ავტორი:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავლის საერთაშორისო პროექტები განიხილეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავლის საერთაშორისო პროექტები განიხილეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა მომავლის საერთაშორისო პროექტების განხილვა, რომლებსაც უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრები და დოქტორანტები ამუშავებენ. დასრულებულ პროექტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, გერდა ჰენკელის (გერმანია), ფოლკსვაგენის (გერმანია) და პოლონეთის ნაციონალურ ფონდებს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტების განხილვაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, უნივერსიტეტის სენატის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სტუ-ის ახალგაზრდა მკვლევრები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. უცხოეთიდან განხილვაში ონლაინ ერთვებოდნენ ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი თეო კობუში გერმანიიდან და კოლაბორაცია CERN/IPPOG-ში საქართველოს წარმომადგენელი, სტუ-ის პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან (CERN, შვეიცარია).

სამეცნიერო პროექტები წარმოადგინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნაციონალური, ინტერდისციპლინური სასწავლო-კვლევითი კლასტერის „სახელმწიფო-სამართალი-კულტურა“ დოქტორანტებმა მარიამ ხაზარაძემ და დავით გალაშვილმა, ხოლო პროფესორთაგან - თეო კობუშმა, დავით გურგენიძემ, ალექსანდრე შარმაზანაშვილმა და მამუკა ბერიაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტში ფუნდამენტური კვლევების მიმართულებით ახალ ეტაპი დაიწყო, რომლის მიზანი საზოგადოებრივად რელევანტური საგანმანათლებლო ცოდნის შექმნაა.

„ცოდნის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება მისი ტრანსფერია და ამ თვალსაზრისით, ცოდნას ინტერგენერაციული ხასიათი აქვს. ამიტომ, კვლევებში მონაწილეობისთვის პრიორიტეტი ახალ თაობას - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრებს, დოქტორანტებსა და წარმატებულ მაგისტრანტებს ენიჭებათ. რასაკვირველია, მათთან ერთად პროექტში ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებიც არიან ჩართულნი. ჩვენი უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ინტერნაციონალიზაციაა, რის საფუძველზეც, დღეისათვის, შესაძლებელია ცოდნის ახალი პრიორიტეტების შექმნა. სწორედ ამიტომ, ამ პროექტებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორები არიან ცნობილი უცხოელი სწავლულები გერმანიიდან, პოლონეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან - ორდინარიუს პროფესორები: თეო კობუში და მარკუს გაბრიელი ბონიდან, ანდრეას არნდტი და არნდ პოლმანი ბერლინიდან, გეორგ ლომანი მაგდებურგიდან, ნიკლაუს ლარგიერი ბერკლიდან, ზდზისლავ კრასნოდებსკი კრაკოვიდან, პაველ კაჩოროვსკი, ზბიგნევ სტავროვსკი და იუსტინა ორლოვსკა ვარშავიდან. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტები საბუნებისმეტყველო-საინჟინრო და ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა კვეთაზე ხორციელდება და დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს, რაც ტექნიკური უნივერისტეტის ნოუ-ჰაუა. მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში უცხოელ ორდინარიუსებთან პარტნიორობით უნივერსიტეტმა უკვე 6 სამეცნიერო კრებული გამოაქვეყნა, ხოლო უახლოეს მომავალში კიდევ ორი კრებული გამოიცემა. ამ ეტაპზე, უცხოელ მეცნიერთა ჩართულობით უკვე მიმდინარეობს ორი საერთაშორისო პროექტი, რომელშიც მთავარი აქტორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი დოქტორანტები არიან. ერთი პროექტი, რომელიც ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება, Covid-19-ით შექმნილ გამოწვევებსა თუ პრობლემებს ეძღვნება და სოციალური გარემოს ყველა სფეროს მოიცავს; მეორე კი - საქართველოს, პოლონეთისა და გერმანიის მხარეების მონაწილეობით, ტრიალოგის ფორმატში მიმდინარეობს და სოციალ-თეორიულ ფუნდამენტურ პრობლემებს ეხმიანება.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების საჯარო განხილვები მომავალშიც გაგრძელდება, რის შემდეგაც, აკადემიური და საზოგადოებრივი რელევანტურობის საფუძველზე, მათი წარდგენა საერთაშორისო ფონდებში მოხდება.

NS

"18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური "სინოფარმის“ ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ" - ეკატერინე ტიკარაძე

"ბავშვიც ამ პანდემიის პერიოდის ნაყოფია... " - რას ჰყვება სოფო შევარდნაძე შვილის შეძენასა და წიგნზე, რომელიც პანდემიის დროს დაწერა?

„არემჯიმ“ CSR FORUM 2021-ზე კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა