პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით 72-ხმით მიიღეს.
განხილვის პროცესში, რომელიც დაჩქარებული წესით წარიმართა, პროექტის პირვანდელი ვარიანტი შეიცვალა.
საკანონმდებლო ცვლილება საბოლოოდ შემდეგი სახით მიიღეს:
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტით, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.
ამავე პროექტით, ახალი რედაქციით ყალიბდება, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით.