უკრაინის გარშემო დაძაბულობა არ წყდება. ცნობილი ხდება, რომ რუსეთმა ყირიმში იმ არმიის ნაწილები გადაისროლა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები ოკუპირებულ ყირიმში უკვე ჩავიდნენ, სადაც ისინი მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. წვრთნებში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ასევე ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 19 აპრილიდან ოქტომბრამდე რუსეთი ხურავს შავი ზღვის აკვატორიის ნაწილს სხვა ქვეყნების სამხედრო და სამთავრობო გემებისთვის და კრემლი ამ გადაწყვეტილებას დაგეგმილი სამხედრო წვრთნებით ხსნის.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ნაბიჯს ქვეყნის სუვერენული უფლებების დარღვევად აფასებს.
“58-ე კომბინირებულმა შეიარაღებულმა არმიამ 2008 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომში ე.წ. სამხრეთ ოსეთში. 2014 წელს კი ამ არმიის ნაწილები აღმოსავლეთ უკრაინაში, 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობდნენ", - წერს უკრაინული მედია.
თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილა.
"დეტალებს ვერ გავამჟღავნებ. დონბასში სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. არსებობს გარკვეული საკითხები და ჩვენ მზად ვართ ამ საკითხების გადასაჭრელად. არმია მზად არის - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხვდებით, რომ მასმედიაში ყველანაირი ინფორმაცია ტრიალებს, ამიტომ მინდა, რომ უკრაინის მოქალაქეები ენდონ მხოლოდ ჩვენი გენერალური შტაბის ან პრეზიდენტის აპარატის ოფიციალურ განცხადებებს ”, - აღნიშნა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს.