სოფელ გუმათში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მირზა ნოზაძის განცხადებით, არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, იქამდეს ვიდრე „ნამახვანიჰესთან“ დაკავშირებული პრობლემა სრულად არ აღმოიფხვრება.
როგორც ნოზაძე განმარტავს, 169-დღიანი პროტესტის განმავლობაში ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
„ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლებთან არ გვქონია არანაირი კომუნიკაცია. ჩვენ გვაქვს კითხვები არა პოლიციასთან, არამედ ხელისუფლებასთან. ასევე, ჩვენს მიერ არჩეულ მანდატმიცემულ პირებთან. არცერთი მათგანი არ გვინახავს აქ მოსული. არცერთი მათგანს არ ინტერესდება ჩვენი მოთხოვნებით. სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს ურთიერთობა პოლიციასთან, რომლებიც უკანონო ბრძანებით არიან დაბნეულნი და ეს იგრძნობა მათი საქციელისგანაც.
რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, ჩვენ არ ვაპირებთ აქედან წასვლას. არ ვაპირებთ შევწყვიტოთ პროტესტი იქამდე, სანამ არ მოხდება პრობლემის აღმოფხვრა. კონკრეტულად ვითხოვთ - „ნამახვანჰესის“ კასკადის ხელშეკრულების გაუქმებას, კომპანია „ენკას“ მიერ ხეობის დატოვებას და მორატორიუმის გამოცხადებას. აღნიშნული მიზნად უნდა ისახავდეს ენერგოპოლიტიკის შემუშავებას. მოსახლეობისა და ექსპერტების ჩართულობით უნდა განისაზღვროს საქართველოში ენერგოპოლიტიკა. გვქონდეს შეჯერებული და სახალხო დონეზე მიღებული ენერგოპოლიტიკა, რომლითაც ჩვენ შეგვეძლება პროტესტის გარეშე განვახორციელოთ დიდი პროექტები“, - განაცხადა მირზა ნოზაძემ.
ცნობისთვის, რიონის მცველებს სოლიდარობას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შესაბამისი განცხადება დღეს "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" გაავრცელა.
"ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, სოლიდარობას ვუცხადებთ სოფელ გუმათთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომელთა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება უხეშად ირღვევა სახელმწიფოს მიერ.
168 დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, ხელისუფლება ყოველდღიურად ზრდის რეპრესიას რიონის ხეობაში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სამართალდამცავი ორგანოები თავად სცდებიან სამართლის ფარგლებს და მიზანმიმართულად, უკანონო ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ პროტესტის ჩახშობას.
მიუხედავად იმისა, ხელისუფლებას მართებულად მიაჩნია თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, იგი ვალდებულია, მოისმინოს ხალხის ხმა. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით შეკრების შესაძლებლობა დემოკრატიული მმართველობის განუყოფელი ნაწილია და ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს. სწორედ იქ, სადაც არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და პროტესტი, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან: ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამეცნიერო წრეებთან, პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფებთან.
მიუხედავად იმისა, სხვადასხვა იდეოლოგიის სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფები ემხრობიან თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობას, ყველას საერთო მტერი არის ავტორიტარიზმი. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ხმის გაგონების ნაცვლად, მათ წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმებით მოქმედება, საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის - ანუ უკლებლივ ყველასთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ვეხმიანებით, რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს და მივიჩნევთ, რომ გაუგებარი და დაუსაბუთებელია, სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, „ბლოკპოსტების" მოწყობა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქვეყნის ტერიტორიაზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, - ამის შესახებ „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ნამოხვანი ჰესის“ მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებისას, არ ყოფილა გათვალისწინებული ეკოლოგიასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან, პროექტის სოციალურ სარგებლიანობასთან დაკავშირებული წუხილები და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები
„ამას გარდა, პოლიციამ აქტივისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაუშალა კარვები, სადაც 169 დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა უწყვეტი, მშვიდობიანი პროტესტი. აღნიშნულის გასამართლებლად შსს-ს მიერ წარმოდგენილი დასაბუთება, ვერ აკმაყოფილებს, უფლებაში ჩარევისთვის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების სტანდარტებით დადგენილ საბაზისო მოთხოვნებს.
