ავტორი:

გამომცემლობა პალიტრა L წიგნის ჩუქების კამპანიას შეუერთდა

გამომცემლობა პალიტრა L წიგნის ჩუქების კამპანიას შეუერთდა

გამომცემლობა „პალიტრა L” წიგნის ჩუქების კამპანიას შეუერთდა, რომლის მხარდასაჭერადაც სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს.

აპრილი თვის განმავლობაში, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის „ფეისბუქ“ გვერდზე დაიდება ავტორთა პერსონალური პოსტები. მკითხველები კომენტარებში, ინტერაქციულ კითხვებზე დაწერენ პასუხს და სამი გამარჯვებული მომდევნო დღის 3 საათამდე გამოვლინდება, რომელთაც მოგებული წიგნი მწერლის ავტოგრაფით გაეგზავნებათ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ინიციატივა გამოთქვა, წიგნის ჩუქების დღედ 23 აპრილი ხოლო წიგნის ჩუქების თვედ აპრილი გამოცხადებულიყო. კამპანია მალევე გახდა პოპულარული სოციალურ ქსელებში და მკითხველებმა ერთმანეთის გამოწვევა დაიწყეს.

წიგნის ჩუქების ტრადიციას დადებითად ეხმაურებიან მკითხველისთვის უკვე კარგად ცნობილი და პოპულარული ავტორები:

„გადამალვისა“ და „ქრონიკული დაღლილობის სურნელის“ ავტორი, მწერალი ალეკო შუღლაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ წიგნის ჩუქების კამპანია წიგნიერების ამაღლებას ემსახურება და ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია.

„რა თქმა უნდა, წიგნის ჩუქების კამპანია მნიშვნელოვანია. უნდა იცოდე, რა წიგნს ჩუქნი ადრესატს, რათა წაიკითხოს, ისიამოვნოს, რაღაც ისწავლოს და შემდეგ თვითონ გაუჩნდეს სხვისთვის ჩუქების სურვილი. რაც უფრო მეტი წიგნიერი და განვითარებული ადამიანი გვეყოლება რა თქმა უნდა, კარგია“, - აღნიშნა ალეკო შუღლაძემ.

მწერალი ვასო გულეური აღნიშნავს, რომ წიგნის ჩუქების კამპანია წელს თბილისის წიგნის დედაქალაქად გამოცხადებას დაემთხვა, რაც ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტია.

„წიგნი მართლაც ყოველთვის იყო და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საერთაშორისო დღეს - 23 აპრილს შეუერთდა. განსაკუთრებით იმიტომ რომ მოგეხსენებათ, თბილისი წიგნის დედაქალაქად გამოცხადდა და მთელი წელი ყურადღების ქვეშ ვიქნებით. ძალიან კარგია, რომ წიგნის ჩუქების დღე მთელ თვედ გადაიქცა და საერთოდაც ალბათ მნიშვნელოვანი იქნება თუ ეს ტრადიცია გაგრძელდება. ძალიან კარგი იქნება, არამხოლოდ აპრილში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ წიგნი არის საუკეთესო საჩუქარი“, - აღნიშნა მან.

წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებით ვესაუბრეთ „პალიტრა L”-ის კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ ერთ-ერთ გამარჯვებულს თინათინ ბერიძესაც, რომლის წიგნიც გამოსვლის დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„როდესაც „ფეისბუქზე“ კომენტარებს ვკითხულობ, ვხვდები, რომ ბევრი ელოდება ამ დღეს, რათა წიგნები მიიღოს ან გააჩუქოს. მიხარია, რომ ამ ერთიან პროცესში მეც მონაწილეობას ვიღებ, რადგან გამომცემლობა ჩემს წიგნებსაც გაათამაშებს. ამგვარი აქტივობები ავტორს კიდევ უფრო ცნობადს ხდის და ეხმარება. ძალიან მოხარული ვარ, რომ კამპანიაში უკვე ბევრი ერთვება და დიდი იმედი მაქვს, რომ მეც გავაჩუქებ წიგნებს და საჩუქრადაც მივიღებ“, - აღნიშნა მან.

მელიას - "გრაფი მონტე-კრისტო", გახარიას - ლორთქიფანიძის ნოველები, ნათელაშვილს - "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა..." - რა წიგნებს აჩუქებდნენ ერთმანეთს ქართველი პოლიტიკოსები?

„პალიტრა მედია ჰოლგდინგმა“ 3 000-მდე თანამშრომელი წიგნებით დაასაჩუქრა

„წიგნი იმედზე“ - მარკ მენსონის ახალი ბესტსელერი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო