ავტორი:

"ბიჭი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწავლისთვის ემზადებოდა. ერთ დღესაც გაქრა..." - აზერბაიჯანელი აქტივისტი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს: რა ვერსიებზე ლაპარაკობენ მისი მეგობრები?

"ბიჭი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწავლისთვის ემზადებოდა. ერთ დღესაც გაქრა..." - აზერბაიჯანელი აქტივისტი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს: რა ვერსიებზე ლაპარაკობენ მისი მეგობრები?

თურქეთში, აზერბაიჯანელი აქტივისტი ბაირამ მამადლი (მამადოვი) გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. მისი მეგობრების ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. აზერბაიჯანული ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, მამადლის ცხედარი პოლიციამ ზღვიდან ამოიყვანა, ადგილზე შეკრებილი იყო 100-მდე სამართალდამცველი, მათ ცხედარი ამოსაცნობად გარდაცვლილის მეგობრებს აჩვენეს.

მამედოვი 2016 წელს, კიდევ ერთ აქტივისტ გიას იბრაგომოვთან ერთად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ძეგლზე საპროტესტო წარწერების - Qul bayramınız mübarək! ("გილოცავთ მონების დღეს") და "F**k the system გამო დააკავეს, თუმცა, დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაკავებულებს ბრალად ნარკოტიკების უკანონო რეალიზაცია ედებოდათ და აზერბაიჯანის მართლმსაჯულებამ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აქტივისტების დაკავებას მაშინ ბაქოში საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. მათი მხარდამჭერი აქციები თბილისშიც იმართებოდა. ამ ფაქტს აპროტესტებდნენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებიც მათ პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევდნენ. სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2019 წლის მარტში, ისინი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. მამედოვი საცხოვრებლად თურქეთში რვა თვის წინ გადავიდა, სადაც სწავლის გაგრძელებას აპირებდა. მან ბოლო ხანს აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკა შეწყვიტა და აღარც სოციალურ ქსელებში აქტიურობდა.

2020 წლის იანვარში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ მამედოვისა და იბრაგიმოვის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე მათთვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლებას 36 ათასი ევროს ოდენობით ფულადი კომპენსაცია დააკისრა. მიმდინარე წლის მარტში, ევროპის მინისტრთა საბჭოს კომიტეტმა აზერბაიჯანს მათთვის დაკისრებული ჯარიმის დაუყოვნებლივ გადახდისა და მათთვის ნასამართლეობის სტატუტის მოხსნისკენ მოუწოდა.

მისი მეგობრების ცნობით, აქედან მალევე, 2 მაისს, ბაირამ მამედოვი სტამბოლში დაიკარგა. დღეს დილით კი, მისი ცხედარი პოლიციამ ზღვაში იპოვა. გარდაცვალების მიზეზად, ერთ-ერთ ვერსიად, თვითმკვლელობაც სახელდება. თუმცა, არსებობს კიდევ მოსაზრება, რომ აქტივისტი გაიტაცეს და მოკლეს, შემდეგ კი საქმე ისე წარმოაჩინეს, რომ თითქოს მან თავი მოიკლა.

"ბაირამი სტამბოლში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობას განაგრძობდა, სწავლისთვის ემზადებოდა. უჩვეულო არაფერი შეგვინიშნავს. ერთ დღესაც კი გაქრა... კარგა ხანს ჩვენი ძალებით ვეძებეთ, შემდეგ კი პოლიციას მივმართეთ, რომელმაც რატომღაც ძალიან მალე იპოვა მისი ცხედარი..." - წერს მისი ერთ-ერთი მეგობარი ელგიზ გაჰრამანი სოციალურ ქსელში.

მამედოვის მეგობარი, რომელიც 2016 წელს მასთან ერთად დააპატიმრეს, სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს, რომ მამადლის ბოლოს 2 მაისს, მის გაუჩინარებამდე ესაუბრა. ამის შემდეგ კი, მასთან დაკავშირება ვერ შეძლო, რის შემდეგაც სტამბოლში მყოფ მის სხვა მეგობრებსაც დაუკავშირდა, რომელთაც ბაირამზე ასევე არაფერი იცოდნენ.

მისი კიდევ ერთი მეგობარი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელისუფლების მიერ არის დევნილი და წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, AMBEBI.GE-სთან საუბარში იხსენებს, რომ ბოლოს ბაირამს სტამბოლში ყოფნის დროს შეხვდა და ესაუბრა. (მუხთარლი, მისი მტკიცებით, 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს).

- მითხრა, რომ ევროპაში მაგისტრატურაში სწავლისთვის ემზადებოდა და მთლიანად სწავლაზე იყო გადართული. ამიხსნა ისიც, რომ ამიტომ გააუქმა სოციალური გვერდები. კარგი განათლების მიღებასა და შემდეგ აზერბაიჯანში დაბრუნებას გეგმავდა... იშვიათად მინახავს სამშობლოზე ასე შეყვარებული და ასეთი მიზანდასახული ახალგაზრდა.

- თურქეთის პოლიცია თვითმკვლელობაზე ლაპარაკობს...

- დიახ, მაგრამ მათი ვერსიის არ მჯერა... გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. არავინ იცის, როგორ აღმოჩნდა ის ზღვაში, როდესაც ახალი კოვიდ-რეგულაციების თანახმად, ქუჩაში გასვლა, ფაქტობრივად, აკრძალულია. ასევე კონტროლდება ზღვის სანაპირო სამართალდამცველების მიერ და დაუჯერებელია, რომ ის ზღვაზე ისე გავიდა, ვერავინ შენიშნა, არ დააკავეს. უამრავი კითხვა არსებობს... საეჭვოა ისიც, რომ როგორც ვთქვი, გამოძიება ჯერ არც კი დაწყებულა, მაგრამ სახელისუფლებო მედია უკვე თვითმკვლელობაზე ლაპარაკობს.

"ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული და თუ ამნისტია მას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!" - გომელაური

"დავაკავებთ, რა თქმა უნდა. ახლა გავალთ და...“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე

"ყველანაირი ძალადობა მიუღებელია..“ -  რას ამბობს შს მინისტრი "მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით