ავტორი:

რუსული გამოცემა: "რატომ არის აფხაზეთში უუფლებო რუსეთის მოქალაქე და რატომ ვერ ყიდულობს უძრავ ქონებას?" - რუსების პრეტენზიები აფხაზების მიმართ

რუსული გამოცემა: "რატომ არის აფხაზეთში უუფლებო რუსეთის მოქალაქე და  რატომ ვერ ყიდულობს უძრავ ქონებას?" - რუსების პრეტენზიები აფხაზების მიმართ

რუსული გამოცემა "ევრაზია დღეს“ («Eurasia Daily») აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "აფხაზეთი გზაგასაყარზე: როგორ გაგრძელდება მოსკოვ-სოხუმის ურთიერთობა?“, რომელშიც რუსეთისა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ურთიერთობის პრობლემატიკაა განხილული - როგორც მისი აწმყო, ასევე პერსპექტივა (ავტორი - ნიკოლაი სოროკინი).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

"აფხაზეთი რუსეთთან ტურბულენტობის ზონაში შევიდა. ზოგადად, რუსეთთან სირთულეები დღეს არ დაწყებულა, მაგრამ ახლა უკვე პრობლემებზე ლაპარაკმა საჯარო ხასიათი მიიღო. რუსი ჟურნალისტებისა და რიგი ექსპერტების გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ეკონომიკის აღდგენისა და სოციალური სფეროს მხარდაჭერის მიზნით რუსეთის მრავალმილიარდიანი ფინანსური ჩარიცხვების ფონზე, რესპუბლიკაში ისევ საშინელი ნგრევა და უმუშევრობა სუფევს, რასაც ყოველი ადამიანი ამჩნევს აფხაზეთში ჩასვლისას.

როგორ შეიძლება ერთმანეთს შეუთავსდეს ცნებები - "აფხაზეთი - რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი“ და აფხაზეთის სამართლებრივი სისტემა, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციულია? რატომ არის აფხაზეთში უუფლებო რუსეთის ის მოქალაქე, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ვთქვათ, სოხუმშია დაბადებული, იქ ცხოვრობდა და მას აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება არ შეუძლია? რატომ ვერ ყიდულობს რუსეთის მოქალაქე აფხაზეთში უძრავ ქონებას? რატომ არ შეუძლია რუსეთის მოქალაქეს აფხაზეთში ბიზნესი დამოუკიდებლად დაიწყოს, ე.წ. "აფხაზი პარტნიორის“ გარეშე? რატომ არ უბრუნებენ ქონებას რუსეთის მოქალაქეებს?

როგორ შეიძლება ერთმანეთს შეუთავსდეს აფხაზი პოლიტიკოსების მეგობრობის ფიცი-მტკიცი ოფიციალურ დონეზე და აფხაზურ სოციალურ ქსელებში მზარდი ანტირუსული განწყობა? ამ კითხვების ფონზე რუსეთის მოქალაქეები ფიქრობენ:

"რატომ უნდა იყოს ჩვენს კისერზე აფხაზეთი, რატომ უნდა ვარჩენდეთ და ვინახავდეთ აფხაზებს?".

საჭიროა ისიც გავარკვიოთ, რა სარგებლობას აძლევს რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში. გავიხსენოთ, რომ სწორედ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გამო გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა თბილისსა და მოსკოვს შორის. (...)

დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა იქნეს აღდგენილი თითქმის 15 წლის წინ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა, მიმდინარეობს სოციალურ ქსელებში და საზოგადოებრივ ფორუმებზე, საექსპერტო სეხვედრების დონეზეც. ერთ-ერთი ვარიანტი ასეთია: იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიხეილ სააკაშვილს სამხედრო დამნაშავედ აღიარებს, რუსეთი დათანხმდება დიპურთიერთობის აღდგენას, ხოლო აფხაზეთში არსებული სამხედრო ბაზები სამშვიდობო ძალებად გარდაიქმნებიან - რუსეთს აქვს ამის გამოცდილება. მაგრამ მაშინ შემხვედრი კითხვა ჩნდება: მაშინ რა ქნას მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელთაც მსგავსი ვარიანტის მიღება არ სურს? და საერთოდ, რამდენად მრავალრიცხოვანია მოსახლეობის ასეთი ნაწილი? ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ აფხაზურ სოციალურ ქსელების ანალიზის შედეგების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ თუ დღეს ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება, საეჭვოა, რომ აფხაზურმა საზოგადოებამ ერთიანი მიდგომა გამოხატოს.

