ავტორი:

"ვეჭვობ, ისტორია, რომელიც ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის" - რას ამბობენ კოლეგები მსახიობების ოჯახურ სკანდალზე

"ვეჭვობ, ისტორია, რომელიც ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის" - რას ამბობენ კოლეგები მსახიობების ოჯახურ სკანდალზე

"რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!" - ეს განცხადება რუსთაველის თეატრმა მსახიობ ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ გაავრცელა. ინტერვიუში ნინუცა ყოფილი მეუღლის, ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.

გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ ყოფილ მეუღლესთან დაშორების მიზეზი ძალადობა იყო. როგორც აღნიშნა, ბესო ზანგური მას ფიზიკურადაც უსწორდებოდა და ამ ყველაფერს თავი გაქცევით დააღწია.

AMBEBI.GE შეეცადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლების კომენტარები მოესმინა.

თათული ედიშერაშვილი, მსახიობი:

- როგორც ყველა, მეც იმ აზრზე ვარ, რომ ძალადობა არის საშინელება და ვგმობ მას. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იძალადებს - ოჯახის წევრი, მეგობარი, კოლეგა, ნათესავი თუ მეზობელი. უნდა ვეცადოთ, ყოველი ძალადობის ფაქტი განვიხილოთ. ადრე სირცხვილი იყო და ცუდ ტონად ითვლებოდა, თუ ვინმეს ამხელდი, რასაც ბევრი ადამიანის პირადი ცხოვრება, ფსიქიკა შეეწირა. ამით კი მოძალადე ყოველთვის სარგებლობდა. არადა, ადამიანებს როდესაც რეალურად დახმარება სჭირდებოდათ, ჩვენ, საზოგადოება ჩუმად ვიყავით.

ამ საუკუნეში, ამ მოცემულობაში აღარ არის სირცხვილი ვამხილოთ ძალადობა, რომ ჩვენი დამოკიდებულებით, ძალისხმევით რაღაცნაირად აღვკვეთოთ. ამიტომ, ჩემს თავსაც ვალდებულად ვთვლი, რომ ამაზე თვალი არ დავხუჭო. მოძალადემ აუცილებლად უნდა გაიაზროს, რომ არ აქვს უფლება, ნებისმიერი ადამიანის, თუნდაც თავისი გაჩენილი შვილის მიმართაც კი იძალადოს.

შესაძლებელია, ადრეულ პერიოდში შევსწრებივარ კიდეც ძალადობის ფაქტს, მაგრამ არ მქონია იმის სითამამე, არც გამოცდილება და ვერ მომიხერხებია, მას წინ აღვდგომოდი. ვიმეორებ, ახლა სხვა დროა - ყველანაირი ძალადობა დასაგმობია!

ცუდია, რომ მსხვერპლი გვიან ყვება ამბავს, თუმცა ესეც კარგია, რომ ამბობს. ეს ყველაფერი დიდად არც ერთი მხარისთვის არ არის კარგი. ამასთან, ჩვენ, ამ კონკრეტული საკითხის კომენტირებისასაც ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. შეიძლება, მოინდომო ვინმეს დაცვა, მაგრამ შემოგიბრუნდეს ადამინი და გითხრას, - ნუ ჩაერევი ზედმეტად, ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა!.. ასე რომ, ვიმეორებ, გარკვეული სიფრთხილე და კულტურა გვმართებს, ვინ როგორ გამოვხატავთ ამ პროტესტს. ვუთანაგრძნობ ყველა მსხვერპლს და მოძალადეს ვურჩევ, დაფიქრდეს, რეალურად პირველ რიგში, ეს მისთვის არის ცუდი შედეგის მომტანი...

თუ საჯაროდ ცნობილი ადამიანია, ეს ყველაფერი კიდევ მეტი პასუხისმგებლობაა. უნიკალური და იდეალური შეიძლება არ იყო, მაგრამ, მით უმეტეს, ჩვენი პროფესიის ადამიანები, მინიმუმ, მომავალი თაობისთვის უნდა ვიყოთ მაგალითი, რა შეიძლება და რა არ შეიძლება გავაკეთოთ.

ანა სანაია, მსახიობი:

- გუშინ მოვისმინე ინტერვიუ და ძალიან ცუდად გავხდი. ამ ყველაფრის შესახებ ჭორის დონეზეც კი, არაფერი ვიცოდი. თან, არც არასდროს ვინტერესდები არავის პირადი ცხოვრებით... მაგრამ გუშინ ღამე იმ გადაცემის შემდეგ დაძინება ძალიან გამიჭირდა...

