ავტორი:

სიკვდილით დასჯა პანდემიის დროს, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირების გამო და ახალი დანაშაული "კოვიდ-19-ის სიმპტომების დამალვა“

სიკვდილით დასჯა პანდემიის დროს, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირების გამო და ახალი დანაშაული "კოვიდ-19-ის სიმპტომების დამალვა“

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ - Amnesty International-მა გამოთვალა, კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს სიკვდილით დასჯის პროცედურა მსოფლიოს 18 სახელმწიფოში შეაჩერა, თუმცა შესამჩნევია საწინააღმდეგო ტენდენციაც: ზოგიერთ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის განაჩენთა სისრულეში მოყვანის რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა, რაც, უფლებადამცველთა აზრით, ადამიანის სიცოცხლისადმი გულგრილ დამოკიდებულებას მოწმობს. და ეს ხდება იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო მოსახლეობის სასიკვდილო ვირუსისაგან დაცვას ცდილობს.

ეგვიპტეში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, სიკვდილით დასჯის რაოდენობა გასამმაგდა. ჩინეთში ადამიანები საკარანტინო ზომების დარღვევის გამო სიცოცხლეს გამოასალმეს. შარშან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, 17-წლიანი პაუზის შემდეგ, მხოლოდ 6 თვეში, სიკვდილით 10 ადამიანი დასაჯა.

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მრავალ ქვეყანაში, აშშ-ის ჩათვლით, დაირღვა ადამიანთა უფლებები სამართლიანი სასამართლო განხილვის საკითხში: როგორც ადვოკატები აცხადებენ, მათ ვერ შეძლეს ბევრ თავიანთ კლიენტთან შეხვედრა და მათთან ნორმალურად მუშაობა.

  • სიკვდილი დაინფიცირებისთვის

გასული წლის თებერვალში, როცა კორონავირუსმა მთელ მსოფლიოში სწრაფი გავრცელება დაიწყო, ჩინეთში ახალი დანაშაული მოიფიქრეს - "კოვიდ-19“-ის სიმპტომების დამალვა“. ამ ბრალდების სანქცირების მიხედვით, არ იყო გამორიცხული, რომ ადამიანი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირების სიმპტომებს დამალავდა და ავადმყოფობას ვინმეს გადადებდა, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლებოდა 10 წლით საპყრობილეში გამომწყვდეულიყო, უარეს შემთხვევაში კი... სიკვდილით დასჯილიყო.

სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა იმათაც, ვინც პანდემიის დროს კონტრაფაქტურ (ფალსიფიცირებულ) წამლებს გაავრცელებდა, სპეციალურად დაასნებოვნებდა ვინმეს და მედიცინის მუშაკებს რაიმე ზიანს მიაყენებდა.

უკვე 2020 წლის შუახანებში ჩინეთში ამ სახის 21 დანაშაული იქნა გამოვლენილი, მათ შორის ოთხი სასჯელის უმაღლეს ზომას ითვალისწინებდა. არავინ იცის, სინამდვილეში რამდენი ადამიანი იქნა დასჯილი პროფილაქტიკური ზომების დარღვევის გამო, რადგან მათი დადგენა შეუძლებელია: ჩინეთის კანონმდებლობით, ინფორმაცია სასიკვდილო განაჩენების თაობაზე სახელმწიფო საიდუმლოებაა.

თუმცა ორგანიზაცია "ემნესთი ინთერნეიშენელი“ დარწმუნებულია, რომ მინიმუმ ერთი ადამიანი იქნა სიკვდილით დასჯილი ანტიკორონავირუსული წესების დარღვევის გამო. სულ ჩინეთში სიკვდილით ისჯებიან 46 სახის დანაშაულის გამო, რაც პანდემიასთან არ არის დაკავშირებული. მათ შორისაა კორუფციული დანაშაულიც. იმის გათვალისწინებით, რომ სტატისტიკა მთლიანად გასაიდულოებულია, "ემნისთი ინთერნეიშენელი“ ეყრდნობა იმ მონაცემებს, რომლებიც პრესაში ქვეყნდება, აგრეთვე იმოწმებს დასჯილთა ნათესავ-ახლობლების ნათქვამს.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ყოველწლიურად ჩინეთში სიკვდილით ათასობით ადამიანი ისჯება. ამ მაჩვენებლებით ქვეყანა წინ უსწრებს წარსულში ისეთ ცნობილ ლიდერებს, როგორებიცაა ირანი, ეგვიპტე, ერაყი და საუდის არაბეთი. საერთოდ, ამ ოთხ ქვეყანაზე 2020 წელს სიკვდილით დასჯის ცნობილი შემთხვევების 88% მოდიოდა.

  • დასჯის ნულოვანი რაოდენობა

"ემნესთი ინთერნეიშენელის" გამოთვლებში არაზუსტი ინფორმაციებია არა მხოლოდ ჩინეთის შესახებ, არამედ ასევე ვიეტნამის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიის მიმართაც: ყველა ამ ქვეყანაში შესაბამისი სტატისტიკა ან სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლება, ან ნაწილობრივად არის დამალული სახელმწიფო ორგანოების მიერ.

თუ აღნიშნული ქვეყნების მონაცემებს არ ჩავთვლით, მაშინ ასეთ სურათს მივიღებთ: 2020 წელს მსოფლიოში სიკვდილით 483 ადამიანი დასაჯეს, რაც მინიმალური რაოდენობაა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ამავე პერიოდში გამოტანილი იქნა 1477 სასიკვდილო განაჩენი, რაც ასევე დაბალი მაჩვენებელია წინა 2019 წელთან შედარებით.

"ემნესთი ინთერნეიშენელის" ექსპერტები ციფრების დაკლებას, პირველ რიგში, ანტიკოვიდური ზომების მიღებით გამოწვეული "შესვენებით“ ხსნიან. მაგალითად, 2020 წლის განმავლობაში უფლებადამცველებს არ დაუფიქსირებიათ სიკვდილით დასჯა ბელარუსში - ერთადერთ ევროპულ ქვეყანაში, სადაც სასიკვდილო განაჩენები ჯერ კიდევ სისრულეში მოჰყავთ. მინსკი სასიკვდილო დასჯის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საიდუმლოებად მიიჩნევს, თუმცა ამის მიუხედავად, ცნობილია, რომ 2019 წელს ოთხი ადამიანი დაისაჯა სასჯელის უმაღლესი ზომით.

ბელარუსმა აქტივისტებმა, რომლებიც სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაციებს თვალს ადევნებენ, "ბი-ბი-სი“-ს აცნობეს, რომ 2020 წელს ქვეყანაში არანაკლებ ხუთი სასიკვდილო განაჩენი იქნა გამოტანილი.

უფლებადამცველთა მონაცემებით, ბელარუსის დამოუკიდებლად გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში სისრულეში იქნა მოყვანილი 400-ზე მეტი სასიკვდილო განაჩენი, თანაც ისე, რომ ნათესავებს დასჯილთა ცხედრებს არ აძლევენ, არ ატყობინებენ სიკვდილის დროს და არ უჩვენებენ გვამის დამარხვის ადგილს.

აშშ-ში კი სიკვდილით დასჯის სისტემა სხვაგვარადაა მოწყობილი: ბევრ შტატში განაჩენის სისრულეში მოყვანის დროს ნათესავებს და ჟურნალისტებს იწვევენ. და მაინც აშშ დასავლეთ ნახევარსფეროს იმ ერთადერთ ქვეყნად ითვლება, სადაც 2020 წელს ადამიანები სიკვდილით დასაჯეს.

მართალია, შტატების დონეზე - დღეისათვის 25 ამერიკულ შტატში სიკვდილით დასჯა არსებობს - გასულ წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვიდი მოქალაქე მოაკვდინეს, მაგრამ ფედერალურ დონეზე ბოლო წლებში სასიკვდილო განაჩენების აღსრულების მიმართ არაოფიციალური მორატორიუმი არსებობდა. როგორც უკვე ვთქვით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს მორატორიუმი დაარღვია და პირველად 17 წლის განმავლობაში, სისრულეში მოიყვანა ფედერალური სასამართლოების მიერ გამოტანილი 10 სასიკვდილო განაჩენი.

ადამიანთა წამება და გაუჩინარება

"სანამ მთელი მსოფლიო დაძაბული ეძებდა კორონავირუსისაგან ადამიანების სიცოცხლის დამცავ საშუალებას, ზოგიერთი მთავრობა გამომწვევად მოქმედებდა: იქაურ სასამართლოებს სასიკვდილო განაჩენები გამოჰქონდათ და ყველაფერის მიუხედავად, ადამიანებს მაინც სჯიდნენ“, - ამბობს Amnesty International-ის გენერალური დირექტორი ანეს კალამარი, - "სასიკვდილო განაჩენი - ეს შემზარავი სახის დასჯას წარმოადგენს, ხოლო სწრაფვა ასეთი სასჯელის სისრულეში მოსაყვანად პანდემიის დროს კიდევ უფრო ხაზს უსვამს ხელისუფლთა სისასტიკეს“.

ანეს კალამარის აზრით, სასიკვდილო განაჩენების სადაოობა და მათი გასაჩივრება ვირუსამდელ პერიოდებშიც ძალიან რთული იყო, პანდემიის დროს კი თითქმის შეუძლებელი გახდა: ადამიანებმა, რომლებიც სიკვდილმისჯილთა საკნებში სხედან, ვერ შეძლეს ადვოკატებთან შეხვედრა, ხოლო ბევრი, ვისაც მათი დახმარება სურდა, იძულებული გახდა თავიანთი ჯანმრთელობის რისკის ფასად ემოქმედათ. "სიკვდილით დასჯის გამოტანა ასეთ პირობებში - ეს ადამიანის უფლებების აღმაშფოთებელ ხელყოფას წარმოადგენს“, - თვლის ანეს კალამარი.

ეგვიპტე ოფიციალურად შევიდა იმ ქვეყნების სამეულში, სადაც სიკვდილით ყველაზე მეტი ადამიანი დაისაჯა: 2020 წელს აქ არანაკლებ 107 ადამიანი მოკლეს. ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს, ვიდრე წლიური მოხსენება მომზადდებოდა, "ემნესთი ინთერნეიშენელმა" გაავრცელა განცხადება და ქვეყანაში სიკვდილით დასჯის რაოდენობის ზრდას საშიში ტენდენცია უწოდა.

2020 წლის მხოლოდ ოქტომბერში და ნოემბერში ეგვიპტეში 57 ადამიანი მოაკვდინეს, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე მთლიანად 2019 წელს. ჯერ კიდევ მაშინ უფლებადამცველები შიშობდნენ, სიკვდილით დასჯილები შესაძლოა უფრო მეტი ყოფილიყო: ეგვიპტე, ისევე როგორც ბელარუსი, არ აქვეყნებს სტატისტიკას და არ ატყობინებს ახლობლებს სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას.

ეგვიპტის მასმედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ 2020 წლის ბოლო სამი თვის მანძილზე ქვეყანაში 91 სიკვდილით დასჯა განხორციელდა, თუმცა "ემნისთ“-მა ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლო.

თუმცა, დადასტურებულ შემთხვევათა გაანალიზების მიხედვითაც უფლებადამცველები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბევრი სასამართლო პროცესის დროს ბრალდებულებისაგან აღიარება ზეწოლისა და წამების გამოყენებით იქნა მიღებული, შემდეგ კი მათი გაუჩინარება ხდებოდა.

ქვეყანაში სიკვდილით დასჯის ზრდას საზოგადოებრივი ორგანიზაციები კაიროში, "თორას“ საპყრობილედან წარუმატებელ გაქცევას უკავშირებენ.

