ავტორი:

რა სიმპტომებით ხასიათდება კორონავირუსის ინდური შტამი და მოქმედებს თუ არა მასზე ვაქცინა? - "შეზღუდვებია საჭირო, არ უნდა შემოვუშვათ ინდოელები ქვეყანაში"

რა სიმპტომებით ხასიათდება კორონავირუსის ინდური შტამი და მოქმედებს თუ არა მასზე ვაქცინა? - "შეზღუდვებია საჭირო, არ უნდა შემოვუშვათ ინდოელები ქვეყანაში"

მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშეა. კორონავირუსის მუტირებული ფორმა - ინდური შტამი B1617 უსწრაფესად ვრცელდება და ინდოეთში უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ახალგაზრდების.

რა სიმპტომებით ხასიათდება ახალი შტამი, მოქმედებს თუ არა მასზე ვაქცინა და იმუნიტეტი, AMBEBI.GE -ს ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ესაუბრა:

- პირველად რომელიც აღმოაჩინეს, იყო ორმაგი მუტაციის შტამი, ანუ ამ ვირუსის ცილის გენებში, ერთდროულად ორი ცვლილება მოხდა. ერთი ცვლილება იყო დაახლოებით ისეთივე, როგორიც აქვს ბრიტანულ შტამს, ანუ ამ ვირუსმა მიიღო თვისება, რომ უფრო სწრაფად გავრცელდეს, ხოლო მეორე მუტაციის საშუალებით მოხდა ის, რომ ამ ვირუსს შეუძლია მიემაგროს ადამიანის უჯრედებს და გვერდი აუაროს იმ ანტისხეულებს, რომელიც ორგანიზმს უკვე გამომუშავებული აქვს. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ადრე გადატანილი გაქვთ კოვიდი, შეიძლება, რომ ახალი შტამით მაინც დაინფიცირდეთ და ვირუსმა გვერდი აუაროს გადატანის გზით შექმნილ იმუნიტეტს. თვითონ ინდოელები ამბობენ, რომ ეს შტამი შარშან, ჯერ კიდევ ოქტომბერ - ნოემბერში აღმოაჩინეს, მაგრამ რადგან ინდოეთში ინფიცირების შემთხვევები იკლებდა, იფიქრეს, თითქოს უკვე დაამარცხეს პანდემია.

მაშინ ახალი შტამით არ დაინტერესდნენ, თან ლაბორატორიებსაც არ ჰქონდათ ის ფინანსები, რომ ეს გენური კვლევები ჩაეტარებინათ. მერე როდესაც შემთხვევებმა იმატა, ცოტა დაფრთხნენ, მთავრობამაც გამოყო ფინანსები, ლაბორატორიებმაც დაიწყეს კვლევა და აღმოაჩინეს, რომ ინდოეთში ის ორმაგი შტამი ცირკულირებდა და სწორედ ამან გამოიწვია ინფიცირებულთა ასეთი დიდი რაოდენობა ინდოეთში. დაახლოებით სამი დღის წინ, ინდოეთის ოთხ შტატში ვირუსის ახალი ფორმა აღმოაჩინეს, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ სამმაგი მუტაციის შტამია - ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური. სამი ცვლილება გაერთიანდა ახალ მუტაციაში. ახლა ამის შესწავლას იწყებენ ინდოელები და უკვე მთელი მსოფლიო აკვირდება, იმის გამოც, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა ინდური შტამის შემთხვევა და ყველა ცდილობს გაარკვიოს, რამდენად სახიფათოა, მართლა შეუძლია, თუ არა ამ შტამს გვერდი აუაროს იმუნიტეტს.

- სიმპტომებით თუ განსხვავდება ახალი შტამი ძველისგან?

