ავტორი:

"ყველამ იცის, რომ ჩემს შვილს ხელში არაფერი ეკავა, თავადაც დაჭრილი იყო იმ დღეს" - რას ამბობს სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედა?

"ყველამ იცის, რომ ჩემს შვილს ხელში არაფერი ეკავა, თავადაც დაჭრილი იყო იმ დღეს" - რას ამბობს სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედა?

დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი მენაბდის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მან "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ აკავებდნენ აქამდე მის შვილს და ხომ არ უკავშირდებოდა ეს, მამის, დეკანოზ შიო მანებდის გავლენებს, ბრალდებულის დედა პასუხობს:

"სოფელ დიღმის მღვდელი არის გავლენიანი მღვდელმსახური? ვისი გავლენიანი მღვდელმსახურია? თავიდან, როცა მოაკითხეს და დაკითხვაზე აიყვანეს, პირველი დღიდან ვთანამშრომლობთ. არც დამალულა, არც უარი უთქვამს არაფერზე, სასამართლო პროცესებზეც დაიოდა.

იმ დღეს თავადაც დაჭრილი იყო, 0,33 მილიმეტრი იყო დაშორებული სასიკვდილო მდგომარეობას. უარყოფს ბრალს, ყველამ იცის იქ მყოფმა, რომ ამას ხელში არაფერი ეკავა" - ამბობს ბრალდებულის დედა.

დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული გიორგი მენაბდის ინტერესების დამცველის, ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით, ბრალდებულს ის დღეს შეხვდება. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე მას შემდეგ ისაუბრებს, როდესაც გამოძიება საქმის მასალებს გადასცემს და თავად ბრალდებულს გაესაუბრება.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გ.მ-მ, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

შეგახსენებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

შსს ავრცელებს ოპერატიულ ვიდეომასალას, სადაც ავლაბარში ჩატარებული სპეცოპერაციაა გადაღებული

რა განცხადებას ავრცელებს შსს ავლაბარში, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულზე?

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ზუგდიდელი ნიკა წურწუმიაა