ავტორი:

"ზემიკო და მამაჩემი საკუთარ ქუჩაზე ერთად დახვრიტეს" - რას წერს ცნობილი ექიმი სოხუმელ კაცზე, რომლის ნეშტიც აფხაზეთიდან წლების შემდეგ გადმოასვენეს

"ზემიკო და მამაჩემი საკუთარ ქუჩაზე ერთად დახვრიტეს" - რას წერს ცნობილი ექიმი სოხუმელ კაცზე, რომლის ნეშტიც აფხაზეთიდან წლების შემდეგ გადმოასვენეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს. დღეს და ხვალ ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა.

ერთ-ერთი დაღუპული, რომლის ნეშტიც სამების ტაძარში ასვენია, ზემიკო მიქაძეა. მის შესახებ აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრის ბიძინა მაგლობლიშვილის შვილი, ცნობილი ექიმი მანანა მგალობლიშვილი წერს.

მისი ინფორმაციით, მამამისი და ზემიკო მიქაძე ერთად დახვრიტეს საკუთარ ქუჩაზე.

"1993 წლის 22 სექტემბერს სოხუმსა და თბილისს შორის სატელეფონო კავშირი ჯერ კიდევ მოქმედებდა, როცა მე სოხუმში მამაჩემთან დავრეკე. ამ დროს სოხუმზე სასტიკი შეტევა მიმდინარეობდა, ქალაქი ცეცხლის ალში იწვოდა და მას არათუ მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ ჯარიც კი ტოვებდა.

ტელეფონზე ზემიკო მიქაძემ მიპასუხა, მოვიკითხე და დავინტერესდი რას აპირებდნენ ის და მამაჩემი, მან საკმაოდ შემართულად და ომახიანად მიპასუხა, რომ მე და ბიძინა არსად წასვლას არ ვაპირებთ და ბოლომდე აქ ვიქნებითო.

იგივე თქვა მამაჩემმაც, რომელსაც მოგვიანებით ვესაუბრე. იმდენად მტკიცე და შეუვალები იყვნენ, რომ ვერც გავბედე რომელიმესთვის მეთქვა, წამოდითო. ცხადია, რომ ჩემს ნათქვამზე ისინი გადაწყვეტილებას არ შეცვლიდნენ, მაგრამ მას მერე მაინც ბევრჯერ მინანია ჩემი სიტყვიერი უმოქმედობა..ზემიკო მიქაძე ჩვენი უახლოესი მეზობელი იყო, ოჯახებით ვმეგობრობდით, მე და მისი შვილები ერთად ვიზრდებოდით.

ჩვენი საუბრიდან სულ რამდენიმე დღეში, სოხუმის დაცემის დღეს - 27 სექტემბერს ზემიკო მიქაძე და მამაჩემი - ბიძინა მგალობლიშვილი ერთად დახვრიტეს საკუთარ ქუჩაზე. ისინი ღვთისნიერმა ადამიანებმა - მეზობლის ქალებმა ჩუმად და შიშველი ხელებით დაასაფლავეს გვერდიგვერდ. მამაჩემი 1994 ში გადმოვასვენეთ ოჯახმა, ხოლო ზემიკო მიქაძე იმ დანარჩენ 12 გმირთან ერთად დღეს ესვენა წმინდა სამების დიდებულ ტაძარში. ნათელი მათ სულებს და დიდება გმირებს!" - წერს მანანა მგალობლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 1992- 1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 14 პირია ამოცნობილი, რომელთაგან 13 ქართველია და 1 აფხაზი.

ნეშტების ექსჰუმაცია 2017-2019 წლებში სოხუმში, ოჩამჩირეში, გულრიფშსა და გაგრაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს განხორციელდა. ეს მექანიზმი, რომელშიც აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით მოქმედებს.

დღეს, ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.

ცნობისთვის, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 583 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 206.