აფხაზეთში სოციალურ და ეთნიკურ-პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას ვერ ვუარყოფთ და ვერ დავტოვებთ ყურადღების გარეშე ისეთ ძლიერ ფაქტორს, რომელიც სომხური მოსახლეობის არსებობაში გამოიხატება. სომხებს აფხაზეთში დიასპორას ვერ ვუწოდებთ იმდენად, რამდენადაც, არაოფიციალური მონაცემებით, ისინი რაოდენობით პირველ ადგილზე იმყოფებიან. ოფიციალურ წყაროებში მორიდებით აღინიშნება, რომ აფხაზეთის მოსახლეობაში სომხები რაოდენობით მეორე ადგილზე არიან, აფხაზები კი პირველზეო, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს მონაცემები სინამდვილეს არ შეესაბამება. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აფხაზეთის სომხები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ეკონომიკური, სოციალური და სანათესაო "ძაფებით“ კრასნოდარის მხარეში მცხოვრებ სომხებთან, უპირველესად კი მათთან, რომლებიც სოჭში ცხოვრობენ. მათი ერთობლივი ფინანსურ-ეკონომიკური პოტენციალი გამოიყენება არა მხოლოდ ბიზნეს-პროექტების რეალიზებისათვის, არამედ აფხაზი პოლიტიკოსების წამოყენება-დაწინაურებისათვის, მათი მხარდაჭერისათვის, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ჩათვლით.

სომხური ლობი გავლენას ახდენს აფხაზეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაზეც რუსეთის სახელისუფლებო დერეფნებშიც. ეს სრული სიმართლეა. ასეთი გავლენა არსებობს ჰუმანიტარული დახმარების განაწილებაშიც, მათ შორის პანდემიის დროს. გაგრა რუსეთთან მოსაზღვრე რაიონია, ფაქტობრივად, სოჭის გაგრძელება, სადაც სომხები მთავარ როლს ასრულებენ ეკონომიკაში, პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ სომხების წყალობით აქვს აფხაზეთს დიდი თუ მცირე, მაგრამ მაინც შიდა განვითარების ერთგვარი პოტენციალი.

საინტერესოა, რომ ასეთ სიტუაციაშიც კი, სომხებისათვის კულტურული ავტონომიის სტატუსის მიცემა დღეს აფხაზეთის ხელისუფლებაში ალერგიას იწვევს. გავიხსენოთ, როგორი უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ აფხაზებს ყარაბაღელი ლტოლვილი სომხების ჩასახლების წინადადებაზე: ჩამოვლენ და რაც დაგვრჩა, იმასაც წაგვართმევენო.

მოკლედ, აფხაზეთი გზაგასაყარზე დგას. კარგი იქნება, თუ აფხაზები თვითონ აირჩევენ მათთვის ოპტიმალურ ვარიანტს სამომავლო განვითარებისათვის იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ადრე თუ გვიან მაინც აღდგება: რუსეთისათვის მართლმადიდებელი საქართველო არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე აფხაზეთი“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

რუსი "კანონიერი ქურდის" "იაპონჩიკის" მკვლელებს აფხაზეთი მფარველობს? - რას წერს რუსული მედია რეგიონში არსებულ უკონტროლო კრიმინალურ სამყაროზე

"პატრიარქის თხოვნა იყო, რომ თავი შემეკავებინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლისგან..." - აქცია ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით და შს მინისტრის კომენტარი

"ნებისმიერი პროვოკაცია კანონის ფარგლებში აღიკვეთება..." - რა განცხადებას ავრცელებს ცხინვალის "კგბ" გახელაძის ოჯახთან დაკავშირებით