თუ ადამიანს ფრენის შიში არა აქვს, მისთვის მოგზაურობას არაფერი სჯობს. ეცნობი უცხო ქვეყნის კულტურას, ხალხს, ცხოვრების სტილს. მოკლედ, ეს ყველაფერი საინტერესოა, მაგრამ ბევრი, საჭირო ფინანსური რესურსის უქონლობის გამო, არათუ ქვეყნიდან, არამედ ქალაქიდან გასვლასაც ვერ ახერხებს. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები კი, გასტროლებისა თუ დასვენების მიზნით, საზღვარგარეთ ხშირად დადიან, მით უმეტეს - ზაფხულში. სწორედ ამიტომ, რამდენიმე მათგანს დავუკავშირდი და მოგზაურობით მიღებულ შთაბეჭდილებებზე ვესაუბრე.
"ვცდილობ, ქუჩებში მარტომ ვიხეტიალო..."
ლელა მებურიშვილი, მსახიობი:
- ბოლოს ერევანში გახლდით, სადაც "ზაფხულის ღამის სიზმარი" გქვონდა წაღებული. მანამდე კი, იგივე სპექტაკლი ამერიკაში ჩავიტანეთ და, როგორც ვიცი, იქაური მაყურებელი აღვაფრთოვანეთ. სპექტაკლს საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრებოდა და ჩვენი მისამართით დიდი სიმპათიაც გამოხატეს. ისე კი, ჩემდა სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში არა ვარ ნამყოფი.
წელს მინდოდა, იტალიაში დასასვენებლად წავსულიყავი, რადგან ეს ქვეყანა ძალიან მომწონს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. ვიზაზე ჩაწერა დამიგვიანდა. თანაც, ახალი სერიალის გადაღებები საკმაოდ გვიან დამთავრდა და ამიტომ, აქ დარჩენა მომიხდა. რაც შეეხება მოგზაურობას - მართლა ძალიან მიყვარს, თუმცა იშვიათად ვმოგზაურობ. მთელი წლის განმავლობაში ვგეგმავ ხოლმე, რომ სადმე წავიდე, მაგრამ არ გამომდის. მოგზაურობისთვის კი ერთ დღეში ვემზადები. არ მიყვარს, რამდენიმე კვირით ადრე ბარგის ჩალაგებას რომ იწყებენ ხოლმე. მე სპონტანურად ვახერხებ ამ ყველაფერს. გარემოს შეცვლა ძალიან კარგია, თან, ბუნებასთან ყოფნა მიყვარს.
- ფრენის გეშინია?
- არა, ფრენის შიში საერთოდ არა მაქვს.
- უცხო ქვეყანაში ჩასული, პირველ რიგში, რას ათვალიერებ ხოლმე?
- რაც იმ ქვეყანაში ღირსშესანიშნაობაა, ჩვენი ჯგუფის წევრებთან ერთად, მეც ყველაფერს ვათვალიერებ, მერე კი ვცდილობ ხოლმე, ქუჩებში მარტომ ვიხეტიალო, რათა იქაური ხალხის ხასიათსა და ცხოვრების სტილს გავეცნო.
- ე.ი. უცხო ხალხთან კონტაქტს ადვილად ამყარებ.
- მგონი, არ მიჭირს კონტაქტის დამყარება. ამერიკელებზე ამბობდნენ, ძალზე უყურადღებო ხალხიაო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, რადგან თუკი რომელიმე გამვლელს ვკითხავდი, - ესა და ეს მაღაზია სად არის-მეთქი? - გამოგყვები და გაჩვენებო, - მპასუხობდნენ. საერთოდ, ძალიან მიყვარს შოპინგი. მართალია, ერევანში არაფერი შემიძენია, მაგრამ სამაგიეროდ, ამერიკაში მოვიარე მაღაზიები, ამაში კი იქაური ხალხი დამეხმარა. სხვათა შორის, ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანებმა საჩუქრებიც კი მომიძღვნეს. მოკლედ, ამერიკელებზე დადებითი შთაბეჭდილება მაქვს...
"ფრენის შიში საერთოდ არა მაქვს"
კახა აბუაშვილი (კაბუ), მსახიობი:
- ბოლოს რუმინეთში გვქონდა გასტროლები. იქაურ ფესტივალზე სპექტაკლი "ფაუსტი" წავიღეთ. რასაკვირველია, მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მით უმეტეს, რომ ფრენის შიში საერთოდ არა მაქვს. სადმე გასამგზავრებლად მხოლოდ სულითა და გულით ვემზადები ხოლმე თორემ ბევრი ნივთი ნამდვილად არ მიმაქვს. ერთი პატარა ჩანთაც საკმარისია. ნივთები რად მინდა, მთავარია, თვალები მქონდეს თან.
- თვალებით ვის ან რას აკვირდები?..
- ზოგადად, ქვეყანას ვათვალიერებ. რომ გითხრა, მუზეუმების თვალიერებით თავს ვიკლავ-მეთქი, მოგატყუებ, თუმცა არც უამისობაა. მაგალითად, ახლა რუმინეთში ყოფნისას დრაკულას მუზეუმის ნახვა მსურდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე, რადგან ჩვენ ქალაქ სიდიუში ვიყავით, ის მუზეუმი კი სულ სხვა ქალაქშია, რომელიც იქიდან საკმაოდ შორს მდებარეობს. არა უშავს, იმედია, კიდევ მოვხვდები ამ ქვეყანაში და მაშინ ამ მუზეუმს აუცილებლად მოვინახულებ.
- უცხოელ ქალებს არ ათვალიერებ ხოლმე?
- აბა, კაცებს ხომ არ დავათვალიერებ! ქალებს პირველ რიგში ვაკვირდები. ყველაზე მეტად იტალიელმა ქალბატონებმა მომხიბლეს. "პერკე, პერკე" - ამ სიტყვას ძალზე ხშირად იმეორებენ და ძალიან სექსუალურადაც გამოსდით (იცინის). ვხუმრობ, რა თქმა უნდა. საერთოდ, იტალიელებს ტემპერამენტიანი ქალები ჰყავთ და ამიტომაც ვანიჭებ უპირატესობას. ისე კი, ბევრ ქვეყანაში ნამდვილად არა ვარ ნამყოფი. ახლა, მალე კორეაში გავემგზავრებით, სადაც ისევ "ფაუსტს" წარმოვადგენთ და იქიდან რომ დავბრუნდები, ჩემს შთაბეჭდილებებს აუცილებლად გაგიზიარებ.
"უფრო მეტად, ამერიკელებთან ვმეგობრობ"
თიკა ფაცაცია, მომღერალი:
- როგორც ყველა ადამიანს, მოგზაურობა მეც ძალიან მიყვარს. უცხო ქვეყანაში გამგზავრების წინ კი აუცილებლად ვადგენ იქაურ ტემპერატურას და ამის მიხედვით ვარჩევ წასაღებ ნივთებს, თუმცა ამას წასვლის წინ, ორ საათში ვახერხებ ხოლმე. ისედაც, ნახევრად სავსე ჩემოდნით მივდივარ, რადგან შოპინგი ძალიან მიყვარს და რა ვიცი, რა მომეწონება იქაურ მაღაზიებში?!. ბევრი ბარგი კი არ მიყვარს. ამიტომ, თუ რამე მომეწონება, იმ ნახევარ ჩემოდანს ვავსებ და უკან ისე ვბრუნდები. სადმე გამგზავრებამდე ყოველთვის ვცდილობ, მოსახერხებელი ფეხსაცმელი და ქურთუკი წავიღო, რადგან ფეხით სიარული მიყვარს და მთელ დღეს ხეტიალში ვატარებ. იქაურ ტრანსპორტს არ ვწყალობ. გა ვდივარ ქალაქის ცენტრში და მთელ ქალაქს ფეხით შემოვივლი ხოლმე, რომ ყველაფერი კარგად დავათვალიერო.
სიმართლე გითხრა, მუზეუმებში სიარულით თავს არ ვიკლავ, რადგან, როგორც წესი, ყველა მუზეუმის წინ უშველებელი რიგი დგას და ამით ბევრ დროს დავკარგავ. მაგალითად, პარიზში საკმაოდ ბევრჯერ ვარ ნაყოფი და ლუვრის დათვალიერება მხოლოდ ბოლო ჩასვლისას მოვახერხე. ვატიკანშიც მთელი დღე ვიარე. რატომღაც, ეს ქალაქი ტურისტებისთვის უფრო მოსახერხებელია და მუზეუმების წინ არც ისე დიდი რიგები დგას, ამიტომ საფუძვლიანად დავათვალიერე და ამაში ნაკლები დრო დავხარჯე.
- უცხოელებთან თუ ურთიერთობ?
- ნაკლებად. ხომ იცი, ყველა ერში არიან კარგი და უჟმური ადამიანები (იცინის). უფრო მეტად, ამერიკელებთან ვმეგობრობ; ალბათ იმიტომ, რომ იქ ყველაზე მეტხანს მომიხდა ცხოვრება. ისე კი, ფრანგებიც საკმაოდ გულგახსნილი ხალხია...
- უცხოელს რაიმე დასამახსოვრებელი საჩუქარი ხომ არ მოუძღვნია შენთვის?
- მსგავსი რამ არ მახსენდება. ან რატომ უნდა ეჩუქებინა?! არ მეგულება არც ერთი ქართველი, რომელიც აბსოლუტურად უცხო ადამიანს რამეს აჩუქებს, თუ მისგან რამეს არ ელის...
- ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი?
- არც ისე. უფრო ხშირად, ერთი და იმავე ქვეყანაში მიწევს რამდენჯერმე ჩასვლა, თორემ მაგალითად, გერმანიის არც ერთ ქალაქში არ ვყოფილვარ, არც აზიაში. ამერიკასა და ევროპის რამდენიმე ქალაქში ვარ ნაყოფი. ახლაც მინდა, სადმე გავემგზავრო დასასვენებლად და ვნახოთ, მოვახერხებ თუ არა.
- სამოგზაუროდ ვისთან ერთად დადიხარ ხოლმე?
- ძირითადად, მეუღლესთან. ახლა უკვე ჩემი შვილიც წამოიზარდა და ვცდილობ, მასაც გავაცნო უცხო ქვეყნის კულტურა.
- ფრენის გეშინია?
- არა, პირიქით, ფრენა ძალიან მიყვარს. თვითმფრინავი საშუალებას გაძლევს, 3 საათში აბსოლუტურად სხვა სამყაროში აღმოჩნდე, - ეს ხომ ძალიან კარგია! თანაც, აფრენამდე ვიძინებ ხოლმე და მხოლოდ დაშვებისას ვიღვიძებ. ასე რომ, ფრენა ჩემთვის სიამოვნებასთან ასოცირდება...
ნათია ჟივიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)