ავტორი:

რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინების - "სინოფარმისა“ და "სინოვაკის“ გამოყენებისას სიკვდილიანობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ცერცვაძის განმარტებითვე, აღნიშნული ვაქცინები ძალიან უსაფრთხოდ მიიჩნევა და მათ შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.

"საერთაშორისო მონაცემებით და კლინიკური კვლევებით, მათი ეფექტიანობა ნაკლებია, ვიდრე სხვა ცნობილი, ლიდერი ვაქცინების - "ფაიზერის“, "ასტრაზენეკასი“, რომელთა ეფექტიანობა მძიმე და სასიკვდილო ფორმების პრევენციისთვის 100%-ს აღწევს, განსაკუთრებით, "ასტრაზენეკა“, "ფაიზერი“ – 95%-ს აღწევს, ხოლო დაავადების გადადების პრევენციისთვის ნაკლებს, მაგრამ მაინც მთავარია მძიმე ფორმები.

  • "სინოფარმის“ ეფექტიანობა მძიმე ფორმების საპრევენციოდ აღწევს 79%-ს, ანუ ცოტა დაბალია, ვიდრე "ფაიზერის“ და "ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალია, 5-დან 4 კაცს დაიცავს. ეს დაახლოებით, ისეთი დაცვაა, როგორც გრიპის ვაქცინას აქვს. საერთაშორისო სტანდარტით ითვლება, თუ რომელიმე ვაქცინა 50%-ზე მეტით იცავს ვაქცინირებულ ადამიანს, ის უკვე კარგია და მისაღებია. "სინოვაკის“ პროცენტები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რამდენიმე კვლევა არის და შემდეგი შეხვედრისთვის გვეცოდინება.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, აქ პირიქითაა, ორივე ვაქცინა - "სინოფარმი“ და "სინოვაკი“ ძალიან უსაფრთხოდ ითვლება, ჯერ პრაქტიკულად, მასზე გვერდითი მოვლენები, მით უმეტეს, სასიკვდილო შემთხვევები დაფიქსირებული არ არის. ასე რომ, ვინც ჩინური ვაქცინის გამოყენებას გადაწყვეტს, ამ მხრივ შეუძლია მშვიდად იყოს. თუ ვინმეს მაქსიმალური - 100%-იანი ეფექტი უნდა, მან შეიძლება იფიქროს, გაიკეთოს, თუ არა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ყოველდღიურად 1500-1700 ადამიანი იკეთებს აცრას, რაც ვირუსის დასამარცხებლად საკმარისი არ არის.

"ყველაზე წარმატებულად ვაქცინაციის პროცესი სამმა სახელმწიფომ განახორციელა - ისრაელმა, არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა, სხვათა შორის, ჩინური ვაქცინით - "სინოფარმით“, ისრაელმა - "ფაიზერით“ და ბრიტანეთმა "ასტრაზენეკათი“. არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა, რომელთაც ფული თავზე საყრელად აქვთ, მაინც ჩინური ვაქცინა აირჩიეს და ჩინური ვაქცინა გაიკეთეს.

საქართველოში დღეში, 1 500-1700 ადამიანი იცრება, ეს მაინც ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ პანდემია დავამარცხოთ. 5000-6000 უნდა იცრებოდეს, რომ ისრაელის ტემპები ავიღოთ, ანუ დღევანდელი აცრების რაოდენობა უნდა გაოთხმაგდეს.

გამიკვირდა, რადგან სიტყვა ჩინური უხარისხობასთან ასოცირდება, მათ შორის, იგივე ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები. ჩემდა გასაკვირად, უკვე 14 000 ადამიანი დარეგისტრირდა ჩინურ ვაქცინაზე, რაც დღეისთვის ცუდი არ არის და როცა ნახავენ, რომ ის უსაფრთხოა და არავის ექნება გართულება, კიდეც რომ 100%-იანი დაცვა არ ჰქონდეს, მაინც ძალიან ბევრი მოისურვებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამირან გამყრელიძე ხვალ "სინოფარმის" ვაქცინით აიცრება

ბათუმში კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა - რა გართულებებზე საუბრობენ ექიმები

პოლიციელების მიერ სასულიერო პირებისათვის სასაფლაოზე შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს