ავტორი:

თუ ბაიდენი სომეხთა გენოციდს აღიარებს, როგორ შეიძლება ეს ჩვენს რეგიონზე აისახოს ? - "ვვარაუდობ, რომ აშშ-მა გარკვეული მესიჯი გაგზავნა და თურქეთს რაღაც დაათმობინა“

თუ ბაიდენი სომეხთა გენოციდს აღიარებს, როგორ შეიძლება ეს ჩვენს რეგიონზე აისახოს ? - "ვვარაუდობ, რომ აშშ-მა გარკვეული მესიჯი გაგზავნა და თურქეთს რაღაც დაათმობინა“

სანდო წყაროებზე დაყრდნობით, Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად ოფიციალურად აღიარებას გეგმავს. ინფორმაციის თანახმად, ბაიდენი 24 აპრილს, მსხვერპლთა მოხსენიების დღეს, სიტყვა "გენოციდის“ გამოყენებას აპირებს.

თუმცა წყარომ, რომელიც ამის შესახებ Reuters-ს ესაუბრა, არ გამორიცხა, რომ თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ბაიდენმა ამ ტერმინის გამოყენება ბოლო წუთს გადაიფიქროს.

რა შეიძლება იდგეს ამ გადაწყვეტილების უკან და როგორ შეიძლება შეიცვალოს ნატო-ს ორ მოკავშირეს შორის ურთიერთობები, როგორი იქნება თურქეთის რეაქცია სიტყვა "გენოციდის“ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხსენებაზე და რა ასახვა ექნება ამ ყველაფერს რეგიონზე? - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრება.

- რაც ზედაპირზე ჩანს, დაძაბულობა თურქეთსა და ამერიკას შორის კიდევ უფრო გამწვავდება, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ამ ბოლო პერიოდში თითქოს, ამერიკას ერთგვარად აგრძნობინებდა ამ ურთიერთობებში დათმობისთვის მზადყოფნას. ამას ისიც ადასტურებს, რომ უკრაინის კრიზისის გამწვავების, ფონზე თურქულ მედიაში განიხილებოდა ალბათობა, რომ მონტროს კონვენციის გვერდის ავლით, ვადები შეემცირებინათ და ამერიკის გემებისთვის მიეცათ შავ ზღვაში შემოსვლის საშუალება, რაც პრინციპში, რუსეთის მიერ უკრაინაში მორიგი შეჭრის პრევენციას უნდა მომსახურებოდა. ეს თურქეთის მხრიდან იყო პარტნიორული და მეგობრული ნაბიჯი აშშ-ის, როგორც ნატო-ს წევრის მიმართაც.

ზოგადადაც, ამერიკაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თურქეთის ხელისუფლება გამოთქვამდა მოლოდინს, რომ ბაიდენის ხელისუფლების პირობებში მათი ურთიერთობები კვლავ უფრო პარტნიორობის ძველ დონეს დაუბრუნდებოდა. თუმცა, ბაიდენის კრიტიკული განწყობა თურქეთის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ჯერ კიდევ წინა საპრეზიდენტო პერიოდიდანვე იყო ცნობილი და ამას არ მალავდნენ, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაიდენის ამერიკის საგარეო პოლიტიკის სამ უმთავრეს ღერძს შორის ერთ-ერთი სწორედ დემოკრატიის განმტკიცება და ხელშეწყობაა პარტნიორ ქვეყნებსა და ზოგადად, მსოფლიოში. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, თუკი გადაწყდება და ბაიდენი გამოიყენებს სიტყვა "გენოციდს“, ეს ამერიკის მხრიდან თურქეთზე ზეწოლის კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი იქნება. თუმცა, როგორ ჩაჯდება ეს შავი ზღვის უსაფრთხოების ნატო-ს საერთო არქიტექტურაში, რა თქმა უნდა, აქ კითხვის ნიშნები ჩნდება. ეს ერთგვარი იძულების ბერკეტია, რომლითაც აშშ თურქეთზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენას ცდილობს, ამ გადასახედიდან ასე ჩანს“, - აღნიშნავს ლაგაზიძე.

მისი თქმით, შავ ზღვაზე ნატო-ს უსაფრთხოების სტრატეგია თურქეთის მონაწილოების გარეშე წარმოუდგენელია, მიზეზი კი, რატომ შეიძლება წამოიწიოს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარება, მხოლოდ შეგვიძლია, ვივარაუდოთ.

"ძალიან რთულია იმის თქმა, რის მიღწევას თუ მიღებას ცდილობს აშშ ამ ნაბიჯით, რა არის მისი რეალური სამიზნე. ეს თემა ახალი არ არის და ახლა არ წამოწეულა აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში - სომხური ლობი ერთ-ერთი უძლიერესი ლობია ამერიკაში და ის ამ თემის გააქტიურებას ყველა ადმინისტრაციის დროს ცდილობს. ყველა ადმინისტრაციის დროს, ეს თემა ამერიკის ხელში თურქეთზე მოქმედების ბერკეტი იყო. ვფიქრობ, ამჯერადაც ამ თემის წამოწევა შემთხვევითი არ არის და ამის უკან ამერიკის გარკვეული მოთხოვნები იმალება თურქეთის მიმართ, რომლის შესრულებაზეც ის ამ გზითა და ხერხით მიანიშნებს.

ამ შემთხვევაში მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოვთქვათ, მაგალითად, ექვსთა ფორმატის საკითხი უფრო სიცოცხლისუნარიანი რომ აღმოჩენილიყო, შეიძლებოდა, ერთი თემა ეს ყოფილიყო, რაც, უხეშად რომ ვთქვათ, ამერიკისთვის რეგიონის "ახევას“ ნიშნავს. ეს ინიციატივა სწორედ რომ თურქეთის და აზერბაიჯანის ერთობლივი ინიციატივა იყო, თუმცა, უფრო მეტად თურქეთის და ამერიკისთვის, ფაქტობრივად, ორი უმთავრესი მტრის ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას ისახავდა მიზნად - აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის პარალელურად, ანუ, რუსეთისა და ირანის. გარდა ამისა, რუსეთის და თურქეთის დაახლოება, თუმცა ტაქტიკური (სტრატეგიული ვერ იქნებოდა და აღმოჩნდა, რომ არც არის), ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის დროს იწვევდა ძალიან სერიოზულ შეშფოთებას ამერიკაში და ამას არც მალავდნენ - რამდენჯერმე სანქციების მუქარით, იმავე, თურქეთის მიმართ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძნელი სათქმელია, რის მიღწევას შეიძლება ცდილობდეს ამერიკა. ვნახოთ, გამოიყენებს თუ არა რეალურად ბაიდენი ამ შეფასებას, ეს გვიჩვენებს, საბოლოო მიზანი იყო რეალურად გენოციდის აღიარება და ის, რომ ასე ვთქვათ, სომხურმა ლობიმ თავისი გაიტანა, თუ ეს მორიგ ჯერზე იყო ბერკეტი ამერიკის ხელში, რომელიც თურქეთს გარკვეული დათმობებისკენ უბიძგებდა. უხეში შედარებაა, მაგრამ ყველა ველოდით რუსეთის მორიგ ომს უკრაინაში და ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ წვრთნების შემდეგ, როგორც ამას რუსეთმა უწოდა, მან უკრაინის საზღვრიდან თავისი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გაყვანა დაიწყო. ბუნებრივია, იქაც გარკვეული ზემოქმედების ბერკეტები ჩაერთო და სწორედ ამის საპასუხოდ იყო, რომ შავ ზღვაში ამერიკის გემები აღარ გამოჩნდა. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ შედეგით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რა არის ამის რეალური მიზანი - რა დგას ამის უკან, არის ეს თურქეთზე ზემოქმედების იარაღი თუ ამ განცხადების და შეფასების მიზანი მხოლოდ გენოციდის აღიარება იქნება ამერიკის მხრიდან. ამას უახლოესი პერიოდი გვიჩვენებს, როცა ეს განცხადება უნდა გაკეთდეს. თუ ეს შეფასება არ გამოიყენა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამით ამერიკამ რაღაც მესიჯი გაგზავნა და დათმობა მიიღო თურქეთისგან“, - აცხადებს ექსპერტი.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბაიდენი მართლაც ახსენებს სიტყვა "გენოციდს“, თურქეთს არ აქვს იმის რესურსი, ამას რადიკალურად უპასუხოს.