„ნამოხვანი ჰესის“ მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებისას, არ ყოფილა გათვალისწინებული ეკოლოგიასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან, პროექტის სოციალურ სარგებლიანობასთან დაკავშირებული წუხილები და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები; არ გაბათილებულა პროექტის უსაფრთხოებასა და ხარვეზიან კვლევებთან დაკავშირებული სამეცნიერო არგუმენტები, რამაც, ლოგიკურად წარმოშვა ადგილობრივების სამართლიანი პროტესტი. ხოლო ამ პროტესტის ძალადობრივად შეჩერების მცდელობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, მიანიშნებს, რომ სახელმწიფომ გადაუხვია მის ფუნქციასა და როლს, პოლიტიკური, თუ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებისას, იხელმძღვანელოს და შებოჭილ იქნას საჯარო ინტერესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს მოქალაქეების კანონით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა და არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ; ხოლო საქართველოს მთავრობამ, აიღოს რეალური პასუხისმგებლობა და „ნამოხვანი ჰესთან“ დაკავშირებული პროცესი წარმართოს გამჭვირვალედ, ეფექტიანად, ხეობის მოსახლეობის ინტერესების სრული დაცვით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რიონის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ასევე სახალხო დამცველი. ომბდუსმენის შეფასებით, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს აქციის მონაწილეებისთვის პასუხები გაეცა იმ ლეგიტიმურ შეკითხვებზე რაც ჰქონდათ, პრობლემის მოსაგვარებლად, ძალა აირჩია:
"4 დღის წინ რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეებს შევხვდი, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან კონკრეტული და ლეგიტიმური შეკითხვები სახელმწიფოსთან, ითხოვდნენ დიალოგს და ემხრობოდნენ პროტესტის მხოლოდ მშვიდობიან ფორმას. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია, რაც ადგილზეც ვთქვი და მომავალიც დაადასტურებს, რომ არა პრობლემის მოგვარების, არამედ გამწვავების გზაა და რაც ასევე სისტემატიურად იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. სახელმწიფომ საზოგადოებრივ პროტესტს უნდა უპასუხოს არა პოლიციელების ხელით, არამედ მეტი დიალოგითა და უშუალო კომუნიკაციით. შესაბამისად, კვლავ გავიმეორებ, რომ:
- ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მოსახლეობას დიალოგის და დისკუსიის ფორმატი და დრო;
- დიალოგი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველა შეკითხვაზე არ იქნება გაცემული კვალიფიციური, არგუმენტირებული პასუხი;
- დიალოგი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული;
- პოლიციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების და მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია;
- ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მნიშვნელოვანია ყველა მხარის მზაობა (სახელმწიფო, კომპანია, პროტესტის მონაწილეები) მედია დისკუსიებსა და დებატებში მონაწილეობის თაობაზე", - ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.
დღეს მთელი დღის განმავლობაში რიონის მცველები, რომლებიც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებენ, სამართალდამცველების პიკეტების დაძლევასა და გუმათიდან სოფელ ნამოხვანში დაბრუნებას ცდილობდნენ. სამოქალაქო პროტესტი უკიდურეს ზომამდე თავად პოლიციის ქმედებებმა გაამწვავა მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ღამით, პროტესტის მონაწილეების სიმცირით ისარგებლეს და კარვების ქალაქი დაშალეს.
რამდენიმე შეტაკების, ხანგრძლივი დაპირისპირებისა და ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელისგან დაუფარავი მუქარის მიუხედავად, რიონის ხეობის მცველებმა დღის ბოლოს ქუთისისკენ გამგზავრება გადაწყვიტეს.
გაბმული სიგნალებით ათობით ავტომობილისგან შემდგარმა კოლონამ მთელი ქალაქი შემოიარა, ბოლოს პროტესტის მონაწილეები ქუთაისის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია - სახალხო პროტესტის მონაწილეები ნამახვან ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითოვენ.