საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებები განახლდა. დიალოგის პროცესში ჩართული არიან აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები.
"მთავარი არ არის ტკივილგამაყუჩებელი გამოვიყენოთ და ტკივილი დავიწყნაროთ, მთავარია, განვკურნოთ პრობლემა, რაც ქვეყანაშია - ამ განკურნებას სჭირდება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნები, - აღნიშნული განცხადება შეხვედრის დაწყებამდე პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა გააკეთა.
“ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები და ამას ვუყურებ გზად, რათა ქვეყანა რთული ვითარებიდან გამოვიდეს“, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.
პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ახალი ტექსტი იქნება წარმოდგენილი.
„რა ტექსტი იქნება ინფორმაცია არ მაქვს, წარმოდგენა არ მაქვს, არ მგონია, რომ ხუთივე პუნქტში იყოს რამე ცვლილებები. ზოგადად იმედი მაქვს, რომ ახალი ტექსტი იქნება და იგივე ტექსტი არ იქნება, რაც ბოლო რაუნდზე იყო. რაღაც ალბათობაც არსებობს, რომ იგივე ტექსტი მოიტანონ.
ორი საკითხი იყო - პოლიტპატიმრების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის, ასევე ხელახალ არჩევნებზე მისასვლელი გზა. თუ რამე ცვლილებები იქნება ამ ორ პუნქტში უნდა იყოს ცვლილება, რომ ოპოზიცია დათანხმდეს. პირობა, რაც მედიატორებს ვუთხარი ნიკა მელიას გათავისუფლების, პირველ რიგში მისაღები უნდა იყოს თავად მელიასთვის. ეს პუნქტები წინაზე, როგორც იყო გაშლილი დოკუმენტში არ იყო მისაღები. თუ ეს ორი პუნქტი არ იქნება გაწერილი, მაშინ არ მოვაწერ ხელს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების რეფორმის გაუმჯობესება.
"დოკუმენტში რა ცვლილებები იქნება არ ვიცი, იმ დოკუმენტში რაც ეწერა არ იყო ცუდი მართლმსაჯულების რეფორმის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა კიდევ უფრო წინსვლა თუ იქნება და კიდევ უფრო გაუმჯობესება მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმის კუთხით, ამას რა ჯობია. ბევრი შესწორება შეიძლება შევიდეს იმისთვის, რომ მართლმსაჯულება გახდეს სანდო, მართლმსაჯულების სისტემას ვენდობოდეთ და ყოველ ჯერზე არ ვლაპარაკობდეთ ეს გამოუშვით და ის გამოუშვით, სისტემა უნდა გამორიცხავდეს ასეთ რამეს. მე ვიცი, ერთი რამ, რომ ქვეყანა და ხალხი თუ ვინმეს ადარდებს, ეს კრიზისი უნდა დავასრულოთ, თუ არ ადარდებთ და ჰქონდეთ ეს "ბასტი-ბუბუ", - განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, დოკუმენტში, რომელიც ბოლო რაუნდზე დაიდო, შესაძლებელია ცვლილებები შევიდეს.
ამასთან, სამნიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებიდან გამომდინარე, არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე საუბრის შესაძლებლობა არსებობს და ასევე აქვს მოლოდინი, რომ უფრო მკაფიოდ იქნება განსაზღვრული გზა, თუ როგორ უნდა გათავისუფლდნენ პატიმრები.
„ბოლო რაუნდის წარუმატებლად დასრულების შემდეგ ნათელი იყო, რომ ჩვენი პარტნიორები გააგრძელებდნენ თანამშრომლობას როგორც ოპოზიციასთან, ასევე ხელისუფლებასთან და მთელი ამ ხნის მანძილზე გრძელდებოდა კომუნიკაცია. ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი პარტნიორები იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივსულიყავით. დღევანდელი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მოლოდინი არის, რომ ორივე მხარე მზად ვართ კომპრომისებისთვის და ვხედავთ, რა დევს სასწორზე - ეს არის ქვეყნის ბედი და მომავალი პირველ რიგში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ის, რასაც ელოდება ჩვენი საზოგადოება - ეს საკითხი გადაწყდება და ორივე მხარე შეძლებს, გამონახოს საერთო ენა და დათმობებით მივიდეს შეთანხმებამდე. ამას ელოდებიან ჩვენი პარტნიორებიც. ევროპა და ამერიკა არის ჩვენი მეგობარი, მათი მოლოდინი არის, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას. ამიტომ ჩემი მოლოდინიც არის და ყველა რაუნდის წინ მე ვიყავი პოზიტიურად განწყობილი და იქვე ვამატებდი, რომ ეს იქნება ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის დასასრული. მე ვფიქრობ, კიდევ ერთი შანსია, რომ დღეს შევძლოთ შეთანხმება. ცვლილებები მოსალოდნელია იმ დოკუმენტში, რომელიც ბოლო მოლაპარაკების რაუნდზე დაიდო, რაზეც ვერ შევთანხმდით ვერც ერთი მხარე. არც ოპოზიცია იყო მზად ხელი მოეწერა ასეთი დოკუმენტისთვის, არც ხელისუფლება. დღეს უკვე გვესმის და ვიცით, რომ არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე არის შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ „ქართული ოცნების“ განცხადებიდან გამომდინარე და ასევე მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პარტნიორების ასეთი ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ უფრო მკაფიოდ იქნება განსაზღვრული გზა, თუ როგორ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
ნებისმიერ პუნქტზე ცალკეული საუბარი არ წაადგება მოლაპარაკების პროცესს. ჩვენ ვლაპარაკობთ პაკეტზე, რომელიც იქნება შემოთავაზებული ჩვენი მედიატორების მხრიდან და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი შეთანხმების შესაძლებლობაზე. ერთადერთი საკითხი, რაზეც კომპრომისზე საუბარი რთულია, წარმოუდგენელია, ეს არის პატიმრების თემა, სხვა ყველა პუნქტზე ორივე მხარეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ კომპრომისებზე ვისაუბროთ“, - განაცხადა სამნიძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, დღეს მოლაპარაკებების მაგიდაზე ახალი დოკუმენტი დაიდება.
"დღეს გადამწყვეტი დღეა და მოდით, დღევანდელ დღეს ვისურვებდი, რომ დაგვერქმია "შეთანხმების დღე", რომ შეთანხმება ნამდვილად მოხდეს, ისევე როგორც ამას გვთხოვს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხი. ვფიქრობ, რომ ამ თვეებმა აჩვენა, რომ ყველას უნდა გვეყოს მაღალი პოლიტიკური კულტურა იმისათვის, რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ. პირველ რიგში ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გაიაზროს "ქართულმა ოცნებამ" და წინა რაუნდისგან განსხვავებით იმედი მაქვს, რომ არ იქნება დესტრუქციული პოზიცია მათი მხრიდან. პირდაპირ გეტყვით, რომ არ ვიცით საბოლოო დოკუმენტში დეტალურად რა იქნება, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ობიექტური დოკუმენტი, რომელიც ობიექტურად ასახავს მთელი ამ თვეების მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს. კიდევ ერთხელ გავუსმევ ხაზს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და ეს არის ალბათ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღევანდელი დღის მოლაპარაკებების და ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზა, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, ყველა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული და ხუმრობით ვიტყვი, რომ მე რომ ავალ ახლა გასაღებს ავიღებ, ყველა, რომ შემოვა გადავკეტავ გასაღებით კარს, გადმოგიგდებთ გასაღებს და სანამ არ შევთანხმდებით, მანამდე არ დაგვიბრუნოთ გასაღები უკან.
მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს იქნება ახალი დოკუმენტი, ამ ახალ დოკუმენტში იქნება როგორც ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზა, ასევე ორივე პოლიტიკურ პატიმართან დაკავშირებით გადაწყვეტის გზა ნაჩვენები. შესაბამისად თუ ეს საკითხები იქნება დაკმაყოფილებული ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ შეთანხმება უნდა შედგეს. მე ვიმედოვნებ, რომ საერთო გზით შეგვეძლება შეთანხმების მიღება. მთავარია, რომ 5-ვე საკითხზე შეთანხმება შედგეს, ეს პოზიცია აქვს მედიატორებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით იმიტომ, რომ შარლ მიშელის საწყისი დოკუმენტი ძალიან ცალსახად ისახავდა 5-ვე პუნქტის გადაწყვეტას და არა 5-დან 3 ან 2 ან 1 პუნქტის გადაწყვეტას. მინდა, რომ დღევანდელი დღე იყოს თანხმობის დღე და ყველანი შევთანხმდეთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„გირჩის“ ერთ-ერთის ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, რა მოხდება და მოვლენები როგორ წარიმართება არ იცის.
„არ ვიცი, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება იმ დოკუმენტში, რომელიც ბოლოს დანიელსონმა დატოვა. ძალიან საინტერესოა, რადგან განცხადებები სხვადასხვა განცდას მიჩენს. სინამდვილეში ინფორმაცია არანაირი არ მაქვს. ჩვენ ჩვენი გეგმის შესახებ გამოცხადებული მაინც გვქონდა, ხვალ ჩვენ პარლამენტში მივდიოდით. იმედი მაქვს, რომ პროცესი ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები.
ყოველთვის ვამბობდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მართლა პარლამენტარები არიან, ის 60 დეპუტატი, მათი ხმა გაცილებით უფრო უნდა ისმოდეს. 60-ვე ადამიანმა საკუთარი აზრი უნდა დააფიქსიროს იმ კრიზისის შესახებ, რომელიც საქართველოშია. ასეთი მკაფიო არასოდეს არ ყოფილა პოზიცია, რომელსაც მედიატორები აფიქსირებენ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განმარტებით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი შეთავაზებულია პლებისციტის სახით, რომელიც მათი მხრიდან სერიოზული დათმობაა.
„კომპრომისიც ჩვენივე შეთავაზებული გვაქვს პლებისციტის სახით და ბუნებრივია, ვადებზე უნდა ვისაუბროთ. კრიზისიდან რეალურ გამოსავალს სჭირდება ნორმალური არჩევნები, პოლიტიკური დევნის გაჩერება და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან არჩევნებში დამარცხება, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს და ამისთვის ჩვენ ყველა შანსის გამოყენებას ვაპირებთ, სადაც შესაძლებლობა იქნება გონივრული კომპრომისის. ჩვენი ჩარჩოები ცნობილია, ჩვენი კომპრომისი შეთავაზებულია პლებისციტის სახით. ეს ძალიან სერიოზული დათმობაა. იმაზე დაყრდნობით, რაც მე გითხარით, თუ იქნება ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული მმართველი პარტიისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ მოწადინებული ვართ. ბუნებრივია, შეთანხმება უნდა იყოს ისეთი, რომელიც რეალურად დაიწყებს ქვეყნის გამოყვანას კრიზისიდან. მუდმივი კომუნიკაცია არსებობს პოლიტიკურ სპექტრს და დიპლომატიურ კორპუსს შორის. რა შეხვედრაც უნდა ყოფილიყო ამის შესახებ დღეს გავიგეთ და დრამატულად მოულოდნელი ამაში, არაფერი არ არის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ამ წუთებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს ხვდებიან.
შეხვედრაზე იმყოფებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩის", "გირჩი - მეტი თავისუფლებსა" და "რესპუბლიკელების" ლიდერები, ასევე "ევროპული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში არ მისულან "ქართული ოცნების" ლიდერები.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში დილიდან იმყოფებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.
ცნობისთვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 14:00 საათისთვის იყო დაანონსებული, რომელიც მედიისთვის უცნობი მიზეზების გამო, რამდენჯერმე გადაიდო. მოგვიანებით "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს დოკუმენტს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველი გუნდის მხრიდან, ევროკავშირის და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.