დღეს მეგობარმა მომწერა, - თუ მოუსმინე ინტერვიუს და რატომ არაფერს ამბობს საზოგადოება? ისეთ რაღაცაზე აღშფოთდებიან, რაც აღსაშფოთებელი არ არის, იმაზე არაფერს ამბობენ, რაზეც უნდა ითქვასო...

შემდეგ შევედი „ფეისბუქზე“ და სხვადასხვა პორტალზე ამ ინტერვიუს ქვემოთ ვნახე ადამიანების (ქალის, კაცის) კომენტარები. ნაწილი წერდა, - „კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო“. ამ კომენტარებს სათითაოდ დავუარე და პასუხები დავუწერე. მერე ველოდებოდი, ვინმე ხმას ამოიღებდა... არავის ოჯახურ ამბავს წვრილად არ განვიხილავ, არ ვეხები, თან, შეიძლება, დიდი ხნის ჩავლილი ამბავია, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ვინმეს სტატუსს მაინც არ ვნახავდი ამ თემაზე, გარდა ჩემი მსახიობი მეგობრისა.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ არავინ არაფერს იტყოდა, ამან უფრო გამანერვიულა, აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ვარ, ვინც ამაზე სატატუსი დაწერა. მივმართე ხალხს, - იქნებ გვესაუბრა ამ თემაზე - რომ ძალადობა საშიანელებაა! მოკლედ, ორმხრივად გულდაწყვეტილი დავრჩი. არადა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, უფლებადამცველების არაერთი პერფომანსი, აქცია მინახავს, ქალის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით... მოკლედ, ამანაც შემაწუხა.

ჩემს სატატუსზეც სამარისებური სიჩუმეა, ძალიან ახლობლებს არ ვთვლი, ვინც გამომემხმაურა... არც ის მეგონა, რომ მე ვიქნებოდი პირველი, ვინც ამაზე სტატუსს დაწერდა.

- რუსთაველის თეატრმა განცხადება გაავრცელა - „რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!"

- თეატრი ის ადგილია, სადაც მსახიობმა შენი „მიკროფონით,“ პოზიციით ხალხს ხმა გააგონო იმაზე, თუ ვინმეს რამეში არ ეთანხმები. თუმცა ზოგადად ძალიან არაგულწრფელი მგონია ჩვენი საზოგადოება - ზოგჯერ თვალს დახუჭავს, პირში წყალს ჩაიგუბებს და არაფერს იტყვის. ამიტომაც არის თეატრი დღემდე დაკეტილი და ყოველგვარ რეალობას მოწყვეტილი.

თეატრმა რომ თქვა, ვგმობო, - ეს რას ნიშნავს? რით გმობს? რას აკეთებს ამისთვის? დარწმუნებული ვარ, რომ ამას არაფერი მოჰყვება, რაც ძალიან სამწუხაროა.

ლაშა ჩხარტიშვილი, თეატრმცოდნე:

- ნებისმიერ ძალადობას ცალსახად ვგმობ, მით უფრო, თუ მოძალადე საჯარო ფიგურაა, რომელიც მაგალითს უნდა აძლევდეს საზოგადოებას, მას მეტი პასუხისმგებლობა მართებს. რუსთაველის თეატრის განცხადება მოძალადე მსახიობის თაობაზე, არის ფორმალური ხასიათის, რადგან, ვეჭვობ, ისტორია, რომელიც მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის, მაგრამ შესაბამისი ზომები თეატრს აქამდე არ მიუღია. ამიტომაც, არ მაქვს იმედი, რომ თეატრის მიერ გაცხადებული ძალადობის გმობა, გარდა სიტყვებისა, სხვა შემდგომ ლოგიკურ ქმედებებში აისახება.

"ეს ყველაზე მოულოდნელი და სასაცილო იყო!...როგორც მიხვდით, მოფრინავს" - როგორ გაატარეს უქმეები ქეთი ხატიაშვილმა და დავით კაჭარავამ

"გგონიათ, დეპარდიემ იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა? თუ მოვანანიებინებთ, კარგი არ იქნება?" - კოკოჩაშვილის ფილმის პროდიუსერი მათ მიმართ კრიტიკასა და სცენარზე

"ცოლზეც ათასი სისულელე ილაპარაკა. არადა, მე პირიქით ვიცი" - რას ჰყვებიან მიშა ანდღულაძის დედა და ძმა იუმორისტის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