"სტრატეგიულად, თურქეთს განსაკუთრებული ნაბიჯების ფართო სპექტრი არ აქვს. რეალურად, ეს მისთვის ძალიან მტკივნეული და პრინციპული თემაა, მაგრამ ასეთი პრინციპული თემის საპასუხოდაც კი, მისგან რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, რაც შეიძლება იყოს ნატო-ს წევრობაზე უარის თქმა და მსგავსი ტიპის გლობალური ძვრები, მე არ ველი. თუმცა, რაც შეეხება მის რეგიონულ აქტივობას, შეიძლება, ასეთივე, ფორმალური ნაბიჯები თურქეთისგან მივიღოთ, მაგრამ თურქეთს არ აქვს სტრატეგიული ცვლილებების რესურსი, რამაც შეიძლება, გლობალური ტრენდი შექმნას, იქნება ეს ნატო-დან გამოსვლა თუ მაგალითად, სრუტის ჩაკეტვა“, - აღნიშნავს ლაგაზიძე.

კითხვაზე, როგორ შეიძლება აისახოს ეს ვითარება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა რეგიონზე, ხათუნა ლაგაზიძე პასუხობს, რომ ეს ძირითადად, სომხებისთვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია შეიძლება იყოს.

"თუ ამას რეგიონში ახალი კონფიგურაციის ფონზე განვიხილავთ, რაც ყარაბაღის ომმა მოიტანა, ასეთ შემთხვევაში ეს შეიძლება, სომხებისთვის იყოს წმინდა ფსიქოლოგიურად, იმ მარცხის ერთგვარი რეაბილიტაცია რომელიც მათ ყარაბაღის ომში განიცადეს. თუმცა ტაქტიკურად იქ, სადაც ამჯერად თურქეთის და აზერბაიჯანის, განსაკუთრებით კი, აზერბაიჯანის და სომხეთის ინტერესთა შეხების ხაზი გადის, არსებით ცვლილებებს არ ველი. მაგრამ, ბოლო დღეებში ალიევის განცხადებების აგრესიულ ტონს თუ დავაკვირდებით, ის არ გამორიცხავს, ასე ვთქვათ, სამხედრო კონფლიქტის ახალ ფაზებს სომხეთთან, თუ ისინი დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე უარს იტყვიან და იმ დერეფანს არ უზრუნველჰყოფენ, რომელიც ამ ხელშეკრულებით აზერბაიჯანს უნდა მიეცეს. რესურსებზე თუ ვსაუბრობთ, სომხებს არ აქვთ რესურსი და არც რუსებს, რუსებს რომელთაც "სამშვიდობო მისია“ იტვირთეს ყარაბაღის კონფლიქტში, რომ ამით ისარგებლონ და დავუშვათ, რაიმე რევანშისტული ნაბიჯები გადაიდგას აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

ერთადერთი, ეს იქნება სომხეთისთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური საპირწონე, რაც მათ ყარაბაღის ომში განიცადეს, ამიტომ ამ ტიპის განცხადების ერთ-ერთი მიზანი შეიძლება, ესეც იყოს - ერთგვარი კომპენსაცია სომხეთისთვის, რომელიც ყარაბაღის ომში დამარცხდა. მაგრამ არა მგონია, რომ ეს ამერიკას ისეთი სტრატეგიული პარტნიორის განაწყენების მიზნად უღირდეს, როგორიც თურქეთია. იგივე, ტრამპის ადმინისტრაციის თუ ობამას ადმინისტრაციის დროს, მსგავსი მოლოდინები იყო, მაგრამ არც ერთხელ შედეგით არ დასრულებულა. ახლაც დიდი ალბათობაა, შედეგით არ დასრულდეს და ამერიკამ ოფიციალურად არ აღიაროს გენოციდი, ასე რომ, ეს მხოლოდ თურქეთზე ზემოქმედების ბერკეტი იყოს - მე მაინც ამ აზრისკენ ვიხრები“, - აღნიშნავს ექსპერტი.

დიზაინერი ალბერ ელბაზი კორონავირუსით გარდაიცვალა

ორსულობა, "საეჭვო ნივთიერებები", გვერდითი ეფექტები -  მითები და სინამდვილე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე და პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე

აფეთქება ბაღდადის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში - გარდაცვლილია სულ მცირე, 82 ადამიანი (ფოტოები)