- განსხვავებული სიმპტომატიკით არ ხასიათდება, აბსოლუტურად იგივე სიმტომები აქვს, განსხვავდება ძალიან სწრაფი გავრცელებით. ამხელა სიკვდილიანობა მხოლოდ ახალ შტამს არ უნდა დავაბრალოთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ ინდოეთმა ბევრი შეცდომა დაუშვა. ერთი შეცდომა იყო ის, რომ ინდოეთმა პანდემია დამარცხებულად ჩათვალა და შეზღუდვები შეამსუბუქა, ჩატარდა არჩევნები და ასევე რელიგიური დღესასწაულები, რომელშიც მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. როდესაც ასეთი მასობრივი თავშეყრები ჰქონდათ, ცხადია, ვირუსიც სწრაფად გაექცათ. შეზღუდვები უნდა დაეწესებინათ. ეს არ არის მხოლოდ შტამის ბრალი, ეს იმის ბრალიცაა, რომ ინდოეთი არასერიოზულად მოეკიდა ვირუსის მართვას. ვაქცინაციაც ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, მხოლოდ მოსახლეობის ათი პროცენტი იყო აცრილი და ამ ყველაფერმა თავის როლი შეასრულა იმაში, რომ ინდოეთში ახლა ასეთი ტრაგიკული სიტუაცია არის.

- როგორც ცნობილია, ახალმა შტამმა ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა ინდოეთში...

- აქ არის ორი მომენტი: როდესაც პანდემია დაიწყო, იმუნიტეტის ნაკლებობა ჯერ უფრო ასაკოვან ხალხში იყო, ამიტომ თავიდანვე მათში გავრცელდა ვირუსი, თან რთულად... ამ ჯგუფმა უკვე გადაიტანა და იმუნიტეტი გამოუმუშავდა, ამასთანავე, როდესაც დაიწყეს ვაქცინაცია, დაიწყო ასაკოვანი ჯგუფიდან, შესაბამისად ახალგაზრდები ნაკლებ ვაქცინირებულები არიან და არც იმუნიტეტი იცავთ. ეს ვირუსი ეძებს იმ ადამიანს, რომელსაც იმუნიტეტი არ აქვს. ასაკოვან ხალხს იმუნიტეტი მეტ-ნაკლებად ჩამოუყალიბდათ და ვირუსმა ახალგაზრდებში გადაინაცვლა. ამიტომ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვიდრე არ მოვახერხებთ, რომ საზოგადოების 80-90% იყოს იმუნური, ეს ვირუსი არ გაჩერდება და ყოველთვის ექნება საშუალება მონახოს სხეული, სადაც გააგრძელებს არსებობას.

- რამდენად შესაძლებელია, რომ ინდური შტამი დაემართოს ვაქცინირებულს ან უკვე კოვიდგადატანილს?

- რადგან მოსახლეობის ცოტა რაოდენობა იყო აცრილი, ჯერ არ იციან, ვაქცინირებულებზე რამდენად მოქმედებს, აკვირდებიან და ალბათ რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. რადგანაც ერთი კვირაა, რაც ამ შტამზე აქტიურად დაიწყო ლაპარაკი და ვირუსში რამდენიმე ცვლილება მოხდა, ახლა დააკვირდებიან. ინდოეთში ეს ვირუსი გაექცათ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს კვლევები. ახლა უკვე ძალიან დიდ დაკვირვებას აწარმოებენ, კვლევებში ჩაერთვნენ ინგლისელები, გერმანელები, ბელგიელები. უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს დღეებში დაადგენენ - აქვს თუ არა ამ ვირუსს ის თვისება, რომ გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს და როგორ მოქმედებს ვაქცინაცია ამ განახლებული ვირუსის წინააღმდეგ.

- უნდა ველოდოთ ინდური შტამის საქართველოში გავრცელებას?

- ბელგიის ერთ-ერთ ქალაქში ოცამდე ინდოელი სტუდენტი ჩავიდა ტრენინგზე, ცხოვრობდნენ სტუდენტურ საცხოვრებელში და ვირუსმა ათ დღეში იფეთქა, დაუდგინდათ ვირუსის ახალი შტამი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოშიც ბევრი ინდოელი სტუდენტია, აუცილებლად უნდა დავაწესოთ შეზღუდვები და სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, არ შემოვუშვათ ინდოელები ქვეყანაში. ამ ქვეყნიდან თუ შემოუშვებენ, უნდა შემოუშვან მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები - ტესტირებით და ორკვირიანი კარანტინით. საქართველოში მეტად საფრთხილოა, რომ არ გავრცელდეს ეს ვირუსი, მითუმეტეს, რომ ვაქცინაციის პროცესი, ფაქტობრივად, ჩავარდნილია და დიდი იმუნური ფენა არ გვყავს. ინდური შტამი რომ შემოვიდეს, ნამდვილად უმძიმეს სიტუაციაში ჩააგდებს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია

"კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯის მიღების წესებსა და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა

"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი