.ი. ხალხის შემწეობის იმედი ისევ გაქვთ, ხომ?

- ხალხის ლოცვას და ფინანსურ თანადგომას დიდი ძალა აქვს და ეს საკუთარი შვილის მაგალითზე მაშინ გამოვცადე, როცა ჯაბას ოპერაციები და მკურნალობის არაერთი კურსი ჩაუტარდა. ამასთანავე, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით აღსანიშნავია ჟურნალისტების მხარდაჭერა. ჩემს შვილს დაბადებიდან მათი თანადგომა სულ ჰქონდა, მიხარია, რომ მას "კვირის პალიტრის“ შვილობილად მოიხსენიებენ. ეს სახელი ჯერ კიდევ ქალბატონმა ლალი გუათიშვილმა, გაზეთის პირველმა მთავარმა რედაქტორმა შეარქვა.

- ამ ეტაპისთვის დასავლეთ საქართველოში უმეტესი ადგილი მოვლილ-მოლოცვილი გაქვთ?

- კი, მაგრამ არის ადგილები, რაც დაგვრჩა, ამას თავის მიზეზები ჰქონდა, თუმცა ზოგან განსაკუთრებულ დღეებში, საეკლესიო დღესასწაულებზე მოგვიწია ყოფნა. ასე რომ, 5 რეგიონში მეტ-ნაკლებად შევძელით მოლოცვა. ხომ გეუბნებით, ყოველი ახალი ეკლესია-მონასტრის მოლოცვის შემდეგ, ჯაბა ფიზიკურად და გონებრივად მნიშვნელოვნად იცვლება. ყოველი მისი ქმედება შეგნებულად გადადგმული ნაბიჯია, ჩემი შვილისთვის ლოცვა, კურთხევა, ეკლესიებში სიარული არის, როგორც წამალი შშმ პირისთვის. აქვე ყველა მშობელს, ვისაც ასეთი შშმ პირი შვილი ჰყავს, ვეტყვი, ხშირად ატარონ ისინი ეკლესია - მონასტრებში...

- როდის აპირებთ კიდევ გამგზავრებას?

- მოგზაურობის გაგრძელებას 1-ელი ივნისიდან ვაპირებთ. უნდა მოვილოცოთ ზემო და ქვემო სვანეთი, ზემო და ქვემო იმერეთი და ოკრიბა.

ამ მომლოცველობასთან ერთად, მინდა, რომ ხელისუფლების და ბიზნესის ყურადღებაც მივიქციო, არა მარტო ჩემს შვილს, ვიმეორებ, ასეთ ბავშვებს განსაკუთრებული მხარდაჭერა და თანადგომა უნდა. ასევე მას სჭირდება 2-3-კვირიანი სარეაბილიტაციო კურსიც. ჩვენ ბათუმში, 5-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე ვცხოვრობთ, მივმართე ქალაქის მერიას, რომ ადაპტირებული ლიფტი გაეკეთებინათ. უარი მითხრეს. მერე დაფინანსება 50/50-ზე შევთავაზე და ამაზეც უარი მივიღე. ახლა იძულებული გავხდი, თბილისში 2-3 კომპანიას შევხვედროდი, რომლებიც ლიფტებს აწარმოებენ, 50%-იანი ფასდაკლებას მიკეთებენ და ჩემი ფინანსური საშუალებით თვითონ უნდა გავუკეთო ჯაბას ადაპტირებული ლიფტი.

დადისო, რომ ვამბობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დარბის. ცოტა მანძილის გავლის შემდეგ იღლება. მეოთხე სართულიდან ჩამოსვლა მისთვის ურთულესი რამ არის. მინდა, რომ ეს სირთულე შევუმსუბუქო.

მოკლედ, ხალხის, საზოგადოების დახმარების იმედი მაქვს. მათ ჯაბასთვის ბევრი რამ აქვთ გაკეთებული, ცნობილი და გამოჩენილი მხატვრების საქველმოქმედო გამოფენებით დაწყებული, რომელშიც რუსუდან ფეტვიაშვილი და სხვა არაერთი მხატვარი იყო ჩართული, ანსამბლ "რუსთავის“ საქველმოქმედო კონცერტი ფრიდონ სულაბერიძის გვერდში დგომით... რომელი ერთი ჩამოვთვალო. უბრალოდ, ყოველ ჯერზე სულ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ხალხს საოცარი დახმარების უნარი შესწევს.

კიდევ ერთხელ მინდა, მათ მადლობა გადავუხადო და დავარწმუნო კეთილშობილი და ქველმოქმედი ხალხი, რომ ყველა ეკლესია-მონასტერში თავს ვალდებულად ვთვლი, ასეც უნდა იყოს, რომ მათთვის გულმხურვალედ ვილოცო და ვლოცულობ, მათ სახელზე ყველგან სანთელს ვანთებ. ღმერთმა ამრავლოს ასეთი ადამიანები და ძალა მისცეს. მათი წყალობით, ჩვენს ანგარიშზე თანხა შემოდის, რაც საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა რეგიონი მოვილოცოთ. კიდევ ერთხელ ვთხოვ საზოგადოებას, რომ შესაძლებლობის მიხედვით ფინანსური დახმარება გაგვიწიონ. მხოლოდ თანადგომით შევძლებთ, ამ საქმის ბოლომდე მიყვანას.

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად.

ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი:

GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007

მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ქუთაისისკენ ავტომობილებით მსვლელობას მართავენ

ხმაური რიონის ხეობაში, ჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნა და დამატებითი საპოლიციო ძალები - რას აცხადებენ შსს - ში?

გამყრელიძის თქმით, განცხადება ჩინური ვაქცინების ეფექტიანობაზე  ეხებოდა არა "სინოფარმს“, არამედ "სინოვაკს“