ავტორი:

"არავინ მოვატყუოთ ხალხო: პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება მოპოვებული არ გვაქვს..." - ნიკა მელია

"არავინ მოვატყუოთ ხალხო: პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება მოპოვებული არ გვაქვს..." - ნიკა მელია

რომ ვიცოდეთ ხვალ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნები ჩატარდება, ოპოზიციურ პარტიებს შორის პაექრობა ნორმალურია, თუმცა ჩვენ ეს მოპოვებული არ გვაქვს. უნდა ვიყოთ გულწრფელები საზოგადოებასთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ ველზე გამოიკვეთება ბირთვი, რომელიც ალალ-მართალ ბრძოლაში კი არ ჩაერთვება, არამედ ბრძოლას გააღვივებს, იმიტომ, რომ ბრძოლაში უკვე ჩართულები არიან.

„არავინ მოვატყუოთ ხალხო, ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომ ხვალ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნები ჩატარდება, ოპოზიციურ პარტიებს შორის პაექრობა უნდა წარიმართოს - ეს ნორმალურია, თუმცა ჩვენ ეს მოპოვებული არ გვაქვს. უნდა ვიყოთ გულწრფელები საზოგადოებასთან, მაინტერესებს ვინმემ მიზანი ხომ არ შეიცვალა? შესაძლოა, არსებობენ კოლეგები, ვინც ფიქრობს, რომ 2024 წლამდე უნდა მოიცადოს და მათთვის არ არის მნიშვნელოვანი კარს მომდგარი არჩევნები ოქტომბრის თვეში. შესაძლოა, ვინმე თვლიდეს, რომ ბრძოლაში ახლა შესვლა არ არის პრაგმატულად მისაღები. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციურ ველზე გამოიკვეთება ბირთვი, რომელიც ალალ-მართალ ბრძოლაში კი არ ჩაერთვება, არამედ ბრძოლას გააღვივებს, იმიტომ, რომ ბრძოლაში უკვე ჩართულები ვართ“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

როგორც მელიამ განმარტა, ის სამი თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებდა. მისივე თქმით, არავის უნდა ეგონოს, რომ პატიმარი, განსაკუთრებით, პოლიტიკოსი, თუ ოთხკედელშია, რაიმე სახით რეალობას მოწყვეტილია.

„სამი თვის განმავლობაში, რასაც ციხის საკნიდან მე თვალ-ყურს ვადევნებდი, ჩემთვის მკაფიოდ თვალშისაცემი გახდა ერთი მთავარი, რბილად რომ ვთქვათ, დეფექტი ამ რეჟიმისა. ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ოლიგარქმა შექმნა ჩვენთვის, მოსახლეობისთვის, არის მკვეთრი პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია. ეს არის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა. აქედან კიდევ უფრო კარგად ჩანს და ცდება ყველა ის ადამიანი, ვისაც ჰგონია, რომ პატიმარი, განსაკუთრებით, პოლიტიკოსი, თუ ის ოთხკედელშია, რაიმე სახით მოწყვეტილია იმ რეალობას, რომელიც საკნის მიღმაა. პირიქით, აბსოლუტურად ინფორმირებული ვიყავი წვრილმან დეტალებშიც კი და რა თქმა უნდა, ოლიგარქი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ხელოვნურად, ზიზღის კამპანიის გაღვივებით არის დაკავებული და ხელოვნურად უპირისპირდება ამ კამპანიით არამხოლოდ მის პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ მედიის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც. რატომ აკეთებს ამას ბატონი ივანიშვილი, ოლიგარქი? იმიტომ აკეთებს, რომ ამ რადიკალიზაციით თავისი სამობილიზაციო ელექტორატი რაიმენაირად შეინარჩუნოს და ძალიან ბოროტად იყენებს, მანიპულირებს მგრძნობიარე საკითხებით, როგორიც არის, რელიგიური საკითხები, ეთნონაცინალიზმი.

ეს ადამიანი არ ზრუნავს ამ ქვეყნის შორეულ პერსპექტივაზე, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავს. რასაც მე თვალ-ყურს ვადევნებდი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ანუ ოლიგარქის მიერ სხვადასხვა თანამდებობეზე დანიშნული, დასაქმებული ხალხის კომენტარებს, რაც არ უნდა ვთქვა, ამ ადამიანებს საჯარო პოზიციას ვერ შევაცვლევინებ. ეს ადამიანები თუ თვლიან, რომ ჩვენმა პარტნიორებმა თანხა იმიტომ გადაიხადეს, რომ ამით ჩემი ბრალეულობა დაადასტურეს, ამ უსაგნო კამათში შესვლას განა აზრი აქვს? ორი შედეგია - ან, „ქართულ ოცნებაზე“ დაყრდნობით თანხა ჩაერიცხა მძიმე კრიმინალს, როგორსაც მე მიწოდებენ, საერთაშორისოდ უკვე აღიარებულ კრიმინალს, რომელიც ალბათ, კონკურენციას გაუწევს „ქართული ოცნების“ კარზე დასაქმებულ კრიმინალებს, ესეც არ მგონია მათთვის იყოს სასიამოვნო, ეს ნახევრად ხუმრობით, ან მეორე მხრივ, ჩაურიცხეს ხელისუფლებას პოლიტიკოსის გამოსასყიდად. ორი გამოსავალია, ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით, შეიძლება იერით ვგავდე კიდეც კრიმინალს, არ ვიცი, ან - პოლიტიკოსი. ორივე შემთხვევაში, ამ ხელისუფლებისთვის, ჩემ მეგობრებთან, კოლეგებთან, საზოგადოების აქტიურ წევრებთან ერთად საფრთხე ვიქნები ბიძინა ივანიშვილისთვის“, - განაცხადა მელიამ.

როგორც მელიამ აღნიშნა, თუკი, ოპოზიცია დინამიური იქნება, ბრძოლის მუხტი გაიზრდება.

„ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები, რახან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე. ჩემი ღრმა რწმენით, პერიოდულად გვავიწყდება, რა დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით. დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია. თუ ოპოზიცია აქტიურები და დინამიურები ვიქნებით, ბრძოლის მუხტი გაიზრდება. სამწუხაროდ, კიდევ ვიღაც მოხვდება ამ ციხეში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

"სადღაც შევხვდებით...  ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ" - ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"...ამ ტყუილით აწონებდნენ თავს ბიზნესმენებს, აქტივისტებს და ა.შ. ახლა აერიათ მესიჯბოქსი" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე გახარიას გუნდზე?