ავტორი:

ცნობილი ქართველი და უცხოელი ხელოვანები, რომლებიც კორონავირუსმა იმსხვერპლა

ცნობილი ქართველი და უცხოელი ხელოვანები, რომლებიც კორონავირუსმა იმსხვერპლა

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში covid-19-ით 3 228 738 ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის არიან ცნობილი ხელოვანები, მეცნიერები თუ საზოგადო მოღვაწეები. ამ სტატიაში ვეცადეთ ერთად შეგვეკრიბა ის ცნობილი ქართველი თუ უცხოელი ხელოვანები, რომლებიც კორონავირუსმა იმსხვერპლა.

კახი კავსაძე

ვირუსთან თითქმის ორთვიანი ბრძოლის შემდეგ 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე. მას კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ მოუწია. მსახიობი 85 წლის ასაკში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

თემურ წიკლაური

2021 წლის 1-ლ თებერვალს 75 წლის ასაკში კორონავირუსმა იმსხვერპლა თემურ წიკლაური. მომღერალი კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში თითქმის ორი თვე მკურნალობდა. თემურ წიკლაური ანსამბლ "ივერიას" უცვლელი სოლისტი, ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი და საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი იყო.

მან ცნობილ მიუზიკლებში არაერთი დასამახსოვრებელი და სახასიათო პერსონაჟი შექმნა, მათ შორის: „არწივი“, „მეფე აიეტი“, „გერვასი“ და „ნიკო ფიროსმანი“. მომღერლის რეპერტუარი ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს მოიცავდა: გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“ და სხვა. თემურ წიკლაური იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე. 2014 წელს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ანზორ ერქომაიშვილი

2020 წლის 31 მარტს 80 წლის ასაკში ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ანზორ ერქომაიშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდა. ანზორ ერქომაიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.

1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“. მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის; ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია.

უცხოელი ხელოვანები

კენზო

მოდის ინდუსტრიაში ყველა დროის გამორჩეული და აღიარებული იაპონელი დიზაინერი კენზო ტაკადა ვირუსით 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. Covid-19 –ით ინფიცირებული ტაკადა კორონავირუსს პარიზში მდებარე ამერიკულ საავადმყოფოში მკურნალობდა.

დიზაინერმა 50 წლის წინ დააარსა მოდის ბრენდი Jungle Jap, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი, Kenzo ეწოდა. ტაკადამ 1999 წელს პენსიაზე გასვლა დააანონსა და თავისი სახელობის ბრენდი დატოვა, თუმცა მას მუდამ გულშემატკივრობდა და მის განვითარებაში წვლილი შეჰქონდა. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე პარიზის მოდის კვირეულზე კენზოს ჩვენება გაიმართა, რომელსაც ლეგენდარული დიზაინერი ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო.

კიმ კი დუკი

გენიალური სამხრეთკორეელი კინორეჟისორი კიმ კი-დუკი 2020 წლის 20 დეკემბერს ლატვიაში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის COVID-19-ზე რიგის საავადმყოფოში მკურნალობდა. რეჟისორი 59 წლის იყო.

კიმ კი დუკმა კინოკარიერა სცენარისტობით დაიწყო. რამდენიმე ჯილდოს მოპოვების შემდეგ 1996 წელს ბედი კინორეჟისურაშიც სცადა. რეჟისორს კარგად იცნობენ და უყვართ საქართველოშიც. კიმ კი-დუკს გადაღებული აქვს 31 ფილმი, რომელთაგან ყველაზე ცნობილებია: „პიეტა“, რომლისთვისაც ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“ მოიპოვა 2012 წელს; „სამარიტელი ქალი“ (2004), რომელიც ბერლინის კინოფესტივალის „ვერცხლის დათვით“ დაჯილდოვდა; „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... კვლავ გაზაფხული“ (2003); „ცუდი ბიჭი“ (2001). უცხოური მედიის ცნობით, კიმი გარდაცვალებმადე ერთი თვით ადრე ჩავიდა ლატვიაში. რეჟისორი იურმალაში აპირებდა დასახლებას.

მანუ დიბანგო

აფრიკელი ლეგენდარული საქსოფონისტი, მანუ დიბანგო, კორონავირუსით პარიზში გარდაიცვალა. "ბიბისი"-ს ინფორმაციით, დიბანგო, ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ვარსკვლავია, რომელიც „კოვიდ 19“-ით დაიღუპა. კამერუნელი მანუ დიბანგო, ჯაზისა და ფანკ მუსიკის კომპოზიციებით იყო ცნობილი. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, დიბანგო ბევრ არტისტთან თანამშრომლობდა, მათ შორის ამერიკელ პიანისტთან, ჰერბი ჰენკოკთან და ნიგერიელ აფრობიტის პიონერთან, ფელა კუტისთან.

ალბერ ელბასი

პარიზის საავდმყოფოში 59 წლის ასაკში ცნობილი ებრაელი მოდელიორი ალბერ ელბასი გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობდა როგორებიცაა Guy Laroche, Yves Saint Laurent, Krizia, Lanvin, ხოლო 2021 წლის იანვარში კი საკუთარი ბრენდით – AZ Factory-ით წარსდგა მოდის სამყაროს წინაშე. 2005 წელს აბერმა ორი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა – ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭოსაგან ნომინაციაში „საერთაშორისო დიზაინერი“ (International Designer Award) და შანკერის კოლეჯის ჯილდო. 2007 წელს კი ელბასს საფრანგეთის ეროვნული საპატიო ლეგიონის ორდენი გადაეცა კულტურის სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის. ამავე წელს ის ნიუ-იორკის მოდის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (FIT Couture) პრემიის ლაურიატიც გახდა. ალბერ ელბასი ჰოლუვუდის ვარსკვლავებისთვის ქმნიდა სამოსს. მის მიერ შეკერილი ტანსაცმელს მსოფლიო კინოს კადრები შემოინახავს.

ალან მერილი

მუსიკოსი, ცნობილი ჰიტის-I Love Rock 'n' Roll -ის ავტორი 2020 წლის 29 მარტს გარდაიცვალა. ალან მერილი ცნობილია სიმღერით „მე მიყვარს როკენროლი“. მომღერალი ნიუ იორკის საავადმყოფოში 69 წლის ასაკში დაიღუპა.

ელის მარსელ ჯუნიორი

ცნობილი ჯაზმენი და პიანისტი 2020 წლის 1 აპრილს გარდაიცვალა. 2015 წელს მარსალს მიენიჭა საპატიო ჯილდო ამერიკაში მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 2018 წელს კი ბერკლის მუსიკალური კოლეჯის მუსიკის საპატიო დოქტორის ტიტული დაიმსახურა.

ადამ შლესინგერი

ამავე დღეს გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი ნიუ-იორკელი მომღერალი და კომპოზიტორი ადამ შლესინგერი. მუსიკოსი 52 წლის ასაკში კორონავირუსით გამოწვეულ გართულებებს ემსხვერპლა. შლესინგერს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და აქტიური კარიერა ჰქონდა პოპის ისტრიაში. მან ჯგუფთან With Fountains of Wayne ერთად გამოუშვა ხუთი ალბომი 1996 – დან 2011 წლამდე. იმავე პერიოდში შლესინგერმა ექვსი ალბომი შექმნა თავის სხვა ჯგუფთან Emmy– სთან. მის კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტელევიზიისა და კინოსთვის შექმნილ მუსიკას. აღსანიშნავია, რომ ტომ ჰენქსის ფილმისთვის „That Thing You Do!„ შექმნილმა საუნდტრეკმა შლესინგერს ოსკარის ნომინაცია მოუტანა საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის.

მარკ ბლუმი

მარკ ბლუმი, მსახიობი და ტელესერიალების ვარსკვლავი, გარდაიცვალა 2020 წლის 26 მარტს. კორონავირუსით გამოწვეული დაავადებებით. ის ყველაზე ცნობილია 1985 წლის ფილმით "სასოწარკვეთილი ეძებს სიუზანს", რომელშიც მან ითამაშა გარი გლასი, როზანა არკეტის პერსონაჟის უყურადღებო ქმარი. იგი ბოლოს გამოჩნდა HBO სერიალში "Succession", Netflix დრამაში "You" და ამაზონის "მოცარტი ჯუნგლებში" სატელევიზიო როლებში. ბლუმი იყო ასევე ნიუ-იორკის თეატრის მსახიობი. იგი ხშირად გამოდიოდა ბროდვეიზე.

"მე გამოვხატე უდიერი განწყობა ხაშურის ეპისკოპოსის მიმართ, მერე კი..." - რას ყვება დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე

საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გასული 24 საათის სტატისტიკა და ეპიდვითარება ქვეყანაში

გერმანიაში დასაქმების სურვილი 98 443 მოქალაქემ გამოთქვა, ისრაელში კი - 1 427-მა - რა ინფორმაციას ავრცელებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო