გაზეთი "გოლოს არმენიის" ("Голос Армении") 26 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით: "106 წლის შემდეგ" აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას შეეხება, რომელშიც ვკითხულობთ:
"უპირველესად, ცხადია, ეს არის სომხური დიასპორისა და აშშ-ის სომხური ორგანიზაციების გამარჯვება, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში თანამიმდევრულად მიდიოდნენ ამ მიზნისაკენ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის.
"ძველი“ დიასპორის წარმომადგენლებისათვის ეს იყო აბსოლუტურად პრინციპული საკითხი, პირადი მოვალეობა წინაპართა ხსოვნის წინაშე, იმ სამშობლოს წინაშე, რომელიც მათ დაკარგეს. ეს იყო მათი ვალი თანამედროვე სომხეთის წინაშეც.
"ახალი“ დიასპორის წარმომადგენლებისათვის, რომლებმაც დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ამერიკელი სომხების რიგები შესამჩნევად შეავსეს, გენოციდის აღიარება ასევე მნიშვნელოვანი გახდა: მათ სამშობლოდან წაიღეს ამის პათოსი და სულისკვეთება, ისინი ამ საკითხის გადაწყვეტაში შეძლებისდაგვარად ჩაერთვნენ.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ველოდოთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესს, პირველ რიგში კი იმ ქვეყნებისაგან, რომლებიც ამერიკის ორბიტასთან ახლოს იმყოფებიან. განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმათი რეაქცია, ვინც აშშ-ის "პოლიტიკური პროტექტორატის" ქვეშ იმყოფება, მაგრამ იმავდროულად ან უკვე ძალიან არის ეკონომიკურად დამოკიდებული თურქეთსა და აზერბაიჯანზე - როგორც, ვთქვათ, ჩვენი მეზობელი საქართველო - ან რომლებიც ისწრაფვიან ანკარასთან და ბაქოსთან მჭიდრო კავშირების დასამყარებლად, რუსეთზე "ჯავრის ამოყრის" მიზნით - მაგალითად, უკრაინა.
სომხეთისთვის ამ ფრიად მნიშვნელოვან ქვეყნებს, განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს, მოუწევთ მხედველობაში იქონიონ ის ფაქტი, რომ აშშ, არსებითად, თურქეთს ე.წ. "დამაწყნარებელ ხალათს" აცმევს და ცდილობს ამ ხერხით დააკმაყოფილოს მისი პოლიტიკური მადა და სწრაფვა იმისაკენ, რომ სამხრეთ კავკასიაში მთავარი "მაყურებელი" გახდეს".
გენოციდის აღიარებით, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ისა და რუსეთის ინტერესები გარკვეულწილად ერთმანეთს დაემთხვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მინსკის ჯგუფში და კერძოდ, ყარაბაღის საკითხში მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციები, პრინციპში, ერთმანეთს ემთხვეოდა. გარკვეულწილად არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთი, რომელიც ყოველთვის შორს იდგა გენოციდისა და საკუთარი ბრალის აღიარებისაგან სომეხი ხალხის ტრაგედიაში. საინტერესო შეიძლება იყოს ისრაელის პოზიციაც. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ვფიქრობთ, ისინი ერთმნიშვნელოვნად უნდა მიესალმონ ამერიკელების გადაწყვეტილებას. ამ მხრივ მათთვის კარგი მაგალითია საფრანგეთის მაღალი დონით მონაწილეობა ერევანში 24 აპრილს გამართულ ღონისძიებებში“, - აღნიშნავს გაზეთი "გოლოს არმენიი“. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