ამ ინციდენტის ირგვლივ ძალზე ძუნწი მონაცემები არსებობს: ცნობილია, რომ გაქცევის მცდელობის სამი მონაწილე საპყრობილეში 2018 წლიდან იჯდა - მათ ტერორისტულ დაჯგუფება "ანსარ აშ-შარია“-ში მონაწილეობას და 2013-2014 წლებში ათამდე პოლიციელის მკვლელობას აბრალებდნენ. წარუმატებელი გაქცევის მცდელობის დროს, როგორც კაიროს ხელისუფლება იტყობინებოდა, მათ კიდევ სამი პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

უკვე მერამდენე წელია სამეულის ლიდერად ირანი რჩება, სადაც 240-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. და თუმცა ეს უფრო ნაკლები რაოდენობაა წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში სულ უფრო ხშირად ხდება სასიკვდილო განაჩენების გამოყენება პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად, სხვაგვარად მოაზროვნეთა წინააღმდეგ - იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ, ან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან.

ბევრი ქვეყანა, სადაც სიკვდილით დასჯა გრძელდება, საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს: მაგალითად, სასჯელის უმაღლეს ზომას ისეთი დანაშაულის (მკვლელობის) ჩადენის შემთხვევაშიც კი მიმართავენ, რომელიც წინასწარგანზრახული არ არის.

ამ ნეგატიურ ფონზე დადებითი მოვლენაა ის, რომ 2020 წელს რიგმა ქვეყნებმა უარი თქვეს სიკვდილით დასჯაზე. მაგალითად, ყაზახეთმა ამის პირობა უკვე დადო, ბარბადოსმა კი რეფორმა დაასრულა და სიკვდილით დასჯის გაუქმება უახლოეს დროშია მოსალოდნელი. ადამიანის სიკვდილით დასჯა აშშ-ის კოლორადოს შტატმაც აკრძალა.

  • ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 108 ქვეყანაში სიკვდილით დასჯა მთლიანად არის აკრძალული.

Amnesty International-ში სიკვდილით დასჯას "სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ მკვლელობად“ მიიჩნევენ და მოუწოდებენ მისი გაუქმებისათვის იმ ქვეყნებს, სადაც ჯერ კიდევ არის ასეთი ზომა შენარჩუნებული. თუმცა, ამ პოზიციის მიუხედავად, აშშ-ში ამერიკელთა უმრავლესობა მაინც თვლის, რომ სიკვდილით დასჯა ეთიკური თვალსაზრისით მისაღებია. აქვე ვიტყვით, რომ მართალია, ასეთი პოზიცია მოსახლეობის 54%-ს აქვს (ანუ უმრავლესობას), მაგრამ ეს რაოდენობა ბოლო წლებში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

"გაეროს გენერალური ასამბლეის მოწოდებას სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის შემოღების მხრივ მხარი 123-მა სახელმწიფომ დაუჭირა - ყველაზე მეტმა, ვიდრე ოდესმე - რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენებიც, ბოლოს და ბოლოს, მათ მიბაძავენ. მსოფლიო აგრძელებს წინსვლას სიკვდილით დასჯის სრული გაუქმებისაკენ. მოვუწოდებთ აშშ-ის კონგრესს, რომ მხარი დაუჭირონ საკანონმდებლო ინიციატივას სიკვდილით დასჯის აკრძალვის მიზნით“, - აცხადებენ "ემნისთი ინტერნეიშენელ“-ში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"დიდი ხანია შეერთებულმა შტატებმა კანონებით ცხოვრება დაიწყო? დაე, მათ სანქციებით საკუთარი თავი დაისაჯონ" - მარია ზახაროვა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები: როგორია ამ დროის მონაცემები და რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი

მასშტაბური შენობები, რომლებიც აფრიკის კონტინენტს სრულიად შეცვლიდა - პროექტების ფოტოები